კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დამსახურებისთვის გახდა გინესის წიგნის რეკორდსმენი დასტინ ჰოფმანი და როგორ გადაარჩინა მან სიკვდილს ახალგაზრდა მამაკაცი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში

ამერიკული კინოს სუპერვარსკვლავსა და ორგზის „ოსკარის” ლაურეატს, ლეგენდარულ დასტინ ჰოფმანს ახლახან 75 წელი შეუსრულდა. მსახიობობის გარდა, ჰოფმანი აქტიური პროდიუსერია და რეჟისურასაც უთმობს დროს. ამჟამად ჰოფმანი თავის მორიგ ფილმზე ასრულებს მუშაობას და სოლიდური ასაკის მიუხედავად, არც ახალ როლებზე ამბობს უარს.
* დასტინ ჰოფმანი 1937 წლის 8 აგვისტოს დაიბადა ჰარი და ლილიან ჰოფმანების ოჯახში, ლოს-ანჯელესის „ქუინ ენჯელსის” ჰოსპიტალში. ჰოფმანის მშობლები რუსეთის იმპერიიდან, კერძოდ, კიევიდან და რუმინეთიდან წამოსული ებრაელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ.
* სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, დასტინ ჰოფმანმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა: მუშაობდა ფსიქიატრის თანაშემწედ ფსიქიატრიულ კლინიკაში; მდივან-მემანქანედ ნიუ-იორკის ერთ-ერთ გაზეთში, სადაც სწრაფი ბეჭდვით გამოირჩეოდა და წუთში 80-მდე სიტყვას კრეფდა საბეჭდ მანქანაზე; „მეისის” სუპერმარკეტში სათამაშოების სექციაში კონსულტანტად; ჭურჭლის მრეცხავად რესტორანში, საიდანაც იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სამზარეულოში დაუკითხავად ჭამდა ძვირად ღირებული კერძების ნარჩენებს.
* ბავშვობაში დასტინ ჰოფმანს ფორტეპიანოზე დაკვრა იტაცებდა და ლოს-ანჯელესის კონსერვატორიაშიც კი სწავლობდა საფორტეპიანო განხრით.
* ჰოფმანის კარიერა ბროდვეიზე დაიწყო სხვადასხვა თეატრში. დიდ ეკრანზე მისი დებიუტი კი 1967 წელს შედგა, 30 წლის ასაკში. ეს იყო ეპიზოდური როლი ფილმში „თაიგერ მეიქს აუთ”.
* დასტინ ჰოფმანის გზა კინოსამყაროში ლი სტრასბერგის სამსახიობო ოსტატობის სკოლიდან დაიწყო, სადაც მასთან ერთად ჯინ ჰეკმანი და რობერტ დიუვალი სწავლობდნენ. ისინი სტუდენტურ საცხოვრებელში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და იქიდან მოყოლებული მეგობრობენ.
* რობერტ დიუვალი იხსენებდა, რომ დასტინ ჰოფმანი სამეგობროში ყველაზე დიდი მექალთანე იყო – კვირაში ერთხელ იცვლიდა პარტნიორ ქალებს და გამორჩეული იმიჯით იყო ცნობილი – ატარებდა გრძელ თმას, ტყავის ჩექმებს, ლურჯ ჯინსებსა და ტყავის ჟილეტს. იგი გადაადგილდებოდა მხოლოდ მოტოციკლეტით.
* თეატრალური კრიტიკოსები დასტინ ჰოფმანის სცენაზე თამაშის მანერას ბასტერ კიტონის, ჩარლი ჩაპლინისა და რინგო სტარის მანერებს ადარებდნენ.
* დასტინ ჰოფმანი მაიკლ კორლეონეს როლზე ისინჯებოდა ფილმში „ნათლიმამა”, თუმცა როლი ალ პაჩინოს შეხვდა.
* ფილმის „ძაღლის ქიცინის” გადაღებების დროს დასტინ ჰოფმანი, რობერტ დე ნირო და რეჟისორი ბარი ლევინსონი ამერიკის პრეზიდენტს, ბილ კლინტონს შეხვდნენ ვაშინგტონის სასტუმროში. პრეზიდენტი დაინტერესდა ფილმის სიუჟეტით და კლინტონთან საუბარი მხოლოდ დასტინ ჰოფმანმა მოახერხა. რობერტ დე ნიროსა და ბარი ლევინსონს ერთდროულად დაებათ ენა.
* ფილმში „პატარა დიდი კაცი” შესრულებული როლისთვის დასტინ ჰოფმანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ფილმში მისი გმირის ცხოვრება ასახულია 17 წლიდან სიკვდილამდე, 121 წლამდე. მთელი ეს პერიოდი განასახიერა ჰოფმანმა, რისთვისაც რეკორდის მფლობელიც გახდა.
* მიუხედავად იმისა, რომ დასტინ ჰოფმანი და ჯინ ჰეკმანი 60-იანი წლების დასაწყისიდან მეგობრობენ, მათ მხოლოდ ერთხელ მოუხდათ შეხვედრა გადასაღებ მოედანზე, 2003 წელს გადაღებულ დრამაში „გაქცეული ჟიური”.
* ჟურნალ „ენტერტაიმენტ უიკლის” ვერსიით შედგენილ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მსახიობთა ასეულში, დასტინ ჰოფმანს 28-ე ადგილი უკავია.
