ექიმის რჩევები
კითხვა: რა არის ქრაშ-სინდრომი?
პასუხი: ქრაშ-სინდრომი, ანუ ზეწოლის სინდრომი არის სიმპტომოკომპლექსი, რომელიც სხეულის ნაწილებზე (უფრო ხშირად – კიდურებზე) ზეწოლით არის გამოწვეული (ავარიების, მიწისძვრის დროს). სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, ხდება იშემიაგადატანილი ქსოვილებიდან ქსოვილოვანი დაშლის შედეგად გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვა. მძიმე შემთხვევებში ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კითხვა: რა იწვევს ჰეპატო-ლიენალურ სინდრომს?
პასუხი: ჰეპატო-ლიენალური სინდრომი არის ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება, რომელიც აღინიშნება ღვიძლის ციროზის, პორტული ჰიპერტენზიის, ინფექციური და პარაზიტული დაავადებებისა და სხვა შემთხვევებში.
კითხვა: ჭიპიდან მაქვს გამონადენი. არც მექავება და არც მიწვალებია. სახლის პირობებში რა შეიძლება გავაკეთო?
პასუხი: როგორც ჩანს, სახეზეა ომფალიტი – ჭიპისირგვილივი კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთება, რაც ხასიათდება ჭიპიდან გამონადენის არსებობით. მარტივი ომფალიტის დროს თავდაპირველად საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ – იოდის 5-პროცენტიანი სპირტხსნარით ან 1-2-პროცენტიანი ბრილიანტის მწვანით. თუ შედეგს ვერ მიიღებთ მიმართეთ ზოგად ქირურგს.
კითხვა: რას იწვევს ცხვირის ძგიდის გამრუდება და რა გართულებებთანაა ის დაკავშირებული?
პასუხი: ძგიდის გამრუდებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელების გამო, პაციენტს ყველაზე ხშირად უვითარდება ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი და ფრონტიტი. ხანგრძლივი მკურნალობა იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებასა და პოლიპების გაჩენას.
კითხვა: შეიძლება თუ არა ნესვისა და საზამთროს ჭამა ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტიანებისთვის?
პასუხი: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიეტას ადგენს ექიმი ენდოკრინოლოგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, დაავადების ფორმის, სიმძიმის, დიაბეტისთვის დანიშნული მედიკამენტური მკურნალობის, პაციენტის ფიზიკური აქტივობისა და თანმხლები დაავადების (თუ ასეთი არსებობს) გათვალისწინებით. საზამთრო რეკომენდებულია, ნესვი – აკრძალული.
კითხვა: რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება დილაობით „ჰერკულესის“ ფაფის ჭამა?
პასუხი: შვრიის („ჰერკულესის“) ფაფის ჭამას ლიმიტი არ აქვს, მიირთვით თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კითხვა: ამოკვეთის შემდეგ შეიძლება გლანდები ისევ გაიზარდოს?
პასუხი: სასის ტონზილები ოპერაციის შემდეგ აღარ იზრდება, ადენოიდების რეციდივის (განმეორებითი აღმოცენების) საშიშროება კი არსებობს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი