კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საქართველო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის სიძვირით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე და სად უნდა დაითვალოს სესხის ამღებმა მის მიერ კერძო ბანკში აღებული სესხის რეალური საპროცენტო განაკვეთი

საბანკო კრედიტები ჩვენი ცხოვრების აქილევსის ქუსლად იქცა: ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს კი ბანკიდან სესხის აღების პრობლემა უდგას. ის დროც წარსულს ჩაჰბარდა, როდესაც თბილისის ერთ ნახევარს მეორე ნახევრის ვალი ჰქონდა და პირველები მეორეებს ლამის მოსაკლავად დასდევდნენ. საბანკო სექტორის განვითარებამ „დევნას“ გაცილებით ცივილიზებული ფორმა შესძინა და ახლა უკვე საბანკო ვალშია ჩადებული საქართველოს მოქალაქეების ნახევარ მილიარდად შეფასებული ქონება (აღსრულების ბიუროს მონაცემებით). საბანკო სექტორი, მიუხედავად მაღალი რისკისა და არცთუ მდიდარი, უფრო ღარიბი კლიენტებისა, მაინც წაუგებელ თამაშს თამაშობს და ამიტომაც საქართველოში საბანკო სექტორის სუფთა მოგება რვა ნულიან ციფრებზე გადის. რა პრინციპით დგინდება ჩვენს ქვეყანაში სესხებისა თუ დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები, რამდენად ადეკვატურია ისინი და, რაც მთავარია, რამდენად ადეკვატურად იგდებენ თავს ჩვენი თანამოქალაქეები საბანკო კლანჭებში. თემას აფბას პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე განგვიმარტავს.

– თქვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხებოდა სესხების  საპროცენტო განაკვეთებსა და, ზოგადად, საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებს. როგორი სურათი გამოიკვეთა?
–  რაც უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სესხებზე საპროცენტო განაკვეთები. 2010 წლის მონაცემებით, კრედიტის სიძვირით მეშვიდე ადგილზე ვიყავით –  კრედიტებზე საშუალო შეწონილი განაკვეთი 24,2 პროცენტი იყო, ხოლო ახლახან უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის განახლებული სტატისტიკა და, 2011 წლის მონაცემებით, საქართველო უკვე მეხუთე ადგილზეა კრედიტების სიძვირით და საშუალო შეწონილი განაკვეთი 25,8 პროცენტია.
– შეწონილი განაკვეთი არის არსებული განაკვეთების საშუალო არითმეტიკული თუ რეალურად გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთების საშუალო მაჩვენებელი?
– შეწონილი განაკვეთია გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი და ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 26 პროცენტია. მაგალითად, აზერბაიჯანში 19 პროცენტია, სომხეთში –  17 პროცენტი, რუსეთში –  8,5 პროცენტი. ევროპის ქვეყნებზე საუბარიც ზედმეტია: იქ სესხების საპროცენტო განაკვეთი 5-7 პროცენტია, იაპონიაში –  1,5 პროცენტი, კანადაში –  3 პროცენტი. სხვათა შორის, არის რამდენიმე აფრიკული და აზიური სახელმწიფო, სადაც საკმაოდ დაბალია საპროცენტო განაკვეთი. მაგალითად, ლიბანში –  7,5 პროცენტი, ალჟირში –  8 პროცენტი, ინდონეზიაში –  12,4 პროცენტი. ჩვენთან, საქართველოში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 2-2,5-ჯერ მეტია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ნეგატიური ფაქტორია და ამ ფონზე გაუგებარია, თუ როგორ უნდა გატარდეს ის ეკონომიკური კურსი, რომელიც გაცხადებულია; ამ საპროცენტო განაკვეთებით როგორ უნდა შეუწყოს ხელი საბანკო სექტორმა ეკონომიკას?!
–  მართალია, სესხებზე მაღალია საპროცენტო განაკვეთები, მაგრამ, იმავდროულად, საქართველოში მაღალია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზეცო. არის ეს სესხების მაღალპროცენტიანობის გამართლება?
– სამწუხაროდ, არ ასახელებენ ამ მოვლენის მეორე მხარეს. დეპოზიტისა და სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა დაახლოებით 15-16 პროცენტია და საქართველო „ლიდერია“ ამ მაჩვენებლითაც. მსგავსი სხვაობა სესხისა და დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთს შორის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. შესაბამისი სტატისტიკაც მაქვს, მაგალითად: განვითარებულ ქვეყნებში ეს სხვაობა, მაქსიმუმ, 3 პროცენტია. ეს პირდაპირ აისახება ბანკების შემოსავლებში: 2011 წელს ბანკებმა სესხებიდან შემოსავლის სახით, დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო  დეპოზიტების მომსახურებაზე, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი დახარჯეს, ანუ სესხებიდან დეპოზიტების დანახარჯთან შედარებით 3-4-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს. ამდენად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში 19 ბანკი მოქმედებს.
– მაგრამ დეპოზიტებზე განაკვეთები განსხვავდება სხვადასხვა ბანკში?
–  ცდილობენ, რაღაც აქციებით მიიზიდონ ფული დეპოზიტებიდან და შემდგომ 2-2,5-ჯერ ძვირად გასცენ ეს თანხები სესხებად. დავუბრუნდები კონკურენციის თემას: მიუხედავად 19 ბანკის არსებობისა, საქართველოში არაჯანსაღი კონკურენციაა საბანკო სექტორში და მხოლოდ 3 ბანკზე მოდის დეპოზიტებისა და კრედიტების 70-75 პროცენტი. ესენია: „თი ბი სი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“. ძირითადად, ამ სამ ბანკშია კონცენტრირებული დეპოზიტები და ამ სამ ბანკზევე მოდის გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი. ექსპერტები და ბანკები სესხებზე მაღალი  საპროცენტო განაკვეთების მიზეზად ასახელებენ რისკის ფაქტორს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სესხების საპროცენტო განაკვეთში ლომის წილი სწორედ რისკის ფაქტორზე მოდის –  გაწეული რისკისთვის პრემია, დაახლოებით, 15 პროცენტია. ანუ ჩავთვალოთ, რომ იმ საშუალო 26-პროცენტიდან 15 პროცენტი მოდის რისკის ფაქტორზე.
– ოღონდ, როდესაც ეს რისკი არ არის, ბანკი ჯიბეში იდებს იმ 15 პროცენტს?
– რა თქმა უნდა, როდესაც ეს რისკი არ გაიწევა, ამ 15 პროცენტს იღებს ბანკი. თუმცა, მეორე მხრივ, ოფიციოზი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო სტაბილურია, საინვესტიციო გარემო მიმზიდველია და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობებია.
– და არც ერთი ქართული ბანკი არ გასცემს კრედიტს ბიზნესის დასაწყებად?
– ეს ცალკე თემაა და, ჩემი აზრით, შავი ლაქა საბანკო სექტორისთვის. როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანა, უხერხულია, საოპერაციო რისკის მაჩვენებელი იყოს ასეთი მაღალი.
– რეალურად თუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც რისკის ქვეშ დამდგარა ქართული საბანკო სექტორი და ამ რისკისთვის გამიზნულ 15 პროცენტს უმუშავია თუ, როგორც წესი, ამ ვითომ რისკის გამო 15 პროცენტით გაზრდილ საპროცენტო განაკვეთს უბრალოდ დედის რძესავით ირგებენ ბანკები?
– რომ განვაზოგადოთ, რისკის წინაშე ჩვენი საბანკო სექტორი 2008 წლის შემდგომ დადგა, ვინაიდან 2008 წლამდე, სანამ ფინანსური კრიზისი და საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ბანკებს საკმაოდ ლიბერალური საკრედიტო პოლიტიკა ჰქონდათ და, ფაქტობრივად, სატელეფონო ზარით ხდებოდა მცირე სესხების გაცემა, რაც, საბოლოოდ, დიდ მასშტაბებს იძენდა. მიღებული მწარე გამოცდილებით, ბანკებმა 2008 წლიდან გაამკაცრეს სესხის გაცემის კრიტერიუმები და იმ პირებს, რომლებიც მანამდე თავისუფლად იღებდნენ სესხებს ბანკებში, აღარ აქვთ იგივე შესაძლებლობა. დღეს რისკმენეჯმენტი გაცილებით მკაცრია და ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ, თავი დაიზღვიონ რისკების გაწევისგან და ხშირად ის პრემია, რომელსაც ისინი გაწეული რისკის სანაცვლოდ იღებენ, მათი მოგების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს.
გარდა ამისა, მინდა შევეხო ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემას –  სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, რომელთაც თითქმის ნულოვანი რისკი აქვთ, მაგრამ 2010-2011 წლებში იყო შემთხვევები, როდესაც, ძირითადად, ჩემ მიერ დასახელებული სამი ბანკი ყიდულობდა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს წლიურ 20-21 პროცენტად. ანუ ნულოვანი რისკის პირობებში ისინი იღებდნენ 20-21-პროცენტიან მოგებას, რაც წარმოუდგენელია.
