სად ისწავლა ქეთი წიკლაურმა ძროხის მოწველა და სად გრძნობს ის თავს განსაკუთრებით კარგად
ქეთი წიკლაური: კომუნალური გადასახადები და მსგავსი საყოფაცხოვრებო, წვრილმანი პრობლემები მე არ მეხება. ამ ყველაფერს მამაჩემი აგვარებს. თუ სახლში რამე გაფუჭდა, ესეც მამაჩემის სფეროა. მას თვითონაც შეუძლია რაღაც-რაღაცეების შეკეთება, მაგალითად, სანტექნიკაში ერკვევა კარგად. ნათურის გამოცვლას მეც ვახერხებ. წავალ, ვიყიდი და გამოვცვლი – განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება ამას არ სჭირდება. კიბის შემოტანა და ლურსმნის მიჭედებაც შემიძლია, რაზეა ლაპარაკი. ტელეფონის გადასახადსაც ძირითადად მე ვიხდი.
– ხარ კომფორტის მოყვარული? რა შეიძლება გაფუჭდეს ისეთი, რომ შეწუხდე?
– კომფორტის მოყვარული, ალბათ, ყველაა. ამ ბოლო დროს, ადრე რომ ბნელდება, მეჩვენება, თითქოს სინათლე არ მყოფნის (იცინის). უგაზობაც დისკომფორტია და უწყლობაც, მაგრამ ჩვენ ისეთი წლები გადავიტანეთ, რომ რამდენიმესაათიან დისკომფორტს გავუძლებ, არ გავგიჟდები. არ შემიძლია არეულ სახლში ყოფნა. სულ ვცდილობ, ყველაფერი წესრიგში იყოს – სახლიც და ჩემი ნივთებიც. თუ ძალიან არ მეჩქარება, მაშინვე ვცდილობ, მივალაგო, დიდხანს არეულობას ვერ ავიტან.
– ოჯახში „ცხელი“ ხაზით სარგებლობთ?
– არა. ძალიან იშვიათად ქრება შუქი და მაშინ დედა ანთებს სანთლებს, ვსხდებით სავარძლებში და სიმშვიდით ვტკბებით (იცინის). სხვათა შორის, ძალიან იშვიათად მახსენდება ის პერიოდი, როცა საერთოდ არ იყო არც შუქი და არც გაზი. უფრო სწორად, არ ვიხსენებ, თორემ, როგორ არ მახსოვს. პირველი რამდენიმე თვე მაინც კოშმარი იყო. საერთოდ მოუმზადებლები ვიყავით და, უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩით. მახსოვს, ერთ დღეს, ჩაიც ვერ ავადუღე და ჩემმა მეგობარმა შეფუთული ჩაიდნით მომიტანა ცხელი წყალი. მერე უკვე „კერასინკებიც“ შემოვიდა, „ტურბოებიც“ და ცოტა ამოვისუნთქეთ. შეშის ღუმელიც გვედგა. მეთოთხმეტე სართულზე ვცხოვრობდით და შეშა ხელით აგვქონდა. ვცდილობდი, ამ საქმიანობით სიამოვნება მიმეღო და ვამბობდი, კუნთებს ვიმაგრებ, კარგი ვარჯიში გამომდის-მეთქი (იცინის).
– მთელ თბილისს რომ ბოლის სუნი ასდიოდა?!
– აბა?! მახსოვს, როგორი ჩაცმული ვწვებოდი დასაძინებლად ზამთარში. ნორმალურ სიტუაციაში ხომ უნდა გაიხადო, მე – ვიცვამდი ჯემპრებს, წინდებს და, რა ვიცი, რას არა. ახლა ეს ვეღარ წარმომიდგენია. ადამიანი დისკომფორტსაც ისევე მალე ეჩვევა, როგორც კომფორტს. მთავარია, ტრაგედიად არ გადააქციო რეალობა და ყველაფერს ეშველება. მე არასდროს მიცხოვრია ფუფუნებაში, არც ელიტას მივეკუთვნები – არც მე და არც ჩემი მშობლები. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვეულებრივად ვცხოვრობთ. გავიზარდე სოფელში და სოფლელი ვარ, რომ იცოდეთ (იცინის). თუმცა, მიმაჩნია, რომ სოფლელობა არ ნიშნავს იმას, რომ ინტელიგენტი ადამიანი აუცილებლად ქალაქელი უნდა იყოს. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან. ზაფხულობით სამი თვით ავდივარ კოჯორში, ბავშვი ამყავს და იქ ვართ მთელი ოჯახი. წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის, აბანოც გვაქვს ეზოში და ვედროებით მიმაქვს წყალი, მაგრამ იქ ისე კარგად ვარ, რომ ამას დისკომფორტად ვერც აღვიქვამ. საერთოდ არ მჭირდება საშხაპე. ძროხის მოწველაც ვიცი, კარტოფილის დათესვაც და დათოხნაც (იცინის) – ჩემთვის ეს ეგზოტიკა არ არის, პირიქით, ნორმაა. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, რაღაც პერიოდში. ჩემთვის ეგზოტიკა შეიძლება იყოს ღამის კლუბში წასვლა, რადგან იქ საერთოდ არ დავდივარ, იმიტომ, რომ ამისთვის არ მცალია, მაგრამ, შეიძლება, მოვინდომო, ვნახო, როგორ ერთობიან ახალგაზრდები (იცინის). თუმცა, ეს ვერ იქნება ჩემი ცხოვრების ნორმა, ყოველ შემთხვევაში – დღეს.
– ფულს როგორ ხარჯავ?
– ფული იმისთვის არის მოგონილი, რომ დახარჯო (იცინის), ამიტომ, თუ მაქვს, ვხარჯავ ფულის შენახვა არ მახასიათებს, შეიძლება, ჩემდა საზიანოდ, მაგრამ, როცა ხარ ქალი და ხედავ ლამაზს ნივთს, გინდა რომ იყიდო. უფრო ხშირად შვილისთვის ვხარჯავ.
– საყიდლებზე დადის ქეთი?
– ქეთის ყველაფერი ეხერხება (იცინის): საყიდლებზე სიარულიც და საოჯახო საქმეც. ნამცხვრებსაც ვაცხობ, თუმცა ხშირად არა. მართალია, დედაჩემისთანა ნიჭიერი არ ვარ, დედა არაჩვეულებრივად კერავს, ჩანთებსაც ქსოვს და ხატავს კიდეც, მაგრამ რაღაც-რაღაცეები მეც შემიძლია. იყო დრო, რომ რაღაცეებს ვიქსოვდი – ჟაკეტი მაქვს ჩემთვის მოქსოვილი, ბავშვისთვის ქუდიც მომიქსოვია, კაშნეც. ტანსაცმელს კი, ძირითადად, ლილი მიკერავდა და მიკერავს. ყველას ეგონა, რომ ძალიან ბევრი ფული მქონდა, რადგან ყოველთვის ძალიან კარგად მეცვა, ლილის შეკერილი, რა თქმა უნდა. სეზონზე სამ-ოთხ პალტოს მაინც ვიცვლიდი ლილის წყალობით. ძველ პალტოებს გადამიკეთებდა, გამიახლებდა და ყველას ძალიან ძვირფასი ეგონა.
– ბაზარში ალბათ მამა დადის...
– დიახ, ძალიან უყვარს. მიაჩნია, რომ ჩვენ კარგი პროდუქტის არჩევა არ ვიცით და, ამიტომ ჯობია, თვითონ წავიდეს საყიდლებზე. თან, რომ ცნობენ და გამოხატავენ მის მიმართ სიყვარულს, გიჟდება სიხარულით. ხორციან კერძებს ამზადებს სასწაულად, ძალიან გემრიელი ხელი აქვს. სერიოზული კულინარი გვყავს მამა. იგონებს კიდეც საჭმელებს. ერთხელ საზამთრო შეწვა, როგორც ბადრიჯანი. საზამთროს თეთრი ნაწილი და, მერე ისე გემრიელად შეკმაზა, ძალიან მოგვეწონა. ექსპერიმენტები უყვარს და ჩვენც გვთავაზობს ხოლმე. მაგალითად, რაღაც პერიოდი ძალიან მოგვწონდა თაფლი ყველით.
– „პახმელიის“ წამალი ვინ იცის ოჯახში?
– მე არა, იმიტომ რომ, საერთოდ არ ვსვამ, ალკოჰოლში სიამოვნებას ვერ ვპოულობ. მამას კი ყველა მეთოდი გასინჯული აქვს და ყველა საშუალებაც გამოყენებული. აბა, ორმოცი წელია, სულ ქეიფობს და... ახლა უფრო ცდილობს შეისვენოს ხოლმე და მინერალურ წყალს ეტანება. „პახმელიაზე“ ცუდი ხასიათი არ აქვს, პირიქით, „პონჩიკივით“, „ბულოჩკასავით“ ხდება (იცინის).