რა ბიზნესი ააწყო ცნობილი ადამიანების დუნდულებით სილვესტერ სტალონეს დედამ
ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ მომავლის შეცნობის სურვილი და ამისთვის უამრავ ხრიკს იგონებდნენ. ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავის, სილვესტერ სტალონეს დედა ამ საქმეში განსაკუთრებით ნიჭიერი აღმოჩნდა: მან თავისი, ულტრათანამედროვე მეთოდიკა შეიმუშავა და ადამიანების ბედს მათსავე დუნდულებზე „კითხულობს“.
ჟაკლინ სტალონე 1921 წელს დაიბადა ვაშინგტონში. მას 1980 წელს გორბაჩოვის პირადი ჰოროსკოპიც კი აქვს შედგენილი და, უწინასწარმეტყველა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა. სხვათა შორის, ქალბატონი ჟაკლინის ბებია, როზა ჰიტელ-ლაბოვიჩი, ოდესიდან იყო – იქ დაიბადა და გაიზარდა. ჟაკლინი 2008 წელს ესტუმრა კიდეც ბებიას სამშობლოს. სტალონეს დედიკო საკმაოდ ექსცენტრიკული და საინტერესო ქალბატონია. ახალგაზრდობაში ის ცირკშიც მუშაობდა. ერთ-ერთი „ბოიფრენდის“ ხათრით მოსინჯა მან ძალები ასტროლოგიაში და როგორც თავად ამბობს, ამ საქმეს 17 წელი სწავლობდა. დღეს ჟაკლინ სტალონეს საკუთარი ასტროლოგიური სკოლა აქვს. ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და რიგითი ადამიანები მისი მუდმივი კლიენტები არიან. ახლა, რაც შეეხება იმ განსაკუთრებულ მეთოდს, რომლის ავტორიც ის თავად არის და რომელსაც მან „დუნდულოლოგია“ უწოდა: ქალბატონი ჟაკლინი ადამიანის მომავალს მისი დუნდულების ფორმის მიხედვით წინასწარმეტყველებს. ძალიან ცდებით, თუკი გაიფიქრეთ, რომ „რემბოს“ დედიკო შარლატანია – მისთვის ასეთი ბრალდება ჯერ არავის წაუყენებია. თანაც, ამბობენ, რომ, „დუნდულოლოგიით“, თავის დროზე, დიდი ნოსტრადამუსიც კი იყო დაინტერესებული. მეთოდიკა კი ასეთია: ადამიანს დუნდულებზე (შიშველზე, რა თქმა უნდა) აყრიან სპეციალურ ფხვნილს, სვამენ ცვილიან ქაღალდზე და... ნაკვალევის მიხედვით იწყება მკითხაობა.
დუნდულების შიდა მხარეზე იყრება წითელი ფხვნილი, შუაში, ანუ ცენტრში – ლურჯი, ქვემოთ კი – ყვითელი. დუნდულოლოგი ყურადღებით სწავლობს „ნახატს“ და იწყებს მომავლის წინასწარმეტყველებას.
ჟაკლინ სტალონე ამტკიცებს, რომ ადამიანის განვლილი ცხოვრება კვალს მის მარცხენა დუნდულაზე ტოვებს, მომავლის სურათი კი მარჯვენა დუნდულაზე აისახება. წინასწარმეტყველების დროს ჟაკლინი ლაპარაკობს ადამიანის მიზნებზე, ოცნებებზე, იმედებზე, ემოციაზე, ცოდნასა და ინტუიციაზე.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჟაკლინ სტალონეს წყვილების მიერ თანაცხოვრების იღბლიანობისა თუ უიღბლობის განსაზღვრა. მას მთელი ჰოლივუდიდან აკითხავენ ვარსკვლავური წყვილები და აინტერესებთ, იქნება თუ არა მათი ქორწინება ბედნიერი. ჟაკლინი იმასაც ამბობს, რომ ცოლი და ქმარი ისეთივე განუშორებლები უნდა იყვნენ, როგორც ადამიანის ორი დუნდულა.
მიუხედავად იმისა, რომ სილვესტერ სტალონეს ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, 66 წლის ასაკშიც, დედა მისთვის მაინც მთავარ ქალად რჩება. ჟაკლინმა აღიარა: წინასწარმეტყველებაში მხოლოდ ერთხელ შევცდი, როცა ჩემს შვილს მწერლის კარიერა ვუწინასწარმეტყველე. მაგრამ, მისი დუნდულები მეუბნებოდა, რომ დიდი ადამიანი დადგებოდაო.
სილვესტერ სტალონე უჯერებს დედას – მან ლამაზმან სინდი კროუფორდზეც კი თქვა უარი, რადგან ჟაკლინმა დაადგინა, რომ ვარსკვლავები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ.
ჟაკლინ სტალონეს „დუნდულოლოგიის“ სეანსზე ყოფილან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ბენ აფლეკი, სარა ჯესიკა პარკერი, ლინდსი ლოჰანი და კამერონ დიასი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი... სხვათა შორის, ამ წყვილზე ჟაკლინმა თქვა, ისინი ერთი საჯდომის ორი დუნდულააო.
ინტერნეტით საკუთარი „ტაკუნას“ სურათის გაგზავნა მისის ჟაკლინთან შეუძლია ყველას, ხოლო თუ მას 125 დოლარსაც მიაყოლებთ, ის მიღებულ ფოტოზე თქვენს მომავალსაც „ამოიკითხავს“.