თბილისის რომელი უძველესი ტაძარი გადაურჩა აღა-მაჰმად-ხანისა და შაჰ-აბასის შემოსევებს და რომელ ტაძარს ჰქონდა ზარების რეკვის უფლება არაბების ბატონობის პერიოდში
თბილისის მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების გარკვეულ ნაწილს რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს. ტაძრების არქიტექტურა და მათი აგების ისტორია ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ დღეებში, როცა მართლმადიდებლური სამყარო მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ტფილისის უძველესი ტაძრების ისტორიას ფოტომასალის თანხლებით.
ანჩისხატი
ასე ეწოდება წმიდა მარიამის (ზარის) ეკლესიას, რომელიც აშენებულია ვახტანგ გორგასლის მემკვიდრის, დაჩი უჯარმელის მეფობის დროს. მემატიანე აღნიშნავს, რომ „ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაი ეკლესიაი აღაშენეს”. ბაზილიკური შენობა ამჟამინდელ შავთელის ქუჩაზე გამოდის. დღევანდელი სახელწოდება, რომელიც ეკლესიამ მეჩვიდმეტე საუკუნეში მიიღო, იმ ხატის პატივისცემის გამოხატულებაა, რომელიც აქ ანჩის ტაძრიდან გადმოიტანეს (ანჩი მდებარეობდა კლარჯეთში). ხატი დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში. განსაკუთრებით გამოირჩევა ხატის ჩარჩო, რომელიც ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მისი ავტორი განთქმული ქართველი ოქრომჭედელი ბექა ოპიზარი გახლავთ, რასაც ჩარჩოს ქვედა ნაწილზე მოთავსებული წარწერა მოწმობს.
ანჩისხატის ეკლესია უძველესია თბილისში შემონახულ ძეგლთა შორის. ის სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის ნაწილებმაც დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვალა სახე, განსაკუთრებით კი, მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებისას. უძველესი ფრაგმენტებია – თარაზულნაკერიანი, კვადრებით ამოყვანილი ფასადების ცალკეული ნაწილები, სარკმლები აღმოსავლეთის კედელზე, მთავარი თაღისა და საკურთხევლის სარკმლის ნალისებრი მოყვანილობა, აბსიდა. 1958 წელს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და ამის შედეგად გვიანდელი ფერწერის ქვეშ გამოვლინდა მეჩვიდმეტე საუკუნის კედლის მხატვრობის ნაწილები. ბაზილიკის დასავლეთით, შავთელის ქუჩის პირას დგას აგურის სამრეკლო. ის ცენტრში გაჭრილია შეისრული თაღით და ქუჩას დაბალ ბაქანზე მდგარ ტაძართან აკავშირებს. კარიბჭის თავზე მოქცეული წარწერა გვაუწყებს, რომ ის აშენებულია ქართლის კათალიკოსის, დომენტის მიერ 1675 წელს. სამრეკლოს არქიტექტურა დამახასიათებელია გვიანფეოდალური საქართველოსთვის, როცა ირანული გავლენა ხუროთმოძღვრებაშიც იკვლევს გზას. ანჩისხატის ტაძარი თბილისის მრავალგზის აოხრების მოწმეა, ის გადაურჩა შაჰ-აბასისა და აღა-მაჰმად-ხანის მიერ ტფილისის, პრაქტიკულად, მთლიან გადაწვა-განადგურებას. ძველ დროს ანჩისხატს „ზარის ტაძარს” უწოდებდნენ, რადგან არაბების ბატონობის დროს მხოლოდ ამ ტაძარს ჰქონდა საეკლესიო ზარების რეკვის უფლება.
