როგორ გააფიარებს „სვაროვსკი“ „იუთუბიზე“ გიო გოდეტის ყოველ ნაბიჯს და რატომ თქვა მან პარიზის, ლონდონისა და მილანის „ფეშენ-ვიქებზე“ გამოსვლაზე უარი
ის მუდმივად ძიებებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოგონების პროცესშია, რაც მის საქმიანობას, ხელწერას კიდევ უფრო წარმატებულს ხდის. ამით მის წინაშე არა მხოლოდ ახალი გამოწვევები დგება, არამედ, კიდევ უფრო იზრდება მისი მოღვაწეობის არეალი, ნელ-ნელა იძენს ახალ მასშტაბებს და, რაც მთავარია, მასთან მუშაობის სურვილს უკვე ძალიან წარმატებული, ცნობილი კომპანიები გამოთქვამენ. გარდა ამისა, კანადაში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან, გიო გოდეტთან, ნებისმიერი ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა და ეს თვისება, პროფესიონალიზმთან ერთად, ახალგაზრდა, ნიჭიერი, წარმატებული დიზაინერის კიდევ ერთი კოზირია.
გიო გოდეტი: ძალიან სასიხარულოა, რომ „ფლაი ჯორჯიას” სახით ქართულ ბაზარზე დაფუძნდა ისეთი კომპანია, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ეს არის ახალი ქართული ავიახაზები ახალი თვითმფრინავებითა და დახვეწილი სერვისით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებში ჯდება. მე შემომთავაზეს, რომ აბსოლუტურად ყველასთვის შემექმნა იმიჯი – პილოტებით დაწყებული, წარმომადგენლებით დამთავრებული. გავაკეთე დიზაინი, თანამედროვე, ოღონდ, ქართული ელემენტებით და ცოტა შიკიც დავიჭირე, ანუ, არასტანდარტული უნიფორმაა, დახვეწილი, რაც, ჩემი აზრით, საერთაშორისო აეროპორტებში გამოვლისას აუცილებლად თვალშისაცემი იქნება. ერთი მოთხოვნა იყო კონტრაქტის რეგულირება, სხვა დანარჩენი კი – უსაფრთხოების ზომები, რადგან, მე არ მქონია ავიახაზებთან მუშაობის გამოცდილება და, ამიტომ, არ ვიცოდი რეგულაცია, ანუ, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტები. აქედან გამომდინარე, ჩემი დიზაინი თავისებურად ცოტათი შეიცვალა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც იგრძნობა ის ჩანაფიქრი, რაც ჩავდე. ორივე სეზონისთვის გავაკეთე დიზაინი: გაზაფხული-ზაფხული და შემოდგომა-ზამთარი. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, დაემატება აქსესუარები, რაღაც ნიუანსები. კოლექცია ყოველწლიურად შეიცვლება, მაგრამ, იმიჯი, სტილი, იგივე დარჩება. იმედი მაქვს, ყოველწლიურად ვითანამშრომლებ მათთან, რადგან, ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არა მგონია, სხვა კომპანიასთან გაიარონ, თან, რაც მთავარია, კმაყოფილები დარჩნენ.
– ჩემთვის განსაკუთრებულად თვალშისაცემი იყო ბორტგამცილებლების ქუდი, რომელიც ქართულ ყაბალახს ჰგავს.
– მათ სჭირდებოდათ ქართველი დიზაინერი, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება ექნებოდა – ამან განაპირობა ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა. ქართველი დიზაინერი – იმიტომ, რომ მას ეცოდინებოდა ქართული კულტურა, ეროვნული დეტალები. მე ქუდზე გავაკეთე აქცენტი, რომელიც ყაბალახის სტილში გადაწყდა, რაც, ჩემი აზრით მომგებიანი იქნება. რა თქმა უნდა, ცოტათი გადაკეთდა, სხვა ქუდს შევუთავსე და კარგად ჩაჯდა. რაც მთავარია, კარგი დეტალია და ყურადღებას იქცევს. რაც შეეხება სტიუარდებს, მათ სამოსს დავუმატე ქართული ჩოხის პატარა დეტალი – ქილები. ჩვენ არა მხოლოდ დაზაინი, არამედ, წარმოებაც საკუთარ თავზე ავიღეთ – კომპანია „გოდემ” თავიდან ბოლომდე ჩააცვა და დაამზადა ყველაფერი საქართველოში. ეს საკმაოდ მოკლე ვადებში იყო გასაკეთებელი და ამიტომ სტრესებმა გადაიარ-გადმოიარა ჩვენს თავზე.
