მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-34(608)
* * *
მალიშევის მცველებმა მანქანა აგარაკის ჭიშკართან შეაჩერეს და ციგანოვს გადმოსვლა უბრძანეს.
– ბევრი დრო არ მაქვს. სად არის ბორისი?! – შეუვალი სახით თქვა ციგანოვმა.
– ქურდულ სხოდკაზე არ ხარ!.. გადმოდი მანქანიდან! – მკაცრად გაიმეორა ერთ-ერთმა მცველმა.
ციგანოვმა ბრაზით დაჰკრა ხელი საჭეს და მანქანიდან გადავიდა.
– ხელები!.. – უცვლელი ტონით განაგრძო მცველმა.
– რა?! – დაიბნა ციგანოვი.
– ხელები კაპოტზე!
ციგანოვმა ქურთუკის კალთა გვერდზე გადასწია, ქამარზე მიმაგრებული ბუდიდან პისტოლეტი ამოიღო და კაპოტზე დააგდო, მაგრამ მცველი ამითაც არ დაკმაყოფილდა – საგულდაგულოდ გაჩხრიკა და, როცა დარწმუნდა, რომ სხვა იარაღი არ ჰქონდა, ეზოს ბოლოში მდებარე, სუროთი დაბურული ფანჩატურისკენ მიანიშნა – იქ გელოდებიანო.
ფანჩატურში მდგარ მაგიდასთან მალიშევი იჯდა. მაგიდაზე არყისა და ლუდის ბოთლები და ჭიქები ეწყო. ციგანოვის ფანჩატურში შესვლისას მალიშევმა არაყი ჩამოასხა. ერთი ჭიქა მაშინვე გამოცალა, მეორე კი მისკენ გააცურა და უბრძანა, დაელია!
– ამისთვის გინდოდა ჩემთან შეხვედრა? – ჭიქისკენ გაუხედავად თქვა ციგანოვმა.
– არა!.. – მოკლედ მოუჭრა მალიშევმა და ისე ჩამოასხა არაყი.
– მე ხომ გაგაფრთხილე, რომ ასე ხშირად ვერ შეგხვდები! პრობლემები არც ერთს გვჭირდება!.. – თქვა ციგანოვმა და მაგიდას მიუჯდა.
– იმას, თუ როდის, სად და რა ვითარებაში შეგხვდები, მე ვწყვეტ! – მკაცრად თქვა მალიშევმა.
– კარგი... რადგან აქ ვართ, იქნებ მითხრა, რა გინდა?
– რა კაცია გეგეშიძე?
– რა?! – დაიბნა ციგანოვი, – შენ, „ეფესბეს” ოპერატიული სამმართველოს უფროსი, მე მეკითხები, რა კაცია გეგეშიძე?! მისი დოსიე არ გაქვს ნანახი?!
– მე შენი დოსიეც მაქვს ნანახი!
– მაგით რისი თქმა გინდა?
– შენს დოსიეში არ წერია, რომ ჩემი აგენტი ხარ!
– და, რა არ წერია გეგეშიძის დოსიეში? – ჰკითხა ციგანოვმა.
– თქვენი გაგებით, ბოზურ საქმეზე წამსვლელია თუ არა? – ჰკითხა მალიშევმა.
– რას გულისხმობ „ბოზურში”?
– ქალის ან ბავშვის მკვლელობას.
– არა, მაგას ისეთი აღმზრდელი ჰყავდა, ასეთ საქმეზე არასოდეს წავა!.. ისე, რომ წავიდეს, შენთვისაც კარგი იქნებოდა და ჩემთვისაც. შენ შენი მხრიდან მოუღებდი ბოლოს. მე – ჩემი მხრიდან მოვუყომარებდი!..
– რაზე უნდა წავიდეს?
– რაზეც შენ თქვი – ქალის ან ბავშვის მკვლელობაზე!
– საქმე ჩემს ოჯახს ეხება, იდიოტო! – ბრაზით იყვირა მალიშევმა და არყის ჭიქა მიწაზე დაახეთქა, – ის ნაბიჭვარი დამემუქრა, ცოლ-შვილს ამოგიხოცავო!
– პირადად შეგხვდა?! – გაოგნებულმა შეხედა ციგანოვმა.
– ჰო... ამდენიც გაბედა!
– მისი სტილია... – ჩაილაპარაკა ციგანოვმა, – თუმცა, შეგიძლია, მშვიდად იყო. მგელოს არასდროს აჰკანკალებია ხელი ვინმეს მოკვლისას, მაგრამ არასპრავედლივად არავინ დაუბრედია!
