მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-34(608)
– არაფერი, საყვარელო. დაიძინე.
პოლკოვნიკი გავრილ გავრილოვი იოლად გადამირჩა და მაშინ არ დამისჯია. თუმცა, ყოველთვის მახსოვდა, რომ ის ჩემს ცოლ-შვილზე დამემუქრა, ეს კი მისი განადგურებისთვის საკმარისი მიზეზი იყო და ასეთ რამეს ჩემთვის ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა. ამიტომ, მასთან შესახვედრად ყოველთვის მზად ვიყავი და მჯეროდა, რომ ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთებოდა და მართლაც ასე მოხდა. საბჭოთა კავშირი სულ რამდენიმე წლის დაშლილი იყო. ჩვენს პლანეტაზე გლობალური პროცესები მიმდინარეობდა და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება ხდებოდა, როდესაც ერთი შეკვეთა მივიღე.
– აი, ობიექტი, – „ძიამ“ ერთი ჩეხი იარაღით მოვაჭრის სურათი მაჩვენა, – სამასი ათას დოლარს იხდიან. მაგრამ, გაითვალისწინე, რომ მას ირგვლივ სულ მკვლელები ახვევია, რომლებიც იცავენ კიდეც და მის სასტიკ ბრძანებებსაც ასრულებენ. ასე რომ, ჩემო კარგო, დიდი სიფრთხილე გმართებს და ძალიან ყურადღებით, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო.
– დარდი ნუ გაქვთ, არ შეგარცხვენთ, – ხუმრობით მივუგე რომანს, მან კი მითხრა:
– არ გეწყინოს. ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ, ხომ იცი, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– ვიცი. ნურაფერზე იდარდებთ, ყველაფერი კარგად იქნება.
– კარგი. აბა, მე წავედი, – მითხრა რომანმა. შემდეგ წამოდგა და, ტრადიციულად, პირველი წავიდა.
სამი დღის შემდეგ უკვე პრაღაში ვიყავი და, რომ იტყვიან, ობიექტს „ვაძოვებდი“, ანუ ვუთვალთვალებდი, მის მარშრუტებსა და ქცევებს ვსწავლობდი და ყველა ნიუანსს ვითვალისწინებდი. ამას კი იმიტომ ვაკეთებდი, რომ მხოლოდ შეკვეთილი ობიექტი გამენადგურებინა და ზედმეტი წვეთი სისხლიც კი არ დაღვრილიყო. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ყოველთვის სუფთად ვმუშაობ და, მირჩევნია, მეტად დავიხარჯო და ვიწვალო, ვიდრე მარტივად და ბინძურად ვიმოქმედო, რასაც ყოველთვის მეტი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე.
წინასწარი გეგმის მიხედვით, ობიექტი სნაიპერული გასროლით უნდა მომეკლა ერთ-ერთი საქველმოქმედო შეკრების დროს, რომელიც ომის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვერაფერს იტყვი – იარაღით მოვაჭრე ომის საწინააღმდეგო აქციას მართავდა. მეტ ცინიზმს იშვიათად თუ მოიგონებს ვინმე. გასროლა მაშინ უნდა მომეხდინა, როდესაც ის ტრიბუნასთან გამოვიდოდა და მგზნებარე სიტყვას წარმოთქვამდა. ღონისძიება ორი დღის მერე უნდა გამართულიყო. თვალთვალის შეწყვეტასა და დასასვენებლად წასვლას ვაპირებდი, როდესაც ობიექტს მამაკაცი შეხვდა, რომელიც, მართალია, ჩემგან ზურგით იდგა, მაგრამ ის მოძრაობით მეცნო. ხოლო, როცა შემოტრიალდა და სახეზე შევხედე, კინაღამ შევხტი – „ღმერთო ჩემო, ეს ხომ პოლკოვნიკი გავრილ გავრილოვია, „გრუს“ თანამშრომელი, რომელიც ჩემს გადაბირებას ცდილობდა და მითხრა, რომ, თუკი მის ნებას არ დავყვებოდი, ჩემს ცოლ-შვილს პრობლემებს შეუქმნიდა. აი, ის ნაბიჭვარიც, რომელიც მასთან ერთად ლოდზე მიბმული და თავზე ნიფხავჩამოცმული დავტოვე პატარა კუნძულზე“, – გავიფიქრე გუნებაში და ჩემი გეგმაც უმალვე შეიცვალა. გავრილოვის „ზუბი“ მქონდა. აუცილებლად უნდა დამესაჯა. ამიტომ, მისი მოხელთებაც გადავწყვიტე და თვალთვალი განაგრძე.
