კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე გაგიჟდნენ ლიტველები საქართველოში და რამ გააწამა ვახო ჩაჩანიძე „ღვინის გზის” გადაღებებზე

ვახო ჩაჩანიძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს – მისი ბოლო სერიალი საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. რა ხდებოდა „ღვინის გზის“ გადაღებაზე, ამაზე თავად ვახო გვიამბობს.

 – ვახო, ამჟამად, რის გადაღებაში მონაწილეობ, რა ხდება შენს თავს?
– გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი ფილმის საპილოტო ვერსია და ჯერ არაფერს ვიტყვი – არ ვიცი რა იქნება. სერიალ „ღვინის გზას” რაც შეეხება, პირველი სეზონის გადაღებები ორი თვის წინ დასრულდა. გადაღებები 6 თვეს მიმდინარეობდა, ძალიან საინტერესო იყო და კარგი დრო ვატარე. საერთოდ, საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვარ და ვერ შევაფასებ, ვერ ვიტყვი, როგორ ვითამაშე, თან – პატრულის როლი. პირველი ქართულ-ლიტვური პროექტია და, ძალიან მინდა, მოვხვდე ვილნიუსში. ამბობენ, რომ ლამაზი ქალაქია. თავიდან კასტინგით მივედი, ვნახე ოთხი-ხუთი სერია და, ნორმალურად მომეჩვენა. რეგიონებში რომ ვიყავით გადაღებებზე, იქ მივხვდი, რომ პერიფერიებში ძალიან ბევრი უყურებს ჩვენს სერიალს. ქუჩაში მცნობდნენ, მაჩერებდნენ. მე ვფიქრობ, როცა შანსი გეძლევა მსახიობს, უარი არ უნდა თქვა – იმუშაო და არ გაჩერდე. პირველად ვითამაშე პატრულის როლი და, სიმართლე გითხრა, ეკრანზე რომ შევხედე საკუთარ თავს, არ მომეწონა (იცინის). ვფიქრობ, ფორმა მაინცდამაინც არ მიხდება, უფრო სხვანაირი ტიპი ვარ. იმიტომაა, რომ პოლიციიდან სულ გავრბივარ-გამოვრბივარ. პოლიციელი კიდევ ჰო, მაგრამ, პატრული ცოტა ისეთია. კრიმინალის როლიც ერთხელ ვითამაშე.
სხვათა შორის, ლიტველები კარგი და თბილი ხალხია, რაღაცით გერმანელებს ჰგვანან. ერთმანეთს კარგად გავუგეთ, უწმაწური სიტყვები ვასწავლეთ, გავცვალეთ, მოკლედ, „გინებები” (იცინის). მთელი საქართველო მოვიარეთ, ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით, მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი სერიალებიდან მაინც „კლინიკა” მომწონს – უფრო სერიოზულია. ახალჩამოსული ვიყავი მაშინ გერმანიიდან – რვა თვის.
– გერმანული კარგად იცი?
– კი, ადრეც მითქვამს, გერმანიაში ათი წელი ვცხოვრობდი, ზაარლანდში, ზაარბრიუკენში, იქ მიმოდრამის თეატრის მსახიობი ვიყავი. ევროპის ყველა დიდ ქალაქში ვყოფილვარ რომის გარდა. უმაგრესია ლონდონი, პარიზი, მაგრამ, რომი მაინც ყველაზე მაგარი მგონია. ამიტომ, გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე (იცინის). ენის ბარიერი არ მქონდა და ამიტომ არ გამჭირვებია იქ ცხოვრება, მაგრამ, მაინც აქაურობა მენატრებოდა ძალიან. მაშინ იმ თეატრს ლაშა ონიანი ხელმძღვანელობდა, პაატა უკვე ამერიკაში იყო წასული. „კლინიკამ” დააჩქარა ჩემი ჩამოსვლა გერმანიიდან, თუმცა ისედაც ვაპირებდი, ზაფხულში.
– ენა არ დაგავიწყდა?
– რა, ქართული?! გერმანული არ დამვიწყებია და ქართული როგორ დამავიწყდებოდა?! არა, არანაირად, უბრალოდ, გერმანულად დავიწყე აზროვნება და, იცი, რა მჭირდა? სიზმრებს გერმანულად ვხედავდი და სიზმარშიც კი გერმანულად ვლაპარაკობდი (იცინის). ახლა კი მენატრება, ისევ წავიდოდი სიამოვნებით, თუმცა სამუდამოდ საცხოვრებლად არ მინდა. ბევრი მეგობარი მყავს იქ, რომ ვურეკავ, სულ მეუბნებიან – ჩამოდიო.  პატარა ქალაქია და თითქმის ყველა გავიცანი. ზაარბრიუკენი ცოტა ისეთი ქალაქია – ხან საფრანგეთის შემადგენლობაში იყო, ხან გერმანიის, საზღვარზეა, დასავლეთით. ომის დროს ჰიტლერი დაემუქრა და აიძულა, გერმანიის შემადგენლობაში შესულიყვნენ. სამაგიეროდ, ფიურერმა მადლობის ნიშნად უზარმაზარი თეატრი აუშენა. იმ თეატრის წინ არის ძალიან დიდი მოედანი  და, იცით, რა ჰქვია? თბილისის მოედანი! პირველად რომ ვნახე, გავგიჟდი სიხარულისგან – ვხედავ, აწერია „თბილისი პლატც”, მივვარდი, დავიწყე სურათების გადაღება – თბილისი და ზაარბრიუკენი ხომ დაძმობილებული ქალაქებია, თუ არ ვცდები, 1975 წლიდან.
– თეატრალური თვალსაზრისით კარგი ქალაქია?
– არა, ბერლინი ჯობია. თეატრალურ ფესტივალებშიც ხშირად ვიღებდით მონაწილეობას და ბევრგან გვქონდა გასტროლები, კოლუმბიაშიც კი იყვნენ, ოღონდ, მე ვერ წავედი. ლონდონში, ბაიტში. შექსპირის უზარმაზარი მასშტაბის ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. ვითამაშეთ „ჰამლეტი” უსიტყვოდ, ცეკვებით – ქართული ცეკვების ელემენტები გვქონდა ჩართული. გაგიჟდა ხალხი. მიმოდრამა სხვაა, ტიტა და პანტომიმა – სხვა. „კარმენში” ვთამაშობდი პროსპერ მერიმეს და „ჰამლეტში” – მასხარას. არის სცენა, როცა მერიმე ხოზეს ხვდება ციხეში და ხოზე კარმენზე უყვება. „ფაუსტიც” გვქონდა უტექსტოდ.
– ესპანეთშიც იყავი?
– კი, ვიყავი – ბარსელონა, მადრიდი, მალიორკა ვნახე. მაგარი „დასტოინი” და ამაყი ტიპები არიან, ვაჟკაცურები, ძალიან ჰგვანან ქართველებს, უფრო მეტად, ვიდრე იტალიელები. მაპატიონ იტალიელებმა, მაგრამ, ესპანელებთან ახლოსაც ვერ მივლენ. კიდევ იმაზე მწყდება გული, რომ „ელ კლასიკოს” ვერ დავესწარი – „ბარსელონის” ფანი ვარ, მაგრამ, ზაფხულის გამო არ იყო თამაშები. მარტო „კამპ ნოუ“ ვნახე და წამოვედი. სამაგიეროდ, გერმანიაში ვიყავი 2006-ში მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე თამაშზე – ადრე გერმანიის გულშემატკივარი ვიყავი, მერე ბრაზილიის გავხდი. წელს კი ვგულშემატკივრობდი, მაგრამ, წავაგეთ – ისევ იტალიასთან (იცინის).
– გერმანული ხასიათი ახლოსაა შენთან?
– საერთოდ არ არის ახლოს. უფრო ჩაკეტილი, ცივი, მარტოსული ტიპები არიან. ყველაზე თბილი ხალხი ზაარლანდშია; ბავარიელები უფრო ჩაკეტილები, სვანებივით დაბღვერილი ხალხია (იცინის). ოჯახი, ბიძაშვილი, ბებია – დიდად არ იციან ეგეთი რაღაცეები. სამაგიეროდ, წესიერი ხალხია, პირდაპირი. არ თამაშობენ იმისთვის, რომ თავი მოგაწონონ. არ ქლესაობენ, ყველაფერს პირში მოგახლიან. გერმანელი მაყურებელიც საკმაოდ მომთხოვნი და კრიტიკულია, თუმცა, ბევრი კარგი სპექტაკლი არც მინახავს იქ. სპექტაკლის დროს მოწონებას ფეხების ბაკუნით გამოხატავენ. ძალიან არ უყვართ დაგვიანება, მაგრამ, იმდენად შევუყვარდი, რომ, სამსახურში როცა ვრეკავდი, უკვე იცოდნენ, რომ მინიმუმ ხუთი წუთით დავაგვიანებდი. მაგრამ ცუდია, რომ უმრავლესობა თავს მარტოსულად გრძნობს. ხშირად ხმარობენ სიტყვა „მეს”, სამაგიეროდ, ბევრ რამეში დაგიდგებიან გვერდით, მაგრამ, ძალით ვერაფერს გააკეთებინებ. აქ ბევრს ვეგონე არაბი, იმიტომ, რომ ქართველი ტიპაჟისთვისაც კი ძალიან შავგვრემანი ვარ. არც იცოდნენ, საქართველო სად იყო. არც ქართული რესტორანი იყო იქ. რომ წამოვედი, ლაშამ და მისმა მეგობრებმა გახსნეს რესტორანი „თბილისი” როგორც ვიცი, იქ ბევრი გერმანელი დადის. მოკლედ, მე ხომ ეგეთი ბედი მაქვს – თეატრალურში ოთხი წელი ვსწავლობდი და, რომ წამოვედი, ბუფეტი  მაშინ გახსნეს (იცინის).
