კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ითმენს ქალი შეურაცხყოფას მეუღლისგან და არის თუ არა ეს გამართლებული

ოჯახების დანგრევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ცოლ-ქმრის უპასუხისმგებლობას ასახელებენ. უფრო სწორად, არასწორად გაგებულ და გაცნობიერებულ პასუხისმგებლობას. თუ წყვილს  კონკრეტულ მომენტში ერთად ყოფნა უნდა,  ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან ოჯახის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს სრულფასოვანი ოჯახი და რა ვალდებულებები ეკისრება როგორც ცოლს, ისე ქმარს, მით უმეტეს, როცა ჩნდება ბავშვი. არსება, რომელსაც დედაც და მამაც თანაბრად სჭირდება. მამაკაცების ნაწილს მიაჩნია, რომ, მთავარია, ბავშვის გვერდით მუდმივად იყოს დედა და მამასთან ურთიერთობის დეფიციტი  მას აღარ ექნება. ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ, როგორი კარგი ურთიერთობაც უნდა შეინარჩუნოს ცოლ-ქმარმა განქორწინების შემდეგ, ბავშვი მაინც იღებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰყვება.

თიკო (34 წლის): სულ ვფიქრობ, როგორ მივედით მე და ჩემი ქმარი სრულ გაუცხოებამდე. არადა, ისეთი რომანტიკული და შეყვარებული წყვილი ვიყავით!.. მინდა, ვინმემ ამიხსნას ის მიზეზები, რომლებიც საბედისწერო როლს ასრულებს ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ჩვენი რეალობა და ყოფა ისედაც არ არის მარტივი, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავართულოთ. ჩვენი ხელით ვანგრევთ იმ ყველაფერს კარგს, რაც ღმერთმა ჩვენთვის გაიმეტა. ბრმები ვხდებით და უგუნურები. როცა ჩემმა ქმარმა პირველად მითხრა, ნამდვილი ისტერიჩკა ხარო, იმის ნაცვლად, რომ დავფიქრებულიყავი, რატომ გაუჩნდა ჩემზე ასეთი აზრი, უზარმაზარი სკანდალი მოვუწყვე, რითაც თავისი შეხედულება ჩემ შესახებ კიდევ უფრო გავუმყარე. 
– მესმის თქვენი, ძალიან ძნელია, შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა ხედავ, რომ უსამართლოდ გექცევიან.
– დიახ, ასეა. მაგრამ, ქალს მეტი მოთმინება მართებს და, გეტყვით, რატომაც – ის დედაა და ეგოიზმი საერთოდ უნდა გამორიცხოს. ძალიან ძნელია, მაგრამ, ქალის პირდაპირი დანიშნულებაა, იზრუნოს იმ არსებაზე, რომელიც შვა.
– მამაკაცს არ აკისრია ეს მოვალეობა?
– როგორ არ აკისრია, მაგრამ, ვერ დაჯდები და ვერ უყურებ, როგორ ასრულებს მამაკაცი თავის მოვალეობას შვილთან მიმართებაში. უკვე ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მამაკაცი მთლიანადაა დამოკიდებული გარემოსა და გარემოებებზე, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მის შეგნებას მთლიანად გარემოება აყალიბებს. შეიძლება, ესეც ბუნების ბრალია, არ ვიცი,  მაგრამ, ფაქტია, რომ ყველაზე მოსიყვარულე მამების ოთხმოცი პროცენტი, ოჯახიდან წასვლის მერე შვილებს ივიწყებს. ამიტომ, ქალმა, დედამ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ კაცი სახლიდან არ გაუშვა და შვილს მამა შეუნარჩუნო.
– მაშინაც კი, თუ მამის სახლში ყოფნა შვილების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება?
– მე არ ვგულისხმობ შემთხვევებს, როცა მამა ლოთია, უზნეოა და ამ უზნეობას ბავშვები თვალნათლივ ხედავენ; ან, როცა მამა დედას სცემს, ამტვრევს ავეჯს... ეს უკვე პათოლოგიაა და, რა თქმა უნდა, აჯობებს, ასეთი ადამიანისგან  შორს იყო. მაგრამ, ცოლ-ქმრის ჩხუბსა და პირად ამბიციებს შვილების ინტერესები არ უნდა შეეწიროს.   
– რას ეძახით პირად ამბიციებს?
– გეტყვით, თუმცა, არ ვიცი, სწორად გამიგებთ თუ არა თქვენ და მკითხველი. პირადი ამბიციაა, როცა გინდა, რომ ეს ადამიანი მხოლოდ შენ გეკუთვნოდეს და შენს იქით მისთვის აღარაფერი არსებობდეს.
– კი მაგრამ, ქალისა და კაცის ურთიერთობაში, მით უმეტეს, მეუღლეებს შორის, ერთგულება ლამის მთავარი ფაქტორია.
– ხომ ვთქვი, გაგიჭირდებათ-მეთქი ჩემი გაგება. კი, ყველა ქალს უნდა, ქმარი მისი ერთგული იყოს, მაგრამ, მხოლოდ ერთი პროცენტია შანსი იმისა, რომ ეს ასე იქნება. ერთგული მამაკაცები არ არსებობენ. თუ ქმარმა არ გიღალატა, ესე იგი,  ერთხელაც არ შეექმნა საამისო სიტუაცია.
– ანუ, ყველა მამაკაცს აქვს ცოლის ღალატის სურვილი?
– მოდი, ასე ვთქვათ: თუ მომენტი ჩაუვარდებოდა, უარს არ იტყოდა. იმიტომ გეუბნებით, კაცები სიტუაციის ხალხია-მეთქი. ძალიან იშვიათია მამაკაცი, რომელიც ქალის შეთავაზებულ ვარიანტზე უარს იტყვის. ქალები კი როგორი აქტიურები გახდნენ მამაკაცის შებმის საკითხში, ალბათ, იცით.
– მთლად ქალებს ნუ გადავაბრალებთ კაცების მოღალატეობას.
– არც ვაბრალებ. უბრალოდ, ვამბობ, რომ ინიციატორები უფრო ხშირად ქალები არიან ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, როცა კაცი რაღაცას წარმოადგენს, ანუ, პერსპექტივა და ფული აქვს. მე არ ვცდილობ ჩემი ქმრის გამართლებას, მაგრამ, კაცების უმრავლესობას „პონტზე” უარის თქმა არ შეუძლია. არც ერთმა ქალმა არ თქვას, რომ დარწმუნებულია თავისი ქმრის ერთგულებაში. მტკივნეულია იმ აზრთან შეგუება, რომ, ადრე, თუ გვიან, აუცილებლად გიღალატებენ, მაგრამ, ამ აზრს ცხოვრება, მით უმეტეს, შენი შვილის ცხოვრება არ უნდა დაანგრევინო. მე ძალიან გვიან მივედი ამ დასკვნამდე და უკვე აღარ მიკვირს, როცა ცოლი ქმარს ღალატს პატიობს. ადრე სულ მიკვირდა, ნუთუ ამ ქალებს თავმოყვარეობა არ აქვთ-მეთქი, მაგრამ, ახლა ვიცი, რომ ისინი საკუთარ თავზე არ ფიქრობენ, მათი პრიორიტეტი სხვაა და, შეიძლება ითქვას, მსხვერპლსაც გაიღებენ ამ ნაბიჯით. ცოლ-ქმრის ურთიერთობა ძალიან რთული სფეროა და ყველას თავისი რეცეპტი აქვს, როგორ მოიწყოს ოჯახური ცხოვრება, თუმცა, პრობლემები ძირითადად ერთნაირია ხოლმე. კაცს ჰბეზრდება ოჯახური ერთფეროვნება, ყოველდღე ერთი და იგივე პრობლემები; ცოლის მხრიდან ერთი და იგივე საყვედურები;  მისი წუწუნი, რომ დაიღალა.
– კაცებს ხომ არ ესმით, რა ღლის ქალს – მერე რა, თუ ოჯახს უვლის, საჭმელს ამზადებს და ოჯახის წევრებზე ზრუნავს, ეს ხომ მისი  მოვალეობაა და ყველა ქალი ასე ცხოვრობს?! საშინელი ლოგიკაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობას სხვა ლოგიკა არ გააჩნია.
 – გეთანხმებით. მამაკაცების მხოლოდ მცირე ნაწილი ხედავს და აფასებს ქალის შრომასა და ეს მართლაც არის პრობლემა, ოღონდ, ამაზე არავინ ლაპარაკობს. არ მიაჩნიათ პრობლემად, რადგან, თითქმის ყველა ოჯახში ასე ხდება – ყველგან, სადაც ქალი თავის ფუნქციასა და მოვალეობას ასრულებს. თუ ყველაფერი ფეხებზე გკიდია, თუ მთელი დღე საკუთარ თავზე ფიქრობ, ნერვებიც არ მოგეშლება და კარგ გუნებაზე იქნები, არც იწუწუნებ და არც უსაყვედურებ ქმარს, გაპრიალებულ იატაკზე ტალახიანი ფეხებით რომ გაივლის, შეიძლება, ვინმე ფიქრობს, რომ ეს სულელური წვრილმანებია, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ „სულელური წვრილმანები” გაყალიბებს „ისტერიჩკად”... მერე ქმარი გაიცნობს საკუთარ სიამოვნებაზე აქცენტირებულ, მუდამ მოღიმარ, მხიარულ ქალს, რომელთანაც თავს ლაღად, მსუბუქად იგრძნობს და დამთავრდა – სამკუთხედი შეკრულია. ამის შემდეგ კი იწყება გაცილებით სერიოზული პრობლემების პერიოდი. უსიამოვნება ცოლ-ქმარს შორის სხვა ფაზაში გადადის და სკანდალები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. მამაკაციც უფრო იძაბება, თვალი გაქცევაზე უჭირავს... მოკლედ, სიტუაცია ასაფეთქებლად გამზადებულ დენთის კასრს ემსგავსება. ქალი ფიქრობს იმაზე, რომ დაამცირა, გაწირა იმ ადამიანმა, რომელსაც ყველანაირად მხარში ედგა, თვალებში შესცქეროდა, მის გასაკეთებელსაც კი თვითონ აკეთებდა; ქმარი კი, პირიქით, თავს იმართლებს იმით, რომ ცოლმა მიიყვანა ღალატამდე თავისი ისტერიკებით. მოკლედ, ერთი შეხედვით, გამოუვალი, უიმედო სიტუაციაა.
მე და ჩემი ქმარი მაქსიმალურად ვცდილობდით, ბავშვის თანდასწრებით არ გვეჩხუბა. ხუთი წლის ბავშვის გონება ძალიან ფაქიზია და მგრძნობიარე და მაქსიმალურად უნდა მოარიდო სტრესს. იმას ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ოჯახში არეულ სიტუაციას ბავშვის გამო ვითმენდი. მაშინ მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობდი, ვცდილობდი, ქმრის ღალატის დამადასტურებელი საბუთი მომეძებნა, რომ სკანდალით გამეგდო სახლიდან. სკანდალები ისედაც არ გვაკლდა და, ერთ დღესაც, ვთქვი: მორჩა, ეს უნდა დამთავრდეს! ახლავე ადექი და წადი, ასე ცხოვრება მეტი აღარ შემიძლია-მეთქი. ეტყობა, ჩემი ქმარი ამ სიტყვებს დიდხანს ელოდა, ან, მისთვისაც ბოლო წვეთი იყო და მაშინვე ჩაალაგა ბარგი. ერთი სიტყვითაც არ მითქვამს, დარჩი-მეთქი.
– გქონდათ თქმის სურვილი?
– ალბათ მქონდა, მაგრამ, იმ ფაქტმა, რომ თავად არ გამოთქვა დარჩენის სურვილი, გამამწარა და  პროტესტის საშინელი გრძნობა გამიჩინა. ბავშვს ეძინა. არ მიკითხავს, სად მიდიოდა. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ წასასვლელი ჰქონდა. სახლიდან რომ გადიოდა, თვითონ მითხრა,  დედაჩემთან ვიცხოვრებ და კვირაობით მოვალ ბავშვის სანახავადო. წავიდა. მეგონა, რომ ცოტა ხანს მშვიდად ვიგრძნობდი თავს და იმის განცდა მაინც მექნებოდა, რომ ჩემი ცხოვრების მძიმე ეტაპი,  თუნდაც მტკივნეულად, მაგრამ, მაინც დამთავრდა, თუმცა, პირიქით მოხდა: მინდოდა მეყვირა, მეტირა ხმის ჩახლეჩამდე და, ეს ყველაფერი რომ ვერ გავაკეთე, ძალიან ცუდად გავხდი. დილით კი ვცდილობდი, მომეძებნა დამაჯერებელი პასუხი ბავშვის შეკითხვაზე, სად არის მამიკო. ჩემმა შვილმა მშვიდად მიიღო ის ფაქტი, რომ მამას მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა და კვირამდე ვერ მოვიდოდა. მარტო ის მკითხა, კვირამდე რამდენი დღეაო. ოთხი-მეთქი. ამ დღეების განმავლობაში ქმარს არ დაურეკავს. მე კი ვცდილობდი, ჩამეგონებინა საკუთარი თავისთვის, რომ ეს კაცი არაფერში მჭირდებოდა. კვირას მოვიდა და ბავშვი გაასეირნა. სულ რაღაც ოთხი საათი გაატარა შვილთან და სადილზეც კი არ დარჩა. ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი, განა რამდენი დღე გავიდა, რაც ამ სახლიდან წახვედი, რომ ჩემს გაკეთებულ საჭმელს აღარ ჭამ. ბავშვი ისე გელოდებოდა, მეგონა, საღამომდე მასთან იქნებოდი-მეთქი. შენ ბავშვით მანიპულირებ, სინამდვილეში კი ჩემი დაბრუნება გინდა, ყველა ქალი ასეთიაო. გავმწარდი. ეტყობა, უკვე მონახე შემცვლელი და იმასთან გარბიხარ-მეთქი. გაგიჟდა.  რა უნდა გელაპარაკო, ორი საათიც კი არ შეგიძლია ჩხუბის გარეშე გაძლება, შენი ეჭვებით პარანოიკი გახდი, რაღაცეები გელანდება. თუ სიმართლე გაინტერესებს, არავინაც არ მყავს და არც არავინ მჭირდება, მირჩევნია, ყველასგან დავისვენოო. წავიდა და მეორე კვირას საერთოდ არ მოვიდა. საშინლად ვიყავი გაბრაზებული და მისი დანახვაც კი არ მინდოდა, მაგრამ, ჩემმა შვილმა გამოსავალი არ დამიტოვა. ვერც წარმოვიდგენდი, მამამისი ასეთი მნიშვნელოვანი თუ იყო მის ცხოვრებაში. დიდი ადამიანისთვის არის წარმოუდგენელი ისეთი მძაფრი ემოციები, როგორიც ბავშვს ჰქონდა. არაფერმა არ გაჭრა. რა არ ვუთხარი, რას არ დავპირდი, მაგრამ, მისმენდა და უხმოდ ტიროდა. გული მომიკვდა. მერე სიცხეც მისცა და მივხვდი, რომ ქალი ყოველთვის ორმაგად იტანჯება, როცა მისი შვილის მამა სახლიდან მიდის. სამწუხაროდ, კაცები ხშირად ამას ბავშვით მანიპულირებას ეძახიან და მიაჩნიათ, რომ ქალები შვილებს მათ დასაბრუნებლად იყენებენ. საშინელი ბრალდებაა, უმძიმესი და მამაკაცები, რომლებიც ამას ამბობენ, აუცილებლად დაისჯებიან.
– იქნებ, ზოგიერთი ქალი აკეთებს კიდეც ამას, მთლიანად გამორიცხვა, ალბათ, არ შეიძლება.
– გამონაკლისებზე და ყველაფრის მკადრებელ ადამიანებზე საუბარი არ ღირს. თუ კაცს დაბრუნება არ უნდა, ათი შვილიც რომ ეძახდეს, დაბრუნდიო, მაინც არ დაბრუნდება. ერთი წასვლა უჭირს ზოგიერთს, თორემ, თუ კარი გაიხურა, მერე ღმერთის იმედად უნდა იყო, სხვა არაფერი გიშველის. ამიტომაც, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ჯობია, მოითმინო.
– ღალატიც?
– თუ ამ ღალატს ცხვირში არ გჩრის და თავხედურად ფაქტის წინაშე არ გაყენებს, ვარაუდის დონეზე ოჯახის დანგრევა მართლა არ ღირს. ისევ  შენ დაიტანჯები შენი შვილის წვალების ყურებით. კი, ძალიან შეურაცხმყოფელია იმაზე ფიქრი, რომ შენი ქმარი სხვა ქალს ეფერება, მაგრამ, უნდა მოახერხო და არ დაუშვა ამაზე ფიქრი.
– სათქმელად ადვილია, მაგრამ, რეალურად ეს შესაძლებელია?
– თუ შვილი გიყვარს, მისი ბედნიერებისთვის შეძლებ, დათმო შენი ეგოისტური ფიქრები და სურვილები. ჩემი შვილის ტანჯვას რომ ვუყურე, მივხვდი, რომ ამ ფასად არაფერი არ მიღირდა. დავურეკე და შევეხვეწე ჩემს ქმარს, ოღონდ სახლში დაბრუნდი, ბავშვთან და არასოდეს არანაირ შეკითხვას აღარ დაგისვამ. ხმას სულ არ ამოვიღებ; თუ გინდა, მხოლოდ ვიცხოვროთ ერთ ჭერქვეშ ოღონდ ბავშვს ნუ გავაწამებთ-მეთქი.
– დიდ მსხვერპლზე წასულხართ.
– ნორმალური დედისთვის ასეთი მსხვერპლი ჩვეულებრივი ამბავია. აბა, რისთვის ხარ? რისთვის გინდა შენი სიცოცხლე, თუ ბავშვი დარდით დაგიავადმყოფდება?! ახლა უკვე მესმის იმ ქალების, რომლებიც ქმრებისგან შეურაცხყოფას, დამცირებას იტანენ და არ ეყრებიან – ეტყობა, მათაც ისეთივე მდგომარეობა აქვთ, როგორიც მე მქონდა.
– ანუ, ბავშვი რომ არა, ქმართან შერიგების სურვილი არ გქონიათ?
– იმ ეტაპზე მართლა არ მქონდა. ძალიან ვიყავი გაბრაზებული და გულნატკენი. მარტო მისი კი არა, საერთოდ არც ერთი მამაკაცის დანახვა არ მინდოდა. ვფიქრობდი, რომ მარტოც მშვენივრად ვიცხოვრებდით მე და ჩემი შვილი. როცა საკუთარი შემოსავალი გაქვს ქალს და ფეხზე მყარად დგახარ, ამ ტიპის გადაწყვეტილებას უფრო ადვილად იღებ. ყოველ შემთხვევაში, ქმარს ნამდვილად არ დავუწყებდი მუდარას, დაბრუნებულიყო – საამისოდ მყოფნის თავმოყვარეობა. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჩემმა შვილმა თავმოყვარეობაც დამავიწყა. ჩემი ქმარი რომ მოვიდა, ვუთხარი: არ ვაპირებდი გამოკიდებას, არც  დაგირეკავდი, ბავშვი ასე ცუდად რომ არ ყოფილიყო. შეგიძლია, რაც გინდა ის იფიქრო, მაგრამ, ჩემთან ურთიერთობას არასოდეს გაიძულებ, იყავი ამ სახლში შენი შვილის გვერდით, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, დანარჩენი კი შენზეა; თუ შენც შეგიძლია, ბავშვისთვის რაღაც-რაღაცეები დათმო, მაშინ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას-მეთქი. დამთანხმდა, თუმცა, შევატყვე, რომ ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდა, მაგრამ, აღარ გამოვკიდებივარ ამაზე და არ დამიწყია კინკლაობა, როგორც ამას სხვა დროს ვიზამდი, ანუ, გადავყლაპე. გამიჭირდა, მაგრამ, შეუძლებელი არ აღმოჩნდა. ჩემი ქმარიც რამდენიმე თვე დაძაბული იყო – მაკვირდებოდა, მცდიდა. ჩუმად ვიყავი და არაფერზე ვაღიზიანებდი. მერე, მგონი, იფიქრა, რომ ვიღაც მყავდა და ეჭვიანობა დაიწყო – ჩუმად მამოწმებდა, ჩემს მობილურში იქექებოდა. ვამჩნევდი, თუმცა, არაფერს ვეუბნებოდი. ცოტათი გავერთე კიდეც, მაგრამ, მერე ვიფიქრე, ამან სერიოზული სახე არ მიიღოს-მეთქი და ვუთხარი. ტყუილად ეჭვიანობ, მიკვირს, რომ ვერ გამიცანი და არ იცი, რისი მკადრებელი ვარ. დამშვიდდი და ტყუილად ნუ ნერვიულობ, რადგან არჩევანი ჩემი შვილის ინტერესების სასარგებლოდ გავაკეთე, ბევრი რამე სხვანაირად იქნება-მეთქი. მოკლედ, ახლა ჩვენ შორის ყინული ნელ-ნელა ლღვება. თავიდან ვიწყებთ ერთმანეთის გაცნობას და, მგონი, რაღაც გამოგვდის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი შვილი ბედნიერია.

скачать dle 11.3