ძირს მელანქოლია!
სხვათა შორის, მელანქოლია, შეიძლება, ზაფხულშიც შემოგაწვეთ. ამან არ შეგაშინოთ, არც დაგაღონოთ. არსებობს უმარტივესი ხერხები მისგან თავის დასაღწევად. უბრალოდ, ძალიან უნდა მოინდომოთ და არ დაგეზაროთ, მცირეოდენი თანადგომა გამოიჩინოთ საკუთარი თავის მიმართ. ამისთვის კი საჭიროა:
1) დროულად დაწვეთ დასაძინებლად და დილით უთენია არ წამოხტეთ, თუკი ორგანიზმი ძილს გთხოვთ. შესაძლოა, თქვენი უგუნებობის მიზეზი სწორედ ძილის უკმარისობაშია.
2) ცნობილია, რომ ბანანი და შოკოლადი ეხმარება ორგანიზმს გამოიმუშაოს ბედნიერების ჰორმონი – სეროტონინი. იგივე ფუნქცია აქვს მაკარონს. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.
3) ხშირად ახედეთ ცას, მით უფრო, თუ ის ღრუბლიანი არ არის. ეს დაგეხმარებათ, სწრაფად გამოიკეთოთ განწყობა.
4) თუ გაქვთ ეზო ან ბაღი, წაიმუშავეთ მიწაზე: დარგეთ ყვავილები, მორწყეთ მცენარეები. თუ ბაღი არ გაქვთ, ქოთნის ყვავილებს მიხედეთ – ეს ნამდვილად გაგახალისებთ.
5) გაიხსენეთ ყველა ის სასიამოვნო და ბედნიერი მომენტი, რაც კი ოდესმე გქონიათ და დარწმუნდებით, რომ ცხოვრებაში „შავ ზოლს“ ყოველთვის ცვლის თეთრი.
6) გადაახალისეთ თქვენი გარდერობი. თუ ახლის შეძენის საშუალება არ გაქვთ, მოუხმეთ ფანტაზიას და გააკეთეთ კომბინაციები თქვენი სხვადასხვა სამოსის შეხამებით.
7) ყველაზე საყვარელ და ახლობელ ადამიანთან ერთად წადით კაფეში, უყურეთ თქვენს საყვარელ ფილმს ან, უბრალოდ, ერთად მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.
8) თუ სახლში მარტო ხართ და ვინმესთან წასვლა გეზარებათ, დაურეკეთ იმ ადამიანს, ვისი ხმის გაგონებაც ყველაზე მეტად გაგიხარდებათ, თუნდაც მასთან წაჩხუბებული ან დამდურებული იყოთ. პირველმა გადადგით ნაბიჯი შერიგებისკენ. გვერწმუნეთ, თავადვე კმაყოფილი დარჩებით საკუთარი საქციელით.
9) გიყვართ კროსვორდები? ძალიან კარგი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მელანქოლიის დასაძლევად.
10) და, ქალებისთვის ყველაზე სასურველი და სასიამოვნო საშუალება – შოპინგი! თუ ამისთვის საკმარისი ფული არ გაქვთ, ისესხეთ მეგობრისგან ხელფასამდე მცირეოდენი თანხა და მიუძღვენით საკუთარ თავს საჩუქარი.