კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა „გრუზჩიკი“ დათო წიგნაძე მოსკოვის კინომსახიობთა თეატრის მთავარი ქორეოგრაფი

ქართველი მსახიობი და მოცეკვავე დათო წიგნაძე 2003 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს. ის გურამ ბაბლიშვილისა და ვახტანგ ბერიძის მეგობარია – კინომსახიობი და წარმატებული მოცეკვავე. დათოს მოსკოვში დავუკავშირდით.

დათო წიგნაძე: 18 წლიდან თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებთან „თელაში“ ვცეკვავდი. მოსკოვში შემომთავაზეს „ცეკვავენ ვარსკვლავების” მეგაპროექტში მონაწილეობის მიღება, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ნამდვილად არ მიღირდა. ერთი ჩემი მეგობარი ცეკვავდა მაგ პროექტში – ნასტია სიდოროვა, მსოფლიოს ჩემპიონია სამეჯლისო ცეკვებში და იმან მითხრა, წავიდნენ მაგათი, კაპიკსაც არ მიხდიდნენო. ეს იყო სადღაც 4 წლის წინ. მარინა კაპილოვაც მონაწილეობდა ამ პროექტში, რომელთან ერთადაც შოუ-ბალეტში ვცეკვავდი. მარინა „ივანუშკი ინტერნეიშენლის” ერთ-ერთი წევრის მეწყვილე იყო. იმანაც იგივე მითხრა. არადა ადამიანს ფული ხომ სჭირდება საამისოდ?
– ქართულ პროექტში თუ დასთანხმდები მონაწილეობას?
– არ ვიცი, ჯერ ერთი, მანდ არ ვარ. მანდ რომ ვიყო, ალბათ, დავთანხმდებოდი, მაგრამ მოცეკვავედ ნაკლებად, ალბათ, უფრო ჟიურიში. მაგრამ, მატერიალური თვალსაზრისით, მეწყვილეობა არ მიღირს ნამდვილად. ცეკვას თავი იცი რატომ დავანებე? – მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და რა ხეირი? ან მწვრთნელი უნდა გახდე, ან მსაჯი და მე ეგ არ მჭირდებოდა. სხვათა შორის, ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავები” ძალიან მომეწონა, რუსულს არაფრით ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ სამეჯლისო ცეკვის დონე რუსეთში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, მაგრამ ჩემს დროს ძალიან გვიჭირდა – კასეტებს ვუყურებდით და ისე ვსწავლობდით სამეჯლისო ცეკვებს.
– გოჩას თუ იცნობ ჩერტკოევს?
– არა, იმიტომ, რომ მაშინ შორენა და გოჩა უკვე ამერიკაში იყვნენ. ჩემი პირველი მეწყვილე გოჩას ძმისშვილი იყო, ლარისამ დაგვაყენა და ცოტა ხანს ვცეკვავდით ერთად. სამაგიეროდ, გიგის და სალომეს ვიცნობ. ძალიან ოჯახური ატმოსფერო იყო. გიგიც პატარა იყო მაშინ, ერთმანეთს ძალიან ვეხმარებოდით, რჩევებს და შენიშვნებს ვაძლევდით, მხარში ვედექით. მაშინ გაყინულ დარბაზში ვცეკვავდით, გათბობაც კი არ იყო, მაგრამ თავიდან ბოლი ამდიოდა, ვერც ვგრძნობდი სიცივეს. ჩემს დროს ბიჭისთვის სამეჯლისო ცეკვებზე სიარული ცოტა „ტეხავდა“ (იცინის). 