რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ომეგა”, 1999 წლის, ბენზინის 2.0 ძრავაზე. ძრავა არის „ეკოტეკის“ ტიპის, რომელსაც მოვლას არ ვაკლებ, მაგრამ, ბოლო დროს ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს დიზელზე მუშაობსო. რას მირჩევთ, დროულად გავყიდო და მოვიშორო თუ საშიში არაფერია?
პასუხი: ზოგადად, „ეკოტეკის” ტიპის ძრავა ხელოსნებს არ მოსწონთ, რადგან, მათი აზრით, ის გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ძრავა. რეალურად კი, ის გაცილებით ეკონომიური, მძლავრი და პრაქტიკულია. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს პრობლემას, ეს ხმა მოდის გაზების გამანაწილებელი ვალიდან, ეგრეთ წოდებული „რასპრედვალიდან”. ამ ყველაფრის გამომწვევი კი ორი რამ შეიძლება იყოს: პირველი – გაცვეთილია თვითონ „რასპრედვალის” დამბჯენი ფეხები და „რასპრედვალის” ცვეთა შეიძლება გამოწვეული იყოს უხარისხო ზეთის გამოყენებით და, მეორე – შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდა ჰიდროდამბჯენები, ეგრეთ წოდებული „ჰიდროტალკატელები”. ეს ყველაფერი ძალიან იოლად შეიძლება ინახოს მხოლოდ და მხოლოდ ძრავას ზედა ხუფის მოხსნით, მაგრამ, ამას სჭირდება თუნდაც საშუალო დონის ხელოსანი. თუ ხმის აღმოფხვრა გინდათ, მოიხსნება ხუფი და გაისინჯება, რომელია დაზიანებული, შემდეგ ახალს შეიძენთ და შეცვლით. ამის გამო ავტომობილის გაყიდვა არ ღირს. ასეთ მდგომარეობაშიც რომ განაგრძოთ ავტომობილის ექსპლუატაცია, არაფერი სხვა მას არ დაუზიანდება. უბრალოდ, ეცადეთ, რომ ყოველთვის კარგი ზეთი ჩაასხათ, რათა ცვეთა არ გაგრძელდეს. მუდმივად კარგი ზეთის ჩასხმის შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა, რადგან, ამ ავტომობილს იმხელა რესურსი აქვს, შეუძლია, მილიონი კილომეტრიც კი გაიაროს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფიესტა”, 1997 წლის, 1.3-იან, სტანდარტულ ძრავაზე. აღმართში მანქანა ქრება და გაზს არ აძლევს და მხოლოდ უკუსვლით მიდის, რაც ძალიან უცნაურია. სწორ გზაზე კი, ძიგძიგს იწყებს და მერე ქრება. თუ სწორ გზაზე ჩაქრა, დაახლოებით ნახევარი საათი მაინც სჭირდება, რომ დაიქოქოს. ვერავინ მეუბნება მიზეზს. იქნებ, თქვენ ამიხსნათ, რა სჭირს ჩემს ავტომობილს?
პასუხი: კარგი იქნებოდა, თუ გვეტყოდით, კონკრეტულად საწვავის მიწოდების რა სისტემითაა აღჭურვილი თქვენი ავტომობილი – არის კარბურატორი, ინჟექტორული თუ მონო-ინჟექტორული. მაგრამ, სინდრომებიდან გამომდინარე, აშკარად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა აქვს საწვავის მიწოდებას. ელექტრონული სისტემები გამორიცხულია, რადგან აღმართი ელექტრონიკისთვის არაფერს ცვლის კონკრეტულად ამ მოდელზე. უნდა შემოწმდეს ეგრეთ წოდებული „ბენზონასოსი”, ბენზინის პომპა, მნიშვნელობა არ აქვს, ელექტრონული იქნება ის თუ მექანიკური; ასევე, უნდა შემოწმდეს საწვავის ფილტრი და, იმის მიხედვით, თუ რა სისტემით არის ავტომობილი აღჭურვილი, უნდა გადამოწმდეს საწვავის სტაბილურად მიწოდების შემანარჩუნებელი მოწყობილობები. მაგალითისთვის, ინჟექტორული და მონო ინჟექტორული სისტემებისთვის, ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანი”.
კითხვა: თქვენი რუბრიკიდან გავიგე, რომ საკმაოდ კარგია იაპონური წარმოების სამი ავტომობილი: „სუზუკი გრანდ-ვიტარა”, „ჰონდა სიარვი” და „ჰონდა ჰაშერვი”. მინდა, ერთ-ერთი მათგანი შევიძინო. გთხოვთ ამიხსნათ, რომელი ჯობია, რომელია ნაკლებად პრობლემური, მდგრადი, კარგად შეკრული და ადვილად შესანახი?