– სპრავედლივად დაბრედვაში რას გულისხმობ? – ირონიით ჰკითხა მალიშევმა.
– მაგალითად, შენი კოლეგის, რიჟკოვის მკვლელობას.
– შენ რომ გაგაგოროს, მართალი იქნება თუ – არა?
– სამაგისო მიზეზი არ აქვს!.. თანაც, არც ისე იოლია ჩემი დაბრედვა!
– აქვს! – უპასუხა მალიშევმა.
– რა აქვს? – დაიბნა ციგანოვი.
– შენი და, არა მხოლოდ შენი დაბრედვის მიზეზი!
– საიდან?
– სია, რომელზეც გელაპარაკე, გეგეშიძეს აქვს!
– ნაღდი დოსიეები?!
– ჰო, – მოკლედ დაუდასტურა მალიშევმა.
– ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ...
– დაიმახსოვრე, ნაბიჭვარო! შენნაირებთან არასდროს ვდებ შეთანხმებას. თუ გინდა, რომ მგელი მოინადირო, მასზე ძლიერი ნაგაზების ხროვა უნდა მიუსიო! გეგეშიძეს ნაღდი დოსიეები აქვს და იმ სიაში შენთან ერთად სხვა ნაბიჭვრებიცაა ჩამოთვლილი. ვნახოთ, როგორ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან! – ამ სიტყვებთან ერთად მალიშევმა მაგიდაზე მეხსიერების ჩიპი დააგდო, – მათ დოსიეებს აქ ნახავ!
ციგანოვმა მეხსიერების ჩიპი აიღო, გააფთრებით გახედა, ესროლა მალიშევს და უსიტყვოდ გავიდა ფანჩატურიდან.
კაცუბა და „ვერშინას” ადვოკატი ვასილიჩი მაგიდას მიუსხდნენ და მაშინვე საქმეზე გადავიდნენ.
– ვასილიჩმა გადმომცა შენი დანაბარები, ლუკა, – თქვა კაცუბამ, – პირდაპირ გეტყვი: ყურებს არ დავუჯერე, როცა მისგან ეს ამბავი მოვისმინე. მაინც, რაში დაგჭირდა ამ საქმეში ჩართვა?
– მე არ მითქვამს, რომ საქმეში ჩართვას ვაპირებ. უბრალოდ, ვითარებაში მინდა გავერკვე, – უპასუხა ლუკამ.
– მეტი არაფერი? – გაოცებით გახედა კაცუბამ ვასილიჩს.
– მეტი არაფერი, – დაუდასტურა ლუკამ.
– მაინც, რა გაინტერესებს? – განაგრძო კაცუბამ.
– რა ვითარებაა „ნეფტოგაზთან“ და „ნორდსტრიმთან“ დაკავშირებით და კონკრეტულად ვინაა დაინტერესებული გაზსადენით?
– „ნეფტოგაზმა“ ერთი წლის წინ გადაწყვიტა აქციების გარკვეული ნაწილის ბაზარზე გატანა...
– როგორც ვიცი, „ნეფტოგაზი“ სახელმწიფო კომპანიაა, – შეაწყვეტინა ლუკამ.
– ნაწილობრივ... კომპანიაში რამდენიმე მცირე ფირმაცაა გაერთიანებული, მაგრამ, ძირითადი წილი მაინც „ნეფტოგაზზე“ მოდის.
– შეგიძლია, მითხრა, ვინაა ნეფტოგაზის რეალური მფლობელი?
– სახელმწიფო.
– ეს ობივატელისთვის ნათქვამი სიტყვებია, – ირონიით შენიშნა ლუკამ, – ხვალ იმ აქციებთან დაკავშირებულ საქმეში რომ ჩავერიო, ვისთან მომიწევს ურთიერთობა?
– სტეფანე გუსმანთან – ის ხელმძღვანელობს ეკონომიკის სფეროს.
– და, ამასთან ერთად, განაგებს ხელისუფლების შავ ყულაბას, – ჩაურთო ვასილიჩმა.
– მართალია, – უხალისოდ დაეთანხმა კაცუბა.
– გასაგებია... – ლუკამ სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო – რა სირთულეები შეიქმნა აქციებთან დაკავშირებით?
– დამიჯერე, ლუკა, არ ღირს მაგ საქმეში ჩართვა. ეს უბრალოდ წილების გადანაწილება არ არის, საქმე საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირდება. ბრძოლას, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის მთავრობები არიან ჩართულნი. რა გავლენა და რა რესურსიც არ უნდა გააჩნდეს „ვერშინას”, ამ ბრძოლაში ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება!
– როცა შენი რჩევა დამჭირდება, თვითონ გკითხავ! – ცივად თქვა ლუკამ.
– კარგი, აგიხსნი, მერე კი შენ თვითონ გადაწყვიტე, ღირს თუ არა ასეთ რისკზე წასვლა, – უპასუხა კაცუბამ, – რუსული „გაზპრომი“ დიდი ხნის განმავლობაში იბრძვის უკრაინულ „ნეფტოგაზზე“ კონტროლის დასაწესებლად. მის მთავარ ინტერესს გაზსადენი „ნორდსტრიმი“ წარმოადგენს, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით ევროპას მიეწოდება. თავის მხრივ, ევროპა „გაზპრომის“ გავლენის შესუსტებას ცდილობს. ხვდები, როგორ წნეხშია მოქცეული უკრაინის ხელისუფლება?! – ერთი მხრიდან ევროპა, მეორე მხრიდან კი – რუსული „გაზპრომი“, თავისი განუსაზღვრელი რესურსებითა და გავლენით. ამ წნეხის შესასუსტებლად მთავრობამ აქციების გარკვეული რაოდენობის ბაზარზე გატანა გადაწყვიტა. ეს წინასწარი განცხადებაა. ამჟამად მიმდინარეობს აქციების ზუსტი რაოდენობისა და გასხვისების პირობების განსაზღვრა. ასეთია მთავრობის ოფიციალური განცხადება.
– არაოფიციალური პოზიცია როგორია? – ჰკითხა ლუკამ.
– არაოფიციალურად მთავრობა ევროპულ კომპანიებს სთავაზობს აქციების შესყიდვას.
– გასაგებია, რომ „გაზპრომი“ თავის მხრივ ცდილობს აქციების ყიდვას, – თქვა ლუკამ.
– ეს ის სიტყვა არ არის. „გაზპრომი“ გააფთრებული იბრძვის. ჩემთვისაც კი გასაოცარი იყო „გაზპრომის“ ამდენი ლობისტის გამოჩენა და საქმე მხოლოდ ლობისტებს არ ეხება. ამ აქციებთან დაკავშირებით კიევში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი გუსმანის თანაშემწე იყო. ასე რომ, შენ თვითონ გადაწყვიტე, ღირს თუ არა, ასეთ საქმეში ჩართვა.
– კაცუბა მართალია, ლუკა, – ჩაურთო ვასილიჩმა, – არ ღირს. ასეთ ვეშაპებთან ვერ გავქაჩავთ. მით უმეტეს ახლა, როცა საერთოდ გვიკრძალავენ კიევში გამოჩენას!
– კარგი... ყველაფერი გასაგებია... ჯერჯერობით ამით დავკმაყოფილდეთ. რამე თუ შეიცვალა, მე თვითონ დაგიკავშირდებით, – თქვა ლუკამ, მერე კი კაცუბას სთხოვა, მარტო დაგვტოვე, ვასილიჩისთვის რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელიო.
– ვერაფერს ვხვდები, ლუკა, – მაინც, საიდან გაგიჩნდა იმ აქციების საქმეში ჩართვის იდეა. ჩვენთვის ეს მართლაც ზედმეტი ტვირთია, თანაც, ისეთი ტვირთი, რომელიც უეჭველად ჩაგვძირავს!
– ვიცი, მაგრამ, მაინც მოგიწევს რამდენიმე პიროვნებასთან გასაუბრება.
– რისთვის? – გაუკვირდა ვასილიჩს.
– ყურადღებით მომისმინე, ვასილიჩ. ჯერჯერობით მეც არ ვიცი რაში ცდილობენ ჩვენს ჩათრევას. ვცდილობ, გავერკვე, მაგრამ, ამას დრო სჭირდება და ეს დრო შენ უნდა მოგვცე, – უპასუხა ლუკამ.
– როგორ?
– შენ კიევში შეხვდები რამდენიმე პიროვნებას და სიტყვას ჩამოუგდებ, რომ „ვერშინა” „ნეფტოგაზის“ აქციებით ინტერესდება. კონკრეტული საუბარი საჭირო არ არის. აგრძნობინე, რომ ნიადაგის მოსინჯვა გსურს.
– მოკლედ, მითქმა-მოთქმა გამოვიწვიო, – ვასილიჩი უმალ მიხვდა, რასაც სთავაზობდა ლუკა.
– მართალი ხარ, გამოიწვიე მითქმა-მოთქმა და შემდეგ საპასუხო რეაქციას დაველოდოთ.
– გასაგებია... კიდევ რამეს ხომ არ დამაბარებ? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– ხარკოვში ერთ კაცს გაგაყოლებ... – ამ სიტყვებთან ერთად ლუკა ადგა და ოთახში იგორ რიბკინი მოიწვია.
– ამას რა უნდა აქ?! – ვასილიჩმა გაოცებული მზერა მიაპყრო მოსკოველ გამომძიებელს. მისთვის ცნობილი იყო რიბკინსა და ჟურნალისტ გრომოვზე მომხდარი თავდასხმის შესახებ. იცოდა ისიც, რომ რუსეთის პროკურატურა თავდასხმის ორგანიზებას ლუკას მიაწერდა. თავდასხმის შემდეგ რიბკინის ადგილსამყოფელი უცნობი იყო და ვასილიჩი არაფრით მოელოდა მის ლუკასთან ერთად ნახვას.
– იძულებული ვარ, შევიფარო. მოსკოვში ერთ დღესაც ვერ გაქაჩავს. თანაც დაპატიმრებასაც არ დაუპირებენ. იმისთვის, რაც იცის, უყოყმანოდ გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს, – უპასუხა ლუკამ.
– ჰო, გასაგებია, მაგრამ... – ვასილიჩმა პაუზა გააკეთა, – კარგად დაფიქრდი, ლუკა. ხვდები, რა მოხდება, ძებნილი გამომძიებელი ჩვენს სიახლოვეს რომ დააფიქსირონ, ან, კიდევ უფრო უარესი – ხარკოვში რომ დააპატიმრონ?!
– იმიტომაც ვგზავნი შენთან ერთად. მასზე პირადად აგებ პასუხს. მყუდრო საცხოვრებელი შეურჩიე და ყველა პირობა შეუქმენი.
– რამდენ ხანს დარჩება ხარკოვში?
– ვიდრე ვითარება არ გაირკვევა.
– „ნეფტოგაზს“ გულისხმობ?
– არა, ამას, – თქვა ლუკამ და ვასილიჩს მაგიდაზე მდებარე ნოუთბუქი ახლოს მიუწია.
– ეს რა არის? – გაკვირვებით შეხედა ვასილიჩმა.
– დოსიეებს გადახედე.
ვასილიჩი კომპიუტერს მიუბრუნდა და დოსიეების თვალიერებას შეუდგა.
– საიდან გაქვთ ეს მონაცემები? – გაოცებული შემობრუნდა ორიოდ წუთში.
– ეს ჩემი მეგობრის კომპიუტერია, – უპასუხა რიბკინმა.
– დაღუპული ჟურნალისტის?
– ჰო... – დაუდასტურა რიბკინმა, – იმ დილით ამ მონაცემების სანახავად შევხვდი. ცოტა ხანში კი თავს დაგვესხნენ.
– ჟურნალისტთან როგორ მოხვდა დოსიეები? – განაგრძო ვასილიჩმა.
– ვიღაცამ პროკურატურიდან ჩემი საფოსტო ყუთით გაუგზავნა.
– ანუ, მონაცემების გადაცემაში შენ გადანაშაულებენ?
– ჰო, მე მადანაშაულებენ, – თავი დაუქნია რიბკინმა.
– ცუდია... ძალიან ცუდი! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ვასილიჩმა და ლუკას მიუბრუნდა, – ეჭვი მეპარება, გაჟონვის ორგანიზატორმა არ იცოდეს, რომ ეს მონაცემები შენ გაქვს!
– ეს რას შეცვლის? – ჰკითხა მან.
– ეს ნამდვილი ბომბია, ლუკა. წარმოიდგინე, რაზე წავლენ აქ ჩამოთვლილი ქურდები ამ დოსიეების გასანადგურებლად და მასთან ერთად ყველა იმ პიროვნების სამუდამოდ გასაჩუმებლად, ვინც ეს მონაცემები ნახა. ახლა ნაღდად დავრწმუნდი, რომ არ ღირს ამ კაცის ხარკოვში ჩაყვანა! – რიბკინს გახედა ვასილიჩმა.
– ის გაბოზებული ნაბიჭვრები „ვერშინას” ახლოს ვერ გაეკარებიან!.. ყველამ იცის, რაც მოჰყვება ამას! – ცივად თქვა ლუკამ.
– საქმე მხოლოდ გაბოზებულ ნაბიჭვრებს არ ეხება. დოსიეებში ჩამოთვლილია „ეფესბეს” მოქმედი ოპერატიული თანამშრომლები. შეხედე ჩამონათვალს. აქ რამდენიმე პოლკოვნიკია მითითებული. ეს „ეფესბეს” ელიტაა, ადამიანები, რომელთა მთავარი სპეციალობა მტრულად განწყობილი პირების გადაბირება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა. „ეფესბე” კი მხოლოდ ქურდებითა და კრიმინალური ავტორიტეტებით არ ინტერესდება. იგივე თანამშრომლები მუშაობენ ყველასთან, ვინც კი გარკვეულ ინტერესს წარმოადგენს რუსეთის „ეფესბესთვის”: უცხოეთის ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებთან, მსხვილ ბიზნესმენებთან, მოწინააღმდეგე სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან... ამ ადამიანების გამჟღავნებას არავინ დაუშვებს. ეს უკვე კრიმინალური „რაზბორკა” არ არის, ლუკა.
