მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა თუ არა ხორციელი ბუნებითაც?
პასუხი: იესო ქრისტე ხორციელი ბუნებითაც ამაღლდა. ამაშია მთელი დიდება უფლისა – კაცი განეღვრთო. ღმერთმა ადამიანური ბუნება ზეცაში აიტანა, ადამიანი აქცია მარადიულად. ეს არის ამაღლებისა და აღდგომის მთელი საიდუმლო, თორემ თვით ღმერთი ისედაც უკვდავია. ქრისტეს ამაღლება ადამიანური ბუნების ამაღლებაა. წმინდა სამებაში ადამიანური ბუნებაც მოიაზრება.
კითხვა: გამიგია, რომ შაბათ საღამოს ანუ კვირაძალზე კარგია სანთლის დანთება. რას უკავშირდება ეს ტრადიცია?
პასუხი: ტაძარში შესული ქრისტიანის სანთლის დანთებისთვის მნიშვნელობა არ აქვს დღეს, არც სანთლების რაოდენობას. კვირის დღეებისგან დამოუკიდებლად, შინაც შეგიძლიათ დაანთოთ რამდენი სანთელიც გსურთ.
კითხვა: შეუძლია თუ არა სასულიერო პირს ქუჩაში ანაფორის გარეშე სიარული? ჩემი მოძღვარი დავინახე შეუმოსავი, სამოქალაქო ტანსაცმლით, რამაც ძალიან დამაბნია.
პასუხი: საქართველოს ეკლესიის კანონიკა სასულიერო პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ანაფორით სიარულს ავალებს. თუმცა, არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც საერო პირს საერო სამოსით სიარულის ნება ეძლევა (მაგალითად: არაქრისტიანულ ქვეყანაში, სპეციფიკურ სიტუაციებში), ოღონდ ეს უნდა მოხდეს მღვდელმთავართან შეთანხმებით.
კითხვა: მოძრავია თუ არა მარიამობის მარხვა?
პასუხი: მარიამობის მარხვა უძრავია და ყოველწლიურად 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ხსნილდება. ამბობენ, ამ დროს ჩიტიც კი მარხულობსო. ამიტომ ყოველი ქრისტიანი ვალდებულია იმარხულოს და ასე შეეგებოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს.