ინტიმური საუბრები
მშვიდი ცხოვრება არ შემიძლია
მე და ჩემი და ტყუპები ვართ, ოღონდ, არც გარეგნობით და არც ხასიათით ერთმანეთს არ ვგავართ: მე მხიარული, აქტიური და ხმაურიანი ვარ, თეა კი – უფრო მშვიდი, წყნარი, დამთმობი. მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ყოველთვის ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, რაც, ალბათ, თეას დამთმობი ხასიათის წყალობაა.
თითქმის ერთდროულად გავთხოვდით: ჯერ მე, ორი თვის შემდეგ კი – თეა. ასე იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ, ორივე ზუსტად ჩვენნაირი ხასიათისა და თვისებების მქონე ბიჭებს გავყევით. ჩემი ქმარი, რეზო, ჩემსავით ხმაურიანი, ბობოქარი და ცოტა „ბოჰემა “ტიპია, თეას ქმარი, დათო კი – თეასავით წყნარი, მშვიდი და, მე ვიტყოდი, ზედმეტად წესიერი და გაწონასწორებული. შესაბამისად, ჩემს ოჯახში სულ ხმაური, ჩხუბი, გაბუტვა-შერიგებებია, თეასთან კი ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, გეგონება, ბინაში არავინ ცხოვრობსო. არანაირ საკითხზე არ კამათობენ, ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ. ყველაფერთან ერთად, დათო არც სვამს, არც ეწევა და არც ქალებისკენ გაურბის თვალი. ხელფასსაც მთლიანად ცოლს აბარებს, რასაც ჩემს ქმარზე ვერ ვიტყვი. რეზოს ქეიფიც უყვარს (სიგარეტზე აღარაფერს ვამბობ), ოჯახს გარეთაც ბევრს ხარჯავს და ხანდახან არც გოგოებში „გაფარცქვალებაზე“ ამბობს უარს და სწორედ ამიტომაც გვაქვს ხოლმე ხშირად უსიამოვნებები, რომლებიც, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით მაინც მშვიდობიანად მთავრდება. მაგრამ, როდემდე გავუძლებთ ერთმანეთს, არ ვიცი. არადა, მეც უზომოდ მიყვარს ჩემი ქმარი და, დარწმუნებული ვარ, მასაც ძალიან ვუყვარვარ. პრინციპში, რასაც ღალატი ჰქვია, ნამდვილად არ უღალატია. უბრალოდ, ლამაზ ქალებთან უყვარს თავის მოწონება და არშიყობა, მაგრამ, მე ესეც მაღიზიანებს და ამიტომ სულ ვკინკლაობთ.
დედაჩემი ისე დაიღალა ჩემი პატარ-პატარა სკანდალებით, ქმართან გაბუტვა-შერიგებით, სულ მეჩხუბება და მაგალითად, მოჰყავს თეა და დათო. მე ვიცი, რომ თეას არასდროს შეექმნება ოჯახში პრობლემა და მეც მინდა, რომ მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდე ჩემს ქმართან, მაგრამ, არ გამომდის და რა ვქნა. ამ ყოველივეს გამო თეთრი შურით მშურდა თეასი, მაგრამ, ერთხელაც, დავრწმუნდი, რომ სულაც არ ჰქონია საქმე შესაშურად, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიცხოვრებდი მასავით.
საქმე ისაა, რომ, ერთხელ, ისე მოხდა, გარკვეული მიზეზების გამო, მე თეასთან ვცხოვრობდი ერთი თვე და ამ ერთი თვის განმავლობაში ისეთი სიჩუმე და სიწყნარე სუფევდა მათ ოჯახში, ლამის დავყრუვდი და დავმუნჯდი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ყოველი დღის განრიგი წინასწარ ჰქონდათ ფურცელზე პუნქტებად ჩამოწერილი და ორივე ბეჯითად ასრულებდა თავის როლს, ყოველგვარი ემოციის, კამათისა და მოულოდნელი ექსცესების გარეშე. ერთ თვეში ისე დავიღალე მათი გადაჭარბებული წესიერი ურთიერთობითა და ცხოვრებით, კინაღამ ოფიციალურად გავაფრინე. ბოლოს, მივხვდი, რომ ისევ ჩემი გადარეული ქმარი, მასთან ჩხუბი და მერე ისევ შერიგება მომენატრა. ამიტომ, თვითონვე დავურეკე და შერიგება ვთხოვე (ასე პირველად მოვიქეცი, მანამდე სულ თვითონ მირიგდებოდა ხოლმე პირველი). რეზო სიხარულით დამთანხმდა, მაშინვე მომაკითხა და წამიყვანა.
ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ მას მერე აღარ გვიჩხუბია და გვრიტებივით ვცხოვრობთ, მაგრამ, ასეთ „რეჟიმში“ გაცილებით უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს და თეასავით ვერასოდეს ვიცხოვრებ.
ნინო, 28 წლის.
დასაკარგავი აღარაფერი დამრჩენია
ამ ხნის მოვიყარე და ჯერ ჩემი პირადი პრობლემების შესახებ ასე საქვეყნოდ არ მილაპარაკია. საქვეყნოდ კი არა, ახლობლებისთვისაც არასდროს შემიჩივლია ჩემი გასაჭირი და, ალბათ, ამიტომ, ყველას ეგონა, თავზე თუ არ გადამდიოდა, ყოველ შემთხვევაში, არ მშიოდა, არ მწყუროდა და არ მციოდა. ახლა კი, უკვე რამდენიმე წელია, უკიდურეს გაჭირვებაში ვარ ჩავარდნილი: ინვალიდი, პენსიონერი და, თანაც, მარტოხელა მოხუცი – მალე 79 წლის გავხდები. ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლის ნახევარი გადასახადებში მიდის, დანარჩენი ნახევარი კი წამლებსა და საკვებზე ერთ კვირასაც არ მყოფნის. ამ ყველაფერს იმიტომ კი არ გიყვებით, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, უბრალოდ, ჩემს მთავარ სათქმელს ვუკეთებ ფონს.
ჯერჯერობით არ დავასახელებ სახელსა და გვარს, იმასაც კი არ ვიტყვი, ქალია თუ კაცი, მაგრამ, რადგან ამ წერილს მის გასაფრთხილებლად ვწერ (თვითონ თუ არ წაიკითხავს, ვინმე აუცილებლად მოუყვება), თავად ჩემს პრობლემას დაუფარავად და შეუცვლელად მოგახსენებთ. ეგებ გაიღვიძოს მისმა საღათას ძილით ჩაძინებულმა სინდისმა (თუკი ასეთი რამ საერთოდ გააჩნია). მოკლედ, ტელევიზორში (და ჟურნალ-გაზეთებში) საკმაოდ ხშირად გამოდის, როგორც ახლა ჟურნალისტები ამბობენ ხოლმე, ერთი ცნობადი სახე, რომელიც ყოველი გამოსვლისას თავს დებს მამულიშვილობაზე, პატიოსნებაზე; ყოველ ქართველს შეახსენებს თავის მოქალაქეობრივ ვალს; დიდსა და პატარას ასწავლის ურთიერთობებს, წესიერებას და ასე შემდეგ და, ამას აკეთებს ის ადამიანი, რომელსაც არც გული აქვს, არც სინდისი და არც სირცხვილი. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ვაიპოლიტიკოსი და „ქვეყნისთვის თავგადაკლული პატრიოტი“, შემიძლია, ვთქვა, ჩემს ხელში გაიზარდა – მათი ოჯახი ჩემ გვერდით ცხოვრობდა, ძალიან ვმეგობრობდით და როცა მისი მშობლები სადმე მიდიოდნენ, ბავშვს რამდენიმე დღითაც კი მიტოვებდნენ ხოლმე. თვითონაც ისე ვუყვარდი, ხანდახან დედამისი მეტყოდა, ლამის ვიეჭვიანო, მგონი, ჩემს თავს ურჩევნიხარო. მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა ჩვენი ურთიერთობა მანამდე, სანამ ასეთ გასაჭირში აღმოვჩნდებოდი – მას შემდეგ, რაც დავინვალიდდი და ამქვეყნად სულ მარტო დავრჩი (მე თვითონაც დედისერთა ვარ, თანაც, გაუთხოვარი) ათასში ერთხელ თუ შემომირბენდა ხუთი წუთით, ცოტა ხილს ან კანფეტს მომიტანდა და გარბოდა. ამ რამდენიმე წლის წინ კი, ჩემდა გასაოცრად, ძალიან ხელდამშვენებული მოვიდა: უამრავი პროდუქტი მომიტანა; მერე მკითხა, რა წამლებს სვამო, ჩამოწერა ფურცელზე და რამდენიმე წუთში ყველაფერი უკლებლად მომირბენინა. საბუთები გამომართვა და მითხრა, უმწეოთა დახმარების პროგრამაში ჩაგრთავო... მოკლედ, რომ იტყვიან, კანიდან ამოძვრა. ძალიან კი გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ, ვიფიქრე, ალბათ, სინდისმა გაიღვიძა მასში-მეთქი, თუმცა, სულ სხვა რამეში ყოფილა საქმე. ორი დღის შემდეგაც ისევ ხელდამშვენებული მოვიდა, მომეფერა, მერე კი ლამის ცრემლები გადმოყარა და მითხრა: შენზე ახლობელი არავინ მყავს და სხვას ჩემს გასაჭირს ვერ გავუმხელ. სერიოზული პრობლემა შემექმნა და სასწრაფოდ მჭირდება ხუთი ათასი დოლარი. რამდენიმე თვეში თვითონაც მექნება, მაგრამ, დროში ვიწვები. ვიცი, თავშენახული ქალი ხარ და გექნება ფული მოგროვილი. მასესხე სამი-ოთხი თვით და მაღარიჩად ერთ იმდენს კიდევ დაგიმატებო. პროცენტს მთავაზობ-მეთქი? – გავუბრაზდი. პროცენტს კი არა, მაღარიჩსო, – გამიმეორა. მართლაც მქონდა მოგროვილი ორი ათასი დოლარი (ჩემი დასამარხავი ფული) და ვერ დავუმალე, უარი ვერ ვუთხარი. როცა ვაძლევდი, შევახსენე: ხომ იცი, კაცი პატრონი არ მყავს. რომ მოვკვდები, არ მინდა, ძაღლივით ჩამაგდონ მიწაში და ქვეყნის დასაცინი არ გამხადო-მეთქი. მკვდარი და ცოცხალი იფიცა, სამ-ოთხ თვეს არ გადავაცილებ, მანამდე კი არაფერს მოგაკლებო. მართალია, ხუთი ათასი მთხოვა, მაგრამ, ორი ათასიც სიხარულით გამომართვა და გაიქცა. პირველ სამ თვეს მართლაც მოდიოდა და წამლები და ცოტაოდენი პროდუქტი მოჰქონდა, მერე კი საერთოდ შეწყვიტა სიარული. უფრო სწორად, ორ-სამ თვეში ერთხელ გამოჩნდებოდა, იწყებდა წუწუნს, რომ ვიღაცეებმა მოატყუეს და ფულს აღარ უბრუნებენ; მერე ფიცით მარწმუნებდა, ამ კვირაში თუ ვერ მოვახერხე, იმ კვირის დასაწყისში მოგიტან შენს ფულსო, მაგრამ, „ამ კვირასა და იმ კვირაში“ ძახილში, აგერ უკვე ექვსი წელი გადის, ჩემი თანხა კი არ ჩანს. მე თვითონაც ბევრი გასაჭირი გადამიტანია და ვიცი, რომ უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემა ექმნება ადამიანს ცხოვრებაში, მაგრამ, რომ არ ვიცოდე, როგორ გაფარფაშებულად ცხოვრობს მისი ოჯახი, ხმას არ ამოვიღებდი. ყოველ მოსვლაზე სხვადასხვა მობილური უჭირავს ხელში, ოქროსჩარჩოიანი სათვალე უკეთია და ერთხელ, შემთხვევით წამოსცდა ლაპარაკში, ახალი მანქანა ვიყიდე და ჩემმა შვილმა მეორე დღეს დამიმტვრიაო. გამოდის, რომ სულაც აღარ ფიქრობს ჩემი ვალის დაბრუნებას (მაღარიჩზე აღარაფერს ვამბობ). ის კი არა, იმაშიც ეჭვი მეპარება, რამე რომ დამემართოს, ალბათ, გასვენებაშიც კი არ მოვა.
ძალიან გაწბილებული და გამწარებული ვარ და ამ წერილს იმიტომ გწერთ: წერილის ბოლოს კი, მინდა, გავაფრთხილო „ქვეყნისთვის გულდამწვარი მამულიშვილი“: თუკი თვითონ დაივიწყა ჩემი ამაგი და მთლად აიღო ნამუსზე ხელი, მე დასაკარგავი აღარაფერი მაქვს. ერთ თვეს კიდევ დაველოდები და, თუ ჩემი ფული არ დამიბრუნა, შემდეგ წერილში მის სახელსა და გვარსაც გამოვაცხადებ. გამოვიდეს მერე ტელევიზორში და იმართლოს თავი.
ეთერი, 78 წლის.