კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი უფლება არ აქვთ მშობლებს საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას და როგორ ყოფენ ადამიანები ანთებულ ცეცხლში ხელს სასულიერო პირების განკითხვისას

„ჩვენ ვართ აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აგვისტოს ომის მომსწრეები, მომინდა, ჩემი გულისტკივილი, მადლიერება გამომეხატა მამულისთვის თავდადებული გმირებისადმი. ამიტომაც დავწერე ლექსი „ღიმილის ბიჭები”, რომელიც ეძღვნება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს: „მიწა-წყალს მედგრად იცავდით, დარჩით ღიმილის ბიჭები, წახვალთ და მოხვალთ ცრემლადა, სამშობლოს შენაფიცები. როდესაც თქვენს ცივ სამარეს სხივნი გაათბობს მზისანი, დედის ტირილი გაისმის, როგორც ყმუილი მგლისანი. ადექით, ხელი ხმალს იკართ, იქნებ შახორცდა იარა, იქნება თქვენმა საბედომ, საფლავთან ჩამაიარა”... – ეს ლექსი მამა თავმასს (ჩოხელს) ეკუთვნის. მისი ლექსების უმეტესობა უკვე ამღერდა და მას ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებენ. თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, ამის შესახებ თავად დეკანოზი მამა თავმასი გვესაუბრება:

– ქართველს განსაკუთრებულად უყვარს თავისი სამშობლო. სამშობლოს სიყვარული ისეთივეა, როგორც დედის, საკუთარი პირმშოსი. ქართველებს ეს სიყვარული არაერთხელ გამოუხატავთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა; ღმერთმა, დედა ღვთისმშობელმა, მრავალგზის გადაარჩინეს განსაცდელს. ჩვენ ის იშვიათი ერი ვართ, რომელმაც ერთ დღეს შესძინა ზეციურ მხედრობას ასი ათასი წმიდა მოწამე, ექვსი ათასი წმიდა გარეჯელი ბერი, სამასი არაგველი, რომლებმაც საარაკო თავდადება გამოიჩინეს და შეეწირნენ სამშობლოს. სამშობლო, ალბათ, დედასავით არის, ამიტომ გააიგივა ის ქართველმა კაცმა სამშობლოსთან – დედასამშობლო დაარქვა, რადგან ის დედასავით ძვირფასია.
– როგორც ამბობენ, სწორედ ეს ქართველი წმიდანები შეეწევიან ჩვენს ქვეყანას ზეციდან და ამიტომ მათ ხშირად უნდა ვთხოვოთ დახმარება, შეწევნა?
– ისინი ჩვენი შუამავლები არიან უფალთან. ისინი საქართველოს მომავალს, ენას, მამულს, სარწმუნოებას შეეწირნენ და იმქვეყნიდანაც შეეწევიან ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს. წმიდანებად შეირაცხნენ და, შესაბამისად, განსაკუთრებული ძალა აქვთ. ამიტომ, უნდა ვთხოვოთ, რომ მეოხ გვეყონ ჩვენ და ჩვენს სამშობლოს.
– თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ, რადგან ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და ამდენი წმიდანი გვყავს, როგორც არ უნდა ვიცხოვროთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ისინი მაინც შეგვეწევიან, მაინც გვიშუამდგომლებენ უფალთან.
– ჩვენი საკეთებელი საქმე ყველამ უნდა ვაკეთოთ, მხოლოდ მათ იმედზე არ უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ, რომ, ბოლომდე თუ არა, მცირედით მაინც მივემსგავსოთ ჩვენს წმიდანებს. როგორც ნებისმიერ სიყვარულს, სამშობლოს სიყვარულსაც სჭირდება მოფრთხილება. ძველად, როდესაც მტერი შემოესეოდა საქართველოს, მაშინვე ეკლესიების დანგრევას იწყებდა; ასევე, ჩეხდნენ ვაზს, რადგან მასში იყო ქართველი ერის სიძლიერე. უფალმა ამქვეყნად ყოფნის დროს სწორედ პური და ღვინო აკურთხა და ადამიანიც სწორედ ღვინით იღებს წმიდა ზიარებას – ეზიარება უფლის სისხლსა და ხორცს, რაც მას სულიერად და ხორციელად აძლიერებს. აი, ამას ებრძოდა მტერი ყველაზე მეტად. ეკლესია ყოველდღე იხსენიებს მამულისთვის თავდადებულ, ქრისტიანობისთვის წამებულ გმირებს, მათთვის ლოცულობს.