პასუხი: ამ სამი ავტომობილიდან ერთმნიშვნელოვნად უკეთესია „ჰონდა სიარვი,” მას მოსდევს „ჰაშერვი” და შემდეგ – „სუზუკი”. პირველს ყველაფერი ზედმიწევნით დახვეწილი აქვს, პრაქტიკულად არფუჭებადი ავტომობილია და მისი სალონის მოცულობაც ყველაზე მეტია. მაგრამ, უმჯობესია, თუ მას მექანიკური კოლოფით აღჭურვილს შეიძენთ, ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, შეიძლება, მრავალი წელი ისე მოიხმაროთ, რომ პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ, შესაძლოა, უცებ გაუჩნდეს პრობლემა, რომელიც ძნელად მოსაგვარებელი გახდება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედეს ე 270”, „ცედეი” ძრავით, 2001 წლის მოდელი. ავტომობილი ჩამოყვანილია 2012 წლის თებერვლის ბოლოს. გავლილი აქვს 280 000 კილომეტრი. როდესაც შევიძინე, მირჩიეს, ძრავაში „შელ ჰელიქსის” ზეთი –„5W40” ჩამესხა. ავტომობილის სერვისის წიგნაკში აღნიშნულია, რომ სანამ ვიყიდდი, მანამდეც ანალოგიური ზეთი იყო ჩასხმული. ერთი სიტყვით, ყიდვის დროს „შელ ჰელიქსის” „5W40” ზეთი ჩავასხი. შეცვლიდან შეცვლამდე ძრავას გრამი ზეთი არ დაუმატებია. ახლა მირჩიეს, რომ „5W40”, ძირითადად, ბენზინის ძრავებზე მოიხმარება და, უკეთესი იქნება, შენს ძრავაში „5W30” ზეთს თუ ჩაასხამო. იქნებ, მირჩიოთ რომელი ზეთი ჩავასხა და რამდენი ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ შევცვალო ხოლმე?
იმავე ავტომობილთან დაკავშირებით, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ: ამ ავტომობილის გადაცემათა კოლოფი არის ეგრეთ წოდებული „ტიპტრონიკი”. რაც შევიძინე, არ შემიცვლია კოლოფის ზეთი. მაინტერესებს, როგორ გავიგო, შესაცვლელია თუ არა ზეთი გადაცემათა კოლოფში, რა ზეთი ისხმება საერთოდ და რამდენი ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შევცვალო ხოლმე?
პასუხი: „შელის” ზეთი არ არის კარგი არჩევანი, უმჯობესია, რომელიმე სხვა ბრენდის ზეთი გამოიყენოთ, მაგალითად – „კასტროლი”, „რეინოლი”, „ბიპი” ან „არალი”, ხოლო, რაც შეეხება რომელი ჩაასხათ – „5W40“ თუ „5W30“, ეს ადვილი გადასაწყვეტია. ზეთი ისეთ ადგილას უნდა შეიძინოთ, სადაც აუცილებლად ექნებათ კატალოგი, რომლის მიხედვითაც მას შეგირჩევენ. ამ კატალოგში ნახავთ, რომელი ზეთი სჭირდება თქვენს მოდელს. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ძვირიანი ჩაასხათ, რადგან, მოსაზრება, რომ, რაც ძვირია ის კარგია – მცდარია, მთავარი ისაა, თუ რას გირჩევთ თვითონ ქარხანა და რა სჭირდება თქვენს მოდელს. რაც შეეხება იმას, თუ ზეთის შეცვლას, მიუხედავად მისი ხარისხისა და ფასისა, ზეთი ძრავაში ყოველ გავლილ ხუთ-ექვს ათას კილომეტრზე უნდა შეცვალოთ. არა იმიტომ, რომ ზეთებია ცუდი, არამედ, იმიტომ, რომ მტვრიან ქვეყანაში ვცხოვრობთ და ძრავა მალე ბინძურდება. იგივე შეიძლება ითქვას კოლოფის ზეთზეც, ანუ, რომელი ბრენდის ჩასხმასაც გადაწყვეტთ, იმ კატალოგში ნახეთ, რა სიხშირით სჭირდება გამოცვლა და რომელი ხარისხის ზეთი სჭირდება სიჩქარეთა კოლოფს.