– მკითხველს განვუმარტოთ, რომ ფასიანი ქაღალდების მიყიდვით სახელმწიფო ბანკებისგან სესხულობს ფულს წლიურ 20-21 პროცენტად.
– დიახ, გერმანიაში, მაგალითად, ნულპროცენტიანი ფასიანი ქაღალდებია, ამერიკაში –  1-პროცენტიანი.
– ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად საბანკო სექტორს კრედიტების გაიაფების ლუფტი 1-2 პროცენტი თუ ექნებათ.
– გამოსავალი მარტივი არ არის და კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. ეროვნულ ბანკს შეუძლია, გაატაროს ლიბერალური პოლიტიკა და ხელი შეუწყოს საპროცენტო განაკვეთების კლებას, მაგრამ ეს გაზრდის მოთხოვნას და შესაძლოა, მივიღოთ საპირისპირო ვითარება, რაც არანაკლებ ნეგატიური მოვლენაა, ვიდრე მაღალი საპროცენტო განაკვეთები. თუმცა მინდა, შორიდან მოვუარო: განვიხილოთ ბანკების მიერ გაცემული კრედიტების სტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დღეისთვის გაცემული 7,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხიდან, ძალიან დიდი ნაწილი მოდის ვაჭრობისა და მომსახურების სფეროზე, ანუ არა ეკონომიკის რეალურ სექტორზე, არამედ ისეთ სექტორზე, რომელიც დოვლათს არ ქმნის. მით უმეტეს, რომ იმპორტი შეადგენს ადგილობრივი  მოხმარების 75 პროცენტს, ესე იგი, ეს თანხები მიდის უცხოელების ჯიბეებში, საქართველოში კი სარგებლობს ადამიანთა მხოლოდ ის მცირე წრე, რომლებსაც შემოაქვთ საქონელი. ანუ დღეს ხდება არა ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება, რაც ეკონომიკის ზრდასა და საინვესტიციო პროექტების განვითარებას შეუწყობდა ხელს, არამედ სავაჭრო და მომსახურების კრედიტები გაიცემა, რაც ხელს უწყობს ინფლაციის გაძლიერებას. ამიტომ, თუ ეროვნული ბანკი ხელს შეუწყობს რეალური ეკონომიკური სექტორის დაკრედიტებას, რაც ფულადი მასის გაზრდის პარალელურად გაზრდის სასაქონლო მასას, განაკვეთების კლება არ გახდება ინფლაციური პროცესების გაძლიერების საფუძველი. დღეს ჩვენთან რეფინანსირების განაკვეთი 6-7 პროცენტის დონეზეა.
– განვმარტოთ რეფინანსირება.
– მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სესხი, რომელსაც ბანკები იღებენ ეროვნული ბანკისგან. მოვიტან სხვა ქვეყნების მაგალითებს: ამერიკის შეერთებულ შტატებში რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტია, ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთია 1 პროცენტი, იაპონიაში, საერთოდ, 0,1 პროცენტია, ანუ ძალიან ლიბერალურია მიდგომა ამ კუთხით.
– უხეშად რომ ვთქვათ, ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში ცენტრალური ბანკები არ ცდილობენ, კერძო ბანკებთან ერთად გააკეთონ ფული მოსახლეობის კრედიტებზე, განსხვავებით, ჩვენი ეროვნული ბანკისგან?
– მათი მიზანია ეკონომიკის და არა სახელმწიფო სექტორის წახალისება. იმ 6-7-პროცენტიანი სესხებით, რომლებსაც ჩვენი ეროვნული ბანკი გასცემს კერძო ბანკებისთვის, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი დიდ მოგებას იღებს. ამის საპირისპირო ვითარებაა ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში, რაც, საბოლოო ჯამში, აიაფებს კრედიტებს მოსახლეობისთვის. არსებობს დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება ლიბერალური პოლიტიკით საპროცენტო განაკვეთების შემცირება ისე, რომ ინფლაციის წახალისება არ მოხდეს. ასე რომ, თუ კომპლექსურად მიუდგებიან საკითხს, შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება. მეტიც, კომერციულ ბანკებს ნამდვილად აქვთ დღეს იმის შესაძლებლობა, რომ, თუნდაც, კეთილი ნების საფუძველზე 1-2 პროცენტით შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები სესხებზე. პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ საკმაოდ დაბალი კონკურენციაა საბანკო სექტორში, არამედ ისიც, რომ კონკურენციის დეფიციტია საბანკო სისტემის გარეთაც. ბანკებს, ფაქტობრივად, არ ჰყავთ კონკურენტი, მიკროსაფინანსოების გარდა და დღეს ფულის სესხების ერთადერთი საშუალებაა ბანკები და, თუ ბანკი მიუწვდომელია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ვიდრე ბანკებში.
