პრაქტიკული ფსიქოლოგია
რას გვთავაზობს პრაქტიკული ფსიქოლოგია? – იმას, რომ უფრო ყურადღებით შევისწავლოთ ის ადამიანები, რომლებიც გვერდით გვყავს. მაგალითად, შეიძლება, არც იცით, რომ მამაკაცს, მიუხედავად კარგი ფიზიკური მონაცემებისა, საკმაოდ ნაზი, სუსტი ფსიქიკა აქვს და ძნელად გამოდის კრიზისიდან. მამაკაცს არაფრით არ შეუძლია, გამოცდილება წიგნებით ან მეგობრების მაგალითებიდან მიიღოს. ის საკუთარ თავს და საკუთარ შინაგან სამყაროს მხოლოდ რეალური ქალის გვერდით შეიცნობს. დავიწყოთ თავიდან, როცა პატარა ბიჭუნა, დედის თითებს მობღაუჭებული, გაფართოებული თვალებით აკვირდება სამყაროს. მამაკაცის ცხოვრებაში პირველად ქალი დედაა და ამიტომ ძალიან ბევრით არის მასზე დამოკიდებული. თუ დედასთან კაცს კომფორტული ურთიერთობა აქვს, შემდგომ თავის ცხოვრების ქალებთანაც ასე გააგრძელებს.
სტატისტიკა და პრაქტიკული გამოცდილება მოწმობს, რომ ქალები ბევრად სწრაფად გამოდიან კრიზისული სიტუაციებიდან, ვიდრე მამაკაცები. ქალები ხშირად თავადვე არიან საკუთარი თავის ფსიქოანალიტიკოსები. მამაკაცებს იშვიათად აქვთ ამის უნარი. მამაკაცებმა უნდა აღიარონ, რომ, შესაძლოა, ბუნებამ მათ დიდი ფიზიკური ძალა მისცა, სამაგიეროდ, ქალები უშრეტი ენერგიით დააჯილდოვა. სხვანაირად, ქალი ვერ შეძლებდა ნაყოფის მუცლით ტარებას და ვერც მის ამქვეყნად მოვლინებას. სამწუხაროდ, ქალები არ უფრთხილდებიან ბუნების ამ საჩუქარს და ენერგიას უსარგებლოდ, არამიზნობრივად ხარჯავენ...
ჯოჯოხეთის შრეები
თემა მძიმეა, თუმცა აუცილებელი განსახილველად. ფაქტია, რომ განშორება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. სულერთია, ვის ვკარგავთ, მეგობარს, მშობელს თუ პარტნიორს. ტკივილი თითქმის ერთნაირია, მაგრამ საყვარელი ადამიანის – ანუ პარტნიორის დაკარგვა განსაკუთრებით მძიმედ გადააქვს სუსტი სქესის ფაქიზ ნატურას. უმძიმესია განშორების პირველი დღეები და კვირები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალი ამ დროს ლამის ჯოჯოხეთის შრეებს გადის. ტკივილი უმძიმესია. გამოსავალი, ხსნა არ ჩანს. მიტოვებული ქალი „იფლითება“ ეჭვით, იმედგაცრუებით, წყენით, ცრემლით, შეურაცხყოფით, მისთვის სამყარო ინგრევა. თავს უსარგებლო ნივთად გრძნობს და ყოველი გათენებული დღე ან მოღიმარი სახე, აუტანელია მისთვის.
დგება სრული უმოქმედობის ხანა. იგონებს მიზეზებს, რომ სახლიდან არ გავიდეს, არ შეხვდეს მეგობრებს... ან პირიქით, გამოძახებით ჰყავს მეგობრები, რათა მათ კალთაში გამოიტიროს საკუთარი უბედურება. დიახ! სწორედ უბედურია შეყვარებული ქალი, რომელიც მიატოვეს, მაგრამ მას ძველებურად უყვარს.:.. „სად არის შენი თავმოყვარეობა“, „ის შენს ცრემლებად არ ღირს“, „ასეთი ნაძირალისთვის თავს როგორ იმცირებ“ – ლიტონი, ფუჭი სიტყვებია. ვერ ანუგეშებთ და ვერაფერს უშველით... ის, რაც გასავლელია – „ჯოჯოხეთის შრეები“ მან აუცილებლად უნდა გაიაროს. მხოლოდ ამ ეტაპის გადალახვის მერე იფიქრებს ქალი ხვალინდელ დღეზე...
