კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ფასად ჩამოიტოვა უკან ლიკა შუბითიძემ ამბიციური მუსიკოსები ამერიკაში და რატომ არის ის ამერიკელებისთვის განსხვავებული მუსიკოსი

მუსიკოსი ლიკა შუბითიძე რამდენიმე წლის წინ გაემგზავრა ამერიკაში და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სწორედ იქ განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ოკეანის გაღმა მას უკვე იცნობენ და ჰყავს საკუთარი მსმენელი. ლიკა შუბითიძე, იგივე „შუბა,” ბრუკლინში ცხოვრობს და ყოველდღიური გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლის, თუმცა, იმედი აქვს, რომ ამის დროც მოვა. რა გეგმები აქვს მომღერალს და როგორ წარმატებას მიაღწია მან ამ ეტაპზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ლიკა, საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობ ამერიკაში და, შესაბამისად, საქმეც ბევრი გაქვს. ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვს?
– ვისთანაც ვუკრავდი საქართველოში, ის ბიჭები მელოდებიან და ჩემს უახლოეს გეგმებში ამჯერად საქართველოში ჩამოსვლაა. ძალიან მინდა, რომ მანდ ყოფნის დროს ქართულენოვანი ალბომიც ჩავწერო. დიდი სურვილი მაქვს, ყოველივე ეს განვახორციელო. აუცილებლად უნდა შევკრა პატარა, მაგრამ, მრავალფეროვანი ბენდი.
– რა მიმდინარეობაზე გააკეთებ აქცენტს, ანუ, რა ჟანრის ალბომის ჩაწერას გეგმავ საქართველოში?
– ეს, ძირითადად, ძველი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები იქნება. ამ ვერსიას კი დავარქმევდი ექსპერიმენტს, რადგან მასში ძალიან ბევრი ჟანრი იქნება თავმოყრილი. ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჟანრის მუსიკოსთან ვაპირებ თანამშრომლობას. მაგალითად, ეს იქნება ფოლკლორი, ჯაზი, როკი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ქართულ ენაზე იყოს და, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. პროგრამა უკვე მზად მაქვს.
– ამ ალბომის გაყიდვას საქართველოში გეგმავ თუ უცხოურ ბაზარზეც გაიტან?
– რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი იქნება, ალბომის უცხოეთში გატანა.
– რაც შეეხება შენს ამერიკულ ცხოვრებას?
– როცა წინა ინტერვიუ ჩავწერეთ, ფესტივალზე მივდიოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქარიშხლის გამო ყველაფერი ჩაიშალა. მოგვიანებით კოლორადოს შტატში წავედი ორი თვით, სადაც ყოველ კვირა დღეს მქონდა კონცერტი. სხვათა შორის, იქაც ჩავწერე ალბომი, რომელშიც, ჩემ მიერ შესრულებულ სხვა სიმღერებთან ერთად, ჩემი საკუთარი ხუთი სიმღერაა შესული.
– გაამართლა?
– კი, გაამართლა. ეს ალბომი გამოვიდა და  ყველას ძალიან მოსწონს. კოლორადოდან რომ ჩამოვედი, მერე სერდბუინში გავემგზავრე, სადაც კონტრაქტი გავაფორმე. არ ვიცი, საქართველოში როგორი სისტემაა, მაგრამ აქ, მუსიკოსი ან კონტრაქტით ხარ, ან უკონტრაქტოდ. თუ კონტრაქტი გაქვს, ძალიან დიდი და სერიოზული ნაბიჯი გაქვს წინ გადადგმული და მე ეს გავაკეთე. ძალიან კარგი და ცნობილი ლიცენზია მოვიპოვე, სტუდიას ჰქვია Farfetched, ხოლო პროექტს – Standing sleep, სადაც გაერთიანებულნი არიან ძალიან კარგი და ცნობილი მუსიკოსები და მათ შორის მეც მოვხვდი, რაც ძალიან მიხარია. გვქონდა ძალიან წარმატებული კონცერტი და ალბომიც ჩავწერეთ. ჩავწერე სამი დუეტი, რომლებიც ახალ ალბომში შევა. ერთი სიმღერაღა დარჩა დასამთავრებელი და ეს ალბომიც გამოვა, რომელიც აბსოლუტურად სხვა ჟანრშია გაკეთებული. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, გადავიღეთ ოფიციალური ვიდეოკლიპი, რომელიც ხალხს საკმაოდ მოსწონს. ჩავწერე მესამე ალბომიც, რომელიც ჟანრით ასევე განსხვავებულია წინა ორისგან. მსოფლიო დონის მუსიკოსებთან მომიწია დაკვრა, რაც მართლა ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ეს ალბომი გასაყიდად დაახლოებით 2013 წელს გამოვა. ჯერ დაბალანსების პროცესშია.
მართალია, წინ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ, ამ ეტაპისთვის კმაყოფილი ვარ.
– ფრინველების მოყვარულიც ხარ, როგორც ვატყობ, რადგან, შენს ხმასთან ერთად, ჩიტის ხმაც მესმის.
– სახლში თუთიყუში და ზაზუნა მყავს.
– რამდენ ხანს გეგმავ საქართველოში დარჩენას?
– დაახლოებით ორი თვით ვგეგმავ ჩამოსვლას, თუმცა, თუ რაღაცეები რადიკალურად შეიცვალა, ცოტა ხანს კიდევ დავრჩები.
– საქართველოში ჩამოდიხარ როგორც ლიკა შუბითიძე თუ, როგორც შუბა?
– რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოვალ, როგორც ლიკა შუბითიძე. ფსევდონიმი ამერიკასა და ევროპაშია საჭირო და ამიტომ დავირქვი იქ „შუბა“. ფსევდონიმის აღება არ არის მუსიკოსის და ხელოვანის გადაწყვეტილება, ეს ხალხის გადაწყვეტილებაა. ისეთი დატვირთული ცხოვრებაა, ტვინის გადართვა უჭირთ, უცხო სახელი და გვარი მათთვის რთულად დასამახსოვრებელია.
– პირად ცხოვრებაში, ხომ არ გაქვს სიახლე?
– იმდენად დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, პირადისთვის აღარ მცალია. თავისთავად მოვა პირადის დროც, როცა იქნება.
– იმიჯს ხშირად იცვლი. ამჯერად თუ შეიტანე გარეგნობაში რაიმე სიახლე?
– რაღაცეები შევიცვალე – ცხვირი გავიხვრიტე და თმა გავიზარდე. ამ სიგრძის თმა არასდროს მქონია და ჯერჯერობით ძალიან მომწონს.
– გიყვარს სიახლე და მრავალფეროვნება, როგორც გარეგნობაში, ასევე მუსიკაშიც. მუსიკოსისთვის კი ეს, ალბათ, აუცილებელია.
– ყველას ვუსურვებ, რომ ამისკენ ისწრაფვოდეს. ეს, ალბათ, თვითონ მუსიკოსზეა დამოკიდებული, ანუ, როგორი ცხოვრების სტილი აქვს, რას უსმენს და ასე შემდეგ. ერთი ჟანრით არასდროს ვყოფილვარ შემოფარგლული, რაც, სხვათა შორის, აქ ძალიან მოსწონთ. სადაც მივდივარ და ვმღერი, ყველგან მეუბნებიან, რომ განსხვავებული ვარ. ეს კი, ჩემი აზრით, მაინც ქართული ფოლკლორის გავლენაა. ხალხურ სიმღერებს ბავშვობაში ვმღეროდი, ახლაც მომწონს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ქართული ფოლკლორის გავლენა მაქვს. ვინც გათვითცნობიერებულია მუსიკაში, ყველა ხვდება, საიდან ვარ. რაც მთავარია, მართლა დიდი მიღწევაა, რომ ძალიან კარგ მუსიკოსებთან მიწევს მუშაობა. მათ მოსწონთ ჩემი მუსიკა და მიაჩნიათ, რომ ეს არის რაღაც ახალი, ეს კი ჩემთვის ბედნიერებაა.
– ეს მართლა სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა უცხო ქვეყანაში მიდიხარ და იქ ყველაფერს ნულიდან იწყებ.
– შეიძლება ითქვას, ამერიკაში ნულის ქვევიდან დავიწყე ყველაფერი. მინუსებში ვიყავი და, ნულამდე რომ ავიდეს, ამისთვის ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება ადამიანს. ყველას სხვადასხვანაირი ცხოვრება აქვს. მე პირადად, ყოველთვის რთულ გზას გავდივარ, რაც, ალბათ, კარგიც არის, რადგან, რთული გზა შემოქმედებით იმპულსს მაძლევს.
– ანუ, ხარ ადამიანი, რომელიც დიდი შრომის ფასად აღწევს წარმატებას?
– კი. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში საკუთარ თავზე ვმუშაობდი. როცა კლუბებსა და ბარებში ვმღეროდი, ძირითადად ერთსა და იმავე რეპერტუარს ვასრულებდი, ანუ, რაღაც „მაგნიტოფონის პრინციპი“ იყო. ბოლოს უკვე ძალიან ავტომატურად ხდებოდა ეს ყველაფერი და, იმის დრო არ მქონდა, რომ საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი და ბევრი მემუშავა. ამერიკაში ჩემი ჩამოსვლა უპირველესად ამისთვის იყო კარგი. აქ ძალიან დიდი კონკურენციაა, მით უმეტეს – ნიუ-იორკში. ყველას ძალიან დიდი ამბიცია აქვს. ვინც ჩამოდის, თავი ყველას ძალიან კარგი მუსიკოსი ჰგონია, რაც ხშირად ასე არ არის. როცა ამ ყველაფერს ხედავ, უფრო მეტი უნდა იმუშაო, რომ უკეთესი იყო. ამიტომ, სულ ექსპერიმენტებში ვარ. ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ახლა ბას-გიტარაზეც დავიწყე დაკვრა.
– ანუ, ამერიკა შენთვის ის ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარა.
– აქ ძალიან დიდი ინფორმაციაა და ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული. ფაქტობრივად, მსოფლიო აქ არის და ამიტომაც ეძახიან ნიუ-იორკს „მსოფლიოს დედაქალაქს“. ჩემთვის აქ ცხოვრება ძალიან საინტერესოა. საგიჟეთია, ფეხი თუ არ აუწყვე, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდები. ყოველდღიურად უამრავი საქმეა საკეთებელი. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკულ სტილს ფეხი ავუწყვე, რაც კარგია.
– ამხელა ქვეყანაში გყავდეს საკუთარი მსმენელი, ადვილი არ არის.
– ჩემი მსმენელი აქ ნამდვილად მყავს და, იმედი მაქვს, მათი რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება. ვაკეთებ როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ მუსიკას, ეს ყველაფერი კი ძალიან კარგი გამოცდილებაა. ჩემი აქ წამოსვლის მიზეზიც ის იყო, რომ მუსიკალურად გავზრდილიყავი. მიმაჩნია, რომ კიდევ გავიზრდები, რადგან, ადამიანების შესაძლებლობები და ფანტაზია დაუსრულებელი წყაროა. ყველაფერი წინ არის. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც მეხსომება, რომ ქართველი ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ პირველ ყოვლისა, ამ ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ – ძალიან გვჭირდება, რომ ჩვენი კულტურა საზღვრებს გარეთ გავიდეს და, ჩემი აზრით, მე ამას ვაკეთებ. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვამბობ, რომ ქართველი ვარ.

скачать dle 11.3