ობიექტმა და გავრილოვმა დაახლოებით ერთი საათი ილაპარაკეს, შემდეგ პოლკოვნიკი და მისი თანმხლები პირი „ჯიპში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. საჭეს ის ბიჭი მართავდა, რომელიც მაშინ კატერის საჭეს უჯდა. მე მათ ფრთხილად გავყევი უკან და დავადგინე, რომ ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ცხოვრობდნენ.
„აქ შენიღბვის გარეშე მოქმედება არ გამოვა. გრიმი მჭირდება, თორემ, სხვაგვარად „დავიწვები“, – გავიფიქრე გუნებაში, რადგან ის სასტუმრო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო აყვანილი და ირგვლივ ვიდეოკამერები ეყენა, რაც იმ პერიოდში იშვიათობა იყო.
იმის ნაცვლად, რომ დამესვენა, მაღაზიაში წავედი და გრიმ-პარიკი შევიძინე. შემდეგ გარეგნობა შევიცვალე, მანქანა სასტუმროდან მოშორებით დავტოვე და გავრილოვის სალიკვიდაციოდ გავემართე. ის პრაღაში სხვა სახელითა და გვარით იყო ჩასული და, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, იარაღით ვაჭრობაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. ისინი მესამე სართულზე, 313-ე ნომერში ცხოვრობდნენ. მათი ოთახის კართან რომ მივედი, ფრთხილად დავაკაკუნე. ნომრის კარი გაიღო, ზღურბლზე გავრილოვის თანმხლები გამოჩნდა, რომელმაც შემათვალიერა და მკითხა:
– რა გნებავთ?
– გეგმებში პატარა ცვლილებაა, – ვუთხარი გავრილოვის მეწყვილეს და, ვითომ ჩეხი მოვაჭრის მიერ ვიყავი გამოგზავნილი, მისი სახელი ვუხსენე, – მე მგონი, ჯობია, რომ შიგნით ვილაპარაკოთ. არ შემომიშვებთ?
– შემოდით, მოხუცო, – მითხრა გავრილოვის მეწყვილემ, რადგან ხანში შესული მამაკაცის გრიმი მქონდა მორგებული. ნომერში შემიშვა, თვითონაც შემომყვა და გავრილოვს გასძახა, – ფრანტიშეკის კაცია, გავრილოვიჩ, მოდი, საქმე აქვს.
პოლკოვნიკი გავრილოვი ნახევრად სველი, პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან და მეწყვილეს უსაყვედურა:
– რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სახელის გარეშე მომმართე! ხომ იცი, რომ კედლებსაც კი ყურები აქვთ? მიხეილი მქვია, შენ რა, ჩემი სახელი დაგავიწყდა?
– აი, თქვენთანაა, ბატრონო მიხეილ, – ირონიით უთხრა მას გავრილოვის მეწყვილემ და ჩემზე მიუთითა.
– აბა, გისმენთ. რაო, რა დაგაბარათ ფრანტიშეკმა, რა შეიცვალა მის დიდებულ გეგმებში, ჩვენ ხომ სულ რაღაც ერთი საათის წინ მოვილაპარაკეთ ყველაფერზე?
ჯიბეში მაყუჩიანი „ბრაუნინგი“ მედო და იმით უნდა მემოქმედა. იარაღი კიდევ ერთხელ მოვსინჯე, გავრილოვს გავუღიმე და ირონიით, მშვიდად ვუთხარი:
– ბატონო მიხეილ, თქვენმა მეგობარმა გავრილოვიჩი გიწოდათ, რატომ გაბრაზდით?
ჩემი არაადეკვატური პასუხის გამო გავრილოვს გაოცება აღებეჭდა სახეზე და მკითხა:
– რაო, რა ბრძანეთ?
– თუ არ ვცდები, თქვენ გავრილ გავრილოვიჩ გავრილოვი ბრძანდებით, „გრუს“ პოლკოვნიკი, – ვუთხარი გავრილოვს, მას კი სახე დაეჯღანა და ზიზღით მითხრა:
– რაებს როშავ, მოხუცო? თქვი, რა დაგაბარა ჩემთან შენმა პატრონმა და აქედან აახვიე, შენი სისულელეების მოსმენის თავი არ მაქვს!
– გინდა, ერთი ამბავი მოგიყვე? – კვლავ არაადეკვატური კითხვა დავუსვი თითქმის დაბნეულ გავრილოვს, რომელიც სისხლიანი თვალებით მიყურებდა.
– რა ამბავი, ხომ არ გაგიჟდი?! – ხმას აუწია გავრილოვმა, მე კი მშვიდად განვაგრძე:
– ზღვა გიყვართ?
– რა ზღვა?
– კატერით სეირნობა?
– ხომ არ გაგიჟდი! რა უნდა ფრანტიშეკს? – სახე წამოუჭარხლდა გავრილოვს.
– ცოლ-შვილი თუ გყავთ?
– რა ცოლ-შვილი? პროხორ, ეს კრეტინი აქედან გააპანღურე! – უბრძანა გავრილოვმა მეწყვილეს და ჯერ სიტყვა გაუწყდა, შემდეგ კი გაფითრდა, რადგან, სახეზე შეეტყო, რომ უცებ მიხვდა, ვინც ვიყავი. შეეშინდა და გაქცევა სცადა. მაგრამ მე „ბრაუნინგი“ მივუშვირე და ვუთხარი:
– არ გაინძრე! ამოგიტივტივდა ტვინში გარდასულ დღეთა ამბები?
– კოკი, თქვენ ხართ? – ამოილუღლუღა პოლკოვნიკმა.
– სახელების გარეშე. ხომ იცით, რომ კედლებსაც კი ყურები აქვთ, – ირონიულად, მისივე სიტყვებით ვუთხარი გავრილოვს, – მაშინაც ნახევრად შიშველი იყავით და ახლაც. მაგრამ, იქ ზღვა და კატერი იყო, აქ კი მხოლოდ სასტუმროს ნომერია და ჩვენ მაინც შევხვდით ერთმანეთს. რა პატარაა, არა, ეს ოხერი დედამიწა?
– ჩემგან რა გინდათ? – ხმის კანკალით მკითხა გავრილოვმა.
– არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით: პასუხი უნდა მოგთხოვოთ. მაშინ თქვენ ჩემს ცოლ-შვილს შეეხეთ. ასეთ რამეს კი, ჩემთვის ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და სასიკვდილო ცოდვაა.
– მე ხომ მხოლოდ სიტყვა ვთქვი...
– ჩვენს საქმეში სიტყვა და საქმე ტყუპი ძმები არიან. საქმეზე გადასვლა არ გაცადეს და იმიტომ.
– არა, რას ბრძანებთ, რას დავუშავებდი თქვენს ცოლ-შვილს, ისინი რა შუაში იყვნენ?!
– მაშ, რატომ ახსენე?
– ისე. უბრალოდ.
– „ისე, უბრალოდ“, არაფერი ხდება. ჩვენი ეს შეხვედრაც განგების მოწყობილია და, როგორც ეტყობა, განგება არ გწყალობთ, – ვუთხარი გავრილოვს და უცებ მის მეწყვილეს შიგ შუბლში დავაჭედე ტყვია და იქვე დავაგდე, რადგან პროშკა ჩემზე დანით თავდასხმას აპირებდა.
– ეს რა ჰქენით! – ატირდა გავრილოვი.
– მოვკალი. იმიტომ, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. და, საერთოდ, არავის ვახარებ, ვისაც ჩემი ცოლ-შვილისთვის და ჩემთვის ცუდის გაკეთება უნდა. დროს კი მნიშვნელობა არ აქვს. ხომ გითხარი, რომ ასეთ დანაშაულს ჩემთვის ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.
გავრილოვი მოულოდნელად მუხლებზე დავარდა და შემევედრა:
– მაპატიე. შევცდი, დავაშავე, მაგრამ, გარწმუნებ, რომ არც შენ და არც შენს ცოლ-შვილს არაფერს ვერჩი. მაპატიე!
– არა! – მოკლედ მოვუჭერი გავრილოვს და ტყვია კეფაში ჩავაჭედე, შემდეგ გულშიც ვესროლე და ნომრიდან ფრთხილად გამოვედი.
რამდენიმე კვარტალი ფეხით გავიარე, ერთ-ერთ სადარბაზოში პარიკი და გრიმი სასწრაფოდ მოვიშორე. მერე ყველაფერი ერთ ჩანთაში ჩავაწყვე პისტოლეტთან ერთად და მანქანაში ჩავჯექი. ბოლოს კი ყველაფერი მდინარეში გადავუძახე, ჩემს სასტუმროში დავბრუნდი და დასაძინებლად დავწექი. ძირითადი სამუშაო კი, გეგმის მიხედვით შევასრულე. დასახული გრაფიკიდან არ ამოვვარდნილვარ და ფრანტიშეკს სწორედ მაშინ დავაჭედე შუბლში ტყვია ოთხასი მეტრის მანძილიდან, როდესაც ის მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა საქველმოქმედო შეხვედრაზე.
– შენ არ ბერდები, ისეთივე მტკიცე ხელი და ზუსტი მიზანი გაქვს, როგორც ადრე, – მითხრა რომანმა, როდესაც პრაღიდან თბილისში დავბრუნდი, „ძია“ კი შემეხმიანა და ჩემთან შეხვედრა მოითხოვა.
– არ მგონია, რომ აქ ამის სათქმელად დამიბარე. რაშია საქმე? – ვკითხე რომანს.
– გავრილოვი შენ დაბრიდე? – პირდაპირ მკითხა „ძიამ“, რაც მას არ ახასიათებდა და მივხვდი, რომ რაღაც მოხდა.
– კი. მერე რა?
– ბოდიში, რომ ჩაგეძიე. ხომ იცი, ასეთი რამეები არ მიყვარს. რადგან გააგორე, ღირსი იქნებოდა, მაგრამ, მაინც, რატომ?
მე ყველაფერი მოვუყევი რომანს და ბოლოს ვკითხე:
– რა მოხდა, არ იტყვი?
რომანმა ერთი ქართველი მაღალჩინოსნის სახელი მითხრა და დაამატა:
– მაგის პარტნიორი იყო ის გავრილოვი და გამწარებული გეძებს. იმ კრეტინს ჰგონია, რომ შეკვეთით მოკალი და კონკურენტების ვინაობის გარკვევა უნდა, რომ მათ გაუსწორდეს. კონკურენტებზე კი შენი მეშვეობით უნდა გასვლა.
– შენ საიდან გაიგე?
რომანს ჩაეცინა და მითხრა:
– შეკვეთილი მკვლელობების გარდა, ჩვენი კანტორა სხვა საქმესაც ასრულებს.
– რა სხვა საქმეს?
– ხალხს ვეძებთ. ვინაობას გვეუბნებიან ან სურათს გვაძლევენ, ჩვენ კი ვეძებთ და ამაში ფულს გვიხდიან, – მითხრა რომანმა, მერე პრაღის სასტუმროში ვიდეოკამერის მიერ გადაღებული ჩემი სურათი მაჩვენა და მითხრა: – სრულიად არ გგავს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შენ ხარ.
– კი, მე ვარ.
– ჰოდა, ეს სურათი გადმომცეს და შენი მოძებნა დაგვავალეს.
– კი მაგრამ, საიდან იციან, რომ მე საქართველოში ვცხოვრობ?
– ეს სულაც არ იციან. უბრალოდ, ჩვენ დაგვავალეს. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო კანტორა ვართ და ასეთ საქმეებზე მთელი მსოფლიოდან მოგვდის შეკვეთები, ისევე, როგორც მკვლელობებზე.
– გასაგებია. რას აპირებთ?
– ძებნას დავიწყებთ.
– მერედა, რომ ვერ მიპოვოთ, რას ეტყვი შემკვეთს?
– იმას, რომ ვერ გიპოვეთ. შენ რა, გინდა, რომ გიპოვოთ? – გაეცინა რომანს და დაამატა – შემკვეთი კი, ვფიქრობ, არ მოისვენებს და, შეიძლება, სხვა კანტორას დაავალოს ეს საქმე. ამიტომ, გირჩევ, რომ შემკვეთი გააჩერო, თანაც ისე, რომ მკვლელობას არ ჰგავდეს.
– კი მაგრამ, სხვა კანტორა როგორ მომაგნებს, მე ხომ გრიმში ვარ და შენც კი ვერ მიცანი?
– მიგნების ბევრი საშუალება არსებობს. ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიები მუშავდება, რომელიც ჯერჯერობით სამოცპროცენტიანი სიზუსტით ადგენს ასეთი სურათებიდან იდენტურობას. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე უფრო დაიხვეწება. ერთი სიტყვით, შემკვეთი უნდა გააჩერო, რომ მშვიდად იყო.
– გასაგებია. გმადლობ.
– რის მადლობა. აბა, წავედი, – მითხრა „ძიამ“ და, სანამ პირველი დატოვებდა ჩვენი ტრადიციული შეხვედრის ადგილს, შემახსენა – იცოდე, რომ ეს მკვლელობას არ უნდა ჰგავდეს.
ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც თავიდან უნდა მომეშორებინა, საკმაოდ ცნობილი, პოპულარული პიროვნება გახლდათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ხალხში პატიოსანი კაცის სახელი ჰქონდა. მას არც ფეშენებელური სახლები გააჩნდა და არც სხვა ფუფუნებით იყო ცნობილი. ის ძალიან ოსტატურად ინიღბებოდა და ყველაფერი უცხოეთში ჰქონდა გადამალული. მას ერთი პირადი მცველიც კი არ ჰყავდა, როგორც მის სხვა კოლეგებს და, მათგან განსხვავებით, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა: არ სვამდა, არ ეწეოდა და ყოველ დილით ცურავდა: ცუდ ამინდში – აუზზე დადიოდა, კარგ ამინდში კი – თბილისის ზღვაზე. სწორედ ეს მომენტი გამოვიყენე და, როდესაც ის ერთ დილას თბილისის ზღვაში შევიდა და მის სიგანეზე გადაცურვას შეუდგა, მე მას საყვინთავი მოწყობილობით წყალში დავხვდი, შუამდე რომ მიაღწია, ფეხებში ხელი ვტაცე და ფსკერისკენ დავქაჩე. თუმცა, მან, ჩემდა მოულოდნელად, ძალიან ბასრი ფინური დანა ამოაცურა ტრუსებიდან და ხელში ღრმა ჭრილობა მომაყენა, შემდეგ მეორედაც მოინდომა ამის გაკეთება, მაგრამ, ჩემში თავდაცვისა და თვითგადარჩენის ინსტინქტი ავტომატურად ამოქმედდა და მას ჯერ დანა წავართვი, შემდეგ მძლავრად დავქაჩე ქვევით, დავახრჩვე და, მის სიკვდილში რომ დავრწმუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ ამოვედი წყლიდან და იქაურობას მოვშორდი.
მაღალჩინოსანი დიდი პატივით დაკრძალეს და ლამის წმიდანად შერაცხეს, თუმცა, ალბათ, თითო-ოროლა კაცმა თუ იცოდა, სინამდვილეში რასაც წარმოადგენდა.
ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და მითხრა:
– ვიცი, რომ პოლიტიკას ერიდები, მაგრამ, ერთი შეკვეთაა და მაინც გეტყვი.
– პრეზიდენტობას ხომ არ მთავაზობ? – ვეხუმრე რომანს, მან კი სრული სერიოზულობით მითხრა:
– პრეზიდენტობას არა, მაგრამ, მომავალი პრეზიდენტის ლიკვიდაციას, კი.
– რომელი მომავალი პრეზიდენტის?
– აი, ამის, – „ძიამ“ ობიექტის სურათი მიჩვენა, რომელზეც ეგრეთ წოდებული „მესამე ქვეყნის“ პრეზიდენტობის კანდიდატის სახე იყო აღბეჭდილი და დაამატა – საშინელი ტიპია. თუ გაპრეზიდენტდა, თავის ისედაც დაბეჩავებულ თანამემამულეებს უფრო მეტად მოუღებს ბოლოს.
– შენ რა პროპაგანდისტივით ლაპარაკობ. რამდენს იხდიან?
– მილონ დოლარს. აიღებ ამ საქმეს?
– დარწმუნებული ვარ, რომ შეკვეთა მისმა კონკურენტმა მოგცა, – ვუთხარი რომანს სიცილით.
– შენ რა გენაღვლება. იღებ თუ არა?
– ვიღებ.
იმ ეგრეთ წოდებულ „მესამე ქვეყანაში“ ერთი კვირის შემდეგ ჩავედი და შეკვეთილი ობიექტი ტრიბუნაზე, საარჩევნო სიტყვის წარმოთქმისას მოვკალი სნაიპერული გასროლით. თბილისში რომ დავბრუნდი, მეორე დღესვე დამიბარა „ძიამ“ და სიცილით მითხრა:
– სახალისო საქმეა. ახალი შეკვეთაა. თუ თანახმა ხარ, ისევ იქ უნდა გაემგზავრო და პრეზიდენტობის მეორე და ერთადერთი კანდიდატი უნდა მოკლა. ამაშიც მილიონს იხდიან. გაწყობს?
– მაწყობს, – მივუგე „ძიას“ და მეორე შეკვეთაც ზუსტად ისევე შევასრულე, როგორც პირველი. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მეორე შეკვეთა მოკლული პოლიტიკოსის მიერ იყო ანდერძად დატოვებული – მას წერილი დაუტოვებია, რომელშიც ეწერა, რომ, მისი მკვლელობის შემთხვევაში, კონკურენტიც მოეკლათ, რადგან, მისი აზრით, მკვლელობის შეკვეთა კონკურენტის მიერ იქნებოდა გაკეთებული...
ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნა იმ საქმესთან დაკავშირებით და მორიგ შეხვედრაზე რომანმა სიცილით მითხრა:
– რა დრო დადგა! უკვე მკვდრებიც შეკვეთებს გვაძლევენ და, თანაც, ამაში სოლიდურ ფულს იხდიან.
– ფული ხელის ჭუჭყია და ცუდია, რომ მის გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია. მართლაც რომ ეშმაკის მიერაა მოგონილი.
– ეს რა კარგი რაღაც გამოუგონებია ეშმაკს, – თვალი ჩამიკრა „ძიამ“ – გამოდის, რომ ის ზრუნავს ადამიანებზე.
– გვეყოფა ეს სისულელეები, ისედაც ბევრს ვცოდავთ ღმერთს და კიდევ უფრო ნუ დავიმძიმებთ სულს.
„ძიამ“ გაოცებით შემხედა, მაგრამ, მეტი აღარ უხუმრია და მითხრა:
– მართალი ხარ. ძალიან ცოდვილები ვართ. მაგრამ, უცოდველი არავინაა ამქვეყნად და, იმედი მაქვს, ღმერთი შეგვინდობს. მით უმეტეს, რომ ჩვენ მიერ მოკლულთა ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს ადამიანებისთვის დიდი ბოროტება მოჰქონდა და ჩვენ ისინი დავსაჯეთ.
– დასჯის უფლება მხოლოდ უფალს აქვს, – მივუგე რომანს, თუმცა, მეც მასავით ვფიქრობდი და იმედი მქონდა, რომ ღმერთი ცოდვებს მაპატიებდა.
სიკვდილამდე ნახევარი წლით ადრე მერიმ მითხრა:
– საყვარელო, ერთი რამ მინდა გითხრა და ხომ არ გამიბრაზდები?
მე და მერის არასოდეს ხმამაღალი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და რომელ გაბრაზებებზე იყო ლაპარაკი. ამიტომ, თმაზე მოვეფერე და ვუთხარი:
– არა, მერიკო, რატომ უნდა გაგიბრაზდე. მითხარი, რა გინდა.
– საყვარელო, შენ ძალიან ერთგული, მოსიყვარულე, სულგრძელი, თავდადებული, ვაჟკაცი, ძლიერი მამა და მეუღლე ხარ, ერთი სიტყვით, ნამდვილი მამაკაცი. მაგრამ, ერთი დიდი ნაკლი გაქვს და არც ცდილობ გამოსწორებას.
– რა ნაკლი?
– მოძღვარი არ გყავს. აღსარებას არ აბარებ და არ ეზიარები. ეს კი, როგორც შენთვის, ასევე შენი ოჯახისთვის, ძალიან ცუდია.
– კარგი, რა, მერიკო. ხომ იცი, რომ ღმერთი მწამს. ეკლესიაში სანთლებსაც ვანთებ და თქვენთვისაც ვლოცულობ. მაგრამ, არ შემიძლია აღსარების ჩაბარება. უბრალოდ, მრცხვენია.
– ნუ გრცხვენია, საყვარელო. მოძღვარი ჩვენი სულის მესაიდუმლე და მკურნალია და ღმერთთან გვშუამდგომლობს, რომ ცოდვები მოგვეტევოს. ამიტომ აღსარების ჩაბარება აუცილებელია, – მითხრა მერიმ და ტკივილისგან გაფითრდა, თუმცა არ შეიმჩნია და დაამატა, – საყვარელო, მე, ალბათ, დიდი დრო არ მიწერია. შემპირდი, რომ აღსარებას აუცილებლად ჩააბარებ.
– მერიკო, – ოდნავ ავუწიე ხმას, – იცოდე, მართლა არ გამაბრაზო! რაც თქვი, აღარასოდეს გაიმეორო. ღმერთის ნებაა ყველაფერი და მხოლოდ მან იცის თითოეული ჩვენგანის როგორც მოსვლის, ასევე წასვლის დრო.
– ბოდიში, საყვარელო, აღარ გავიმეორებ, მაგრამ, შემპირდი, რომ მოძღვარს აუცილებლად ჩააბარებ აღსარებას.
– გპირდები.
მერის გარდაცვალებიდან ორი თვე იყო გასული. დასავლეთ საქართველოდან თბილისში ვბრუნდებოდი. მცხეთაში რომ შევედი, სვეტიცხოველი დავინახე, ჩემი პირობა გამახსენდა და, გადავწყვიტე, შემესრულებინა.
თბილისში რომ დავბრუნდი, კარგად შევინიღბე და ერთ-ერთი პატარა ეკლესიისკენ გავემართე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და სწორედ იქ დადიოდა ჩემი მერიკო. წირვა დასრულდა და მრევლი წავიდ-წამოვიდა, მაგრამ, მღვდელთან მისვლა გადავიფიქრე და სახლში დავბრუნდი, რადგან, ვიცოდი, რომ ჩემს პროფესიას თავს ვერ დავანებებდი.
ნათქვამია: „შეუჩვეველს ნუ მიაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო“. ეს სწორედ ჩემზეა ზედგამოჭრილი. მე არც ფული მაკლია, არც სხვა რამ და, შემიძლია, ყოველგვარი რისკისა და ნერვიულობის გარეშე, უზრუნველად განვვლო ჩემი დარჩენილი სიცოცხლე, თუმცა, იმდენად შეჩვეული ვარ იმას, რასაც ვაკეთებ, რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შემიძლია და ვერც სხვა საქმეს მოვკიდებ ხელს.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მე და შჩუკინი ერთმანეთს სოჭში შევხვდით. ზოგადი საუბრის დროს, ჯერ კიდევ მოქმედმა გენერალმა მითხრა:
– ნეტავ, ვინმეს თუ დავჭირდებით ცოტა ხანში?
როგორც ადრე ვთქვი, ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩს ვკითხე:
– რას გულისხმობთ?
შჩუკინს გაეცინა და მითხრა:
– მიამიტი კაცი ნამდვილად არ ხარ, მაგრამ, მაინც არ გჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იშლება და ასეთ კითხვას იმიტომ გისვამ: საბჭოეთის დაშლის მერე ვინმეს თუ დავჭირდებით?
– თქვენ ფიქრობთ, რომ დავიშლებით?
– დარწმუნებული ვარ.
– თუ ასე იქნა, მაშინ, წავალ და ბოლოს და ბოლოს მძღოლად ვიმუშავებ.
– ვერ შეძლებ. ჩვენმა პროფესიამ მიჩვევა იცის და დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც შჩუკინის სიტყვები ამიხდა. როგორც კი დავიშალეთ და უმუშევარი დავრჩი, სულ რაღაც ერთ თვეში პროფესიული ნოსტალგია დამეუფლა. რომ არა რომანი, რომელმაც ახალი საქმე გამომიძებნა, არ ვიცი, რას ვიზამდი. სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი და, ჩემი სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღემდე იმიტომ ვერ ვანებებ თავს მუშაობას.
თავს არ ვიქებ. არ ვტრაბახობ, მაგრამ, კარგ ფორმაში ვარ. არც ასაკი მეტყობა და ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურები. ქალებსაც მოვწონვარ და პოტენციაც შენარჩუნებული მაქვს. ხოლო, რაც შეეხება ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც ახალგაზრდებს აკლიათ, მე საჭიროზე მეტი მაქვს და ეს უდიდეს უპირატესობას მანიჭებს. ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ ბევრი რამ შემიძლია და, პოეტის თქმის არ იყოს, „არ ვაპირებ არსად წასვლას...“
ამას წინათ, შვეიცარიის ერთ-ერთ ელიტურ კურორტზე ვისვენებდი ორი კვირა და ისეთი ფანტასტიკური დრო გავატარე ოცდაათი წლის გოგონასთან (ჩემთან შედარებით, გოგონა იყო), მე ხომ კმაყოფილი დავრჩი და ვისიამოვნე, ის ჭკუაზე არ იყო ბედნიერებისგან და გამოთხოვებისას მითხრა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში