„დამიპყარი!“
იაფად გამოსული
რაკი ნაკონტროლისპალატელი აუდიტის სამსახური კანონის სადარაჯოზეა (თუმცა, აგერ უკვე ჩვენი დასავლელი მეგობრებიც შენიშნავენ, ცოტა არ იყოს, შერჩევით ატრიალებს კანონსო), მის მსახვრალ ხელს ვერც „საქართველო არ იყიდება“ გადაურჩა, ბ-ნი გიგა ნასარიძის თაოსნობით; ერთი ისაა, რომ მეტად იაფად გამოვიდა – ორგანიზაცია, სულ რაღაც 5 000 ლარით დააჯარიმეს. სულ რაღაც-მეთქი, ვამბობ, რადგან, აუდიტის სამსახური ამ ბოლო დროს ექვსნულიან ციფრზე დაბალ ჯარიმას თითქმის არ ცნობს.
საქმე ეხება ხსენებული ორგანიზაციის მიერ „ნაცმოძრაობისთვის“ წინასაარჩვენო რგოლის უსასყიდლოდ გადაცემას, რაც, თავდაპირველად, არასამთავრობო სექტორმა ჩაუთვალა ორივეს უკანონო შემოწირულობად. მოგვიანებით, პროცესს აუდიტის სამსახურიც შეუერთდა და, „საქართველო არ იყიდებას“, ამ მეტად ამაღელვებელი სახელწოდების ორგანიზაციას ჯარიმაც მიარჭო.
საპასუხოდ, ჯარიმამირჭობილი ორგანიზაციის თავკაცმა, ბ-ნმა ნასარიძემ, კამერების წინ აღიარა, რომ აუდიტის სამსახურმა ისინი სავსებით სამართლიანად დააჯარიმა (ამ გამოსვლის ლოგიკით, ივარაუდება, რომ, რაც მეტი თანხით დააჯარიმებდა აუდიტის სამსახური, უფრო ესიამოვნებოდათ და, დიდი ალბათობით, ჯარიმის ოდენობა იმიტომაც შეჩერდა სულ რაღაც 5 000-ზე, რომ დაჯარიმებულები ზედმეტად არ ესიამოვნებინათ).
მეორე მხრივ, თუკი ასეთი თვინიერები არიან, საქმე ჯარიმამისარჭობად რაღად გაიხადეს? მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჯერჯერობით ორგანიზაციასა („საქართველო არ იყიდება“) და აუდიტის სამსახურს შორის, დაახლოებით, ანეკდოტისეული დიალოგია:
– დამიპყარი, ძუკუ!
– რაც შემიძლია, ვცდილობ და ალყას ვერ დაგარტყამთო!