– თან, შენ ყოველთვის ყველა დეტალში, ნიუანსში ხარ ჩართული, ყველაფერს სერიოზულ ყურადღებას აქცევ.
– ეს ძალიან რთულია, მით უფრო, რომ საქართველოში წარმოება ჯერ კიდევ დასახვეწია, ბევრი ნიუანსია გამოსასწორებელი, რასაც ამ პროექტის კეთების დროს შევეჯახე. ამ ყველაფრის გამოსწორებამ კი ბევრი დრო და ენერგია წაიღო. ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა ჩაერთო, რადგან, ეს შენი იმიჯია და, ისე უნდა გაკეთდეს, როგორც საჭიროა.
– აქედან გამომდინარე, შენთვის საქართველოში მუშაობა, ალბათ, უფრო მეტად სტრესულია, ვიდრე კანადაში.
– ქვეყანაში, სადაც არ არის მასობრივი წარმოების გამოცდილება და ახლა ინერგება ახალი დანადგარები, რომელთა გამოყენებაც ბევრმა ქარხანამ არ იცის, მუშაობა უფრო რთული და სტრესულია. საქართველოში პროფესიონალი მკერავების, ტექნოლოგების დიდი დეფიციტია. დროთა განმავლობაში, ალბათ, ეს ინდუსტრია დაიხვეწება. მე, ალბათ, ბევრჯერ მომიწევს საქართველოში პროექტების განხორციელება და კიდევ ბევრჯერ ვინერვიულებ, მაგრამ, იმედი მაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი გაუმჯობესდება. საერთოდ, ძალიან მაღიზიანებს, როცა ადამიანს რაღაცას ეტყვი, აუხსნი და მაინც არ ესმის – ეს არა მხოლოდ ჩემთვის, ზოგადად, ნებისმიერ საქმეში მიუღებელია. როცა რაღაც არ იცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენთან საქმის კეთება არ შეიძლება. ვიმუშავებ შენთან ერთად, აგიხსნი, გასწავლი, მაგრამ, მერე იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვა. სწავლების მომენტში ვცდილობ, მშვიდად ვიყო, რომ კარგად ავუხსნა. ტრენინგები აუცილებლად უნდა ჩატარდეს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რადგან, თუ საქართველო მსოფლიო ბაზარზე ამ მხრივ რამის კეთებას აპირებს, უნდა გაიხსნას გადამზადების ექვსთვიანი ტექნიკუმები, კურსები, რაღაც უნდა შეიცვალოს. ასე უფრო მოხდება ხარისხის კონტროლი და უფრო კომფორტული იქნება ჩემნაირი ადამიანებისთვის ან ჩამოსული ბიზნესმენებისთვის ამ სფეროში მუშაობა.
– როგორც ვიცი, ამჟამად ახალ პროექტზე „სვაროვსკისთან” ერთად იწყებ მუშაობას, რომელიც ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის მზადდება.
– ამ სფეროში, შეიძლება ითქვას, მაინც ახალგაზრდა ვარ. ამიტომ, ეს შემოთავაზება ჩემთვის საკმაოდ დიდი მიღწევაა. ანუ, „სვაროვსკი” თებერვალში ნიუ-იორკის ფეშენ-კვირეულზე გამიწევს სპონსორობას. რა თქმა უნდა, ამას ყველა დიზაინერი ვერ იღებს, მხოლოდ ერთეულ, ძალიან ცნობილ დიზაინერებს ასპონსორებდა „სვაროვსკი”, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი სიის „გუგლში” მოძიება. ჩემთვის ეს შემოთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მთავარია, ისინი, სპონსორობის გარდა, საკუთარ თავზე იღებენ მთელ ფიარს. წესით, მე ახლა, აგვისტოში უნდა გამეკეთებინა ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქი“, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე პროექტს ერთად ვერ მოვეჭიდებოდი და, ამიტომ, თებერვლისთვის გადავდეთ. ბევრი დროც მექნება, მოვემზადები, თან, ნიუ-იორკში მომიწევს ხშირად ყოფნა – მე უნდა ჩავატარო ქასთინგი. კანადისგან განსხვავებით, იქ ყველაფერი შენი გასაკეთებელია.
– როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?
