მიჰყავს თუ არა ოჯახი დანგრევამდე წყვილებს შორის ენერგიის არასწორ გაცვლა-გამოცვლას და რა დროს ისჯება ჩვენი ორგანიზმი დაავადებებით
უცხოეთში ჩატარდა კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი პარაფსიქოლოგები და მედიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. მათ ასობით მოხალისე პაციენტი გამოიკვლიეს და საკმაოდ დასაფიქრებელი შედეგები მიიღეს, კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ ავადმყოფობა ან ჯადოს შედეგია, ან ზემოდან მოვლენილი სასჯელი. როგორც ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი ქალბატონი ელეონორა ამბობს, ავადმყოფობა მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავის ენერგიას არასწორად ხარჯავს, არ ითვალისწინებს ეზოთერულ კანონებს და ყველაფერს ბრმად ანდობს ბედს.
– ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა, თუ საიდან ჩნდება ესა თუ ის დაავადება, რატომ იჩენს ის თავს და ზოგადად, რისი შედეგია ის. პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს შესაძლოა, ადამიანის ბედში ხელოვნური ჩარევის ან არასწორად დახარჯული სასიცოცხლო ენერგიის ბრალი იყოს. თქვენ რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?
– მე დიდი ხანია, ამ თემებზე ვმუშაობ და არაერთ ცნობილ უცხოელ პარაფსიქოლოგთან, ეზოთერიკოსთან თუ მედიკოსთან მქონდა შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ ყველა დაავადება ბიოველის დაზიანებით იწყება, შემდეგ ეს გადადის ასტრალურ სხეულზე, შედის ფიზიკურ სხეულში და ფიქსირდება, როგორც დაავადება. ასევე მოქმედებს ჯადოც. ჯადო უარყოფითი ფსიქოენერგოინფორმაციაა, რომელიც აზიანებს ადამიანის ენერგოველს და მასში იბუდებს. ენერგიის სწორი ხარჯვა კი, სწორი ცხოვრების წესია და ეს ყველამ კარგად უნდა შევიგნოთ. ეს კვლევებმაც აჩვენა და ფაქტია, რომ ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად დახარჯული ენერგია.
– როგორ უნდა დავხარჯოთ მოჭარბებული ენერგია ისე, რომ ის დაავადებაში არ გადაიზარდოს?
– ჩვენ, ადამიანები, უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ, რომლის ხარჯვასაც, ძირითადად, ვერ ვახერხებთ. მოჭარბებულმა ენერგიამ კი, თუ გამოსავალი ვერ ნახა, ის ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას იწყებს. რამდენიმე წლის წინ, ამ საკითხით დაინტერესდნენ მსოფლიოს ცნობილი უცხოელი პარაფსიქოლოგები და მედიკოსები. მათ არაერთ დაავადებულ ადამიანზე ჩაატარეს კვლევა და, მიღებული შედეგების შემდეგ, ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, ყველანაირი დაავადება სამ კატეგორიად დაჰყვეს. კერძოდ, ამ სამი დაავადების კატეგორიაში შედის: შთაგონება ზემოდან, ანუ როცა ადამიანი იღებს გამოგზავნილ სასჯელსა და განსაცდელს, რომელმაც მას მძიმე დანაშაული უნდა აარიდოს. ეს ის დაავადებაა, რომელსაც შთაგონებისთვის გვიგზავნიან ზემოდან. დღეს ასეთი დაავადებით ხშირად ინფიცირდებიან არა მხოლოდ დიდები, არამედ მოზარდებიც. ასეთი დაავადება არა მარტო გარშემო მყოფებს აშორებს საფრთხეს, არამედ თავად ადამიანსაც იცავს უარესისგან. მეორე კატეგორიაში შედის ისეთი დაავადებები, რომლებიც ჩვენი სულის თვისებების პროვოცირებას ახდენს. ესაა მემკვიდრეობით მიღებული დაავადებები. აქვე, გეტყვით, რომ დაუკმაყოფილებელი სურვილი ყოველთვის გზავნის ტვინში დამახინჯებულ და ავადმყოფურ სიგნალებს, რასაც ადამიანის ორგანიზმი განადგურებამდე მიჰყავს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შედეგი იქნება ნევროზი, რომელიც შემდეგ დეპრესიითა და ფიზიოლოგიური დაავადებებით მთავრდება; მესამე კატეგორიის დაავადებები, მაგალითად, ასთმა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალერგია და სხვა ადამიანს უჩნდება გაორების დროს.
– იქნებ დააკონკრეტოთ ეს ყოველივე, რომ უფრო გასაგები გახდეს?