ემოციები და პერიოდები
ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები უემოციო, უგრძნობი არსებები არიან. ასეთი მოსაზრება კიდევ უფრო მყარდება ფაზაში, როცა განშორებით ნატკენი გულისთვის მალამოს ვეძებთ. ემოციები, რომლებსაც მამაკაცები საყვარელ ადამიანთან განშორებისას განიცდიან, პრინციპში, იგივეა, რასაც ქალები განიცდიან მსგავს შემთხვევაში. განსხვავებულია მხოლოდ ემოციების ხანგრძლივობის ვადა. ქალებისთვის ის გაცილებით ხანგრძლივია. ბევრია დამოკიდებული იმაზეც, ვინ იყო განშორების ინიციატორი. ასევე, მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათსაც. თუმცა, ბუნებამ მაინც იზრუნა იმაზე, რომ გლობალურ პრობლემებზე მზრუნველი მამაკაცების რიცხვი ცოტა არ ყოფილიყო. ამიტომაც, მათი ტვინი ისე „მომართა“, ემოციებისთვის ნაკლები „სივრცე“ დაუტოვა. თუ საკითხს მშვიდად, ემოციების გარეშე შევხვდებით, ამაში პოზიტივიც საკმარისზე მეტია. ნუ გამოვრიცხავთ პიროვნულ ინდივიდუალიზმსაც. ზოგჯერ მამრობითი სქესის ისეთი ემოციური ინდივიდი შეგხვდება, ქალს რომ გააოცებს თავისი მგრძნობელობით. მაგრამ, ასეთი მამაკაცებისთვის ცხოვრება რთულია. ადვილად ვარდებიან დეპრესიაში... ადვილად დაყრიან ხოლმე ფარ-ხმალს, ხდებიან იმ ადამიანზე დამოკიდებული, რომელიც გვერდით ჰყავთ... ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ, ვისთან ერთად ისურვებდით ცხოვრებას. ძლიერ, მაგრამ უემოციო და მშვიდ მამრთან, თუ... კაცთან, რომელსაც პრობლემის გამო თქვენს მხარზე ტირილი შეუძლია...
თეორიები და რეალობა...
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ წყვილები ერთმანეთს ყველაზე ხშირად, თანაცხოვრების მე-5, მე-7 და მე-9 წელს შორდებიან. თუკი, რა თქმა უნდა, თანაცხოვრების პირველი კრიზისული წელი გადალახეს. „საშიში“ ასაკია 18-დან 35 წლამდე, ანუ, შენი ცხოვრების საუკეთესო წლები შიშსა და შფოთში უნდა გაატარო. ეს იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორი გიყვარს. თუ არ გიყვარს, თავს გაცილებით მშვიდად გრძნობ, მაგრამ ამ ვარიანტს სხვა პრობლემები ახლავს თან, რომლებზეც ახლა არ ვილაპარაკებთ. შესაძლებელია თუ არა „ეკლიანი“ წლების უდანაკარგოდ გადალახვა?! – ფაქტია, რომ შეიძლება, თორემ ოჯახები ერთმანეთის მიყოლებით დაინგრეოდა. რთულია, იპოვო ორი იმაზე უფრო განსხვავებული არსება, როგორებიც არიან ქალი და მამაკაცი... და ისინი ერთ ჭერქვეშ, ერთად იწყებენ ცხოვრებას. მტკიცდება მიზიდულობის კანონი და ისიც, რომ განსხვავებული პოლუსები ერთმანეთისკენ მიილტვიან. ვიცით, რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე მამაკაცი სხვანაირად რეაგირებს, ქალი – განსხვავებულად. ვიცით, მაგრამ რეალობაში ამისი გააზრება და გაანალიზება გვიჭირს. კონფლიქტებიც ძირითადად ამის ნიადაგზე წარმოიშობა. ყოფით გარემოებებზე განსხვავებული რეაქციები კრიზისის პერიოდებში კიდევ უფრო მწვავდება... სამწუხაროდ, კრიზისის „გადატანის“ მთელი სიმძიმე ქალზე მოდის ხოლმე. პერიოდი, როცა კაცი დიალოგისთვის მზად არის, მალევე არ დგება, ქალს მოცდა უწევს და შესაბამისად, მოთმენაც. აი, ეს არის რეალობა. თუმცა, თეორიებიც გასათვალისწინებელია!