18 წლის ვიყავი, ცეკვა რომ დავიწყე, გვიან იყო, მაგრამ მსახიობობა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა. სანამ „თელაში“ მივიდოდი, ბატონ გოგისთან დავდიოდი სტუდია „ბერიკებში” – მე, პოლიკა კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე, აჩიკო სოლოღაშვილი, ჯაბა კილაძე. დედაჩემს ჩემი დაბადების დღის კასეტებიც აქვს შენახული, პოლიკა რომ თამადობს (იცინის). თეატრალურში ჯაბა კილაძე ჩემი ჯგუფელი იყო, შორენა ბეგაშვილიც. სხვათა შორის, შორენა მაშინ სულ სხვანაირი იყო – მორიდებული და ჩუმი. პირველ და მეორე კურსზე ეტიუდებში ჩემი ცოლის როლი ითამაშა, ცეკვაში კიდევ ჩემი მეწყვილე იყო. არ იცოდა ცეკვა და უიმეე, ბიჭო, თავი დამანებე, რა გინდა, – მეუბნებოდა (იცინის). „ფლეიბოიში” მაგის სურათები რომ ვნახე, შოკში ჩავვარდი. განა იმიტომ, რომ სიშიშვლე გამიკვირდა, უბრალოდ სულ სხვა ადამიანი იყო მანამდე და ვიზუალურადაც ძალიან სხვანაირად გამოიყურებოდა. მაშინაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ბიჭები რატომღაც არ ვეპრანჭებოდით. მე არ მაინტერესებს, დღეს მასზე ვინ რას ამბობს.
– გურამ ბაბლიშვილს იმ დროიდან იცნობ?
– კი, თეატრალურის პერიოდიდან ვმეგობრობთ. ბესო ზანგურთან ვძმაკაცობდი, ეგ ერთი პერიოდი ჩემთან ცხოვრობდა ბინაში. რუსთავიდან დადიოდა და შევთავაზე, რას წვალობ, ბარემ ჩემთან გადმოდი-მეთქი. მაგარი ცანცარები ვიყავით, გამოგვყარეს ერთხელ ლექციიდან. ერთი თვე მსახიობის ოსტატობაზე არ გვიშვებდნენ. მაშინ ბესო ანის ხვდებოდა და რაც დავთვალე, ერთი 30-ჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ (იცინის). ბესო სულ იდეალს ეძებდა.
– მოსკოვში დიდი ხანია, რაც ხარ?
– კი, 2003 წლიდან, ძალიან მიჭირდა თავიდან, არც არავის ვიცნობდი და რუსულიც არ ვიცოდი. გურამიც არ იყო აქ და არც ვახლობლობდით მაშინ ისე. არც მიყვარს დახმარების თხოვნა. დავიწყე „სკლადში” მუშაობა, წელიწადი და 7 თვე ვიყავი. მძიმე სამუშაო იყო, მაგრამ წარმატების იმხელა მუღამი მქონდა, არც დაღლა მიგრძნია, არც სიცივე და არც შიმშილი. დილის 8 საათზე მეწყებოდა სამუშაო, მოდიოდა დატვირთული ვაგონები და მეც ყუთებით არყის ბოთლებს ვტვირთავდი. სხვებს რა უჭირდათ, სიცივეში სვამდნენ და თბებოდნენ, მე კი დალევაც არ მიყვარს. მერე დავამუღამე და არყის ბოთლებს შოკოლადებში ვცვლიდი სხვა „სკლადის” მუშებთან. ბინითაც ნაქირავებში ვიყავი, ხელფასი მქონდა 250 დოლარი – 100 დოლარს ვიხდიდი ბინის ქირაში, 50 დოლარს ცეკვის დარბაზში და 100 დოლარად ვჭამდი. შოკოლადს არ ვყიდულობდი, რომ ფული დამეზოგა – 20 წლის ვიყავი მაშინ. რუსულიც არ ვიცოდი და მაინცდამაინც ტაჯიკებთან მოვხვდი (იცინის). ცვლაშიც ვიყავი და ყინვაში ღამის 12 საათზე გარეთ ვიდექი. რომ ჩამოვედი, 72 კილო ვიყავი, დედაჩემმა ტირილი დაიწყო. მაგრამ, მე ვერ ვგრძნობდი. ვოცნებობდი, „მაკდონალდსში“ შესასვლელი ფული მქონოდა. გოგოების ყურადღებაც არ მაკლდა – ხანდახან რაღაცეებსაც მჩუქნიდნენ.
მერე ნელ-ნელა შეიცვალა ჩემი ცხოვრება. კორპორატიული ფართი მოაწყვეს თანამშრომლებისთვის და ჩვენთვისაც ცალკე კუთხე გამოყვეს საწყლად. საერთოდ არ იცოდნენ, რომ მსახიობი და მოცეკვავე ვიყავი. ჩართეს მუსიკა და ვიფიქრე: მოვიდა ჩემი დრო-მეთქი. გამურულმა და ჭუჭყიანმა „მტვირთავმა” ისე ვიცეკვე, ყველა გაგიჟდა. მერე ხელს მიწყობდნენ ხოლმე, წელი ძალიან გავიუბედურე და ცდილობდნენ, სიმძიმეებით არ დავტვირთულიყავი.
– როგორ მოხვდი თეატრალურ წრეში?
– მე და გურიკა დავდიოდით ერთად, უამრავ ქასთინგზე ვიყავით, თან მე რუსული კარგად არ ვიცოდი და უფრო გურიკა ელაპარაკებოდა მათ, ძალიან გავწვალდით, სად არ ვიყავით – გვეუბნებოდნენ, გადავხედავთ და დაგიკავშირდებითო. ზოგი საერთოდაც არ გვისმენდა. მერე „ხანუმაში” ვითამაშეთ და ვახო გავიცანით ფილმის გადაღებაზე. „მასოვკაში” ვთამაშობდით, მაგრამ მერე რეჟისორს აზრად მოუვიდა, რომ ფოტოგრაფის როლი ჩემთვის მოეცა. ფილმს ერქვა „ნატურშიცა”. ქართულად მამაპაპურად ვიგინებოდი იმ ფილმში. ქართველი ფოტოგრაფის როლი მქონდა. სხვათა შორის, მე და ვახო ერთად ბინას ვქირაობდით „კამუნალკაში” და იქ ოლგა და ტატიანა არნტგოლცების სურათი იყო რეკლამაზე ვახოს ფანჯრის ქვეშ. სულ ვამბობდით, რა ლამაზი გოგოები არიანო. მერე ქორწილში გავახსენეთ ეგ ამბავი (იცინის). მე და გურიკა ვახოს მეჯვარეები ვიყავით.
„ხანუმას” დგამდა რობერტ მანუკიანი, რომელიც თბილისელი სომეხი აღმოჩნდა. მაგარი ვარსკვლავური „სასტავი” შეიკრიბა. იგორ დრუჟინინი იყო სპექტაკლის ქორეოგრაფი. მკითხეს, ქართული ცეკვები თუ შეგიძლია დადგაო, – კი-მეთქი. ასე გავხდი სპექტაკლის ქორეოგრაფი, მაგრამ აფიშებზე ყველგან არ ჩაწერეს ჩემი გვარი და ძალიან ვიჩხუბე ამის გამო პროდიუსერთან, უკრაინელი ებრაელი იყო პონომარენკო და რატომღაც არ გვწყალობდა. ეგეც თბილისში დაბადებული და გაზრდილი იყო. აქ ვარსკვლავი ადამიანია და არავარსკვლავი – არა! იულია რუტბეკთან ვმეგობრობ, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი და ამირან შალიკაშვილის მეგობარია. მერე როქსანა ბაბაიანის სპექტაკლში მიმიწვიეს მთავარ ქორეოგრაფად. ეს ახალი „ხანუმა” საშინელებაა. მე არ დამიძახეს – პროდიუსერს უთქვამს, არ გვინდა. ეგ რევოლუციებს გვიწყობს ყოველთვისო. იმიტომაც მოხსნეს რეპერტუარიდან – ხალხი დარბაზიდან გადიოდა. ახლა სხვა რეჟისორი დგამს თავიდან. „ხანუმა”, გერმანიაში, ამერიკაში გვქონდა წაღებული. ამერიკაში ბროდვეიზე ვცხოვრობდით – გავგიჟდი იქაურობაზე! სულ თეატრები და მიუზიკლები! – ვოცნებობ ამერიკაში წასვლაზე. ამერიკულ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც” გამიჩნდა მონაწილეობის შანსი.
–  კინოზე გვითხარი.
– მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, ასევე საკმაოდ დიდ სერიალებში. შესრულებული მაქვს ჩეჩენი ტერორისტის როლი. გრძელი თმა მქონდა – გამაშლევინეს, წამიკრეს ბენდენა თუ რაღაც ჯანდაბა და დავდიოდი ავტომატით ხელში – დაგხვრიტოთ, არამზადებო-მეთქი (იცინის). ყველაზე დიდი გამოცდილება ბოლო ფილმმა მომცა, სადაც ქართველი ვითამაშე როგორც იქნა. მოკლედ სტალინის დროა და „ჟიზნ ი სუდბა” ჰქვია. ქალაქი ააშენეს დეკორაციებით – იაროსლავში გვქონდა გადაღება. ერთადერთი, თმის შეჭრა მომიხდა, რაც ძალიან გამიჭირდა. არ მინდოდა, ტიპური „გრუზინი” ვყოფილიყავი. ჩამაცვეს ფორმა, გავიარე წვრთნა ნამდვილი იარაღით. „ხალასტოი“ ტყვიებს ვისროდი, მაგრამ ნამდვილივით ხმა ჰქონდა. ტანკსაწინააღმდეგო ჭურვიც ვისროლე. ადრე ადგომა მესიკვდილება, მაგრამ დილის 6-ზე ვდგებოდი. საშინლად ციოდა და მთელ დღეს ტანზევით შიშველი მომიწია ყოფნა, მაგრამ არ ვიმჩნევდი – არა, არ მცივა-მეთქი (იცინის). ერთი ლამაზი გოგო იყო და იმას ვეუბნებოდი, შენ რომ მიყურებ, მათბობ-მეთქი. ფეხიც დავიზიანე ამ გადაღებაზე, წავიქეცი როლში შეჭრილი და...
ჰო, კიდევ, რაც მთავარია, 2008 წლის ომის შემდეგ დაგვირეკეს და რუსულ-ქართულ ომზე გადაღებულ ფილმში შემოგვთავაზეს როლები მე, ვახოს და გურიკას. ქართველები უნდა გვეთამაშა, რომლებიც ოს ბავშვებსა და ქალებს ხოცავენ. საშინელი ფილმია, მაგარ ანაზღაურებას კი გვთავაზობდნენ, მაგრამ არ დავთანხმდით. ომის დროს ხშირად მიკამათია ამ თემაზე, მეუბნებოდნენ, თუ არ მოგწონს აქ, წადი შენს საქართველოშიო.
– რუსულ შოუ-ბიზნესში გათქვეფილი არ ხარ?
– სამსახიობო წრეებში – კი. იმიტომ, რომ მოსკოვის კინომსახიობთა თეატრის მთავარი ქორეოგრაფი ვიყავი 3 წელი. მაქვს საკუთარი შოუ-ბალეტიც, რომელშიც ჩემი ყოფილი შეყვარებულიც ცეკვავს. მომღერლებთან არ მაქვს შეხება, მაგრამ ცოცხლად კარგად ვმღერი. ერთხელ „კორნის” სოლისტთან ერთად ვიმღერე, ტელეფონებიც გავცვალეთ.
– შეყვარებული გყავს?
– მყავს, მაგრამ არ არის ცნობილი სახე, სხვა სფეროს წარმომადგენელია. არ მინდა ამბიციურ და ამპარტავან ქალთან ცხოვრება, უფრო მეოჯახე ქალები მომწონს.

скачать dle 11.3