* მსახიობი ენ ბენკროფტი დასტინ ჰოფმანზე მხოლოდ 6 წლით უფროსია, თუმცა ფილმ „კურსდამთავრებულში,” სცენარის თანახმად მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 30 წელია.
* პოლ მაკარტნისთან გამართულ სადილზე, დასტინ ჰოფმანი ცნობილ მუსიკოსს მთელი საღამო პაბლო პიკასოს ცხოვრების ბოლო დღეებზე ესაუბრებოდა.
* ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დილის გარბენის დროს, 73 წლის დასტინ ჰოფმანმა 27 წლის მამაკაცი გადაარჩინა სიკვდილს. ჰოფმანმა დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ბარბაცით მიდიოდა და ბოლოს წაიქცა. მსახიობი მივიდა მასთან და პულსი გაუსინჯა. ახალგაზრდას გული არ უცემდა და ჰოფმანმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. შემდეგ კი როცა შეიტყო, რომ ახალგაზრდა სიკვდილს გადაურჩა, თავისი წიგნი აჩუქა ხელმოწერით.
* ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, რომლისთვისაც დასტინ ჰოფმანმა „ოსკარი” მიიღო, მისი გმირის სცენების უმრავლესობა ჰოფმანის იმპროვიზირებულია.
* თავდაპირველად, ფილმ „ტუტსის” სახელწოდება სცენარის მიხედვით, უნდა ყოფილიყო – „შევძლებ კი მე, მის მოტყუებას?”, თუმცა, ეს ჰოფმანს არ მოეწონა და პროდიუსერებს დედამისის ძაღლის სახელი შესთავაზა – ტუტსი და ისინიც დასთანხმდნენ.
* დასტინ ჰოფმანის კოლეგები სამსახიობო წრიდან ლეგენდარულ მსახიობს მოიხსენიებენ როგორც „მძიმე ხასიათის” ადამიანს, რომელთანაც, ხშირ შემთხვევაში, მოსაწყენი და უინტერესოა ურთიერთობა. თუმცა, უკლებლივ ყველა აღნიშნავს, რომ დასტინ ჰოფმანი თავისი საქმის უბადლო მცოდნე და ნამდვილი პროფესიონალია.
* დასტინ ჰოფმანის სიმაღლე 163 სანტიმეტრია.
* დასტინ ჰოფმანი დღემდე მიიჩნევს, რომ სტუდიამ მას ფილმისთვის „ტუტსი” ბოლომდე არ გადაუხადა ჰონორარი.
* ფილმის „წვიმის კაცის” გადაღებების დაწყებამდე, დასტინ ჰოფმანი რამდენიმე თვის განმავლობაში დადიოდა კონსულტაციებზე ფსიქიატრებთან, რათა მაქსიმალურად მიახლოებოდა თავის გმირს, აუტიზმით დაავადებულ რეიმონდ ბებიტს.
* დასტინ ჰოფმანმა მსახიობობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფეოდორ დოსტოევსკის რომანი „დანაშაული და სასჯელი” წაიკითხა. ჰოფმანის ოცნება იყო, რომ დიდ ეკრანზე რასკოლნიკოვის როლი ეთამაშა.
* ბავშვობაში დასტინ ჰოფმანს თანასკოლელები სიდაბლის გამო ხშირად დასცინოდნენ და სხვადასხვა თიკუნით მოიხსენიებდნენ: „ჯუჯა”, „წრიპა”, „ადამიანის ნაგლეჯი”, „ლილიპუტი” და სხვა.
* კალიფორნიაში, პასადენის სამსახიობო სკოლაში სწავლის პერიოდში დასტინ ჰოფმანს კურსის ყველაზე უპერსპექტივო მსახიობად მიიჩნევდნენ მასწავლებლები.
* პირველად დასტინ ჰოფმანი 1969 წელს დაქორწინდა ენ ბიერნზე, რომლის ქალიშვილი – კარინაც შვილად აღიარა. ამ ქორწინებაში ჰოფმანს ეყოლა ქალიშვილი ჯენა. 1980 წელს დასტინი ენ ბიერნს დაშორდა და იმავე წელს ადვოკატ ლაიზა გოტსეგენზე დაქორწინდა, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს: ჯეიკობ ედვარდი, რებეკა, მაქსველ ჯეოფრი და ალექსანდრა ლიდია.
* პოლიტიკაში დასტინ ჰოფმანი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხარს უჭერდა ამერიკის დემოკრატიულ პარტიასა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, რალფ ნეიდერს.
* 1997 წელს დასტინ ჰოფმანმა ღია წერილი მისწერა გერმანიის მაშინდელ კანცლერს, ჰელმუტ კოლს, რომელშიც გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ საიენთოლოგიის სექტის მიმდევართა დევნას აკრიტიკებდა.
* დასტინ ჰოფმანის ჰონორარები წლების მიხედვით: „კურსდამთავრებული” (1967), 17 ათასი დოლარი; „შუაღამის კოვბოი” (1969), 250 ათასი დოლარი; „ფარვანა” (1973), 1,25 მილიონი დოლარი; „ტუტსი” (1982), 5,5 მილიონი დოლარი; „წვიმის კაცი” (1987), 5,8 მილიონი დოლარი.

скачать dle 11.3