კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა მატარებლებს გივი სიხარულიძე და როგორ გადარჩა ის კანონიერი ქურდისგან „დაბრედვას“

„...იგი არავის ჰგავდა. თავიდანვე რჩეულად ჩაეფიქრებინა განგებას. მწერლობაშიც ასევე შემოაბიჯა, დამკვიდრდა. თუმცა, ეს გვიან მოხდა. მაშინ, როდესაც სხვა მწერლები სამწერლო მაგიდას უსხდნენ და შემოქმედებდნენ, გივი სიხარულიძე ცხოვრების ტაბლას უჯდა და მამაუფალის საგანმგებლოს აკვირდებოდა...“, – ასეთ წინასიტყვაობას უკეთებს კრიტიკოსი თემურ შავლაძე გივი სიხარულიძის ერთ-ერთ წიგნს „იამურ“. რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. „ახალგაზრდა ბიჭები, მწერლობაზე რომ დებდნენ თავს, იმ დროს მე ქუჩის ბიჭი ვიყავი და ცხოვრება ვიცოდი, მთელი ცხოვრება ძველბიჭურად გავატარე. მაგრამ, გულახდილად გეტყვით, ამაზე საზიზღრობა არაფერია. ქუჩა აკადემია კი არა, დაღუპვის აკადემიაა. დაუნდობელთა არენა, სადაც მხოლოდ მგლის ხასიათის ადამიანი იმარჯვებს. მე არ ვიყავი მგელი და არც მდომებია მგლობა, ყოველთვის ვიყავი ის კაცი, რომელიც მგლურ საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ, ბატკანი იყო – თბილი, მოსიყვარულე ბატკანი. რა მექნა? ცხოვრებამ ისე წაიყვანა ჩემი საქმე, რომ ქუჩას მაზიარა და ამ ქუჩის ბიჭობით გამქონდა თავი დიდი ხნის განმავლობაში. საერთოდ, ყოველთვის მართალია ის, ვინც მაგარია. ქუჩამ არ იცის მართალი და მტყუანი. ქუჩამ იცის მაგარი და სუსტი. ბავშვებს ატყუებდნენ – თუ გინდა, ვაჟკაცი იყო, ქურდი უნდა იყოო. ვაჟკაცები ვინც იყვნენ, ვაჟკაცებად დარჩნენ. ყველაზე დიდი წინააღმდეგი მე ვიყავი ქურდული სამყაროსი არა მხოლოდ საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში და ახლანდელმა მთავრობამ შეძლო ის, რომ ქურდული სამყარო მოესპო. იტალიაში, რუსეთში, ამერიკაში ვერ შეძლეს მაფიის დამარცხება“, – ამბობს ბატონი გივი. დღეს მსურს თბილისის კოლორიტის, გივი სიხარულიძის დღიური და საოჯახო ალბომი დაგათვალიერებინოთ. იმ კაცის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ დღიურს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი პერიოდებიდან ვიწყებ, როცა ის თავიდან ფეხებამდე ქუჩურ სისაძაგლეებში იყო გადაშვებული.
„გაჭირვების გამო მატარებლებს ვძარცვავდი უბნის ბიჭებთან, ვალერიკასთან და ჩუსტიკასთან ერთად. ერთი სომეხი იყო, მეორე – რუსი. ძალიან გვიჭირდა. სახლიდან გამოგვასახლეს და გორკის შესახვევში, არსენალზე, მე, დედა, ჩემი და და ბებია სარდაფში ვცხოვრობდით. ბიჭები ღამე ვხვდებოდით მატარებელს. ზეთით სავსე დიდი კასრები ჩამოჰქონდათ ამერიკიდან (ომი ახალი დამთავრებული იყო და ამერიკა გვეხმარებოდა). მატარებელი ნელა მიდიოდა, ჰოდა, ავახტებოდით, ჩამოვაგორებდით და ბუჩქებში ვიმალებოდით. ისეთი ხმა ჰქონდა, ქვეყანა ინგრეოდა. ერთხელ, ერთმა გამცილებელმა ჯარისკაცმა დაგვინახა. ეტყობა, ბავშვები არიან, ბუჩქებში იმალებიან და ვესროლოო? – ჰკითხა მეორე გამცილებელს. არა, რა უნდა ესროლო, ხომ არ გაგიჟდი, ბავშვები არიან. აქტი მოამზადე და მე მოგიწერ ხელს, რომ გაგვძარცვესო. მშიერ-მწყურვალი ვიყავი და ამას იმიტომ ვაკეთებდი. პურზე კარაქს რომ წამისვამდნენ და ზემოდან შაქარს მოაყრიდნენ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. ისინი მაგარ ფასში ჰყიდდნენ  იმ კასრებს! ჩვენ ათ მანეთს გვაძლევდნენ. პირველად რომ მოგვცეს ფული, იმ ფულით კანფეტები ვიყიდეთ.
მერვე კლასში ერთი სამარცხვინო საქციელი ჩავიდინე, რომელიც მთელი ცხოვრება მაწუხებს. ერთხელ ჩემი კლასელი გოგო მოვიდა და მეუბნება, ვითომ ვერ ამჩნევ, რომ ჩვენი პარალელური კლასელი მანანა შენზე ჭკუას კარგავს. რა მოხდება, ცოტა ყურადღება რომ მიაქციო, ყველას თავზე გვყვება, სად აღარ გვპატიჟებსო (მდიდარი ოჯახის შვილი იყო). ჰოდა, ვისაც პატიჟებს, იმათ მიაქციონ ყურადღება-მეთქი. რომ არ ვიცოდე, ვინც ხარ, შემეზიზღებოდი. ხომ ვიცი, რა კეთილიც ხარო. ბოლოს  და ბოლოს რა გინდა-მეთქი. შეხვდი ხოლმე, რას წააგებო. ყოველდღე ოცდახუთი მანეთი მომიტანოს, მე და შენ კინოსა და კაფეში დაგვპატიჟოს და შევხვდები-მეთქი. სუფთა დეგენერატი ხარო. მეორე დღეს ოცდახუთი მანეთი მომიტანა ამ გოგოსგან მოცემული. აჰა, გამომძალველოო. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი შეხვედრები. ხუთი თვე არ იყო გასული, ჩემი კლასელი ბიჭი მეუბნება: შალიკოს შენთან ლაპარაკი უნდაო. მერე, მოვიდეს, შაკოა თუ ჩემი ფეხები-მეთქი. მოვიდა. ვიცი, რომ მანანა გიყვარს. მე კიდევ სიცოცხლეს მირჩევნია. თავი უნდა დაანებო. ერთი წლის თავანი გადაიხადე და დავანებებ-მეთქი. ავუხსენი რა და როგორ იყო საქმე. ჯიგარი ხარო, მითხრა და მეორე დღისთვის ფულის ჩაბარებაზე შევთანხმდით. დილას კარგ ხასიათზე გავიღვიძე და სკოლაში წავედი. ვხედავ, შაკო თავის კლასელებთან ერთად დგას, რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა. გაზეთში გახვეული ფული გადმომცა. მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წავიდა. უცებ, ვიღაც ორი ახმახი ტიპი დამეტაკა. დირექტორის კაბინეტში შემათრიეს. მეორე დღეს ჩემი მშობლები გამოიძახეს და სამასწავლებლოში, სადაც პედაგოგები შეიკრიბნენ, პედსაბჭო გამართეს. თითქოს განგებამ მიკარნახაო, უცებ დავიწყე ტირილი. ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, მაგრამ, როცა შესვენებაზე სკოლის ბუფეტში ბავშვების რიგი დგას, მე ახლოსაც ვერ ვეკარები, რომ საჭმლის სუნმა თავბრუ არ დამახვიოს. ალბათ, თქვენც იცით, რა არის შიმშილის გრძნობა-მეთქი. ჩემთან ერთად ტიროდა ყველა. მარტო დედაჩემს ვერ შევატყე ვერავითარი სიბრალული. ძალიან მკაცრი ქალი იყო. პედაგოგებმა – ვაპატიოთო. მაპატიეს. გარეთ გამოსულს კი შაკოს დედამ ფული ჯიბეში ჩამიდო. მთელი გზა დედაჩემს ჩემთვის ხმა არ გაუცია, მაგრამ სახლში რომ მივედით, ისეთი სილა გამაწნა, – თუ ამ თაღლითობას და მაიმუნობას კიდევ გააგრძელებ, შენგან კაცი არასოდეს გამოვა, ღმერთი ამას არ გაპატიებსო. ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ დავრწმუნდი დედაჩემის სიტყვების ჭეშმარიტებაში. მე, აშოტა და ქუცო შავ საქმეებზე „ვჩალიჩობდით“. ორი წლის განმავლობაში ერთ ვაჭარს ყოველთვე ფულს ვაწერდით. ერთხელ ბიჭები ქვემოთ მელოდებიან. ზარი მივეცი. კარი გააღო, შემოდიო. ვხედავ, ხანჯლით ხელში დგას ეს ვაჭარი. ვიფიქრე, ჩემი დაბრედვა უნდა-მეთქი, მაგრამ მეორე ხელში ფული რომ დავინახე, მივხვდი, საქმე სხვანაირად იყო. იცოდე, გაყიდულები ხართ, ყველას სახელები, გვარები და მისამართები ვიცი. თუ კიდევ მოხვალთ ამ ხანჯლით მოვიკლავ თავს. თქვენ შესახებ ცნობები ათ ოჯახში მაქვს დარიგებული. ჩემი სიკვდილი და თქვენი დაჭერა ერთი იქნება. ახლა წაიღე ეს ფული და მეტი აქ აღარ დაგინახოთო. მივხვდი, რომ ძალიან გადავაჭარბე. კარგი, კარგი-მეთქი. მერე დაფიქრდა და მკითხა, – თუ მეტყვი, ჩემზე საქმე ვინ მოგცა, სამას მანეთს დაგიმატებო. უცებ ვუთხარი, – შენმა მეზობელმა ლეილამ-მეთქი. არადა, იმ საწყალ ქალს თვალითაც არ ვყავდი ნანახი. სინამდვილეში ამ ვაჭრის ცოლის ძმისშვილის ამბები იყო. ეგრეც ვიცოდიო, თქვა. იმ საწყალ ქალს ერთი წლის შემდეგ სახლი დაეწვა. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ მთელი ცხოვრება სინდისი მქენჯნის. მართალს მეუბნებოდა დედაჩემი, ღმერთი ცოდვას არ შეგარჩენსო. წლები გავიდა! ახალთახალი ჟიგული შევიძინე და დამეწვა. მაშინვე ის ლეილა გამახსენდა და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ამაზე მეტად არ დამსაჯა.
ოქროს უბანში ერთი მკითხავი ქალი ცხოვრობდა, ესაკა. ერთხელ ვუთხარი: ამ ყავასა და კარტზე რომ მკითხაობ, თუ ჩემი სცენარით იმუშავებ, დიდ ფულს ვიშოვით-მეთქი. შენ „ლიჟები“ მითხარი, რა უნდა გავაკეთო და მზად ვარო. რა და სულების გამოძახებაზე უნდა გადავიდეთ-მეთქი. საღამოს სამ ქალთან ერთად მივადექი ესაკას სახლს. ოთახში შუქი გამორთო და ფანჯრებზე ფარდები ჩამოაფარა. ისეთი წყვდიადი ჩამოწვა, ჩემი დადგმული სცენარისა მე თვითონ შემეშინდა. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ისე ოსტატურად ასრულებდა ამას, შიშმა ამიტაცა. ტელეფონი აიღო, ვითომ ერთ-ერთი ქალის ქმრის სულს იძახებს. ვაკის სასაფლაოა, გენაცვალე, მკვდრების ვაჟატი ხარ? დეიდა ესაკა ვარ. ერთი კვირის წინ ავთოს სული რომ გამომიგზავნე, ახლა ძალიან გთხოვ, შაქროს სული გამომიგზავნე, მისი ცოლია მოსულიო. ყველა გავირინდეთ, რას მეუბნები. გაბრაზებულია. უთხარი, გენაცვალე, სერიოზული საქმე მაქვს. კარგი, დაველოდები. ცოტა იჩქაროს. უცებ კარზე დააკაკუნეს. უნდა გენახათ, რა ფერი დაედოთ ქალებს... ესაკამ მთელ საქართველოში გაითქვა სახელი. უჩემოდაც აკითხავდნენ, მაგრამ არასდროს მოუტეხავს ჩემთვის ფული... ერთხელ დედაჩემი მეუბნება: შვილო, ვიღაც ესაკა ყოფილა უბანში, სულებს იძახებს. იქნება წამიყვანო და დედაჩემის სული გამოვაძახებინოთო. რად გინდა, დედა, სულის გამოძახება-მეთქი. დედაჩემის ნაჩუქარი ბეჭედი გაქრა სახლიდან და იქნებ მითხრას, სად არისო. სიცილისგან თავი ვეღარ შევიკავე, მე და მამაჩემმა ის ბეჭედი, ციხიდან ახალი გამოსული რომ იყო, ოქრომჭედელს მივყიდეთ. ჩემი დის დაბადების დღისთვის ფული გვჭირდებოდა, პატარა წვეულება რომ მოგვეწყო და საჩუქარი გვეყიდა. მოკლედ, მეორე დღეს დედაჩემს ჩემმა ამხანაგმა, თავისი სახელით, ჩემგან საამისოდ ნაყიდი ბრილიანტისთვლებიანი ბეჭედი აჩუქა. რა თქმა უნდა, დედაჩემი არ ართმევდა, მაგრამ, იცოდა, რომ ჩემი ძმაკაცი იყო და ტაქსების პარკში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, დიდ ფულს შოულობდა.
მოსკოვში ერთი კაცი იყო, ვისაც ვიცავდი – მისი „ტელახრანიწელი“ ვიყავი. ებრაელი ძმაკაცები ჰყავდა. ნიგრინაიას ქუჩაზე გადამყიდველები იკრიბებოდნენ როიალის, ვიოლინოს... როიალი რომ გეყიდა, მთელი ცეკა-ტეკა უნდა ჩარეულიყო. მოკლედ, დიდ ფულს აკეთებდნენ, მილიონებს. ერთხელაც ეს კაცი კარგად შეზარხოშებული ვიღაც ორ ებრაელთან ერთად დამადგა თავზე. გივიჯან, ესენი ჩემი ძმები არიან. ერთი „უზბეკი“ „პრესტუპნიკი“, შვიდი მკვლელობა აწევს კისერზე, „სმერტნიაკების“ კამერიდან დაითესა, მთელი „სსრკ-ს “ უმაღლესი „როზისკი“ ექვსი თვეა, ეძებს და ვერ დაუჭერიათ. იმ დამპალმა ამათ მოაკითხა და ნახევარი მილიონი მანეთი დააწერა. ექვსი თვის თავზე ისევ მოდის და ორას ათას მანეთს თხოულობს. გამოდის, ამისთვის უმუშავიათ ამათ. ასი ათასს იძლევიან მაგის დაბრედვაში. თუ გაიჭედები, შენი გამოყვანის ხარჯებსაც თავის თავზე აიღებენო. ათასნაირმა აზრმა გამიელვა. უარის თქმა ამ კაცის დაკარგვას ნიშნავდა. ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი – კარგი, ეგრე იყოს-მეთქი. ერთ-ერთმა ებრაელმა ხელიდან ოქროს საათი მოიხსნა და მაჯაზე გამიკეთა, – ჩვენი გაცნობისა იყოსო. გამომემშვიდობნენ და წავიდნენ. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. რა არ გადამხდენია თავს, მაგრამ „სველ“ საქმეზე არასოდეს წავსულვარ. მხოლოდ ერთი რამით ვიმშვიდებდი თავს, თუ დავასწრებდი და მოვკლავდი, მაგრამ მერე მეც თავად უნდა ვქცეულიყავი მკვლელად. ვლოცულობდი – უფალო, სასწაული მოახდინე და ამ საშინელებას ამარიდე-მეთქი. დღის ორ საათზე უკვე დათქმულ ადგილას კაფე „არარატის“ წინ ვიდექი. თავი ვეღარ შევიკავე და ნიკაპის კანკალი ამიტყდა. ვხედავ, ჩემგან ას მეტრში ის ორი მსუქანი ებრაელია. გავიდა ოცი წუთი, ნახევარი საათი, ერთი საათი, უზბეკი არ გამოჩნდა. ებრაელები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ვიღაც ლამაზი გოგო გადამეხვია და გადამკოცნა – მაპატიე, რომ დავაგვიანეო. მერე ტაქსი გავაჩერე. ყოჩაღ, ძალიან ბუნებრივად გამოგივიდა-მეთქი და წავედით. მივედით რესტორან „არბატში“. ერთ-ერთ მაგიდასთან, ვინც დამიქირავა, ის კაცი და ის ორი ებრაელი სხედან. ამ კაცმა ამ გოგოს ლოყაზე ხელი მოუთათუნა. ხუთასი მანეთი ჩანთაში ჩაუდო და გაისტუმრა. ახლა ვფიქრობ, რა გავაკეთო ისეთი, რომ ამათ „რამსები“ ავურიო და უცებ, იმ ბოზმა მთელი ჩვენი „მალინა“ აურია. მე დღეს სისხლის დალევის ხოშზე ვიყავი. ის კი, არა და არ მოვიდა-მეთქი. მერე შამპანურის ჭიქა მოვკვნიტე და ისე ჩავახრამუნე, თითქოს შუშა კიტრი იყო. ებრაელებს თვალები ბუდიდან ამოუცვივდათ. მერე ვტაცე ხელი დამსხვრეულ ჭიქას და შუბლი გადავისერე. იფეთქა სისხლმა. სისხლი იმ ჩემი დამქირავებლის ჭიქას შევუშვირე. ნახევრად სისხლიან ჭიქაში შამპანური შევურიე. გიჟის სიფათი მივიღე და ვთქვი: მე დღეს ვერ შევსვი მტრის სისხლი, მაგრამ საკუთარ სისხლს დავლევ-მეთქი და ჭიქა გამოვცალე. საწყალ კაცს გული წაუვიდა. ებრაელები ისეთი სახით მიყურებდნენ, ნაღდად გაიფიქრეს – ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო. როცა ფოიეში გამოვედით, ერთ-ერთმა გვერდზე გამიხმო და გაზეთში შეხვეული ფული მომაჩეჩა – ეს შენი შეწუხებისთვისო.  მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, – ის ხურუშიანი თუ კიდევ გამოჩნდება, იმწუთას დამირეკეთ-მეთქი. ის კაცი წინა დღით „უგალოვნი როზისკს“ მოუკლავს და რას მოვიდოდა. მე კიდევ შეშინებული დილის ხუთ საათზე აეროპორტში ვიყავი. თბილისში გამოვფრინდი. არ ვიცოდი ეს ამბავი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე გაკვეთილი.