– სულ ძიების პროცესში ვარ. ახლაც გავაკეთე ისეთი რაღაც, რაც მათ დააინტერესებდა და შევთავაზე. თან, ისინი უკვე მიცნობდნენ, რადგან, ერთად გვქონდა შოუ-რუმები, გამოფენები ტორონტოში, ანუ, „სვაროვსკის” წარმომადგენლობას ნიუ-იორკიდან ვიცნობდი პირადად. უნდოდათ საერთო პროექტის გაკეთება, მაგრამ, სულ სხვა კუთხით წავიდა. ის, რაც მე გავაკეთე მათი ქსოვილების გამოყენებით, რაც სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, ძალიან მოეწონათ და ამან უკვე საბოლოოდ გაამყარა ჩვენი ურთიერთობა და მივედით თანამშრომლობამდე. ნიუ-იორკში მქონდა მათთან შეხვედრა, სადაც ჩემი ნამუშევრები ჩავიტანე. რომ ნახეს, საბოლოო ჯამში, ყველა დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვედრაზე აღმოჩნდა – ერთმანეთს დაუძახეს, იმდენად საინტერესო იყო მათთვის. რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არ იცოდა ვინ ვიყავი. გავიდნენ შეხვედრიდან, შემოვიდნენ ამობეჭდილი ფურცლებით და მითხრეს: ეს პალტოები გვინდაო. საბოლოო ჯამში, სანამ შეხვედრა დამთავრდებოდა, ჩემი ოთხი პალტოც გავყიდე. პროფესიონალები არიან და შესაბამისად, ემოციებს დიდად არ გამოხატავენ, მაგრამ როდესაც ჩემი ნამუშევრების შემდეგ ასეთი თანამშრომლობა შემომთავაზეს, ეს უკვე მათი მხრიდან ემოციების პიკს ნიშნავდა. „სვაროვსკის” მხრიდან მთელი ფიარი მედია საშუალებებით იქნება. აქ გლობალურ ფიარზეა საუბარი. ასევე, „იუთუბის” მეშვეობით ისინი აკეთებენ „ონლაინ რეალითი თივი შოუს,“ ანუ, ეს იქნება მოკლემეტრაჟიანი მიმოხილვა, თუ როგორ ემზადება „სვაროვსკის” მიერ დასპონსორებული დიზაინერი ჩვენებისთვის. გადაიღებენ ყველაფერს: ქასთინგებს, დამზადებას, მოლაპარაკებებს, მოგზაურობას... კამერა იქნება ჩემ გვერდით, იმედია, არა 24 საათის, არამედ, 12 საათის განმავლობაში და ყველაფერს გადაიღებენ. შემდეგ დაამონტაჟებენ და გავა „იუთუბიზე”, მაყურებელი ნახავს და საკუთარ აზრს დააფიქსირებს. სხვათა შორის, თავად „სვაროვსკიმ” „ფეშენ-ვიქისთვის“ შემომთავაზა სხვადასხვა ქალაქი: ლონდონი, პარიზი, მილანი და ნიუ-იორკი – აარჩიე, რომელზე გინდა გასვლაო. მე ნიუ-იორკი ავარჩიე, რადგან, მაინც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ვფიქრობ მარკეტინგის გამყარებას, პოპულარიზაციას. კარგი მომენტია, როდესაც არჩევნის საშუალებას გაძლევენ – ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– დაახლოებით როგორი იქნება ეს კოლექცია?
– ყველაფერი იქნება, რადგან, ახალი ქსოვილი იმის საშუალებას მაძლევს, რომ, არა მხოლოდ პალტოები გავაკეთო, არამედ – კაბებიც. უფრო მდიდრული კოლექცია უნდა გავაკეთო, რადგან, „სვაროვსკის“ კრისტალების გამოყენების საშუალება მაქვს და ეს არც მომერიდება, რადგან, ნიუ-იორკში უფრო თავისუფალი ბაზარია, არ არის ისეთი კონსერვატორული, როგორიც ტორონტო. დიდი იმედი მაქვს, თებერვალი დიდ წარმატებას მომიტანს, მანამდე კიდევ დიდი დროა. პირადად მე ამ ყველაფრისგან ველოდები რაც შეიძლება უფრო დიდი ბაზრის ათვისებას და იქ დამკვიდრებას, რაც დიზაინში მოღვაწეობის გაფართოების საშუალებას მომცემს, რომ გადავიდე აქსესუარებზე, მამაკაცის კოლექციაზე და შეიქმნას ბრენდი, რომელიც ყველაფერს მოიცავს.