როგორ უღალატა ტენდენციებს იოჯი იამამოტომ
ის იყო პირველი, ვინც მსოფლიო, უფრო სწორად მოდური მსოფლიო იაპონურ ფილოსოფიურ მოდაზე აალაპარაკა. არსებობენ ფერადი, ლამაზი, „პაპსა” დიზაინერები, რომლებსაც პოდიუმზე გემრიელი, ოდნავ ხორციანი გარუჯული მოდელები გამოჰყავთ. არსებობს ინტელექტუალური მოდა, გეომეტრიული შტრიხებით, სადა, მაგრამ ძალიან რთული კონსტრუქციებით, ფერმკრთალი და სევდიანი სახით პოდიუმზე მძიმედ მოსიარულე მოდელებით, რომლებიც მაკიაჟით ავადმყოფებს დამსგავსებიან. არის კიდევ ფილოსოფიური მოდა, რომლის ფუძემდებლებიც აუცილებლად იაპონელები არიან. მათი ყველაზე კაშკაშა, მაგრამ უკვე კარგად გაჭაღარავებული სახე კი იოჯი იამამოტოა.
გაირკვა, რომ იოჯი იამამოტოს მოდის სახლს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს. ის ბანკროტის პირასაა და ამიტომ ნიუ-იორკის მაღაზია დახურა. მაგრამ, ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ მას საუკეთესო კოლექციები არ წარმოედგინა მოდის კვირეულებზე. იამამოტო ყოველთვის ცნობილი იყო ავანგარდული სულით, რომელიც იოლად გადმოჰქონდა ტანსაცმელში. მისი წარმოდგენები საინტერესო იყო და არის მთელი მსოფლიოს მოდის კრიტიკოსებისთვის. ის ერთ-ერთია, ვისაც შეუძლია არც ერთი მოდის ტენდენცია, არანაირი ტრენდი არ გაითვალისწინოს და საკუთარი კოლექცია გახადოს ტენდენციური. შავი – იამამოტოს ძირითადი ფერია. ის აქცენტს დრაპირებულ, დაპლისულ ქსოვილებზე აკეთებს და ხშირად ურევს მას სხვადასხვა ტექსტურაში. იოჯი იამამოტოს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა იმ თანამშრომლობამ, როცა მისმა მეორე ხაზმა „Y” და „ადიდასმა” ერთობლივი სპორტული კოლექცია გამოუშვეს. ამ სპორტული ხაზით შეიმოსა მთელი მსოფლიო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არანაკლებ პოპულარული იყო ის საქართველოში.
იამამოტოს 2012-2013 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ჩვეულ და საყვარელ შავ ფერშია გადაწყვეტილი. დიზაინერს ყურადღებაც კი არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ წელს საოცრად ტენდენციურია კანისფერი, კაკაოსფერი და მათი გრადაციები. არ იყო ადვილი გაყინული ადამიანების ყურადღების მიპყრობა, რომლებიც პლედების ბოლოებსაც კი ტანზე იხვევდნენ – იოჯიმ კოლექციის სანახავად მისულ სტუმრებს სიცივე დაახვედრა. მაგრამ, დიზაინერმა აბსოლუტურად დააკმაყოფილა ყველას მოლოდინი, მან საოცარი კოლექცია აჩვენა სტუმრებს.
პოდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კონცეპტუალური მოდელები, თუმცა აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ კონცეპტუალურობისა და ფილოსოფიურობის გამო მათი „ჩაცმადობა” არ კნინდებოდა. პირიქით, კოლექცია თავიდან ბოლომდე გათვლილი იყო ჩვეულებრივ ქალბატონზე, რომელიც მაღალ მოდაზე, ძალიან მაღალ ქუსლებსა და ასე აქტუალურ ლეოპარდის ტყავის ფერებზე არ გიჟდება და ურჩევნია, საინტერესო კონსტრუქციის, უცნაური, მაგრამ ძალიან კომფორტული კაბები და პალტო ჩაიცვას. ამ სეზონის მოდა ცოტა ანარქისტული იყო. თავად იამამოტომ თქვა – „ვგრძნობ, როგორ სჭირდება თანამედროვე მოდას ყვავილივით ქალი, ყვავილისებური ძალა, მაგრამ, იმავდროულად, მსოფლიოს ახალგაზრდების სიბრაზე და ცოტა აგრესია სჭირდება.“ სენტიმენტალური და იმავდროულად, ანარქისტული, ჩარჩოებიდან ამომხტარი ქალი, იამამოტოს ამ სეზონის მთავარი გზავნილია. ბნელი კოლექციის მიუხედავად დიზაინერის განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია. ის იმედიანად უყურებს მომავალს... მან ან იმაზე მეტი იცის მომავალზე, ვიდრე ჩვენ, ან უბრალოდ სჯერა მისი...