კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ ჩაცხრილა 14 კანონიერი ქურდი მაგადანის ¹5 კოლონიაში

„მე ვარ ქურდი!..“
მაგადანის ¹5 შრომა-გასწორების კოლონია საბჭოთა საზომებითაც კი საშინელი დაწესებულება იყო. იქ 350 საშიში ბოროტმოქმედი იხდიდა სასჯელს, რომელთა შორის ყველაზე ნაკლები 12-წლიანი პატიმრობა, მაქსიმალური კი – 15-წლიანი იყო. „ზონა“ არც ქურდული იყო და არც ბოზური, რადგან მასში, როგორც ერთი, ასევე მეორე მასტის პატიმრები ისხდნენ და საპყრობილეზე კონტროლის დაწესებას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებდა. თუმცა, საპყრობილეში თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა სისხლიანი შეტაკებები და ყოველთვის ვიღაცას ჭრიდნენ, ხშირად ძალიან მძიმედ... კვირაში ერთხელ კი კოლონიაში, როგორც მინიმუმ, ერთი კაცი კვდებოდა – ძირითადად, ცივი იარაღით. საშუალო-სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ¹5 „ასობში“ (განსაკუთრებული სტატუსის მქონე კოლონია) 4-6 „ტრუპი“ იყო...
1968 წლის 3 მარტს, მაგადანის კოლონიის ქურდულ ნაწილში „სხოდკა“ გაიმართა, რომელსაც „ზონის“ თოთხმეტივე ქურდი ესწრებოდა. ისინი თავის კოლეგას, როსტოველ კანონიერ ქურდს, ანტონ შალიმოვს, მეტსახელად „ბელაია ვორონას“ (თეთრი ყვავი) ასამართლებდნენ. შალიმოვს კოლეგები „კრისობაში“ (ფულის მოპარვა ან დამალვა ქურდული სალაროდან) ადანაშაულებდნენ. ბრალს სდებდნენ, რომ თითქოს „ბელაია ვორონამ“ 950 მანეთი გადამალა და ამას კი მისი კოლეგა და ბავშვობის მეგობარი, იური ქურციკიძე, მეტსახელად „გრუზინი“ შეეწირა. ქურციკიძეს ტუბერკულოზი სჭირდა და ფული რომ ვერ გადაუხადეს კოლონიის დირექციას ავადმყოფის ქალაქის სტაციონარში გადასაყვანად, სიკვდილისგან ვეღარ იხსნეს.
ფული კი ბელაია ვორონას „ზონის“ ოპერებმა, „შმონის“ (ჩხრეკა) დროს აღმოუჩინეს, როდესაც მოულოდნელად შემოვარდნენ ქურდულ ბარაკში და პატიმრები გაჩხრიკეს. 950 მანეთი შალიმოვს ბუშლატის საყელოში ჰქონდა ჩაკერებული და ოპერმა, უფროსმა ლეიტენანტმა გენადი კუნმა ამოუღო... ასეთი რამ კი წესდების დარღვევა გახლდათ. ამიტომ, ბელაია ვორონა ორი კვირით კარცერში ჩასვეს და რომ გამოუშვეს, ქურდებმა სასამართლო მოუწყვეს. ყველაზე მეტად ამ სასამართლოზე პეტრე კოშკაძე, მეტსახელად „პეტრუშა“ აქტიურობდა, კოლეგებს შალიმოვის გაფუჭებისკენ მოუწოდებდა და ბრალდებულს ეუბნებოდა:
– შენ დაუშვებელი, არაქურდული რამ ჩაიდინე, რასაც ჩვენი ძმის სიცოცხლე შეეწირა. ამისთვის კი, საკუთარი თავით უნდა აგო პასუხი. ამიტომ, ქურდული წოდება უნდა ჩამოგერთვას და ჩვენი ტერიტორია დატოვო.
