რა სახის აკრძალვები მოქმედებდა ალბანეთში ენვერ ჰოჯას მმართველობის პერიოდში და რა როლი ითამაშა სტალინის სიკვდილმა მის პოლიტიკურ კარიერაში
მან შექმნა ორთოდოქსული მარქსისტული მიმდინარეობა „ჰოჯაიზმი”, რომელიც საბჭოური მარქსიზმ-ლენინიზმის რევიზიონიზმს ებრძოდა. საუბარია ალბანეთის მშრომელთა პარტიის ლიდერზე ენვერ ჰალილ ჰოჯაზე, რომელიც 40 წელი ედგა სათავეში ალბანეთის სახალხო სოციალისტურ რესპუბლიკას. „თბილისელების” ამ ნომერში ენვერ ჰოჯაზე გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* ენვერ ჰოჯა 1908 წლის 16 ოქტომბერს, ქალაქ გიროკასტრში დაიბადა, რომელიც იმ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ენვერის მამა, ჰალილ ჰოჯა ტანსაცმლით და ნაჭრებით ვაჭრობდა და სხვადასხვა ცნობით, მუსლიმანი-სუნიტი ან შიიტი იყო. დედა, გიულო ჰოჯა კი ჩვეულებრივი ალბანელი დიასახლისი გახლდათ. ენვერს კიდევ ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა. ჰალილ ჰოჯა დიდ დროს ევროპის ქვეყნებში ატარებდა და ენვერის გაზრდა ბიძამისს, ჰისენ ჰოჯას ჰქონდა ჩაბარებული. ჰისენი ალბანეთის დამოუკიდებლობის მომხრე იყო და მთავრობის მიერ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდა. სწორედ ჰისენმა ჩაუნერგა ენვერს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძირითადი პრინციპები. 1928 წელს ალბანეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მონარქიული სისტემა აღადგინა, მთავრობაში მეფე ზორგუ მოვიდა. იმ პერიოდში ენვერ ჰოჯა უკვე გატაცებული იყო კომუნისტური იდეებით, მარქსის, ენგელსის, ლენინის ნაშრომებით. 25 წლის ასაკში ენვერ ჰოჯა თავისუფლად ფლობდა თურქულ და ფრანგულ ენებს, გარდა ამისა, გატაცებული იყო მუსიკით, წერდა ლექსებს და ორგანიზებას უწევდა ლიტერატურულ საღამოებს. 1930 წლიდან ჰოჯა მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობდა და იმ პერიოდში გაწევრიანდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში. 1935-1936 წლებში ჰოჯა ალბანეთის საკონსულოს მდივანი იყო ბელგიაში და ბენილუქსის ქვეყნების კომპარტიის წევრიც გახლდათ. ჰოჯა აქტიურად იყო ჩართული კომუნისტური პარტიის საქმიანობაში, იზიარებდა სტალინის იდეებს და ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა ტროცკისა და ბუხარინის მიმდევართა და ალბანეთის მონარქიულ-ფაშისტური რეჟიმის საწინაღმდეგო სტატიებს.
* კომუნისტური პარტია მეფე ზორგუს მმართველობის პერიოდში აკრძალული იყო და ენვერ ჰოჯა თავისი საქმიანობის გამო არაერთხელ დააპატიმრეს. საფრანგეთის კომპარტიის რჩევით, 1938 წელს ჰოჯა მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში ჩაირიცხა. ინსტიტუტში ჰოჯა, ძირითადად, სტალინის, მოლოტოვისა და ვიშინსკის წიგნების ალბანურ ენაზე თარგმნით იყო დაკავებული. 1938 წელს ენვერ ჰოჯა პირველად შეხვდა თავის კერპს, სტალინს და იმ შეხვედრაზე ჰოჯამ საბჭოთა ბელადს პირობა მისცა, რომ ალბანელ კომუნისტებს ერთ ბოლშევიკურ პარტიად შეკრავდა. ეს დაპირება ენვერ ჰოჯამ მოგვიანებით აასრულა.
