პარაოლიმპიელების გაცილება და კლიპის პრეზენტაცია “ქალაქურში„
სულ ცოტა ხნის წინ გიყვებოდით „ბრავო რექორდსის”, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტისა და „სმარტის” პროექტის შესახებ, რომელიც შეიქმნა პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერად. საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების მხარდასაჭერად მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა შექმნა სიმღერა „ბრაითერ დეი”, რომელიც ლონდონში საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე გაჟღერდება. მუსიკის ავტორები ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი არიან, ტექსტი კი ბიბი კვაჭაძეს ეკუთვნის. 24 აგვისტოს მედიის წარმომადგენლები რესტორან „ქალაქურში” შევიკრიბეთ, სადაც პროექტის ავტორებმა აღნიშნულ სიმღერაზე „თიბისი ტივის” მიერ გადაღებული კლიპი წარმოგვიდგინეს. მუსიკალურ ვიდეოკლიპში ასახულია ლონდონის ოლიმპიადისთვის პარაოლიმპიელების მზადების საკმაოდ ემოციური კადრები.
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების მხარდაჭერა, მოტივირება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სპორტით დაინტერესების ხელშეწყობა და პარაოლიმპიურ მოძრაობაში ჩართვა. ლონდონში, პარაოლიმპიური თამაშების დროს ნინი ბადურაშვილი ჩაატარებს კონცერტს, რომელსაც დაესწრებიან: პარაოლიმპიური დელეგაცია, საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლები.