რა მეთოდით სჯიდა ამბოხებულებს უგანდის კანიბალი პრეზიდენტი იდი ამინი და ვინ მიაჩნდა მას თავის კერპად და მასწავლებლად
აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და ავტორიტარული რეჟიმის მეთაური, გენერალი და შემდგომ უგანდის არმიის ფელდმარშალი; ექსტრემისტული ნაციონალიზმისა და ტრაიბალიზმის მომხრე და კანიბალი... – ეს ეპითეტები მხოლოდ ერთ ადამიანს, უგანდის პრეზიდენტს, ტირანსა და დიქტატორს, იდი ამინს ეკუთვნის. მისი ჩამოგდების შემდეგ ჩატარებული კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ მისი რეჟიმის რეპრესიებს 300 000-დან 500 000-მდე უგანდელი მოქალაქე შეეწირა, რომელთაგან 2 ათასი ადამიანი პირადად იდი ამინმა დახოცა. „თბილისელების” ამ ნომერში იდი ამინის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* დადე უმე იდი ამინი სხვადასხვა მონაცემებით, 1925, 1928 ან 1930 წელს უგანდის დედაქალაქ კამპალაში ან სოფელ კომოკოში დაიბადა. დაბადებისას ამინი, 5 კილოგრამს იწონიდა. მისი მშობლები კაკვასა და ლუგბარას ტომების წარმომადგენლები იყვნენ. იდი ამინის დედა, ასსა აატე, ოფიციალური წყაროების ცნობით, მედდა იყო, არაოფიციალურად კი – უგანდის ყველაზე გავლენიანი გრძნეული, რომელსაც დახმარებისა და რჩევისთვის უამრავი ადამიანი აკითხავდა. ამინის მამა, ანდრე ნიაბირე, თავდაპირველად კათოლიკე იყო, თუმცა, შემდგომ ისლამი მიიღო. რელიგია იდი ამინმაც შეიცვალა – იგი დაბადებით კათოლიკე იყო, 16 წლის ასაკში კი მანაც ისლამი მიიღო. სამხედრო სამსახურში შესვლამდე ამინი გაუნათლებელი იყო და ბავშვობაში ძირითადად ტკბილ ორცხობილებს ყიდდა კამპალას ქუჩებში.
* ჯარში ყოფნის პერიოდში ამინი დიდ დროს უთმობდა სპორტს. ზრდასრულ ასაკში ამინის სიმაღლე 191 სანტიმეტრი იყო, ხოლო წონა – 110 კილოგრამი. 1951-60 წლებში იგი უგანდის ჩემპიონი იყო კრივში მძიმეწონოსანთა შორის. გარდა ამისა, ამინი რაგბის თამაშობდა და, როგორც ამბობენ, აღმოსავლეთ აფრიკის ნაკრების წევრი იყო „ბრიტანელ ლომებთან” 1955 წელს ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში, თუმცა, ოფიციალურ წყაროებში ამინის გვარი არ ფიგურირებს. საინტერესოა, რომ, თავდაპირველად, არმიაში ჩარიცხული იდი ამინი საგარნიზონო მზარეულის დამხმარე იყო.
* ჯარში მსახურობის პერიოდში იდი ამინი მონაწილეობას იღებდა კენიელი, სომალელი და სხვა ქვეყნების მეამბოხეების მიერ მოწყობილ სამხედრო წმენდებში. ამ სამხედრო ოპერაციებში ამინი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი ბრძანებით დაპატიმრებულ მეამბოხე მამაკაცებს უკეთებდნენ კასტრირებას, ხოლო მოჭრილ გენიტალიებს, გავრცელებული ცნობით, ამინი საკვებში მოიხმარდა. მისი კანიბალიზმის შესახებ ცნობები პრეზიდნეტობის პერიოდშიც ვრცელდებოდა. ცნობილი ფაქტია, რომ ამინი მაცივარში ინახავდა თავისი ოპონენტების მოჭრილ თავებს. მაგალითად, უგანდის არმიის შტაბის უფროსის, სულეიმან ჰუსეინის თავს ამინი ხშირად იღებდა მაცივრიდან და საათობით ესაუბრებოდა, ან, თავისი სასახლის აივანზე გაიტანდა და გამვლელებს აჩვენებდა. ამინი ადამიანის ხორცს პერიოდულად მოიხმარდა საკვებად და ამასთან დაკავშირებით ცნობილია, მისი ფრაზა, რომელიც მან ჯერ კიდევ ჯარში მსახურობის პერიოდში წარმოთქვა: „ომში, როდესაც შენ გშია და შენი თანამებრძოლი სისხლისგან იცლება, გამართლებულია, რომ ის მოკლა და მისი ხორცი შეჭამო. მე ნაჭამი მაქვს ადამიანის ხორცი და გეტყვით, რომ ის ძალიან მარილიანია, ლეოპარდის ხორცზე მარილიანი”.
