ახალი ზელანდიის ნაპირებთან ხუთი ტრილიონი დოლარი „დაცურავს“
„იშვიათი ბუნებრივი ფენომენი – პემზისგან შემდგარი მოდრეიფე არქიპელაგი, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს, როგორც იტყვიან, ნამდვილი ტალღებზე მოცურავე ფულია“, – აღნიშნავენ ექსპერტები. თუმცა, ახალი ზელანდიის ხელისუფლება, რომლის ნაპირებთანაც მოცურავე კუნძულები აღმოაჩინეს, ვერ შეძლებს, წამოაყენოს ტერიტორიული მოთხოვნა. საქმე არა მარტო ისაა, რომ კუნძულები მოძრაობენ, უბრალოდ, ისინი დიდხანს ვერ ძლებენ და მალე ქრებიან.
26 ათასი კილომეტრი ფართობის, დაახლოებით ბელგიის ტერიტორიისხელა პემზისგან შემდგარი არქიპელაგის აღმოჩენის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. მეზღვაურების შეფასებით, აღმოჩენის მომენტში პემზისგან შემდგარი არქიპელაგი გადაჭიმული იყო სიგრძეში 750 საზღვაო მილზე, სიგანეში კი 30 საზღვაო მილზე.
„კლდეები წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 2 ფუტის სიმაღლეზე იყო ამოწვდილი (დაახლოებით ნახევარ მეტრზე) და მზეზე ბრწყინავდა... პემზის მასა ჰორიზონტამდე იყო გადაჭიმული“, – ყვება კრეისერ „კანტერბურუს“ ერთ-ერთი ოფიცერი. სწორედ ამ ხომალდის ეკიპაჟი გახდა ახალი გეოგრაფიული აღმოჩენის ავტორი. ოკეანოგრაფების აზრით, პემზა წყლის ზედაპირზე წყალქვეშა ვულკან მონოვოის ამოფრქვევის დროს ამოიტყორცნა. ამ ვულკანის აქტივობა მხოლოდ გაზაფხულზე შეამჩნიეს.
მოცურავე პემზის ველები გვხვდება ოკეანეებისა და ზღვების იმ რეგიონებში, სადაც, საკმაოდ ხშირად არსებობს წყალქვეშა ვულკანიზმი. ვულკანის ამოფრქვევისას წარმოქმნილი პემზა კრატერის ზემოთ გიგანტური ხის სახით ამოიზრდება ხოლმე. შემდეგ ცივდება და, შეიძლება, თავის წარმომშობს მოწყდეს და თავისუფალი ცურვა დაიწყოს.
ასეთი რეგიონები წყნარ ოკეანეში ორია, – აღნიშნავს ექსპერტი, – ერთ-ერთი წარმოიქმნა ჩრდილო ნახევარსფეროში. იქ ახლა წარმოიქმნა უზარმაზარი ნაგავსაყრელი, რომელიც იაპონიის ნაპირებიდან 2011 წლის 11 მარტს ცუნამის მიერ ჩამორეცხილმა ნაგავმა შეავსო.
მეორე რაიონი სამხრეთ ნახევარსფეროშია. წყნარ ოკეანეში არსებულ ასეთ მოდრეიფე კუნძულების შესახებ წერდა ჟიულ ვერნი თავის წიგნში „საიდუმლო კუნძული“. ეს იყო პემზისგან შემდგარი კუნძულები, რომლებიც თანდათანობით გაქრა.
თუ პემზის ფენა წყლის ზედაპირიდან ორ ფუტზეა ამოწეული, მაშინ, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ პემზის ფენა ორი მეტრი სისქისაა. 26 ათასი კვადრატული კილომეტრი – ეს დაახლოებით 50 მილიარდი კუბური მეტრია და დაახლოებით 35-40 მილიარდი ტონა. ბაზარზე სამშენებლო ხარისხის პემზა დაახლოებით 150 დოლარი ღირს. ასე რომ, ახალი ზელანდიის ნაპირებთან ამჟამად დაახლოებით ხუთი ტრილიონი დოლარი დაცურავს.