ერთი ებრაელი იყო, ჰალსტუხების ცეხი ჰქონდა. ყოველთვის ფულებს მიდებდა ჯიბეში. ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მეუბნება, – ფულებს მაწერენო. რას ჰკვია, ფულებს გაწერენ-მეთქი და წავყევი. ამან ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში დაუთქვა შეხვედრა. ოთხნი მოვიდნენ პაპანაქება სიცხეში ჰალსტუხსა და პიჯაკებში გამოწყობილნი. რა თქმა უნდა, მივხვდი, რატომაც ეცვათ პიჯაკები. პიჯაკის შიგნით იარაღები ჰქონდათ. დამინახეს, არ მოეწონათ. ერთი მოვიდა, ხელკავი გამიკეთა, გვერდზე გამიყვანა და მეუბნება, – იცოდე, არ დავთმობთ, ვის გამოც მოვედით, ის ცამდე მართალია. აი, ახლა გარჩევას დაესწარი, თუ მიხვდები, რომ მართლები ვართ, ხმა არ ამოიღო. ამდენს და ამდენს ვიღებთ და აქედან, ძმაო, შენ პროსტო 15 პროცენტს გაჩუქებთო. თუ მართლები იქნებით, ხმას არ ამოვიღებ-მეთქი. დაიწყეს გარჩევა. შევხედე, მართლები არიან. ეს ებრაელი არის ცუღლუტი და გათახსირებული კაცი. თხუთმეტი პროცენტი მომცეს. ავიღე ეს ფული და ამ ებრაელს მივეცი. ვუთხარი, მე არ ვარ ვიღაც გათახსირებული, მართალი არ ვიქნები, ეს ფული რომ ავიღო. აიღე და თვალით აღარ დამენახვო. შენ ხარ ნაგავი, არაფრის გამო მწირავდი-მეთქი. ერთი ოთხჯერ მომივიდა მსგავსი შემთხვევა. აქაც „უკანა სვლაში“ ჩავაგდე. მერე მე ჩემს თავს დავუჯექი და ვუთხარი – გივი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ყველგან მაგარი უნდა იყო. ზოგან მაგარი და ზოგან კურდღელი – ეს უკვე მაგარი ბიჭობა აღარ არის. ესე იგი, შენ უკვე შიში შეგეპარა და რადგან ასეა, ის დროა, წესიერი ცხოვრების გზას დაადგე. შენ ძველბიჭური ცხოვრებისთვის დაბადებული არ ხარ. შემთხვევით იყავი ამ გზაზე და ახლა დაიწყე წესიერი ცხოვრება-მეთქი. მართლაც, გაგიჟდებით, ისეთი რამ მოხდა – დავიწყე ცეკვა. თქვენ იცით, რომ „სუხიშვილების“ სოლისტი ვიყავი. მერე პედაგოგად მუშაობა დავიწყე სუხიშვილების სტუდიაში, გავხდი ბუხუტი დარახველიძის სახალხო ანსამბლ „სინათლის“ ხელმძღვანელი, შემდეგ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „თბილისის“ მთავარ ქორეოგრაფად ამირჩიეს. ერთი წლის შემდეგ – სამხატვრო ხელმძღვანელად და 17 წელი ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი. სურვილი იმისა, რომ ისევ ის ცხოვრება ამერჩია, არ მქონია. იმდენი უსამართლობა ვნახე ამ სამყაროში... მე ვიტყოდი, რომ ესენი არიან არტისტები. არამც და არამც არ დაიჯეროთ, რომ ისინი ვაჟკაცები არიან. ქუჩას ეს ერთი ცუდი თვისება აქვს მიტმასნილი – ძალად ქუჩის ბიჭობას აწვებიან. ის ქუჩის ბიჭად არ დაბადებულა, მილიონერის ოჯახში დაიბადა და უნდა, რომ მაგარი ბიჭის სახელი ჰქონდეს. ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, გარდა იმ პერიოდისა. მაგრამ, მე დღეს არც მწერალი და არც არაფერი ვიქნებოდი, ისე რომ არ მეცხოვრა, როგორც ვიცხოვრე.

скачать dle 11.3