ალაგ-ალაგ კეთილი
ანუ, კონკურენციის ეშხით
მართალია, პრეზიდენტი „ლიბერთი ბანკს“ შემოუწყრა, პენსიონერებს რიგში რად აყოვნებთ, განსაკუთრებით, ცხელ ამინდშიო და პენსიის მომსახურების ფუნქციის ჩამორთმევითაც დაემუქრა (სწორედ აღნიშნული ბანკი გასცემს 800 000 ადამიანის პენსიას), მაგრამ, მოარული ხმებით, მაინცდამაინც, არც რიგები შემცირებულა (ზოგიერთ ფილიალში და პენსიის გაცემის დღეებში) და არც რიგში მდგომი ხანდაზმულებისთვის დაუდგამთ გამაგრილებელი ხელსაწყოები.
ერთი სიტყვით, როგორც ემსახურებოდნენ (ავად თუ კარგად), ისევ ისე ემსახურებიან, მეტიც, კვლავაც გრძელდება პენსიონერთათვის პენსიის წინასწარ გაცემის პრაქტიკა: მოგეხსენებათ, აგერ უკვე კარგა ხანია, რაც „ლიბერთი ბანკი“, სურვილის შემთხვევაში, პენსიონრებს 5 თვის პენსიას წინასწარ აძლევს, ოღონდ, ისე, რომ პროცენტებად ერთი თვისას თვითონ იტოვებს (იმიტომ რომ, ჯერ თავო და თავოო!). თუმცა, სულ ახლახან გაირკვა, რომ იმ პენსიონრებს, რომლებმაც პირველი ივნისიდან პენსია წინასწარ აიღეს, ბანკი საპროცენტო გადასახადს უკან დაუბრუნებს.
რაკი ეგზომ ჰუმანური მოტივებით გამსჭვალული გადაწყვეტილებები ერთობ უცხო ხილია ჩვენი საბანკო სექტორისთვის (უფრო – პირიქით), ბუნებრივია, შეკითხვები გაჩნდა, თუმცა, „ლიბერთი ბანკის“ მესვეურები ირწმუნებიან, რომ პენსიონერთათვის მომსახურების პროცენტის შემცირება ან, საერთოდაც, გაუქმება კონკურენტი ბანკების გააქტიურების ბრალია.
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ პენსიონერებს მხოლოდ და მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“ ემსახურება და, რაც მთავარია, ისეთი ქართული ბანკი, რომელიც საპენსიო ასაკის მოქალაქეს სესხს მისცემს (თუნდაც, პენსიის ხუთმაგი ოდენობით), ბუნებაში არ არსებობს, პასუხი მეტად არადამაჯერებელია.
შესაძლოა, ამიტომაც, ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ „ლიბერთი ბანკის“ გაკეთილების ტენდენცია არჩევნებს უკავშირდება. თუ გავისხენებთ, რომ ხსენებული ბანკის მთავარი პერსონა ექსპრემიერი ლადო გურგენიძეა (რომელმაც ისე აგვკიდა ნახევარმილიარდიანი ვალი, დღემდე ვერ გაგვირკვევია, რაში დაიხარჯა) და, იმასაც, რომ 2008 წლის არჩევნებამდე ციდან ვარსკვლავთა წყვეტას გვპირდებოდა (თუმცა, ისე მოხდა, რომ „ლიბერთი ბანკში“ თავისთვის წყვეტს ვარსკვლავებს), ისმის კითხვა: სიკეთის ბაცილა (გაკეთილებულთა) გულებში მხოლოდ არჩევნების წინ რატომ აფუთფუთდება ხოლმე?!