– და მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხების ოდენობაც მცირეა.
– სესხის მასშტაბი გაცილებით მცირეა და საპროცენტო განაკვეთები გაცილებით მაღალი.
– მაგრამ უფრო მარტივია სესხის აღება?
– იმიტომ რომ არ ითვალისწინებენ, არის თუ არა კლიენტი „შავ სიაში“ და შესაბამისი უზრუნველყოფის შემთხვევაში, იქნება ეს ავტომობილი, ძვირფასი ლითონები თუ უძრავი ქონება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი სესხის აღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.
– მეტ რისკს სწევს მიკროსაფინანსო სესხის გაცემისას, ვიდრე ბანკი?
– ვერ ვიტყოდი ამას, რადგან, თუ გადავხედავთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის საიტზე, ვნახავთ, რომ მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხის მოცულობა, დაახლოებით, 400 მილიონ ლარს აღწევს, მეორე კვარტლის მდგომარეობით გაცემულია 382 მილიონი ლარის სესხი, მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვი კი მხოლოდ 4 მილიონი ლარია, ანუ მიკროსაფინანსოების საკრედიტო პორტფელი რისკის კუთხით საკმაოდ ჯანსაღია. თითქმის ყველა სესხი სრულადაა უზრუნველყოფილი, რაც მათ მიერ გაწეულ რისკს ამცირებს.
– საპროცენტო განაკვეთები როგორია მიკროსაფინანსოებში?
– მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქართულ სინამდვილეში 2006 წლიდან გამოჩნდა და დღეს უკვე საქართველოში 63 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. მათ მიერ გაცემული სესხების ოდენობა კი 2010 წლიდან დღემდე 212 პროცენტით გაიზარდა. ისინი საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებელს: იპოთეკურ სესხებზე საშუალო განაკვეთია 34,8 პროცენტი, თუმცა ცალკეულ ორგანიზაციაში 48-პროცენტიანი იპოთეკური სესხებიც გვხვდება. სალომბარდო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 40 პროცენტია, ავტოსესხებზე, საშუალოდ, 58 პროცენტი, თუმცა გვხვდება 100-პროცენტიანი სესხებიც, აგროსესხებზე –  30 პროცენტი, სამომხმარებლო სესხებზე –  29 პროცენტი, ბიზნესსესხებზე –  32 პროცენტი.
– ევროპაში?
– 2010 წლის მდგომარეობით, ევროსტატის ოფიციალური სტატისტიკით, მაგალითად, ბელგიაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში საშუალო განაკვეთი 3,5 პროცენტია, ჩეხეთში –  4,5 პროცენტი, ესტონეთში –  7 პროცენტი, ყველაზე დაბალია ავსტრიაში –  2,3 პროცენტი, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი 5 პროცენტია, მაშინ, როდესაც საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში საშუალო პროცენტი 37-ია.
– ერთია, კაბალური პირობები სესხებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მომხმარებლის ნაწილიც ფრიად გაუაზრებლად იღებს სესხს და თვითონვე აყენებს რისკის ქვეშ თავის უძრავ-მოძრავ ქონებას?
– კლიენტის ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია და არის შემთხვევები, როდესაც კრედიტის გაფორმების შემდეგ იგებენ სხვადასხვა გადასახდელისა  და არასაპროცენტო ხარჯების შესახებ. ეროვნული ბანკის საიტზე არის კალკულატორი, რომელიც ანგარიშობს რეალურ საპროცენტო განაკვეთს, რადგან, თუ სესხის ნომინალური პროცენტი 20-ია, ეს არ ნიშნავს, რომ რეალურადაც 20 პროცენტს ვიხდით, როგორც წესი, რეალური პროცენტი ამაზე ბევრად მეტია. ამ კალკულატორის არსებობა ეროვნული ბანკის საიტზე კარგი ნაბიჯია, მაგრამ ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი არ იყენებს ამ საშუალებას და ხშირად კლიენტის მიერ გაწეული რისკიც მაღალია.

скачать dle 11.3