* 1941 წელს ენვერ ჰოჯამ ალბანეთის კომუნისტური პარტია დააფუძნა და მას შემდეგ, რაც ფაშისტური გერმანიის ჯარებმა, 1944 წელს ალბანეთის ტერიტორია დატოვეს, ჰოჯა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, საგარეოა საქმეთა მინისტრად და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უინსტონ ჩერჩილს გადაწყვეტილი ჰქონდა, ალბანეთის ტერიტორია იტალიის, საბერძნეთისა და იუგოსლავიის ქვეყნებს შორის გაენაწილებინა. თუმცა, სტალინის ჩარევის შემდეგ, 1945 წლის პოტსდამის კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ალბანეთი ხელუხლებელი დარჩებოდა. ამ ფაქტის გამო ენვერ ჰოჯა სტალინის მადლიერი იყო სიკვდილის ბოლომდე.
* ენვერ ჰოჯას ალბანეთის მთავრობაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ცხოვრების „ბლოკადური” რეჟიმი დამყარდა. ძალას იკრებდა „ანტირევიზიონისტული” კამპანია, წელიწადში ერთხელ ხორციელდებოდა პარტიული აპარატის კადრების „წმენდა”. ალბანეთის მოქალაქეებისთვის აკრძალული იყო: საკუთარი ავტომობილი, აგარაკი, ჯაზის და როკ-მუსიკის მოსმენა, ჯინსების ჩაცმა, დასავლეთში წარმოებული კოსმეტიკის ხმარება. ტელეფონით სარგებლობის უფლება კი ენვერ ჰოჯას სიკვდილამდე, მხოლოდ კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ.
* 1967 წელს ენვერ ჰოჯას ბრძანებით გააქტიურდა ბრძოლა ეკლესიისა და რელიგიის წინააღმდეგ. საზეიმო ღონისძიებაზე ჰოჯამ გამოაცხადა, რომ ალბანეთი გახდა პირველი ევროპული ათეისტური სახელმწიფო. მთავრობის მიერ გაუქმდა რელიგიური კონფესიები, ჩამოერთვათ მათ მეჩეთები, ეკლესიები, მონასტრები და ტაძრები. ამ შენობების უმეტესობა დაანგრიეს, ან საცხოვრებელ სახლებად, საქონლის სადგომებად, კინოთეატრებად გადააკეთეს. მშობლებს ეკრძალებოდათ შვილებისთვის ქრისტიანული ან ისლამური სახელები დაერქმიათ. იდევნებოდა იატაკქვეშეთში ეკლესიური რიტუალების ჩატარება. აღდგომის დღესასწაულისთვის შეღებილი კვერცხის პოვნის შემთხვევაში, მპოვნელს პრემია ეკუთვნოდა, ხოლო დამნაშავეს 10-დღიანი პატიმრობა ემუქრებოდა. რამდენიმე კათოლიკე მღვდელი ბავშვების მონათვლის გამო დახვრიტეს. ენვერ ჰოჯას თქმით, ალბანელებს არ უნდა ჰყოლოდათ კერპები და ღმერთი, მათი იდეალები მარქსი, ენგელსი, სტალინი და ლენინი უნდა ყოფილიყვნენ. რელიგიასთან ბრძოლაში დიდ როლს ასრულებდა საიდუმლო პოლიცია „სიგურიმი”, რომელიც პროვოკაციული მეთოდებით ხელმძღვანელობდა. მუსლიმანური და ქრისტიანული მარხვების პერიოდში დიდ საწარმოებსა და სასწავლებლებში იაფად შეჰქონდათ გასაყიდად საქონლის და ღორის ხორცი, რძის პროდუქცია. თუკი რომელიმე სტუდენტი ან მუშა არ შეიძენდა ამ პროდუქციას, ის ავტომატურად ხდებოდა „სიგურიმის” დაკვირვების ობიექტი.
* სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და ალბანეთს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ხრუშჩოვის მიერ წარმოებული ანტისტალინური კამპანია ჰოჯას კრიტიკის ობიექტი გახდა. თავის წიგნში „ხრუშჩოვმა ორჯერ მოკლა სტალინი”, ენვერ ჰოჯა საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს ბელადის სიკვდილთან დაკავშირებით. ჰოჯას ვერსიით, სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოკლა და როცა სტალინის დეკულტივიზაცია დაიწყო, ამ ნაბიჯით ხრუშჩოვმა მეორედ მოკლა დიდი ბელადი. სტალინის სიკვდილის დღე ალბანეთში საერთო სახალხო გლოვის დღედ გამოცხადდა და ერთი პერიოდი, ჰოჯა ითხოვდა, რომ მავზოლეუმიდან გამოსვენებული ბელადის ცხედარი ალბანეთის დედაქალაქში ჩაეტანათ. ენვერ ჰოჯა ტირანას ცენტრალურ მოედანზე სტალინის მავზოლეუმის აშენებას გეგმავდა. ცნობისთვის, ენვერ ჰოჯას წიგნები აკრძალული ლიტერატურა იყო საბჭოთა კავშირში.
* 1967 წელს ენვერ ჰოჯამ დასავლეთის ქვეყნებთან ან საბჭოთა კავშირთან ომის შემთხვევაში, საყოველთაო „ბუნკერიზაციის” პროგრამა აამოქმედა. ეს პროგრამა 20 წელი მოქმედებდა და ამ ხნის განმავლობაში ალბანეთის ტერიტორიაზე 700 ათასი ბეტონის ბუნკერი აიგო. თითო ბუნკერი ერთ ოჯახზე. საშუალოდ, ალბანეთის ტერიტორიის ერთ კვადრატულ კილომეტრზე 24 ბუნკერი იყო აშენებული. ამჟამად ბუნკერების ნაწილი დემონტირებულია, ხოლო ნაწილი კაფეებად და მცირე ზომის სასტუმროებად გადააკეთეს. ბუნკერი ალბანური ლანდშაფტის ყველაზე ცნობილი მოვლენაა. ალბანელ ახალგაზრდებში პოპულარულია პაემნების დანიშვნა მიტოვებულ ბუნკერებში.
* ცნობილია მხოლოდ ერთი ფაქტი, როცა ენვერ ჰოჯას ლიკვიდირებას გეგმავდნენ. 1982 წელს ოთხი ალბანელისგან შემდგარმა დაჯგუფებამ, რომელსაც ხევდეთ მუსტაფა მეთაურობდა, ჰოჯას ლიკვიდირება გადაწყვიტა. თუმცა, სპეცსამსახურებმა ადრეულ ეტაპზევე შეიტყვეს შესაძლო ტერაქტის გეგმა და ოთხივე ტერორისტი გაანადგურეს.
* ენვერ ჰოჯა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1985 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. ალბანეთში 9-დღიანი გლოვა იყო გამოცხადებული, ხოლო ჰოჯას დაკრძალვაზე ოფიციალურმა ტირანამ მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის, ვიეტნამის, კუბის, რუმინეთის, ნიკარაგუას, ერაყისა და ირანის ემისრები დაუშვა. საბჭოთა კავშირიდან, ჩინეთიდან და იუგოსლავიიდან გამოგზავნილი სამძიმრის წერილები უკან გაიგზავნა. ალბანეთის ლიდერის ცხედარი ტირანას ნაციონალური გმირების სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა, 1992 წელს ახალმა მთავრობამ კომუნისტური ლიდერის ცხედარი საიდუმლო ვითარებაში ტირანას გარეუბანში მდებარე ჩვეულებრივ სასაფლაოზე გადაასვენა. არსებობდა მცდარი მოსაზრება, რომ ენვერ ჰოჯას მუმიფიცირებული სხეული ტირანას ცენტრში, მავზოლეუმში იყო დასვენებული. ეს მავზოლეუმი ენვერ ჰოჯას არქიტექტორი ქალიშვილის მიერ დაპროექტდა და კომუნისტური რეჟიმის დაცემამდე, იქ გახსნილი იყო ენვერ ჰოჯას მუზეუმი. ამჟამად მავზოლეუმში კულტურულ-საგამოფენო ცენტრი და ევროპის ყველაზე დიდი დისკოთეკაა გახსნილი.
* 1953 წელს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების კინოეკრანებზე გამოვიდა ისტორიული ჟანრის ფილმი „ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი”. ფილმი ალბანელი და საბჭოელი კინემატოგრაფისტების საერთო ნამუშევარი იყო და მასში მთავარ როლებს ასრულებდნენ ცნობილი საბჭოელი მსახიობები, მათ შორის ქართველებიც: აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე. ფილმი ენვერ ჰოჯას დაკვეთა გახლდათ და აღსანიშნავია, რომ გადაღებების დაწყებამდე, ალბანეთში, როგორც ასეთი, კინემატოგრაფი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ეს ფილმი ითვლება პირველ მხატვრულ ფილმად ალბანური კინოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ალბანელები, მხოლოდ ეპიზოდური როლების შესრულებით შემოიფარგლნენ.