როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მაწკეპლაძე
წინაპრებს გვარის ფუძედ წკეპლა გამოუყენებიათ. წკეპლა წვრილი ჯოხია.
მაწკეპლაძეს გვარში არის წინსართი მა. გვარის გასაწყობად გამოყენებულია ართრონები: მე, მა, მო. ამის მიხედვითაა შექმნილი მეწკეპლე – წკეპლის შემრჩევი.
ეს გვარი მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების წყაროებში არ ჩანს.
მაწკეპლაძე იმერული გვარია.
საქართველოში 327 მაწკეპლაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 166, ტყიბულში – 131, თბილისში – 30.
ფანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფანია.
1710 წლის აზატობის წიგნში, რომელიც რევაზა ჟორჟოლიანისთვის მიუციათ, მოიხსენიება პეტრე ფანიაშვილი.
1721 წელს ღორისთავში მოიხსენიება სეხნია ფანიაშვილი.
საქართველოში 112 ფანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გორში – 39, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
ბატკუაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ბატკუა, რომელიც შემდეგში საკუთარ სახელადაც გვხვდება.
ვინმე ბატკუა მოიხსენიება ყმების გაყრილობის წიგნში 1674 წელს, რომელიც დავით იარალაშვილს ბატონისთვის მიუცია.
საქართველოში 216 ბატკუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, კასპში – 56, მცხეთაში – 9. არიან სხვაგანაც.
ბირთველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა ბირთველი, რომელიც მიღებულია ტოპონიმისგან ბირთვისი – ციხესიმაგრე ალგეთის ხეობაში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონი.
ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს.
ამავე ძირისაა გვარი ბირთველიშვილი.
საქართველოში 32 ბირთველაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 18, რუსთავში – 5, თბილისში – 4. არიან სხვაგანაც.
გულდამაშვილი
გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი კი, მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას ნიშნავს.
საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.
გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.
საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12. არიან სხვაგანაც.
დემურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დემური. დემური თურქულ-მონღოლური წარმოშობისაა და ქართულად რკინას ნიშნავს. სახელი 1677 წელს მოიხსენიება მამულის და შაღუმა ბერუაშვილების ნასყიდობის წიგნში.
1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თორისაშვილი.
იმავე წარმოშობისაა გვარი დემურიშვილი.
საქართველოში 318 დემურაშვილი ცხოვრობს: ბოლნისში – 162, თბილისში – 55, თელავში – 35. არიან სხვაგანაც.
ბაბულაშვილი
ფუძით ბაბულა (ბაბულია) დაფიქსირებულია გვარები: ბაბულაიძე, ბაბულიძე, ბაბულაშვილი, ბაბულაძე, ბაბულეიშვილი, ბაბულიანი.
ქაისხევის (ქისისხევი) მკვიდრნი იყვნენ ბაბულაშვილები, რომლებიც დღეს, ძირითადად დუშეთის მახლობლად, სოფელ შალიკიანთკარში ცხოვრობენ. ქაისხევშიც მათი სოფელი შალიკიანთკარის სახელს ატარებდა. ბაბულაშვილების წინაპარი ქაისხევში ქართლიდან გადმოსახლებულა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქართლელი გიგაური ზედსიძედ მოსულა, დაქორწინებულა ვინმე ბაბულაზე და მათ შვილებს საფუძველი დაუდევთ ბაბულაშვილების გვარისთვის.
ქაისხევიდან დუშეთის მახლობლად გადასახლება 1936-1937 წლებში მოხდა. ასე გაიარა აღნიშნულმა გვარმა მთიდან მთისწინეთსა და მთისწინეთიდან ბარში გადასახლების გზა.
ქაისხევში ბაბულაშვილების სალოცავი წმიდა კვირიკე იყო.
1873 წლის კამერული აღწერის მასალებში ბაბულაშვილები (ხუთი ოჯახი) ქაისხევის სოფელ აზაურთკარის მცხოვრებლად არიან დასახელებულნი.
საქართველოში 79 ბაბულაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 47, მცხეთაში – 11, ზესტაფონში – 7. არიან სხვაგანაც.
შიუკაშვილი
შიუკაშვილი ქართული მთიულური გვარია. გვარის ძირ-ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელიდან – შიოდან წარმოქმნილი მოფერებითი სახელი შიუ.
ქსანზე, ხეობის სათავეში, ყოფილა ადგილი, რომელსაც ადრე რქმევია უკანუბანი, ახლა იქ მცხოვრებლებს შიუკაანთს ეძახიან. ეს შიუკაანი, რომლებიც შიუკაშვილებად იწერებიან, დავითურებთან სახლიკაცობენ. ისინი დავითურების სალოცავში – ადგილის დედაში გადადიოდნენ. შიუკაანთ გარდა აქ მოდიან სხვა სოფლებიდანაც: ბაშარნიდან, მახიარეთიდან, მაჭარეანიდან, თან კურატებიც მოჰყავდათ.
ასე რომ, შიუკაშვილები და დავითურები ერთი გვარისანი არიან. მთხრობელმა აღნიშნა: „შიუკაანი კი ჩვენებია და დანარჩენებს რა წილი ჰქონდათ ჩვენს ხატში, არ ვიცი“.
შიუკაშვილთა ნაწილი რუსებმა შიუკაევებად ჩაწერეს. ამიტომ, ისინი ბევრს უკვე გადამთიელები ჰგონია, რაც არასწორია.
საქართველოში 1 742 შიუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 455, თელავში – 448, გორში – 272. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ქუჩულორია
ვარაუდით, რთულფუძიანი გვარია. ქუჩულორი შედგება ორი კომპონენტისგან, საკუთარი სახელებისგან – ქუჩუ და ლორი.
ქუჩულორია იშვიათად გვხვდება ქუჩულიას ფორმითაც.
საქუჩლორიო უბანია ფოცხოში, ნაქუჩოლორი კი ტყე – ბეთლემში, კერძოდ, ლებარკალაოეში. ნაქუჩულუ ბუჩქნარია ლეთორდეში (მუხური).
წალენჯიხასა და მის ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საუფლისწულო აზნაურები ყოფილან.
მეორე ვარიანტით: გოქუჩულუა მცენარის აყვავებას ნიშნავს, ზმნის მიმღეობა – ქუჩულორი, ანუ აყვავებული, აღმოცენებული, მიჩნეულია მეტსახელად.
მეოცე საუკუნის დამდეგს, უშაფათსა და წალენჯიხაში მოსახლე ქუჩულორიების ერთი ნაწილი აზნაურის წოდების იყო.
საქართველოში 168 ქუჩულორია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 51, თბილისში – 37, ზუგდიდში – 31. ცხოვრობენ სხვაგანაც.
შამილიშვილი
ჩრდილოკავკასიის ხალხების გამოჩენილმა წინამძღოლმა, შამილმა, რომელიც წინ აღუდგა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და მასთან საყოველთაო შეიარაღებული ბრძოლა გააჩაღა, კიდევ უფრო გააღრმავა ხალხის სურვილი, რომ თავიანთი შვილებისთვის სახელად შამილი დაერქმიათ. ეს სახელი უფრო ფართოდაა გავრცელებული აჭარაში. გაჩნდა გვარი შამილაძე და შამილიშვილი.
ზოგი გორგაძე შამილაძედ ჩაწერილა; ისეც მომხდარა, რომ არაბული სახელი შამლუ – შამილაძედ გადაკეთებულა.
იოსებ ბექირიშვილის მიხედვით, შამილი დაღესტნიდან მომდინარეობს, რომელიც მიღებულია ძველებრაულ სამოელ-სამოილიდან, ისე, როგორც ქართული გვარი სამველიძე, რაც ღმერთის მიერ შესმენილს ნიშნავს.
საქართველოში 315 შამილიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 267, ბათუმში – 32, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.
ხოხობაშვილი
ხოხობაშვილებს მიაჩნიათ, რომ მათი გვარი თბილისის დაარსებასთან და თბილ წყლებში ჩავარდნილ ხოხობთანაა დაკავშირებული.
ხოხობაშვილების სამშობლოა მატანი, ახმეტის რაიონი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ხოხობა. ამავე ძირისაა გვარი ხოხობაია.
საქართველოში 651 ხოხობაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 500, თბილისში – 79, თელავში – 18. არიან სხვაგანაც.
იაგანაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი იაგანა.
„იაგანაშვილი დავითა, ქალაქში მცხოვრები, დიღომში ნასყიდი ვენახით შაყუბათ ბარათაშვილმა საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს” (1493 წელი).
„იაგანაშვილი თევდორე, სამშვილდეს მცხოვრები, ჰამზა იაგანაშვილთან ერთად, როსტომ მეფემ უწყალობა მოლარეთუხუცესს შიოშ ხმალაძეს” (1643 წელი).
იაგანაშვილებს უცხოვრიათ ქვემო ქართლში და შემდეგ გადასულან კახეთში.
საქართველოში 252 იაგანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 183, თბილისში – 38, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით