„და თუ ეს სიყვარულია“?!
ანუ, „როცა ჩვენ ვცეკვავთ“
იმ მარტივი მიზეზით, რომ ტურისტების მოზიდვის წმიდათაწმიდა მიზნის აღსრულებით ვართ აღტკინებულნი (ერთი ისაა, რომ, რაც უნდა ვეცადოთ, ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, ვერასდროს შევიტყობთ დაზუსტებით, მართლაც, რამდენმა ტურისტმა დალაშქრა ჩვენი კურორტები, რადგან, ეს ჩვენი საბაჟო სამსახური არ გვაძლევს ამ ჩვენი საზღვრის გადამკვეთ-გადმომკვეთთა ზუსტ მონაცემებს), აჭარის სანაპირო ზოლში (მეტწილად ბათუმში) ვარსკვლავთცვენა გრძელდება (ზოგიც ფასიანი, ზოგიც – უფასო) მაგრამ, სამწუხაროდ, არც ის სტატისტიკური მონაცემები ვიცით, რომელიც ნათელს მოჰფენდა ვარსკვლავთა ჩამოყვანის ეკონომიკურ ეფექტიანობას.
ასეა თუ ისე, სულ ახლახან ბათუმის პიაცაშერქმეულ, ქართულად კი, უბრალოდ, მოედანზე, ხუაკინ კორტესის „ფლამენკოთი“ დავტკბით. მეორე მხრივ, ჩვენს თვალებს ეხამუშა, რომ ფლამენკოელი ხუაკინის გვერდით ჩვენი მარად ვარსკვლავთ თანამდევი სოფო ნიჟარაძე ვერ ვიხილეთ (ალბათ, იმიტომ რომ ის მხოლოდ მღერის და არ ცეკვავს), მაგრამ გულებიდან დარდი ახალციხის მუნიციპალიტეტმა გადაგვიყარა. ამ უკანასკნელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ (მოვიხმობ ამონარიდს განცხადებიდან): „ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, სოფო ნიჟარაძისა და ხუაკინ კორტესის მონაწილეობით, ამერიკელი კომპოზიტორის, კრისტიან ლეოცის სიმღერაზე – „როცა ჩვენ ვცეკვავთ“, კლიპის ჩაწერა მიმდინარეობს (ახალციხის მუნიციპალიტეტი, როგორც ყველა დანარჩენი და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების დონეზე, ქართულის ცოდნით ვერ დაიკვეხნის: კლიპი იწერება).“
მიმდინარეობს თუ იწერება, ქართულმა სახელისუფლოდ წოდებულმა ელმედიამ ისიც დააყოლა, რომ ქრისტიან ლორენცო სელინ დიონის კომპოზიტორიაო (ანუ სულ უფრო მაღლა-მაღლა ეთამაშება ჩვენი სოფო ვარსკვლავებს), თუმცა ის კი აღარ დაუკონკრეტებიათ, მათ შორის, არც ახალციხის მუნიციპალიტეტს, ხუაკინი მხოლოდ სოფოს ლამაზი თვალებისთვის დასთანხმდა კლიპში მონაწილეობის მიღებას, ლორენცო კი სოფოს ხმის გაგონებისთანავე თუ ამ საქმეში ჩვენი ბედკრული ბიუჯეტიც ურევია?!
ერთი სიტყვით, კვლავაც ბუნდოვანია, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ, „ნა კაკიე შიში“ იფურჩქნება ქ-ნი ნიჟარაძის შემოქმედებითი კარიერა, თუმცა, თუ, მის გამოსვლებს გავიხსენებთ (თვით მსოფლიო ოპერის ვარსკვლავმაც კი ვერ გაიფაჩუნა საქართველოს რომელიმე სცენაზე, სოფო არ ამოსდგომოდა), „შიშისა“ რა მოგახსენოთ, მაგრამ, ის კი აშკარაა, რომ მისთვის უსვრია, თუ უსვრია, რევოლუციურ „ავრორას“!