– ბევრს აინტერესებს, თუკი მკვლელობა ცოდვაა, რატომ არ შეიძლება, ცოდვად ჩაითვალოს ომში მტრის მოკვლა, სახარება ხომ მტრის სიყვარულსაც გვიქადაგებსო.
– მამულისთვის ბრძოლაში მეომრებს ეპისკოპოსები მიუძღოდნენ ჯვრითა და ხმლით ხელში. როდესაც ადამიანი მამულს იცავს, ეს კაცისკვლად არ ითვლება, რადგან, ამ დროს ის იცავს საკუთარ ოჯახს, ქვეყანას, ეკლესიას. სახარებაში წერია მტრის სიყვარული, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დაიცვა საკუთარი ოჯახი, სამშობლო, სარწმუნოება. თუმცა, საკუთარი მტრებისთვისაც უნდა ვილოცოთ, მაგრამ ეს თითოეული ჩვენგანის სულიერებაზეა დამოკიდებული. ადამიანმა უნდა შეძლოს, მივიდეს იმ დონემდე, რომ საკუთარი მტრებიც მოიხსენიოს ლოცვებში, თუმცა, დღეს ხშირად მოყვასის მოხსენიებაც კი უჭირთ ხოლმე. მტრების მოხსენიება თავად მლოცველს ეხმარება, ამაღლებს მის სულიერებას. დღეს თითქოს დრო აჩქარდა, ძნელია ადამიანებში სიყვარულის პოვნა. შეიძლება, ის თავის პრობლემებზე უფრო მეტს ფიქრობდეს, ვიდრე მოყვასის სიყვარულზე. ჩვენი თავი იმდენად უნდა გვიყვარდეს, რომ მისი ხელში აყვანა შეგვეძლოს და მოყვასისთვის, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეები ვაკეთოთ. ნებისმიერ ჩვენგანს ძალიან ბევრი მოვალეობა აკისრია როგორც საკუთარი თავის, ასევე ქვეყნის, მოყვასის წინაშე. ერისკაცი ხომ არის ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი – ყველა ეს ღვთის სათნო და საპატიო პროფესიებია, სხვებს ემსახურებიან, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს კარგი ადამიანი, რადგან, თუ კარგი ადამიანი არ არის, ჩემი აზრით, ვერც კარგი ინჟინერი იქნება და ვერც კარგი ექიმი. პიროვნებას კი კარგ ადამიანად გახდომაში ეხმარება ღვთივსათნოება, ოჯახური, სკოლის აღზრდა. როდესაც საქმე პროფესიის არჩევას ეხება, მშობელი უხეშად არ უნდა ჩაერიოს შვილის არჩევანში, უფლის მიერ ბოძებული თავისუფალი არჩევანი არავინ არ უნდა შელახოს. ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება, თუნდაც, ჩემს შემთხვევაში – 42 წლის ასაკში დავწერე პირველი ლექსი.
– მამაო, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული სიყვარული?
– სიყვარული თავად უფალია, რომელიც მტრების სიყვარულსაც კი გვასწავლის. თუმცა, დღეს არსებობს ოჯახები, სადაც ოჯახის წევრებს არ უყვართ ერთმანეთი. ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, მოყვასი, ოჯახები ქრისტიანულად, სიყვარულზე დაფუძნებით უნდა შეიქმნას, უნდა მოუფრთხილდნენ და უყვარდეთ ერთმანეთი. ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს სიყვარულზე, ამიტომ, თითოეული ჩვენგანი უნდა შეეცადოს, რომ სხვების მიმართ თბილი, მოსიყვარულე იყოს. ბავშვებს პატარაობიდან უნდა ვასწავლოთ სიყვარული და მისი სხვებისთვის განაწილება, რათა შემდეგში მათ ერთმანეთზე კარგი ზეგავლენა მოახდინონ. ეს სიყვარული უნდა იგრძნობოდეს საქმის კეთებაშიც, ეკლესიაში სიარულშიც. თუნდაც, როდესაც ადამიანი ექიმთან მიდის, მან მისგან უნდა იგრძნოს თბილი მოპყრობა; ასევეა მოძღვართან, რომელთანაც ადამიანი მიდის, როგორც სულიერ მკურნალთან. ამიტომაც მოძღვარმა გულისხმიერება და სითბო უნდა გამოიჩინოს და ამით დააახლოოს ღვთის სახლს.
– თუმცა, ზოგჯერ სასულიერო პირი ადამიანს კი არ აახლოებს უფალთან, ეკლესიასთან, პირიქით – აშორებს.
– ბევრს ჰგონია, რომ მკაცრი ვარ, არადა, ლმობიერი ვარ. თუმცა, სიმკაცრეც საჭიროა, მაგრამ, ზომიერების ფარგლებში. ადამიანებთან ურთიერობა ინდივიდუალურია, ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. როდესაც მოდის ეკლესიაში გოგონა, რომელსაც ისეთი მოკლე კაბა აცვია, რომ ამას ჯობია, შარვალი ეცვას, ის, შეიძლება, სხვა მოძღვარმა არ შეუშვას ტაძარში, მაგრამ, მე ამ დროს ვეუბნები: „კარგი გოგონა ხარ, მაგრამ, რომ შეხვალ ეკლესიაში და მოიყრი მუხლს, შეიძლება, უკან იდგეს მამაკაცი, რომელიც ლოცულობს და ის დააბრკოლო“. ასეთი მიდგომა უფრო მოქმედებს, მსუბუქად უნდა მისცე ადამიანს შენიშვნა, რომ არ დაუკარგო ეკლესიაში მეორედ მოსვლის სურვილი. მოძღვარს მრევლთან აუცილებლად მამაშვილური, მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, უნდა შეაყვაროს ეკლესია, უფალი. ქრისტიანად ცხოვრებისთვის ყველაზე ადვილია საჭმლით და ჩაცმით მარხვა, ყველაზე ძნელი კი – ქცევით. ამიტომ, ადამიანმა საკუთარი პირადი მოთხოვნილებები ჭამითა და ჩაცმით უნდა მოიწესრიგოს, ხოლო მერე – საქციელით. ის ხანმოკლე პერიოდი, რომელსაც დედამიწაზე ვატარებთ, გვეძლევა მარადიული ცხოვრებისთვის მოსამზადებლად, რათა განწმენდილები წარვდგეთ უფლის წინაშე, ეს კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და არა ერთი აღსარებით. როდესაც მოძღვარი აღსარების შემდეგ მრევლს შენდობის ლოცვას უკითხავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველა ცოდვა ეპატია. უბრალოდ, მოძღვარი უფალს ეხვეწება, რომ ამ ადამიანს შეეწიოს, შეუნდოს ცოდვები. ხშირად ხდება, რომ, რასაც აღსარებაში ამბობენ, იმას ისევ სჩადიან. არადა თუ ადამიანი ეკლესიაში დადის, ლოცულობს, ის უნდა ეცადოს, შეამციროს საკუთარი ცოდვები, მოთოკოს ვნებები და ერთი და იგივე ცოდვა აღარ გაიმეოროს. ასეთ დროს ადამიანს საკუთარ თავთან უწევს ბრძოლა. ერისკაცს საკუთარი წილი მოეთხოვება, ისევე, როგორც სასულიერო პირს. ხშირად განიკითხავენ სასულიერო პირებს, არადა, ისინი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელნი არიან. მე მითქვამს ხოლმე მრევლისთვის: რატომ განიკითხავ სასულიერო პირს, შენ ხომ ანთებულ ცეცხლში ხელს არასდროს შეყოფ?! ამაზე საშიშია სასულიერო პირის განკითხვა. ამიტომ, ამას უნდა მოვერიდოთ. ყველა სასულიერო პირი, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, თავად აგებს საკუთარ ცოდვაზე პასუხს.

скачать dle 11.3