მამათა შეგონებანი
იოანე ოქროპირი: მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! – ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მმადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასოდეს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს და ეს სხვებსაც ასწავლე.
ბერი პაისი: ის, ვინც სულიერად იღწვის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.
მიხეილ პოზმანსკი: ეპიტიმიები სასჯელის ხასიათს ატარებს, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და არა „ცოდვათა ჩადენის გამო ღმერთის დასაკმაყოფილებლად,” როგორც რომაელი ღვთისმეტყველნი ასწავლიან. ეს არის გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი ქმედებანი. მათი მიზანია, გააღრმავოს წუხილი ჩადენილ ცოდვათა გამო და დაეხმაროს გამოსწორებაში.
არქიმანდრიტი რაფაელი: ვნება ბრმაა, როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არის. ვნებები ცრუობენ. ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საძაგელი სურათი, რაც კი შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, საფლავში გახრწნილი გვამია; მატლებისგან შეჭმული გვამი – ეს სახეა ჯოჯოხეთისა და ამავე დროს სამშვინველისაც, რომელსაც ვნებები ხრავენ.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: ღვთაებრივი ზიარება – უფრო რწმენითი საიდუმლოა, ნათლისღებისას ვიყენებთ წყალს – ნაკურთხს, მაგრამ მაინც წყალს, ზეთის კურთხევისას გვაქვს ზეთი – ნაკურთხი, მაგრამ მაინც ზეთი. ღვთაებრივი ზიარების დროს ჩვენ ვხედავთ პურს, ვგრძნობთ პურის გემოს, მაგრამ ეს პური არ არის – ეს ხორცია. ვხედავთ ღვინოს, შევიგრძნობთ მის გემოს, მაგრამ ის ღვინო არ არის – სისხლია. ეს საიდუმლო უწინარესად რწმენითი საიდუმლოა, რადგან ჩვენი გრძნობებით მას ვერ ჩავწვდებით.
მარკოზ განშორებული: ზრახვების უთანასწორობა ჩვენში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს, რამეთუ ღმერთმა თანაზომიერად გაყო უნებური ნებაყოფლობითობისგან.
ნილოს სინელი: ლოცვის საფუძველია – აზრი: „შენ – ყოველივე ხარ, მე კი – არაფერი.” ეს მისი გრანიტის საძირკველია. ხდება ერთგვარი იდუმალი შეერთება ღმერთისა სულთან: სული მადლს უსმენს, მადლი კი სულს. ამის შესახებ მოციქული პავლე ასე ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი.”
ნიკოლოზ სერბი: ღმერთისთვის მონანენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს, შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშინათვე სჯის. იგი ელის, ვიდრე გზააბნეული თვითონ იპოვის ჭეშმარიტ აზრს. იგი უმზერს და დუმს. ელის და არასოდეს იგვიანებს. მიუწვდომელია საკუთარ სიბრძნეში და საოცარია საკუთარი წყალობით.