– ამ დროს ერთ მხარესაა პრინციპები, რომელიც არცთუ ისე მტკიცეა, მეორე მხარეს კი – ამ პრინციპებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, რომლის დაკმაყოფილებაც გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის. ამ სამივე დაავადების მთავარი და საწყისი მიზეზი, მაინც მოჭარბებული ენერგიის არასწორი ხარჯვაა. ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ, ასევე, შეიძლება, ოჯახის დანგრევამდე მიგვიყვანოს. მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის გამო ბევრი ცოლ-ქმარი იტანჯება. კონფლიქტის მიზეზი კი ბევრჯერ ელემენტარულია, მაგრამ მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის მეთოდი. მაგალითად, ნორმალური ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც თავად იტანჯება და ავადმყოფურად განიცდის. ენერგია ორგანიზმიდან მუდმივად უნდა გაედინებოდეს.
– თუ ასე არ ხდება და ადამიანს აქვს იმის უნარი, ორგანიზმში მოჭარბებული ენერგია შეაკავოს და დათრგუნოს?
– შეკავების შემთხვევაში ის აუცილებლად შეაწუხებს და დისკომფორტს შეუქმნის. ერთ პატარა ეშმაკობას ვასწავლი ქალბატონებს: მოკლედ, როდესაც თქვენ გვერდით მამაკაცი მოიწყენს, იცოდეთ, რომ მას თქვენი ენერგია მოაკლდა. სხვათა შორის, იგივე ითქმის ქალებზეც, მაგრამ ამას მამაკაცი უფრო აშკარად გამოხატავს, ქალებს კი შენიღბვის უნარი გაგვაჩნია. ამიტომ, ამ დროს მიუჯექით გვერდით საყვარელ მამაკაცს და ბევრი ეფერეთ, შეეხეთ მის სხეულს ხელისგულებით და, დარწმუნებული იყავით, თქვენი ენერგიის ასეთი წესით გადაცემით, მას ხასიათზე მოიყვანთ.
– თუ გვერდით საყვარელი მამაკაცი არ არის, მაშინ როგორ მოვახერხოთ მოჭარბებული ენერგიის დახარჯვა, რომ ის ავადმყოფობაში არ გადავიდეს და არ დაგვაზარალოს?
– თუ გრძნობთ, რომ მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებთ, სანამ ის ფიზიკურ დაავადებაში გადავა, გირჩევთ, ბევრი დრო დაჰყოთ ბუნებაში, ხეების გვერდით, იაროთ ბალახზე ფეხშიშველმა და, უბრალოდ, ღრმად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი. რადგან მამაკაცებზე ჩამოვარდა საუბარი, გეტყვით, რომ საკუთარ წარმოსახვაში ყველა ქალს აქვს შექმნილი ოცნების მამაკაცის პორტრეტი. მაგრამ, ზოგჯერ ეს პორტრეტი იმდენად მოწყვეტილია რეალობას, რომ ქალი კომპლექსდება და საერთოდ ვეღარ პოულობს ცხოვრების თანამგზავრს. ოცნების რეალობად ქცევაში კი, საკუთარ თავს თვითონვე უნდა დაეხმაროთ. პირველ ყოვლისა, დაიჯერეთ, რომ მამაკაცი, რომელიც თქვენს გულსა და გონებაში გაჩნდა, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს და მას აუცილებლად შეხვდებით. მერე კი ცოტა „ჯადოქრობაც“ გამოიყენეთ: აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ ყველა ის ფაქტი, რატომ იმსახურებთ ასეთ კაცს გვერდით, რა არის თქვენში განსაკუთრებული და იდუმალი; ასევე, დაწერეთ ყველა ის ნაკლი, რომელსაც მამაკაცში ვერ შეეგუებით. კარგად გადაიკითხეთ ნაწერი, შემდეგ დაწვით. შაბათ დღეს, ღამის 12 საათზე, გზაჯვარედინზე მდგარმა, ფერფლი სამჯერ თავზე შემოივლეთ და შემდეგ მარჯვენა ხელით წინ გადაყარეთ. დამიჯერეთ, ეს იმის შანსებს გააორმაგებს, რომ თქვენს ცხოვრებაში ოცნების მამაკაცი რეალობაშიც გამოჩნდება და ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ის იპოვოთ და თქვენ შორის ენერგიების სწორ გადანაწილებასა და მის შენარჩუნებაზე რჩევებს მერე მოგცემთ (იცინის).
– დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ სასიცოცხლო ძალების პერიოდულად აღდგენა, უბრალოდ, აუცილებელია და ის ადამიანს შრომის უნარსა და სიცოცხლის ხალისს უორმაგებს. ეს როგორღა მოვახერხოთ?
– სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია ვარჯიში, აგრეთვე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი და სასიამოვნო ემოციებით გავსებენ. ამისთვის ხანდახან განმარტოებაც კარგია. ყოველივე ამის ხარჯზე კი თქვენ შეძლებთ, ადვილად დაიცვათ თავი ენერგოვამპირის შემოტევისგან, აღიდგინოთ ენერგია, გახდეთ მშვიდი, ენერგიული და შრომისუნარიანი. ეს კი, დამეთანხმებით, ყველა ადამიანს სჭირდება.