– მაგრამ ეს დოსიეები პროკურატურიდან გაიგზავნა!
– გააჩნია, სად და რისთვის გაიგზავნა, – თქვა ვასილიჩმა.
– ხომ აგიხსენი, რომ დოსიეები ჩემი სახელით გაუგზავნეს ჩემს მეგობარს, – თქვა რიბკინმა.
– ვის გაუგზავნეს, გასაგებია. ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, რისთვის გაუგზავნეს, – ვასილიჩი წამით ჩაფიქრდა და მერე თქვა, – ვინ იყო დაინტერესებული შენს დისკრედიტაციაში? თანაც, აქ მხოლოდ დისკრედიტაციაზე არ არის საუბარი. ასეთი მონაცემების გამჟღავნებისთვის სულ ადვილად დაგსვამდნენ საბრალდებო სკამზე.
– ეგ საკითხი უკვე გაირკვა. დოსიეების პროკურატურიდან გაგზავნის უკან „ეფესბეს” პოლკოვნიკი, მალიშევი დგას, – უპასუხა რიბკინმა, – ის ძიებიდან ჩემი ჩამოშორებით იყო დაინტერესებული.
– შენ ძიების შეწყვეტა მოგთხოვეს, შენ კი ძიების მასალები გრომოვს გადაეცი!.. მაინც, რამ მოგაფიქრებინა ასეთი სისულელის გაკეთება?! – ვასილიჩმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
– სხვანაირად თავს ვერ ვიცავდი, – ყრუდ ჩაილაპარაკა რიბკინმა.
– თავს კი არა, საკუთარ პრინციპებს! – შენიშნა ვასილიჩმა, – ძიება რომ შეგეწყვიტა და შვებულებაში წასულიყავი, ახლა აქ არ იქნებოდი, პირიქით, მადლობასაც კი გადაგიხდიდნენ!.. ალბათ, ნანობ მომხდარს?
– ვნანობ, – გულწრფელად უპასუხა რიბკინმა, – მაგრამ, მხოლოდ ჩემი მეგობრის გამო. დიმა არ უნდა დაღუპულიყო!
– „ეფესბეს” ოპერაცია გეგმის მიხედვით რომ განვითარებულიყო, შენი მეგობარი არ დაიღუპებოდა. მალიშევი გამოცდილი ოპერია. მან კარგად იცოდა, რა სურდა და, იცოდა ისიც, თუ როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ პროკურატურიდან გაგზავნილ დოსიეებს გამჟღავნება არ ემუქრებოდა. გრომოვი პროფესიონალი ჟურნალისტი იყო, ის იოლად გაარჩევდა საშიში და აკრძალული თემისგან სკანდალურს. სისხლის სამართლის მასალები, რომელიც შენ გადაეცი, მისთვის სკანდალური თემა იყო და მან უმალ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. ამ დოსიეებთან კი ის არ იმუშავებდა. ეს საიდუმლო მონაცემებია და ყველა ჟურნალისტი ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას სახელმწიფო ინტერესები. ყველაზე უარეს ვარიანტში ის დოსიეების არსებობას დაადასტურებდა, მაგრამ, გარეშე პირს არასოდეს მისცემდა მასში ჩახედვის საშუალებას!.. როგორი რეაქცია ჰქონდა გრომოვს დოსიეების მიღებისას? – რიბკინს მიუბრუნდა ვასილიჩი.
– ის დაბნეული და ოდნავ შეშინებულიც მეჩვენა.
– გასაგებია, – თავი დაუქნია ვასილიჩმა, – ის მაშინვე მიხვდა, რა ნაღმთანაც ჰქონდა საქმე.
– მაგრამ, რა საჭირო იყო მისი მოკვლა?! მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო. მე ხომ ვერ დავამტკიცებდი, რომ დოსიეებთან შეხება არ მქონია?!
– მალიშევის გეგმა რაღაცამ აურდაურია და მე დაახლოებით ვხვდები, რამაც, – ლუკას გახედა ვასილიჩმა, – თქვენმა იქ გამოჩენამ მალიშევის ხალხი დააბნია და ისინი მაშინვე სროლაზე გადავიდნენ!
