რატომ გადაწყვიტა სტალინმა საქართველოში მცხოვრები ირანელების გასახლება
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს (1944-1945 წლები), როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად, იოსებ სტალინი სერიოზულად დაინტერესდა ფერეიდანში მცხოვრები ქართველებით. სტალინის მითითების თანახმად, ლავრენტი ბერიამ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაავალა ფერეიდნელი ქართველების ისტორიის შესახებ ნარკვევის დაწერა. სიმონ ჯანაშიამ დავალება უმოკლეს დროში შეასრულა და რუსულ ენაზე დაწერილი ნაშრომი სათაურით: „ირანის ისპაჰანის პროვინციის ქართველების შესახებ,” საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელ პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს წარუდგინა. კანდიდ ჩარკვიანს სიმონ ჯანაშიას ნაშრომი მიუღია 1944 წლის 26 მარტს.
ნაშრომის შესავალში სიმონ ჯანაშია აღნიშნავს: ისპაჰანის პროვინციაში (ფერეიდანში) ცხოვრობს საქართველოდან გადასახლებული 16 ათასი ქართველი. შემდეგ ავტორი გადმოსცემს კახეთიდან შაჰ-აბას პირველის მიერ ქართველთა გადასახლების ისტორიას და აღნიშნავს, რომ ეს გადასახლება ერთბაშად არ მომხდარა, სულ 7 ეტაპად განხორციელდა. სხვადასხვა ისტორიული წყაროს შეჯერებით, ფერეიდანში ქართველთა ეს გადასახლება მოხდა 1603-1608 წლებში. სიმონ ჯანაშია წერს, რომ გადასახლება აუტანელ პირობებში მიმდინარეობდა. ადამიანთა უზარმაზარი მასის გადაადგილება სრულიად მოუმზადებლად იყო. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა გადასახლებულთა გადასვლა მდინარე არაქსზე (სომხეთის ტერიტორიაზე). ირანელებს არ გააჩნდათ მდინარის გადასაცურად აუცილებელი საშუალებები, ამიტომ გადასახლებულებს აიძულებდნენ მდინარე ნავების გარეშე გადაეცურათ. დაქანცულმა, მშიერმა და დაავადებულმა ქართველების ნაწილმა მდინარე ვერ გადაცურა და დაიხრჩო. საქართველოდან გადასახლებული ქართველები თავდაპირველად ირანის დედაქალაქის ისპაჰანის შემოგარენში და თვითონ ისპაჰანის ტერიტორიაზე მოათავსეს.
შაჰ-აბას პირველის გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ, 1657-1658 წლებში, ირანის ხელისუფლებამ დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა. გადასახლებულებს ერეკებოდნენ ქალაქ ახალ ჯულფისაკენ. ახალი ჯულფის სასაფლაოზე მეოცე საუკუნეშიც კი შემორჩენილი იყო გადასახლებულ ქართველთა საფლავის ქვები. ქვებზე ამოკვეთილი წარწერებიდან ყველაზე გვიანი 1700 წელსაა შესრულებული.
ირანში გადასახლებულმა ქართველებმა კიდევ ერთი ძლიერი დევნა განიცადეს 1694-1697 წლებში. ქართველთა დევნას თან სდევდა ისლამის რჯულზე გადასვლის მოთხოვნა (გამაჰმადიანება). ამავე დროს ირანელები ანგრევდნენ გადასახლებულთა მიერ აგებულ ეკლესიებს. აღსანიშნავია, რომ ქართველებს დაუმტვრიეს და მდინარეში გადაყარეს საქართველოდან წაღებული ემბაზები, რომელშიც ახალშობილებს ნათლავდნენ. სიმონ ჯანაშია 1944 წელს დაწერილ ზემოხსენებულ ნაშრომში აღნიშნავს, რომ ირანში გადასახლებულ ქართველთა გამაჰმადიანება დაიწყო 246 წლის წინ, ესე იგი,1697-1698 წლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებს თითქმის 90 წლის განმავლობაში შეუნარჩუნებიათ ქრისტიანობა.
საინტერესოა სიმონ ჯანაშიას ნაშრომის ბოლო ნაწილი. ავტორი აღნიშნავს, რომ ფერეიდნელმა ქართველებმა იციან თავისი ისტორიული სამშობლოს, საქართველოს შესახებ; აქვთ ნოსტალგია, თავიანთი ლეგენდარული სამშობლოსი; აგროვებენ ყოველგვარ ცნობას საქართველოზე; დიდის მოწიწებით ეპყრობიან ყველას, ვინც კი, თუნდაც, რამდენიმე სიტყვა იცის ქართულ ენაზე. როგორც სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, ფერეიდნელმა ქართველებმა იციან, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერი, არის ქართველი იოსებ სტალინი და იმასაც აღნიშნავენ, რომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვება გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. როგორ და რა გზით უნდა მომხდარიყო ფერეიდნელ ქართველთა მდგომარეობის გაუმჯობესება, ამას არ აკონკრეტებენ და ალბათ, არც იციანო, – ასკვნის სიმონ ჯანაშია.