ლურჯი მონასტერი
ტაძარი დგას ნიკო ნიკოლაძის ქუჩის ბოლოში, ხევის პირას, რომელიც მტკვრისკენ გადის. ასეთი სახელწოდება კი, იმიტომ მიიღო, რომ გუმბათი ლურჯი ფერის კრამიტით იყო დაფარული. მშენებლობის მოთავე ქართლის მთავარეპისკოპოსი ბასილი ყოფილა. ეს ირკვევა ლურჯი მონასტრის სამხრეთის კარის თავზე შემონახული წარწერიდან. ტაძარი ანდრია მოციქულის სახელზე ბასილის აუგია თავის საგვარეულო სამარხად – „ნაცვალსაგებლად თავისთვისა და თავის საყუარლოსა ძმისა”. ეს ძმა გახლდათ ერისთავთ-ერისთავი, ქართლის ამირთ-ამირი, „რუისთვისა და შვიდთა მთეულთა პატრონი” აბულასანი. ეკლესია აშენებულია თამარის მეფობის დროს, მეთორმეტე საუკუნის მიწურულს.
ეკლესია, თავდაპირველად, გუმბათიანი გახლდათ. ის დროთა განმავლობაში რამდენჯერმე აღადგინეს და გადააკეთეს. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში იმ დროისთვის დანგრეული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და თუმცა, გეგმა უცვლელად დატოვეს, კედლების დიდი ნაწილი ახლად ამოუყვანიათ და წრიული ტარები შეისრულით შეუცვლიათ. ორქანობიან სახურავქვეშ მოქცეული სივრცე სამ ნავად დაიყო. მეცხრამეტე საუკუნეში ეკლესია ერთხანს დენთის საწყობად აქციეს. 1872 წელს არქიტექტორ ჩიჟოვის პროექტით, ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციებისთვის უცხო ფორმების მქონე, „ხახვისებრი” გუმბათი დაადგეს. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა. საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო გახსნილი, მოგვიანებით კი, მედიცინის ინსტიტუტის მუზეუმი. 1990 წელს ღვთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვის „ხახვისებრი” გუმბათი კარვისებრი გადახურვით შეიცვალა. ლურჯი მონასტრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია. ის კავკასიის მეფისნაცვლის – გოლიცინის დაკვეთით აიგო 1989-1901 წლებში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას მდგარა მეშვიდე საუკუნეში დაარსებული იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი. ეკლესიაში წირვა-ლოცვა რუსულ და ქართულ ენებზე აღევლინება.
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია
შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღვთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარმა დაანგრია. 1880-1884 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა. მისი არქიტექტურა რუსული სტილის ნიმუშია. ინტერიერი 1978 წელს ალექსანდრე ბანძელაძის მიერ მოიხატა. სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1900 წელს აიგო. ეკლესიის გვერდით პანთეონია, სადაც დაკრძალულნი არიან საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, მსახიობები და პოლიტიკოსები, მათ შორის: პლატონ იოსელიანი, მიხეილ თამარაშვილი, პაოლო იაშვილი, არტურ ლაისტი, დიმიტრი არაყიშვილი, დავით კაკაბაძე, ჯაბა იოსელიანი, ზურაბ ჟვანია და სხვანი.
ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია
ჯვარგუმბათოვანი ეკლესია თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ნაძალადევში, ან როგორც მას ქალაქელები ეძახიან, „ნახალოვკაში” მდებარეობს. ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია მეექვსე საუკუნეში აუშენებიათ. ამ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა. შემდგომში ეკლესია რამდენჯერმე დაინგრა, მათ შორის არაბების ბატონობის პერიოდში, თუმცა მეფის რუსეთის დროს კვლავ აღუდგენიათ. გასაბჭოების შემდგომ წლებში, 1931 წელს ეკლესია ბოლშევიკებმა აბანოდ გადააკეთეს. წლების განმავლობაში ხალხმა არც კი იცოდა, ამ ეკლესიის არსებობის შესახებ. აბანო გაფართოვდა და საკურთხევლის ადგილას აბანოს ნომრები იყო მოწყობილი. ეკლესიის შენობაში ქიმწმენდის საამქროც კი ფუნქციონირებდა. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო ეკლესიის აღდგენა. ტაძრის აღდგენას სათავეში ჩაუდგა მამა ვახტანგ ასათიანი. დღესდღეობით ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულება.
უშანგი რუხაძე
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).