ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რვა წლის წინ‚ ჩემს ვაჟიშვილს‚ მისივე თხოვნით‚ ჩუქებით გავუფორმე 2-ოთახიანი ბინა. ის კი შემპირდა‚ რომ მეც და დედაჩემსაც მოგვხედავდა‚ მაგრამ‚ გაფორმებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიჩინა უმადურობა‚ თუმცა‚ არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით‚ იყო ისეთი შემთხვევებიც‚ რომლის დაფიქსირების შემდეგაც მას ბინას ჩამოართმევდნენ‚ მაგრამ, დედობრივმა გრძნობამ უკან დამახევინა და ამ შემთხვევებს არ გამოვეკიდე‚ რამაც უფრო გაათავხედა. ახლა მეუბნება‚ საკმაო დროა ჩუქებიდან გასული და თქვენ აღარაფერი გეკუთვნითო. ჩვენ პატარა ფართის ყიდვაც კი ვთხოვეთ‚ სადაც გადავიდოდით და აღარ შევაწუხებდით‚ მაგრამ, ამაზეც უარი გვითხრა.
შეიძლება თუ არა ჩუქების გაუქმება‚ ბინის დაბრუნება და რა არის ამისთვის საჭირო?
პასუხი: გაცნობებთ, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნება ნებისმიერ შემთხვევაში არ ხდება, თუმცა, შეიძლება, გარკვეული პირობების არსებობისას დაბრუნებულ იქნეს გაჩუქებული ნივთი. კერძოდ, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ამ შემთხვევაში, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ასევე, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა პოლიტიკური პარტიის წევრს უფლება, მუშაობა დაიწყოს პოლიციაში ან პროკურატურაში და, ამავდროულად, დარჩეს პარტიის წევრად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, დაინიშნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურედ ან/ გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუწყდება პარტიის წევრობა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სად ხდება პოლიტიკური პარტიის დაფუძნების რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო პარტიის დაფუძნებისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები: განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით); ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი; პარტიის არანაკლებ 1 000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით; პარტიის წესდება; ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ; პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები; ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება პოლიტიკური პარტიის მიერ მისაღები დაფინანსების გაანგარიშება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: ძ=B+(M*600*12)+ (L*100*12)+(V*1,5)+(ჭ*1), სადაც ძ არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30-მდე პარლამენტის წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა; ჭ – 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა.
კითხვა: ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას შევწირე გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელიც ჩემი საკუთარი შრომით მქონდა მოპოვებული. აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დავჯარიმდი შეწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით იმის გამო, რომ თითქოს ვერ დავასაბუთე ამ თანხის წარმომავლობა და დანაზოგის სახით არსებობის ფაქტი. გთხოვთ, განმიმარტოთ, კანონიერია თუ არა აუდიტის სამსახურის მოქმედება და ვარ თუ არა ვალდებული, ვამტკიცო თანხის, რომელიც პოლიტიკურ პარტიას შევწირე, დანაზოგის სახით არსებობის ფაქტი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პარტიებისთვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების მხოლოდ წარმომავლობის შესახებ. რაც შეეხება შეწირული ქონების დანაზოგის სახით არსებობის მოთხოვნას, აღნიშნულ მოთხოვნასა და ტერმინ „დანაზოგს“ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, თუ თქვენ ასაბუთებთ ქონების წარმომავლობას, არ უნდა იქნეთ დაჯარიმებული. თქვენ არ ხართ ვალდებული, პარტიისთვის შეწირული ქონების დანაზოგის სახით არსებობის ფაქტი ამტკიცოთ.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, ექიმის დაუდევრობის გამო ავადმყოფისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისთვის ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა – უშუალოდ ექიმს თუ საავადმყოფოს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სამკურნალო დაწესებულებაში არასწორი მკურნალობის გამო ავადმყოფისთვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების საფუძველს. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას, ასევე, ქირურგიული ოპერაციის ან პირისათვის არასწორად დასმული დიაგნოზის გამო ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ამ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აუნაზღაუროს პაციენტს ექიმის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მიყენებული ზიანი. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის.
კითხვა: მაცნობეს, რომ ციხეში მყოფი ჩემი ნათესავი მოათავსეს „კარცერში“. გთხოვთ, მაცნობოთ, რა უფლებებით სარგებლობს იქ მოთავსებული პატიმარი და რა შეზღუდვები აქვს დაწესებული?
პასუხი: სამარტოო საკანში, იგივე „კარცერში“ მოთავსებული ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრის ყველა უფლებით, მაგრამ, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ, მას ეკრძალება: ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნების უფლება. ამასთან, სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი, იქ მოთავსებულ პატიმარს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი, მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს საკითხავი მასალა. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სამედიცონო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ და, აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა, ექსპერტიზით დადგინდეს პრინტერზე ამობეჭდილი ტექსტის იდენტიფიკაცია და დადებით შემთხვევაში რა იქნება ექსპერტიზის ღირებულება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ, მითითებული სახის ექსპერტიზა შესაძლებელია და საექსპერტო კვლევისთვის ერთი გვერდის ღირებულება შეადგენს 120 ლარს.