1945 წლის 15 იანვარს, ირანში საბჭოთა კავშირის ელჩმა მაქსიმოვმა წერილი გაუგზავნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს. ელჩი ჩარკვიანს სთხოვდა, ფერეიდნელ ქართველთა შორის პროპაგანდისთვის გაეგზავნათ წიგნები, სტატიები, ფოტოები და სხვა მასალა. ელჩი განსაკუთრებით გამოჰყოფდა ისეთი მასალის მიწოდების აუცილებლობას, რომელშიც სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა იქნებოდა. უპირველესად კი – „ი.ბ. სტალინის მოკლე ბიოგრაფიას”, ასევე „ამიერკავკასიის უხუცესი მუშების მონათხრობს დიდი სტალინის შესახებ” და კრებულს „შეხვედრები ამხანაგ სტალინთან”. 1945 წლის 26 ოქტომბერს საბჭოთა საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (მინისტრი) გიორგი კიკნაძე კანდიდ ჩარკვიანს მოახსენებდა, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს, ვიაჩესლავ მოლოტოვს მან სხვადასხვა ხასიათის მასალა გადასცა, მათ შორის დოკუმენტი – „ირანის ქართველი მოსახლეობის საკითხის შესახებ”. კიკნაძის მიერ მოლოტოვისთვის წარდგენილი დოკუმენტი ფერეიდანში მცხოვრები ქართველების შესახებ, განსხვავდება სიმონ ჯანაშიას ზემოთ ხსენებული ნაშრომისგან. ირანში ქართველთა გადასახლების თარიღად აქ დასახელებულია 1614-1616 წლები, ხოლო გადასახლებულთა რაოდენობა 100 ათას კაცს შეადგენდაო. რაც მთავარია, გიორგი კიკნაძე აღნიშნავს, რომ 1945 წლისათვის ფერეიდანში 20 ათასი ქართველი ცხოვრობსო.
გიორგი კიკნაძის წერილი შეიცავდა რამდენიმე თხოვნას: 1) ირანში უნდა გაგზავნილიყო კომპლექსური ექსპედიცია, რომელიც ადგილზე გაეცნობოდა ფერეიდნელ ქართველთა მდგომარეობას. 2) ფერეიდანში მცხოვრები ქართველების შესახებ ინფორმაციის სისტემატურად მისაღებად და ფერეიდნელ ქართველთა შორის მუშაობის მიზნით, ირანში საბჭოთა კავშირის საელჩოში უნდა გაგზავნილიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ერთი თანამშრომელი, რომელიც შეიძლება, დანიშნულიყო ვიცე კონსულის ან საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობაზე.
1947 წლის 24 ივლისს თეირანში ჩავიდა საბჭოთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასლანიკაშვილი. მას შეთანხმების თანახმად, უნდა ემუშავა ირანში საბჭოთა საელჩოში. თავდაპირველად, მუშაობა თითქოს აეწყო, მაგრამ შემდეგ შეფერხდა. იმხანად უკვე ოფიციალური, თუ არაოფიციალური წყაროებიდან ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ იოსებ სტალინი ფერეიდნელი ქართველების საქართველოში გადმოსახლებას აპირებდა. ეს ხმები მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელ ეტაპზეც ვრცელდებოდა, მაგრამ მაშინ ირანის ხელისუფლებას არ შეეძლო ამის წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვა. 1947-1948 წლებისთვის კი ვითარება უკვე შეიცვალა. ყოფილ მოკავშირეებს (საბჭოთა კავშირი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები) შორის უკვე ურთიერთობა დაიძაბა. ამით კარგად ისარგებლა ირანმა და ასლანიკაშვილის მოღვაწეობა შეზღუდა. 1948 წლის 25 მაისს გიორგი კიკნაძე კანდიდ ჩარკვიანს წერდა, რომ 1947 წლის ზაფხულში ირანში საგანგებო მისიით ჩასულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ასლანიკაშვილს მოსკოვიდან, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მისი ჩასვლა ფერეიდანში მიზანშეწონილი არ იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ის დროა, როცა მოკავშირეებს შორის შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, სტალინმა უარი თქვა ფერეიდნელი ქართველების სამშობლოში გადმოსახლებაზე. სტალინი ხვდებოდა, რომ ინგლისი და ამერიკა მას მხარს არ დაუჭერდა, ხოლო ირანი კარგად გამოიყენებდა მოკავშირეებს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებას.
იოსებ სტალინი საგარეო პოლიტიკაში დროდადრო დათმობაზეც კი მიდიოდა, მაგრამ შურისძიების შანსს ხელიდან არასდროს უშვებდა. ასე მოხდა ამჯერადაც. 1949 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებულ საიდუმლო ცნობაში, რომელსაც ხელს საბჭოთა საქართველოს უშიშროების მინისტრი, ნიკოლოზ რუხაძე აწერს, აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს 2 336 ირანელი, რომელთაც ადრე ირანის მოქალაქეობა ჰქონდათ, იმავდროულად, საქართველოში ცხოვრობდა 608 ირანელი, რომლებიც არც საბჭოთა კავშირის და არც ირანის მოქალაქეები არ იყვნენ. 2 697 ირანელს კი უკვე მიღებული ჰქონდა საბჭოთა მოქალაქეობა. როგორც ნ. რუხაძის ცნობიდან ჩანს სტატისტიკური მასალა ეხებოდა მხოლოდ სრულწლოვან ირანელებს. თუ ამას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ირანელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა. 1949 წლის 11 ოქტომბერს კანდიდ ჩარკვიანი იოსებ სტალინს სთხოვდა ნებართვას, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ძალებით, საქართველოდან საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონში გადაესახლებინათ ირანელთა 1 400 ოჯახი, სულ 45 ათასი ადამიანი. 1951 წლის 22 სექტემბერს თბილისში მიიღეს სრულიად საიდუმლო დოკუმენტი – საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 10 აგვისტოს განკარგულება, რომელსაც ხელს აწერდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იოსებ სტალინი. მასში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიეცა დავალება, 1951 წლის აგვისტოში საქართველოდან ირანელები გაესახლებინა. გასასახლებელთა პერსონალური სიები უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან, კანდიდ ჩარკვიანთან.
ვახტანგ გურულის მასალების
მიხედვით