– შესაძლოა, ასეც იყო, – დაეთანხმა ლუკა.
– ნაღდად ასე იქნებოდა. ოპერაციაში მონაწილე ოპერებს დაწვრილებით გააცნობდნენ შენს დოსიეს. უჩვენებდნენ ფოტოებსაც და იმასაც აუხსნიდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში უყოყმანოდ უშვებ სასხლეტს! შემიძლია, ვივარაუდო, რაც ჰქონდა დაგეგმილი მალიშევს: მისი ოპერები გრომოვს და რიბკინს აიყვანდნენ და დოსიეებს პროკურატურაში დააბრუნებდნენ. მალიშევი პირად საქმეში კიდევ ერთ წარმატებით ჩატარებულ ოპერაციას ჩაიწერდა; რიბკინს საბრალდებო სკამზე დასვამდნენ და ამით სამუდამოდ ჩამოაშორებდნენ პროკურატურას, გრომოვი კი „ეფესბესთვის” არასასურველი სტატიების წერას შეწყვეტდა. მაგრამ შენმა შიშმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა – ოპერებმა სროლა დაიწყეს და „ეფესბეს” გეგმა ჩაშალეს. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მალიშევიც გაშმაგებული ეძებს გამოსავალს.
– როგორ ფიქრობ, რას უნდა ველოდოთ მისგან? – ჰკითხა ლუკამ.
– მან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – შენ მოგაწერა გრომოვისა და მისი ოპერების დაღუპვა. ახლა კი მისგან მხოლოდ ერთს უნდა ველოდოთ: მალიშევი ყველანაირად შეეცდება დოსიეების დაბრუნებას. დაბრუნებას თუ არა – განადგურებას. დოსიეების პროკურატურიდან გაგზავნა ფერდობიდან გადაგდებული კენჭის ტოლფასი იყო, რომელსაც ზვავი მოჰყვება, – განაგრძო ვასილიჩმა, – ოფიციალურად, პროკურატურა ვალდებულია, მომხდარზე ჩაატაროს მოკვლევა. კითხვა: თუ კონკრეტულად რა მოსაზრებით გაიტანა რიბკინმა დოსიეები პროკურატურიდან, პასუხგაუცემელი ვერ დარჩება. გასაგებია, რომ მალიშევი ამას პროკურატურის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე გააკეთებდა. მაგრამ, მოინდომებს პროკურატურა, საკუთარ თავზე აიღოს მალიშევის დანაშაული?! არა მგონია. მათ საკუთარი ცოდვებიც კი ვერ მოუნანიებიათ. პროკურატურა სიტყვიერი განმარტებებით რაღაც დროს მოიგებს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც დადგება საბოლოო დასკვნის დადების თარიღი. მაშინ კი მალიშევს პირადად მოუწევს მრავალ უსიამოვნო კითხვაზე პასუხის გაცემა. ამას მიამატეთ ცნობილი ჟურნალისტის დაღუპვა, რაც „ეფესბესთვის” ყველაზე მტკივნეული საკითხია და მალიშევი ყველაფერზე წავა იმ დოსიეების უკან დასაბრუნებლად!..
* * *
ეკა მესამედ ხვდებოდა ლიას, იზოლატორის ექიმს, რომელიც პერიოდულად ლუკასთან ტელეფონით დაკავშირების შესაძლებლობას აძლევდა.
ლია ძველი ნაცნობივით შეეგება და მოიკითხა – თავს როგორ გრძნობო.
– ვცდილოდ, აქაურობას შევეგუო, მაგრამ, არაფერი გამომდის. მიკვირს, როგორ ძლებენ აქ წლების განმავლობაში, – უპასუხა ეკამ.
– გარეთ მყოფი ადამიანების სიყვარულითა და იმედით. მესამე წელია, რაც აქ ვმუშაობ და, ამ დროის განმავლობაში მრავალი ადამიანი შემხვედრია. მინახავს გულგატეხილებიც და საკუთარ თავში ჩაკეტილებიც. მინახავს მომავლის იმედით აღსავსენიც და, როგორც წესი, მათთვის ბევრად იოლი იყო საპატიმრო ვადის აქ გატარება. ასე რომ, მოიშორე გულგატეხილობა და იმედით დაელოდე იმ დღეს, როდესაც აქედან გასვლას შეძლებ, – თქვა ლიამ.
– ეს როდის იქნება? – ყრუდ ჩაილაპარაკა ეკამ.
– ვინ იცის, შეიძლება, ძალიან მალეც... – ლიამ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა: – დაჯექი და ყურადღებით მომისმინე.
ეკა ტაბურეტზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა. ამასობაში ლიამ მაგიდის უჯრიდან თხელი საქაღალდე ამოიღო, მის პირისპირ ჩამოჯდა და ალაპარაკდა:
– ჩვენ ცოტა დრო გვაქვს. მალე გამომძიებელი მოგაკითხავს და ამისთვის უნდა შეგამზადო.
– რამე განსაკუთრებული ხდება? – ჰკითხა ეკამ.
– ამ საქაღალდეში შენი ბოლო სამედიცინო გამოკვლევის შედეგებია... შეგიძლია, მშვიდად იყო. გამოკვლევა იმ შედეგებს უჩვენებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, – სწრაფად თქვა ლიამ, როგორც კი მისი დაძაბული მზერა შენიშნა.
– გვჭირდება?! – გაიკვირვა ეკამ.
– ჰო, გვჭირდება... ეს სწორედ ის შედეგია, რომელზეც ტელეფონით გელაპარაკნენ, – ლია არასდროს ახსენებდა ლუკას.
ეკას უმალ გაახსენდა მისი და ლუკას ბოლო საუბარი. მაშინ მან გააფრთხილა, რომ უახლოეს მომავალში სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ და ნებისმიერ შედეგს მშვიდად უნდა შეხვედროდა.
– რა წერია მაგ დასკვნაში? – იკითხა ეკამ.
– გამოკვლევამ ლეიკემიის, ანუ, სისხლის გათეთრების ნიშნები გამოავლინა, მაგრამ, ეს მხოლოდ ვარაუდია. ზუსტი დიაგნოზისთვის სრულფასოვანი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს.
– რას ამბობთ, ექიმო?! – დაიძაბა ეკა.
– მე ხომ გაგაფრთხილე, რომ ეს ის დასკვნაა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა!
– ესე იგი... – ეკა მიხვდა, რაზეც აფრთხილებდა ლუკა და რასაც გულისხმობდა ექიმი „საჭირო დასკვნაში”.
– ეს სრულიად საკმარისია სპეციალიზებულ კლინიკაში შენს გადასაყვანად. იქიდან თავისუფლებამდე კი ერთი ნაბიჯი დარჩება.
ეკა მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჰკითხა:
– ეს ყალბი დასკვნაა?
– ეკა, მე უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ. ეს ის დასკვნაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, – უპასუხა ლიამ.
– მე რა უნდა გავაკეთო?
– განსაკუთრებული არაფერი – კლინიკაში გადასაყვანად მოემზადე.
– გამომძიებელი?
– მას უკვე გადაეცა დასკვნის ასლი. ის ამისთვის შეგხვდება დღეს. ნუ შეეცდები მის რაიმეში დარწმუნებას, თავი ბუნებრივად გეჭიროს, – გააფრთხილა ლიამ.
– რომელ კლინიკაში გადამიყვანენ? – ჰკითხა ეკამ.
– ონკოლოგიურ საავადმყოფოში სპეციალიზებული კლინიკაა. ნუ ღელავ, იქ საუკეთესო პირობებში და საუკეთესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნები.
– მე იქ თავისუფლად ვიქნები? – ჰკითხა ეკამ.
– რა თქმა უნდა, არა. შენ მოგიჩენენ ბადრაგს, მაგრამ, მას შენთან პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ ექნება. ისინი უცხო პირებს არ შემოუშვებენ შენს პალატაში და შენც არ გაგიშვებენ კლინიკიდან, მაგრამ, ამისიც ნუ შეგეშინდება. არა მგონია, დიდხანს მოგიწიოს კლინიკაში ყოფნა. თუ შენმა მეგობრებმა ამას მიაღწიეს, – ლიამ საქაღალდეზე დააკაკუნა თითებით, – კლინიკიდან შენს გაყვანასაც მოახერხებენ.
– როგორ მოახერხებენ?
– ამისთვის მრავალი გზა არსებობს, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება, პირობითი სასჯელი, სასამართლომდე კი თავდებით გათავისუფლება, ან კიდევ, სასჯელის გადავადება. მოკლედ რომ გითხრა, მთავარია სურვილი, გზა კი აუცილებლად გამოჩნდება. ნუ ღელავ, ყველაზე ძნელი უკან დარჩა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე რომელიმე კაფეში შევხვდებით ერთმანეთს... – ლიამ კედლის საათს გახედა და საუბარი დაასრულა – ახლა კი გამომძიებელთან შეხვედრისთვის მოემზადე!..
* * *
მურთაზი დაძაბული სცემდა ბოლთას დაკითხვის ოთახების გასწვრივ და მომავალ შეხვედრაზე ფიქრობდა. ეკას დიაგნოზმა, რომელიც წინა დღეს გადასცეს, მთელი საქმე თავდაყირა დააყენა. დასკვნა მძიმე იყო. ლეიკემიით დაავადებული ადამიანის საპატიმროში დატოვება აშკარა კანონდარღვევად ჩაეთვლებოდა. ეკა სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ კლინიკაში. ამაზე გურამიც თანახმა იყო. ის ყოველთვის სიხარულით იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საგამოძიებო სამსახურის სახის გაკეთილშობილებაში დაეხმარებოდა, მაგრამ, კლინიკაში ეკას გადაყვანა მხოლოდ საქმის ნახევარი იყო – საპატიმროში თუ მის ფარგლებს გარეთ ის მაინც პატიმრობაში დარჩებოდა. მურთაზს მისთვის უნდა მიეჩინა სპეციალური ბადრაგი, რომელიც ოცდაოთხსაათიან მეთვალყურეობას გაუწევდა. შემდგომი და საუკეთესო ნაბიჯი მისი თავდებში გათავისუფლება და საქმის სასამართლოსთვის გადაცემა იყო. თავის მხრივ, სასამართლო მას პირობით სასჯელს მიუსჯიდა და ამით დაუსვამდა წერტილს ამ ეპოპეას. მაგრამ, გურამმა მისი მოსმენაც კი არ მოისურვა.
ფიქრში ჩაძირულ მურთაზს ეკას ადვოკატი, ზურაბი მიუახლოვდა. ის აუცილებლად უნდა დასწრებოდა დადგენილების გადაცემას, რომლითაც ეკა კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.
– ეკას მოყვანამდე რამდენიმე წუთი გვაქვს. რამის თქმა არ გინდა ჩემთვის? – წამოიწყო მან.
– რა უნდა გითხრა? – მხრები აიჩეჩა მურთაზმა.
– მაგალითად, რა მოხდება კლინიკაში ეკას გადაყვანის შემდეგ?
– მაგ კითხვით კლინიკის წარმომადგენლებს უნდა მიმართო. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა პროცედურებს ატარებენ ლეიკემიის დადგენის შემთხვევაში.
– სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, მურთაზ! – ხმა გაიმკაცრა ზურაბმა, – ძალიან კარგად ხვდები, რის მოსმენასაც ველი შენგან!
– ვერაფერს გეტყვი. მენდე, ზურაბ, გუშინ სერიოზული საუბარი მქონდა ჩემს ხელმძღვანელობასთან. მე მის გათავისუფლებას მოვითხოვდი, მაგრამ ისინი უარზე არიან. წარმოიდგინე თავი ჩემს მდგომარეობაში. რაში უნდა მჭირდებოდეს მე ეკას პატიმრობაში ყოფნა? ჩემი ნება რომ იყოს, დღესვე, ახლავე შევცვლიდი აღმკვეთ ღონისძიებას და ეკას სახლში გაგატანდი, მაგრამ, არავინ მომცემს ამის უფლებას.
– სისხლის სამართლის საქმეში სხვა თანამდებობის პირის ხელმოწერა არ მინახავს, ყველა დადგენილება შენი გამოტანილია!
– მაგით რისი თქმა გინდა? – დაიძაბა მურთაზი.
– ყველაფერზე შენ აგებ პასუხს და, როცა ამის დრო მოვა, შენი ხელმძღვანელობა აღარ გაიხსენებს იმ ბრძანებებს, კაბინეტში რომ გაძლევდნენ! – ბრაზით თქვა ზურაბმა.
– ნუ მაშინებ, თუ ძმა ხარ! – მოიღრუბლა მურთაზი.
– ისე, ცოტა გონიერი რომ იყო, მართლაც შეშინებული იქნებოდი, მაგრამ, ჩემი კი არა, სხვა კაცის უნდა გეშინოდეს. ჩემი მხრივ კი მხოლოდ ერთს გეტყვი: ვითარება შეიცვალა, მურთაზ. შენ კარგად ისარგებლე იმით, რომ ეკას ჩვენების მოცემა არ სურდა და მეც ყველანაირად შემზღუდე. მაგრამ, დღეს შენ უკვე კანონდამრღვევთან კი არა, მძიმე ავადმყოფთან გაქვს საქმე! გაგიჭირდება... ძალიან გაგიჭირდება პატიმრობაში მისი დატოვება!.. – ცივად დაამთავრა ზურაბმა, მერე კი ზურგი შეაქცია და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ეკასკენ, რომელიც იმ წუთას ზედამხედველთან ერთად შემოვიდა დერეფანში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში