ჟინიანი თსუ
არაპრიორიტეტული იურისტობა
ერთიანი ეროვნული გამოცდებიც დამთავრდა და გრანტებიც განაწილდა, ერთი სიტყვით, ყველა და ყველაფერი პატრონს ჩაჰბარდა.
მეტიც, სტუდენტებისთვის, რომლებმაც გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდები ჩააბარეს, მოიხსნა თანადაფინანსების შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად არჩეული სპეციალობისა, ის სტუდენტები, რომლებმაც გრანტი გაიუმჯობესეს, მიიღებენ არა მხოლოდ სრულ, ანუ 100-პროცენტიან, არამედ, 30-50 და 70-პროცენტიან თანადაფინანსებასაც (მოგეხსენებათ, სამართალი, ჯანდაცვა, ბიზნესის ადმინისტრირება, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და საჯარო მმართველობა სახელმწიფომ არაპრიორიტეტულ მიმართულებებად შერაცხა და ამ სპეციალობის მსურველებისთვის თანადაფინანსების პრინციპი გააუქმა).
ერთიანი სამაგისტრო გამოცდის შედეგი კი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი, თუმცა, გამოცდების ცენტრი, მაგალითად, ივლის-აგვისტოში ირწმუნებოდა, რომ ეს მონაცემები აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდებოდა. ოღონდ, რეალურად, სწორედ აგვისტოს ბოლოს აღმოჩნდა, რომ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის შედეგები მხოლოდ შიდა გამოცდების შემდეგ გახდება ცნობილი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოცდების ცენტრმა ივლისშივე იცოდა, რომ საგრანტო სიას შიდა გამოცდების ჩატარებამდე ვერ გამოაქვეყნებდა, გაუგებარია, რატომ აიმედებდა მაგისტრობის მსურველებს, რადგან, რაც უნდა კარგად გვიდეს ახალი ცოცხი, ანუ, გამოცდების ცენტრის განახლებული შემადგენლობა, საკუთარ თავს მაინც ვერ გადაახტებოდნენ.
თუმცა გაუგებრობები მხოლოდ ამით არ ამოწურულა, მაგალითად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი აგვისტოს შუა რიცხვებში იუწყებოდა, რომ შიდა პროფესიული სამაგისტრო გამოცდა 14 სექტემბერს ჩატარდებოდა, თუმცა, 29 აგვისტოს ჩვენება შეცვალეს (ვებ-გვერდზევე) და გამოცდის თარიღი 6 სექტემბრამდე გადმოწიეს. ბუნებრივია, ისე, რომ სტუდენტებისთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ.
რთული სათქმელია, რატომ მისცა თსუ-ის ადმინისტრაციამ საკუთარ თავს ამგვარი ქცევის უფლება (შესაძლოა, იმიტომაც, რომ მათ სურვილებთან, აბა, სტუდენტების უფლებები რა მოსატანია), თუმცა, აშკარაა, რომ იურიდიული სპეციალობის არაპრიორიტეტულად გამოცხადება მცდარია, რადგან, საკუთარ უფლებებში გარკვეული არა მხოლოდ სტუდენტი, სხვათა უფლებების დარღვევის სურვილს (და არა მხოლოდ თსუ-ის ადმინისტრაციას) სულ რაღაც ერთი სარჩელით დაუკარგავდა.