ჩვენს ტერიტორიაში „ზონის“ ქურდული ნაწილი იგულისხმებოდა. მეორე ნაწილი კი „ბოზების“ ზონა იყო და იქ გაგდებულ ქურდს გამწარებული პატიმრები ჯგუფ-ჯგუფად აუპატიურებდნენ, შემდეგ კი „საქათმეში“ (ჰომოსექსუალთა ბარაკი) სვამდნენ. ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა შალიმოვმა, ამიტომ „პეტრუშას“ უთხრა:
– მე მესმის თქვენი, მაგრამ დამნაშავე არ ვარ, ძმებო, და ყველაფერი მოწყობილია.
– შენი ძმები ბოზებში ეძებე, – მოუჭრა შალიმოვს კოშკაძემ, შემდეგ კოლეგებს მიუბრუნდა:
– ხედავთ, ძმებო, ეს ბოზი ძმებს გვიწოდებს?!
– შენ თვითონ ბოზო, მე ვარ ქურდი! და ქურდად მოვკვდები! ბელაია ვორონას ვერავინ გააფუჭებს, ის ქურდულ საქმეში კრისტალივით სუფთაა. ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაირკვევა და ამ პროვოკაციის მომწყობებს პასუხს მოსთხოვენ! – ღრიალებდა შალიმოვი. მერე კი დინჯად, ღირსეული ნაბიჯით გავიდა ქურდული ბარაკიდან, კართან შედგა, პირჯვარი გადაიწერა და შეტრიალდა. ცას ახედა, მერე დაიჩოქა და მიწას თავი დაადო. ბოლოს ადგა, პაუზა გააკეთა და მოულოდნელად ადგილს მოსწყდა...
ბელაია ვორონა მავთულხლართებისკენ მირბოდა, და ორი რიგი ძალიან სწრაფად გაიარა. თუმცა, ხელები გაწითლებული ჰქონდა და თქრიალით მოსდიოდა სისხლი. მესამე მავთულხლართზე რომ ახტა, რომელიც ბოლო, მეოთხე, დენიანი მავთულხლართის წინ მდებარეობდა, კოშკზე მდგომმა ავტომატიანმა გუშაგმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. თუმცა, ამან შალიმოვი ვერ შეაჩერა. მან მესამე მავთულხლართიც დაძლია და მეოთხისკენ დაიძრა, რომელშიც 900 ვოლტი გადიოდა, თუმცა გუშაგმა მას უკვე დამიზნებით ესროლა. ტყვიამ  ნახტომში მოხსნა გაქცეული და სანამ სულს დალევდა, იღრიალა: „მე ვარ ქურდი!“...
სისხლიანი შურისძიება
ანტონ შალიმოვის დაღუპვამ მთელი როსტოვი ფეხზე დააყენა და ადგილობრივი ქურდები ისე გაამწარა, რომ ყველაფრის დაუყოვნებლივ გარკვევა გადაწყვიტეს. მათ არ სჯეროდათ ბელაია ვორონას დანაშაულის. შალიმოვს კარგად იცნობდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, ის მსგავს რამეს არ „იკისრებდა“. იმ პერიოდში, როსტოვისა და როსტოვის ოლქის მაყურებელი, ქართველი ეროვნების როსტოველი ქურდი დიმიტრი დუმბაძე, მეტსახელად „დიმიტრიჩი“ იყო. ის, შალიმოვი და ქურციკიძე, რომლის დაღუპვაც ბელაია ვორონას დააბრალეს, განუყრელი მეგობრები იყვნენ და დიმიტრიჩს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა ეს ყოველივე. სასწრაფოდ მოწვეულ „სხოდკაზე“ მან კოლეგებს ხაზგასმით უთხრა:
– თავს დავდებ, ჩემს სახელსა და ღირსებას ჩამოვდივარ და ვირთხებმა შემჭამონ „საქათმეში“, თუკი ბელაია ვორონა მცირეშიც კი დამნაშავე იყოს. ის, მე და იურკა ტრუსიკის ძმაკაცები ვართ და გამორიცხულია, ანტონს ვინმე გაეწიროს, მით უმეტეს, გრუზინი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გაჩალიჩებულია. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავადგინოთ სიმართლე. გავიგოთ, სადაა დამარხული ძაღლის თავი და დამნაშავეთა ჯგუფი საკადრისად დავსაჯოთ.
როსტოვისა და როსტოვის ოლქის მაყურებელს ყველა შეკრებილი კოლეგა დაეთანხმა „სხოდკა“ ამით დასრულდა და ქურდები დაიშალნენ. დიმიტრიჩს კი ტელეფონმა დაურეკა და როცა ყურმილი აიღო, მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა:
– დიმა, მე ვარ. ყველაფერი გაგირკვიე და ერთ საათში დონის ნაპირას, ძველ ნავსაყუდელთან მოდი და გეტყვი.
დიმიტრი დუმბაძე დათქმულ ადგილზე მარტო მივიდა და თავის დეიდაშვილს, ვლადიმირ კესარევს შეხვდა, რომელიც უშიშროების პოლკოვნიკი იყო მოსკოვში, „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და მრავალ საიდუმლო, ოპერატიულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, როგორც თავის უწყებაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ერთი კვირის წინ დიმიტრიჩმა მას მაგადანის ¹5 საპყრობილეში მომხდარი ამბის შესახებ სიმართლის გაგება სთხოვა და პოლკოვნიკმა თავის ალალ დეიდაშვილს ასეთი რამ უთხრა:
– ყველაფერი მოწყობილი იყო. პეტრე კოშკაძე, იგივე, პეტრუშა მილიციის აგენტია. მათზე მუშაობს და მათ დავალებებს ასრულებს. სამაგიეროდ, მისი 15-წლიანი სროკის გამესამედებას შეჰპირდნენ. სამი წელია, რაც ზის და ორ წელიწადში უნდა გამოუშვან. თუმცა, ეს გამორიცხულია და მას ატყუებენ. მან, ოპერ კუნის დახმარებით, შენს ძმაკაცს ფული ჩაუკერა სახელოში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. დანარჩენი ცამეტი ქურდი კი, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ „სხოდკას“ და ბელაია ვორონას განაჩენი გამოუტანეს, საქმის კურსში არ იყვნენ. ისინი, უბრალოდ, პრეზერვატივებივით გამოიყენეს...
– პრეზერვატივები არიან და იმიტომ. ახლა ისინიც ისევე დაისჯებიან, როგორ პეტრუშა... – კბილებში გამოსცრა დიმიტრიჩმა და დეიდაშვილს ჰკითხა:
 – ვისი დავალებით ჩატარდა ეს ნაბოზრობა და რა იყო მისი მიზანი?
– დიმა, იცოდე, არ გამთქვა, თორემ ორივეს გაგვანადგურებენ. ეს ამბავი პოლიტბიუროდან მოდის და ქურდების განადგურებას, ან სრულ გადაბირებას ემსახურება. ჯერჯერობით ტემპი დაბალია, მაგრამ, ალბათ, მალე მოიმატებს. იწყებენ ძლიერი, დიდი ავტორიტეტის მქონე ქურდებით და სულ მალე ფართო ფრონტს გაშლიან. ეს საიდუმლო დირექტივაა და ყველაფერი შინაგან საქმეთა მინისტრს, ნიკოლაი შჩოლოკოვს დაევალა. თავად შჩოლოკოვი და ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარე ანდროპოვი, თურმე, ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მაგრამ, კენჭისყრაზე სუსლოვის ფრთამ გაიმარჯვა და სწორედ სუსლოვის იდეაა ქურდების განადგურება.
მაღალი რანგის „კაგებეშნიკი“ და საყოველთაოდ აღიარებული ქურდი ისევე ფარულად დაშორდნენ ერთმანეთს, როგორც შეხვდნენ. პოლკოვნიკი მოსკოვში დაბრუნდა. დიმიტრიჩმა კი ორიოდე, ძალიან ერთგული და სანდო კოლეგა შეკრიბა და თავისი დეიდაშვილის მონაყოლი გაანდო. თუმცა, წყარო არ უხსენებია და ბოლოს თქვა:
– როგორმე ჩვენი განადგურებისა და გაბოზების მცდელობა უნდა შევაჩეროთ და სასწრაფოდ რამეა მოსაფიქრებელი. ახლა კი ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ჩვენი კრისტალივით სუფთა, დაღუპული ძმაკაცის სისხლის აღება...