– სერიალში დაივას ინგლისურად ელაპარაკები. ინგლისურიც იცი კარგად?
– არა, ინგლისური არ ვიცი და მინდა დავიწყო სიარული. გერმანული სკოლა დავამთავრე – პეტრიაშვილზე. ასე თუ ისე, ვაგებინებდი აგნეს. აგნემაც არ იცის კარგად, უფრო რუსულად ვკონტაქტობდით. გერმანული რომ ვიცი, ვფიქრობ, ინგლისურიც გამიადვილდება. ძალიან ვწვალობდი გადაღებებზე, ამ დიალოგების ზუთხვა მიწევდა, არადა, გაზეპირებას ვერ ვიტან, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად ვითვისებ. ლათინური ასოებით მიწერდნენ და ვკითხულობდი. აზრი მესმოდა, სიტყვებიც ვიცი, მაგრამ, გრამატიკა რომ არ ვიცი, მექანიკურად ვაბამ სიტყვებს და „მიტყდება” (იცინის). იმპროვიზაციას რომ ვერ ვახერხებ, მსახიობისთვის საშინელებაა.
– გერმანელი ქალბატონები თუ მოგწონდა?
– ყველა ქვეყანას ჰყავს ლამაზი ქალბატონები, ლიტველებზეც ამბობენ, „დაჟე,” სომხებზეც ამბობენ ლამაზები არიანო – ჩემი მეგობარი იყო ერევანში და იმან მითხრა, თუმცა, მე თბილისში ლამაზი სომეხი გოგო არ მინახავს. ერევანში და ბაქოში არ ვყოფილვარ.
– „ღვინის გზის” გადაღებებზე რა ხდებოდა?
– აუ, ძალიან მაგარი იყო, სულ ვხალისობდით, რაღაც ტექსტებს ვიგონებდით, ვმაიმუნობდით. აგნე ახლა ვილნიუსშია, ყოველდღე გვწერს, ძალიან მენატრებითო – შეუყვარდა აქაურობა. ქართული სიტყვებიც ისწავლა, მაგარ რაღაცეებს არტყამდა ხოლმე. ის სიმღერა უყვარდა – „მზე დამაქვს ხურჯინით” და სულ მაგას მღეროდა. ხან აგნეს ვწუწავდით, ხან რას ვიგონებდით. ერთხელ, გურამის და ლიკას ქორწილის სცენას ვიღებდით, გადაღება გაიწელა და რამდენიმე კაცმა ცოტა დავლიეთ. არადა, არ მიყვარს გადაღებაზე დალევა. შევყევით და კარგად დავთვერი. ხვიჩა მაღლაკელიძეს მივდევდი და კინაღამ დავშავდი დევნისას. ხვიჩა მაგარი კაცია, სულ გვაცინებდა, ენაწყლიანია, ბილწსიტყვაობდა კიდეც ხშირად. მაგან და იონასმა – (სერიალში რომასი) მაგრად გაუგეს ერთმანეთს. იონასიც მაგარი ტიპია, მაგას და აგნეს ქართულ ანეკდოტებს ვუყვებოდით და იხოცებოდნენ სიცილით. იონასი თითქმის ზუსტად ისეთია, როგორიც სერიალშია. პირველად იყო აქ და გაგიჟდა აქაურობაზე. ხარივით სვამს. ბათუმში რომ მივდიოდით გადაღებაზე, იმდენი არაყი დალია, გავგიჟდით, გვეგონა, ცუდად გახდებოდა გზაში, მაგრამ, კარგად იტანს. ბათუმში ბევრი იბოდიალა, მოეწონა ბათუმიც. კარგად ვაქეიფეთ ქართულად. დათვრა და, ჯონი, მარიაო, – ვიღაცას ეძახდა (იცინის), მაგრამ, ვის – თვითონაც გონზე არ იყო. რომ ჩამოვედით, კიდევ კონიაკი, ლუდი და ღვინო ვსვით, ისეთი ცოფი ჭაჭა დავლიეთ ბოლოს (იცინის), მაგრამ, ცუდად მაინც არ გამხდარა. ყაზბეგში გვყავდა, ანანურში, სიღნაღში, ბორჯომში, ვარძიაში... თუშეთში ვერ მოვასწარით. ლიტვაში მთები არ არის და ქართულ მთაზე გაგიჟდნენ. კეთილი და თბილი ხალხია – ცოტა კი მეუცნაურება ლიტვური ენა, მაგრამ, რაღაც სიტყვები ვისწავლე.

скачать dle 11.3