* 1971 წელს, სამხედრო გადატრიალების გზით, იდი ამინი უგანდის ხელისუფლებაში მოვიდა და 1976 წელს საკუთარი თავი სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადა. პრეზიდენტობის პერიოდში იდი ამინის სრული ტიტულია: მისი უდიდებულესობა სამუდამო პრეზიდენტი; ფელდმარშალი ალ-ჰაჯი დოქტორ იდი ამინი; დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცხოველისა და ოკეანეებში მობინადრე ყველა თევზის მმართველი; ბრიტანული იმპერიის დამპყრობელი აფრიკაში, მათ შორის უგანდაში; „ვიქტორიის ჯვრის”, „სამხედრო ჯვრისა” და სამხედრო მამაცობის ორდენების კავალერი. საინტერესოა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში იდი ამინი კეთილგანწყობილი იყო დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და დასავლეთის ქვეყნების მიმართ, თუმცა, მალევე შეიცვალა კურსი და ლიბიასა და საბჭოთა კავშირს დაუახლოვდა. უგანდაში 1979 წლამდე, ანუ, ამინის მმართველობის ბოლო წლებამდე, სამხედრო სტრუქტურებში საბჭოელი ექსპერტები მუშაობდნენ.
* „რეფორმის” პროპაგანდის მიუხედავად იდი ამინმა მმართველობის პირველ წლებში ჩამოაყალიბა „სიკვდილის ესკადრონები”, რომელთა ძირითადი საქმიანობა ამინის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების მასობრივი განაგდურება იყო. მკვლელობები იმდენად დიდ მასშტაბებს აღწევდა, რომ ჯარისკაცები ვერ ასწრებდნენ საფლავების ამოთხრას და დახოცილებს ნილოსში ყრიდნენ ან ნიანგებს უგდებდნენ შესაჭმელად. ამინის მთავრობას რამდენჯერმე ჯინჯას ჰიდროელექტროსადგურის გაჩერებაც კი მოუწია, რადგან გვამები ტურბინებში იჭედებოდა. ამინის იდეით, უგანდაში მოქმედებდა მოსახლეობისგან ფულის ამოღების მსოფლიო ისტორიაში, სავარაუდოდ, ყველაზე სასტიკი მეთოდი. სამთავრობო ჯარისკაცები უმიზეზოდ ხოცავდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს და შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოკლულის ოჯახის წევრებს უბრუნებდნენ ცხედარს. განსაკუთრებული სისასტიკით იდი ამინი უსწორდებოდა ინტელიგენციის წარმომადგენლებსა და კათოლიკეებს. მიუხედავად იმისა, რომ უგანდაში მხოლოდ მოსახლეობის 10 პროცენტი იყო მუსლიმანი, ამინი დანარჩენ 90 პროცენტს ისლამის მიღებას აიძულებდა. იდი ამინმა საკუთარი ხელით მოკლა უგანდის არქიეპისკოპოსი იანანი ლუვუმა. საინტერესოა, რომ თავის ქმედებებს იდი ამინი იმით ამართლებდა, რომ, თითქოსდა, მას სიზმარში ეცხადებოდა ალაჰი და ის აიძულებდა, ჩაეტარებინა სასიკვდილო რეიდები.
* იდი ამინს თავის კერპად და მასწავლებლად ადოლფ ჰიტლერი მიაჩნდა და კამპალაში ფიურერის ძეგლის დადგმასაც აპირებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის ზეწოლის შედეგად, მან უარი თქვა ამ იდეის განხორციელებაზე.
* იდი ამინის ერთ-ერთ ყველაზე აბსურდულ გადაწყვეტილებად ითვლება ერთდღიანი ომის გამოცხადება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. უგანდელმა დიქტატორმა ომი იმ მიზნით გამოუცხადა ამერიკას, რომ, მეორე დღესვე, უგანდა გამარჯვებულ მხარედ გამოეცხადებინა.
* იდი ამინს ძალიან უყვარდა ჯილდოები და ამ მიზნით მან დააგრძელებინა მუნდირი, რათა მასზე ყველა ჯილდო დატეულიყო. მედლების უდიდესი ნაწილი ბრიტანული იყო ან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, მათი უმეტესობა კი ამინს კოლექციონერებისგან ჰქონდა შეძენილი.
* 1974 წელს იდი ამინმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შესთავაზა, ორგანიზაციის შტაბ-ბინა უგანდაში გადმოეტანათ, რადგან, მისი აზრით, სწორედ უგანდა არის „პლანეტის გეოგრაფიული გული”.
* დიქტატორობის წლებში იდი ამინი გატაცებული იყო ავტოსპორტით და მას რამდენიმე სარბოლო ავტომობილი ჰყავდა. გარდა ამისა, თავისუფალ დროს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დიქტატორსა და კანიბალს, უოლტ დისნეის მულტფილმების – „ბემბის”, „პინოქიოსა” და სხვათა ნახვა უყვარდა.
* ამინის რეჟიმი დაეცა 1979 წელს, მას შემდეგ რაც ფელდმარშალმა ომი გამოუცხადა ტანზანიას და შეიჭრა მის ტერიტორიაზე. უგანდის ჯარი ტანზანიის ჯარებმა მთლიანად გაანადგურეს, შემდეგ უგანდის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და დაიკავეს დედაქალაქი კამპალა. იდი ამინი იძულებული იყო, გაქცეულიყო ლიბიაში, სადანაც შემდგომ საუდის არაბეთში გადავიდა, ჯედაში. ამინმა რამდენჯრემე სცადა უგანდაში დაბრუნება, თუმცა, მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. ერთხელ იგი კინშასამდეც კი ჩავიდა, თუმცა, ზაირის პრეზიდენტმა, მობუტუ სესე სეკომ, იგი უკან გააბრუნა. კანიბალი ექსპრეზიდენტი 2003 წელს გარდაიცვალა ჯედაში. ამინი ჯედას სასაფლაოზეა დაკრძალული.
* იდი ამინს ჰყავდა შვიდი ცოლი და ოცდაათამდე ოფიციალური საყვარელი. მისი ერთ-ერთი ცოლის, კეი ადროას ცხედარი დანაწევრებული იპოვეს კამპალას გარეუბანში, ავტომობილის საბარგულში თუმცა, ოფიციალური ვერსიის თანახმად კეი აბორტის გაკეთებას შეეწირა. ამინის კიდევ ერთმა ცოლმა შემთხვევით მაცივარში ადამიანის თავი აღმოაჩინა, რის გამოც ამინმა ის ცემით დასაჯა და მოკვლას უპირებდა, მაგრამ, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და გაიქცა უგანდიდან. ოფიციალურად იდი ამინს 36 ვაჟი და 14 ქალიშვილი ჰყავდა, ხოლო არაოფიციალურად მისი შვილების რაოდენობა 60-ს აჭარბებდა.
* 1976 წელს იდი ამინმა უფლება მისცა, ენტებეს აეროპრტში დაშვებულიყო „ეირ ფრანსის” რეისი 139, რომელიც ახორციელებდა რეისს თელ-ავივი-პარიზი და რომელიც ტერორისტების ხელში იმყოფებოდა. ამინი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და არაებრაელი მგზავრები გაათავისუფლა. მოგვიანებით ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც ისტორიაში შევიდა სახელით – „რეიდი ენტებეზე.” ოპერაციის შედეგად, ტერორისტები და უგანდის არმიის ჯარისკაცები ლიკვიდირებულ იქნენ, ხოლო უგანდის საკუთრებაში არსებული 11 ავიაგამანადგურებელი ააფეთქეს. უგანდაში დარჩენილი ერთადერთი მძევალი, 73 წლის დორა ბლოხი, იდი ამინმა პირადად მოკლა. ისრაელის მხრიდან სპეცოპერაციის დროს მინიმალური დანაკარგი იყო – სულ 2 ჯარისკაცი, მათ შორის ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა, იონათან ნეთანიაჰუ.
* 2006 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა კევინ მაკდონალდის ფილმი „შოტლანდიის უკანასკნელი მეფე,” სადაც დიქტატორ იდი ამინის როლი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ფორესტ უიტაკერმა განასახიერა. ამ როლისთვის უიტაკერმა „ოქროს გლობუსი” და „ოსკარი” მიიღო, როგორც წლის საუკეთესო მამაკაცმა მსახიობმა. სულ იდი ამინის შესახებ რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის არის გახმაურებული „რეიდი ენტებეზე”.