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, მაგადანის ¹5 კოლონიაში საშინელება დატრიალდა. ზონაში მიყვანილმა ორმა პატიმარმა – სერგეი ვორონინმა და ვიქტორ სტეპანოვმა იქ მსხდომი თოთხმეტი ქურდი 2-2 ცალი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებით უწყალოდ ჩახოცეს. შემდეგ კი, იარაღი დაყარეს და შუა ზონაში ზურგიზურგ დადგნენ...
შემსრულებლებისთვის ხელი არავის უხლია. ისინი მხოლოდ ქალაქ მაგადანის ციხეში გადაიყვანეს. როსტოვში კი ორივე ქურდებად გამოაცხადეს, რადგან ასეთი იყო შეთანხმება. და ეს ისტორია უმალვე გავრცელდა მთელ საბჭოთა კავშირში...
ურთიერთხელსაყრელი შეთანხმება
დიმიტრიჩისა და სხვა როსტოველი ქურდების მიერ მოწყობილი შურისძიება 1968 წლის 9 აპრილს მოხდა. 21 აპრილს კი მაშინდელი საბჭოთა დედაქალაქის, მოსკოვის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ორეხოვო-ზუევოში, ერთ-ერთ სააგარაკო სახლში ისტორიული შეხვედრა გაიმართა. მას საბჭოთა ქურდული სამყაროს ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრას სულ ექვსი ადამიანი ესწრებოდა – 3-3 ორივე მხრიდან. ერთი მხრივ, ამ საიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კანონიერი ქურდები: დიმიტრი დუმბაძე, მეტსახელად დიმიტრიჩი, ვიქტორ ლოსევი, მეტსახელად „ლოსი“ და გარიკ მოვსესიანი, მეტსახელად „ნოსა“. მეორე მხრივ კი, ამ კონსპირაციულ შეხვედრაზე მოვიდნენ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი ანისიმის ძე შჩოლოკოვის ნდობით აღჭურვილი პირები: პოლკოვნიკი ვიქტორ სავინი, პოლკოვნიკი ევგენი კუდრიავცევი და პოლკოვნიკი თემურ აბაშიძე. სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით დაუკავშირდნენ ქურდები მინისტრ შჩოლოკოვს და ქურდების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერების სანაცვლოდ მნიშვნელოვანი თანხა შესთავაზეს. პასუხი მალევე მიიღეს – მინისტრი 30 მილიონ მანეთს ითხოვდა. სამაგიეროდ, ვალდებულებას იღებდა, რომ რეპრესიები შეწყდებოდა. ქურდებმა თანხმობა განაცხადეს და 30 მილიონი მანეთის მობილიზება ოთხ დღეში მოახერხეს. ორეხოვო-ზუევოს შეხვედრაზე სამი უზარმაზარი ჩემოდნით მოვიდნენ. თითოეულში 10-10 მილიონი ელაგა 100-მანეთიანი კუპიურებით.
მისალმებისა და ფორმალური მოკითხვის შემდეგ, დიმიტრიჩმა ფარდა გადასწია და რიგში ჩაწყობილი ჩემოდნები დაანახვა პოლკოვნიკებს. შემდეგ სამივეს თავი ახადა და ასმანეთიანი დასტები უჩვენა მათ, თან თქვა:
– აი, ჩვენი ქურდული სიტყვის დასტური. ახლა კი ჯერი თქვენზეა.
მილიციელებმა ფული ფურგონიანი „პობედით“ წაიღეს და სად და ვისთან მიიტანეს, უცნობია. თუმცა, ორ კვირაში ანტიქურდული კამპანია შეწყდა და როგორც მოგვიანებით, „ფეესბეს“ ღია წყაროებიდან გახდა ცნობილი, უახლოეს პოლიტბიუროს სხდომაზე ბრეჟნევმა სუსლოვი  საპყრობილეებში მკაცრი პოლიტიკის გატარების გამო შეახურა და მისი წამქეზებელი სწორედ შჩოლოკოვი იყო...

скачать dle 11.3