რომელ გახმაურებულ სკანდალთან ასოცირდება კოსოვოელი მილიონერი ბეჯეტ პაკოლი და რის გამო დატოვა რუსეთის კომუნისტური პარტია მილიონერმა გენადი სემიგინმა
გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა” თავის ფურცლებზე იმ მილიარდერთა და მილიონერთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ბიზნესთან ერთად პოლიტიკაშიც არიან ჩართულნი და თავიანთი ფულით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და მოძრაობებს აფინანსებენ ან თავად აყალიბებენ. რეიტინგში შესულ ბიზნესმენთა სახელები საზოგადოების გარკვეული წრისთვის ცნობილია.
ტაქსინ ჩინავატი – პარტია „ტაილანდელებს უყვართ ტაილანდელები” (ტაილანდი); პარტიის დაარსების წელი: 1998; პირადი კაპიტალი: სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით 2-3 მილიარდი ამერიკული დოლარი (თანხის ნაწილი დარეგისტრირებულია ოჯახის წევრებზე).
თავისი დიდძალი კაპიტალი ტაქსინ ჩინავატიმ პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვით დააგროვა. 1994 წელს ჩინავატი პოლიტიკურად გააქტიურდა და ჩუან ლიხლაიას მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა. 1998 წელს ჩინავატიმ საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა და 2001 წელს ტაილანდის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, სადაც 2006 წლის სექტემბრამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2006 წელს ტაილანდში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ჩინავატი ტერორიზმში დაადანაშაულეს, რის გამოც მას ქვეყნის საზღვრების დატოვება მოუხდა და ის დღემდე დიდ ბრიტანეთს აფარებს თავს. ჩინავატის პარტიის საქმიანობა ტაილანდის ტერიტორიაზე ოფიციალურადაა აკრძალული. თუმცა, მის ბაზაზე შეიქმნა პარტია „ტაილანდისთვის,” რომლის ლიდერი ტაქსინის და, იინგლაკ ჩინავატი გახდა. მან არჩევნებში გაიმარჯვა და ამჟამად ტაილანდის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს.
ვიქტორ უსპასკიხი – შრომის პარტია (ლიტვა); პარტიის დაარსების წელი: 2003; პირადი კაპიტალი: 50 მილიონი დოლარი (დაუზუსტებელი ინფორმაცია).
თავისი კაპიტალი ლიტველმა მილიონერმა ვიქტორ უსპასკიხმა რამდენიმე ბიზნესსფეროში გამოიმუშავა: კვების მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა; ძირითადი აქტივი – საკვები კონცერნი „ვიკონდა”. 2004 წელს ვიქტორ უსპასკიხის პარტია ევროპარლამენტის წევრი გახდა 5 მანდატით და იმავე წელს ლიტვის პარლამენტში ყველაზე მსხვილი ფრაქცია ჩამოაყალიბა. უსპასკიხის პარტიის დაფინანსებით რამდენჯერმე დაინტერესდნენ ლიტვის სპეცსამსახურები, თუმცა გამოძიებამ მილიონერის მხრიდან კანონდარღვევა ვერ დაადგინა.
გენადი სემიგინი – რუსეთის პატრიოტთა პარტია (რუსეთი); პარტიის დაარსების წელი: 2005; პირადი კაპიტალი: 16 მილიონი დოლარი (რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით).
საკუთარი პარტია გენადი სემიგინმა მას შემდეგ ჩამოაყალიბა, რაც სკანდალურად დატოვა რუსეთის კომუნისტური პარტია, სადაც ძირითად დამფინანსებლად ითვლებოდა. კომუნისტებმა მას პარტიის შიდა გახლეჩვაში დასდეს ბრალი და თავისი რიგებიდან გარიცხეს. საუკეთესო შედეგი სემიგინის პარტიამ 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენა, როდესაც ხმათა 0,97 პროცენტი მიიღო. ამჟამად სემიგინი და მისი პარტია ვლადიმირ პუტინის საერთო სახალხო რუსული ფრონტის წევრია, ხოლო სემიგინის მოადგილე სულაც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.
ბეჯეტ პაკოლი - ახალი კოსოვოს ალიანსი (კოსოვო); პარტიის დაარსების წელი: 2006; პირადი კაპიტალი: 400 მილიონი ევრო („ფორბსის” მონაცემებით).
1990 წლიდან ბეჯეტ პაკოლი ხელმძღვანელობს სკანდალურად ცნობილ ბიზნესჯგუფს „მაბეტექსს”. პაკოლის კომპანია რუსეთის ფედერაციაში 1998 წელს მომხდარ სკანდალში ფიგურირებდა – მაშინ გავლენიან სამშენებლო კომპანიას რუსეთის მთავრობის მაღალ ეშელონებში ქრთამის მიცემაში ედებოდა ბრალი (საქმე რუსეთის პროკურატურის მიერ 2000 წელს დაიხურა ფაქტების არარსებობის გამო). ახალი კოსოვოს ალიანსი პაკოლიმ პრიშტინელ პროფესორებთან ერთად დააარსა და 2010 წლის კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში ხუთი მანდატი მოიპოვა. მოგვიანებით, პაკოლიმ ჰაშიმ ტაჩის პარტია დემოკრატიულ კოსოვოსთან ერთად პარლამენტში კოალიცია შექმნა. 2011 წელს პაკოლიმ ამ კოალიციის სახელით კენჭი იყარა კოსოვოს საპრეზიდენტო არჩევნებში და თვითაღიარებული რესპუბლიკის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა.
სილვიო ბერლუსკონი – პარტია „წინ, იტალია” (იტალია); პარტიის დაარსების წელი: 1994; პირადი კაპიტალი: 7,8 მილიარდი ამერიკული დოლარი („ფორბსის” მონაცემებით).
სილვიო ბერლუსკონის ბიზნესის ბირთვი კომპანია „ფინინვესტის” აქციათა საკონტროლო პაკეტია და ეს არის სამშენებლო კომპანია. გარდა ამისა, ბერლუსკონის მფლობელობაშია მასმედიის რამდენიმე საშუალება, საფეხბურთო კლუბი „მილანი” და უნივერმაღების ქსელი „ლა სტანდო”. პარტიის დაარსებისთანავე სილვიო ბერლუსკონიმ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა 1994-1995 წლებში. შემდგომ წლებში ბერლუსკონიმ კიდევ ორჯერ მოახერხა გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში 2001 და 2008 წლებში და ევროპის ეს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურ პოლიტიკოსი ავტომატურად იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ბოლოჯერ კი პრემიერის პოსტი ბერლუსკონიმ ახალი სკანდალის თანხლებით დატოვა. თუმცა, იტალიაში არ გამორიცხავენ, რომ ოდიოზურმა და ქარიზმატულმა პოლიტიკოსმა მეოთხედაც გარისკოს და კვლავ ჩექმის ფორმის ნახევარკუნძულის პოლიტიკურ ლიდერად იქცეს.
ლეონიდ ჩერნოვეცკი – უკრაინის ქრისტიან-ლიბერალური პარტია (უკრაინა); პარტიის დაარსების წელი: 1995; პირადი კაპიტალი: 781 მილიონი დოლარი (2010 წლის მონაცემებით).
ჩერნოვეცკის პირადი კაპიტალის წყაროდ ბიზნეს ჯგუფი „პრავექსი” ითვლება. 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისამდე, ჩერნოვეცკიმ ჯგუფის საკუთრებაში არსებული ბანკი 750 მილიონ დოლარად გაყიდა. 2004 წელს ჩერნოვეცკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა ხმათა მხოლოდ ერთი პროცენტი დააგროვა. 2006 წელს ჩერნოვეცკიმ კიევის მერის არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქრისტიან-ლიბერალურ პარტიას დამოუკიდებლად არასდროს მიუღია მონაწილეობა არჩევნებში და მხოლოდ ბლოკებში გაერთიანებით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩერნოვეცკის პარტია ბლოკ „ნაშა უკრაინას” შემადგენლობაში იყო.
იანუშ პალიკოტი – პალიკოტის მოძრაობა (პოლონეთი); პარტიის დაარსების წელი: 2010; პირადი კაპიტალი: 2,5 მილიონი დოლარი (2010 წლის მონაცემებით).
თავისი კაპიტალი პოლონელმა ბიზნესმენმა იანუშ პალიკოტიმ სპირტიანი სასმელების ვაჭრობით დააგროვა. თავდაპირველად ის ღვინით ვაჭრობდა, შემდგომ კი უფრო ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებზე გადავიდა. საკუთარი პარტიის დაარსებამდე, პალიკოტი სეიმის დეპუტატი გახლდათ პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერის, დონალდ ტუსკის პარტიიდან „სამოქალაქო პლატფორმა“. 2011 წლის სეიმის არჩევნებში პალიკოტის პარტიამ ხმათა 10 პროცენტი და რამდენიმე სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. პალიკოტი სოციალ-ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარია და მისი პარტია ერთსქესიანი ქორწინებისა და მარიხუანის ლეგალიზების მომხრეა.
მიხაილ პროხოროვი – რუსეთის „სამოქალაქო პლატფორმა”; დაარსების წელი: 2012; პირადი კაპიტალი: 13,2 მილიარდი ამერიკული დოლარი („ფორბსის” მონაცემებით).
რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა მიხაილ პროხოროვმა პოლიტიკური აქტიურობა 2011 წელს დაიწყო, როდესაც ჩამოაყალიბა პარტია „მემარჯვენე საქმე”. ამ პარტიის სახელით მან კენჭი იყარა 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმათა რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა. 2012 წლის 4 ივნისს პროხოროვმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სამოქალაქო პლატფორმა” დააფუძნა. პროხოროვი „ფორბსის” რეიტინგის ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ და სკანდალურ მილიარდერად ითვლება. ამასთანავე, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოლიტიკოსია, მისი სიმაღლე 204 სანტიმეტრია.