რა ოცნებები დაემსხვრა ვიქტორ სანიკიძეს ნიუ-იორკში და რამ გახადა ის ამტანი
კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე 13 ნომრით ასპარეზობს. როგორც ჩანს, „თარსად“ აღიარებული ცნობილი რიცხვი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 23 წლის ასაკში მან ძალიან ბევრს მიაღწია. ბავშვობიდან დამოუკიდებლობას მიჩვეული ვიკა, უკვე ემზადება იტალიაში წასასვლელად და ახალი „ნადავლის“ მოსაპოვებლად. მანამდე კი „თბილისელებს“ უკვე განვლილი გზის შესახებ ესაუბრა.
ვიქტორ სანიკიძე: კალათბურთისთვის საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც თამაში დავიწყე – 12 წლის. საერთოდ, თამაშს 8 წლიდან იწყებენ. თავიდან ვთამაშობდი „მართვეში“ ზურაბ სამხარაძესთან. 15 წლის რომ გავხდი, წავედი ამერიკაში, კოლეჯში სასწავლებლად, თან სათამაშოდ მიმიწვიეს. დაფინანსება მივიღეთ. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავით მოსკოვში, სადაც გვნახეს და ერთი სეზონით მიგვიწვიეს. მოკლედ, ჩავედით მე და ჩემი მეგობარი, ჯუნიორ-კოლეჯში ვსწავლობდი. მერე უკან დავბრუნდი. ამის შემდეგ ვთამაშობდი აკადემიის გუნდში და მერე უკვე გავემგზავრე საფრანგეთში, დიჟონში, სადაც ორი წელი ვითამაშე. იქ ორივე მუხლის ტრავმა მივიღე, ძალიან სერიოზული არ იყო, მაგრამ ოპერაციის გაკეთება მაინც დამჭირდა, რისთვისაც ამერიკაში გავემგზავრე. ამის გამო ერთი წელი გამიცდა, რადგან ოპერაციას და შემდეგ რეაბილიტაციას დრო დასჭირდა. ერთი წელი ამერიკაში, სან-ანტონიოში ვცხოვრობდი. იქიდან წავედი ესპანეთში – კონტრაქტს მოვაწერე ხელი მადრიდის ერთ-ერთ გუნდთან, სადაც ერთი წლის შემდეგ ტრავმა გამირთულდა. ოპერაციას გადავრჩი, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობა დამჭირდა.
– სპორტსმენისთვის არ არის ძალიან რთული, როდესაც ტრავმას იღებს და ამდენი დრო უცდება? ეს პერიოდი ცოტა დეპრესიული ხომ არ არის ხოლმე?
– გააჩნია, რა სახის ტრავმა გაქვს. თუ იცი, რომ სასწორზე დევს შენი კარიერის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად ხარ. მაგრამ მე მაშინვე შემეძლო თამაში, უბრალოდ, ექიმებმა მითხრეს, ჯობია, მოიცადო, თორემ მერე შეიძლება გართულდესო. ამიტომ ფსიქოლოგიურადაც და ყველანაირად კარგად ვგრძნობდი თავს. მოხდა ისე, რომ ესპანეთის შემდეგ თბილისში დავრჩი, მკურნალობა ჩავიტარე ტატიშვილის ცენტრში, რაც ძალიან ეფექტური იყო და ესტონეთის ერთ-ერთ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ახლა უკვე ხელი მაქვს მოწერილი ბოლონიის კლუბთან, რომელიც არა მხოლოდ ჩემს კარიერაშია ყველაზე სერიოზული გუნდი, არამედ, ზოგადად, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდად ითვლება.
– თან ჯერ 23 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს...
– რა ვიცი, ასე ამბობენ (იცინის).
– როგორი განცდაა, რომ ქართველი სპორტსმენი ხარ და თან ამდენ თამაშს იგებ, მაშინ, როცა ქართველებს სპორტული მოგებები ძალიან გვაკლია.
– უკვე ოთხი წელია ამ შემადგენლობით ვთამაშობთ და თითქმის არც ერთი შიდა თამაში არ წაგვიგია, უბრალოდ, ახლა რაღაც განსაკუთრებით აქტიური გულშემატკივარი გვყავს და ეს ძალიან ემოციური მომენტია. თბილისში თამაში არ წაგვიგია.
– საკმაოდ პატარა ასაკში მოხვდი ამერიკაში, როგორ შეეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას?
– ძალიან რთულად, საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც წავედი ჩემს მეგობართან ერთად. ჭკუაზე არ ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ნიუ-იორკში მივდიოდით, მანჰეტენზე უნდა გვეცხოვრა, ზედ ბროდვეიზე. ზღაპარში გვეგონა თავი, მაგრამ, როდესაც ჩავედით, აბსოლუტურად სხვა სიტუაცია დაგვხვდა. გარდა იმისა, რომ ძალიან შორს ვიყავით ჩვენი ქვეყნიდან და ეს მომენტი ცალკე გვაწუხებდა, საშინელი, ძალიან ცუდი პირობები იყო. ანაზღაურება, ფაქტობრივად, არ გვქონდა – 400 დოლარს გვიხდიდნენ თვეში, თან ნიუ-იორკში ცხოვრობ, ამ თანხაში შედიოდა ჭამა, ტრანსპორტი, ტანსაცმელი. არაფერი არ წაგვიღია თან. კიდევ კარგი ზამთრის ერთი ქურთუკი მაინც წავიღე. ვერაფერი ვიყიდეთ. საცხოვრებელიც საშინელება იყო. არადა, აქ ვისაც ვეუბნებოდი, ბროდვეიზე ვცხოვრობთ-მეთქი, გიჟდებოდნენ – ეგ როგორ უნდა იყოს საშინელებაო. ფიქრობდნენ, აუ, რა მაგრად არიან, რას „გულაობენო“.
– არადა, ალბათ, ფიქრობდი, ახლა თბილისში მაცხოვრა ქუთაისის ქუჩაზეო...
– დაახლოებით ეგრე იყო. ერთი წელი გავძელით როგორღაც, თან ვსწავლობდით და ვერ შევწყვეტდით სწავლას, მერე კი ჩამოვედით.
– რა მოგცა ამ ერთმა წელიწადმა?
– იმის მერე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერს ნიუ-იორკს ვადარებ და იმასთან შედარებით ყველაფერი არაჩვეულებრივი მეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჩემთვის არ აღმოჩნდა ის ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება, ის მაინც გააკეთა, რომ სხვა ქვეყნებში ვიგრძნო თავი ასე (იცინის). სადაც უნდა წავიდე, არანაირი პრობლემა არ მაქვს.
– კარგი, სად გრძნობდი თავს ყველაზე კარგად?
– ყველგან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მაინც ესპანეთს გამოვყოფ, ცოტა საქართველოს ჰგავს და ხალხიც უფრო თბილი და ტემპერამენტიანია, ქართული ხასიათი აქვთ. საფრანგეთში საშინელება იყო – უცივესი ხალხია, წესიერად არ დაგელაპარაკებიან. რომ ჩავედი, ფრანგული არ ვიცოდი, ინგლისური რომც იცოდნენ არ დაგელაპარაკებიან, ფრანგული უნდა იცოდე. ახლა იტალიისთვის ვემზადები, ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ზუსტად ვიცი, ცხოვრება არ გამიჭირდება.
– ინტერვიუს რომ გითანხმებდი, მითხარი არც ცოლი მყოლია და არც შეყვარებული ვარ, ვერაფერს მოგიყვებიო. რა დაგემართა?
– არა, შეყვარებული მყავდა ერთხელ...
– ერთი ცალი?
– კი (იცინის). სხვათა შორის, ახლახან მყავდა, მაგრამ დავშორდით. ყველა იმას ამბობს, რომ, რადგან უცხოეთში ვცხოვრობდი, მიზეზი ეს იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა, დავშორდი, რა! მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბევრი თავისუფალი დრო და ადგილი მაქვს...
– იმისთვის, რომ ბევრ სხვას ეფლირტაო?
– თუნდაც მაგ თვალსაზრისით. მარტო ვარ და შემიძლია, თავს ამის უფლება მივცე. გადავიღალე ამ ურთიერთობებით, თავს ვალდებულად რომ გრძნობ დარეკო – აქა ვარ, იქა ვარ, მესიჯები ვწერო...
– კი მაგრამ, როდესაც შეყვარებული ხარ გსიამოვნებს ეს დარეკვები და ანგარიშების ჩაბარებები!
– მართალია, თავიდან მეც ასე ვიყავი, მომწონდა ეს რაღაცეები, მაგრამ მერე მომბეზრდა. უკვე აღარ ვიყავი შეყვარებული და, ალბათ, ამიტომ.
– კი მაგრამ, ყველა ფლირტი ხომ იმისთვის იწყება, რომ მერე შეყვარებულობაში გადაიზარდოს?
– არა, ჯერ ეს არ მინდა. მაგრამ ეს დაშორება არც ჩემი ბრალია და არც მისი, თავისთავად მოხდა.
– უცხოელი გოგოები მოგწონს?
– კი, ძალიან.
– რატომ სჭირთ ეს ქართველ მამაკაცებს, რომ ძალიან მოსწონთ უცხოელი გოგონები, ბევრთან ურთიერთობაც აქვთ, მაგრამ მაინც ქართველი უყვარდებათ და ცოლად მოჰყავთ?
– არ ვიცი, ზუსტად მიჭირს ამის ახსნა, მაგრამ, მართლა ასეა. თუ ჩემს მაგალითზე ვისაუბრებთ, მაშინ, სადაც ვყოფილვარ ბევრი კარგი გოგო მინახავს. რომ გითხრა, ესპანეთსა და საფრანგეთში ბევრი ლამაზი გოგონა ჰყავთ და რამით ქართველებს სჯობიან-მეთქი, მოგატყუებ. მასა ძალიან ცუდია. ნიუ-იორკის ამბავი დამემართა ფრანგ ქალებთან დაკავშირებითაც – ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი (იცინის). აი, ესტონეთში უკვე სულ სხვა იყო, ქალთა სქესთან დაკავშირებით წარმოდგენა შემეცვალა (იცინის). მართლა ყველა ძალიან ლამაზია, ერთმანეთზე უკეთესი. ყველა ქერაა, ყველა ცისფერთვალება, მაგრამ, ისე, ესეც მოსაბეზრებელია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გიყვარდება მაინც ქართველი, იმიტომ, რომ უფრო შენი ჭკუისაა. უცხოელებთან მენტალიტეტში განსხვავება ძალიან იგრძნობა, სულ სხვა ტიპები არიან. მხოლოდ სილამაზე ხომ არ არის, ხომ უნდა გაუგოთ ერთმანეთს, რამეზე ილაპარაკოთ. ელემენტარულ მაგალითს მოგიყვან: ნულზე აქვთ იუმორის გრძნობა, განსაკუთრებით – ესტონელებს. ჯერ, საერთოდ ნელები არიან, ცოტა ზანტი აზროვნება აქვთ. გოგოს რომ გაიცნობ, რაღაც ხომ უნდა გაიხუმრო ან თქვა, სულ სერიოზულად ხომ არ იჯდები, კლუბში იქნება ეს თუ კაფეში. რომ გაიხუმრებ, წესით, უნდა გაიცინოს, ის კი აბსოლუტურად იდიოტის, მშრალი სახით გიყურებს, ყველანაირ „მუღამს“ გიკლავს და აღარც ფლირტი გინდა, აღარც ხუმრობა (იცინის). შეიძლება, ფიზიკურად მიმიზიდოს, ერთი-ორი ღამე ერთად ვიყოთ, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა ვერ მექნება.
– ანუ, როგორი გოგოები მოგწონს: უნდა ჰქონდეთ იუმორის გრძნობა, სხარტი აზროვნება და...
– კი, ეს პირველ რიგში – არ უნდა იყოს ძალიან „პოზნი“. ნუ, რა თქმა უნდა, ფიზიკურად უნდა მომეწონოს და, რომ გაიცნობ, მერე უკვე – ნორმალური ხასიათი, ცოტა განათლებაც უნდა ჰქონდეს.
– შენ რა განათლება გაქვს?
– უმაღლესი (იცინის). დიპლომიც მაქვს.
– ესე იგი დიპლომიანი სასიძო ხარ?
– ნამდვილად. იურიდიულზე ვსწავლობ, დროებით შევწყვიტე, რადგან წასვლა მომიწია და უნდა გავაგრძელო ისევ. სწავლა და სპორტი ერთად არასდროს გამოდის. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ხანდახან დღეში ორჯერ, ანუ ხუთი საათი მაინც და ძალიან დამღლელია. აქაც შეკრებილები ვართ და თავისუფლად ვერ გავდივართ სასტუმროდან, არადა, ჩვენიანები ისე მენატრება...
– თავისუფალ დროს რას აკეთებ, რა გიყვარს?
– ბევრი რაღაც, მაგრამ მხოლოდ მეგობრებთან ერთად. ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და ბიჭები ხშირად ვთამაშობთ. სხვათა შორის, განტვირთვის მიზნით ფეხბურთელებიც სულ კალათბურთს თამაშობენ. მიყვარს დალევაც, ხანდახან კი – კლუბებიც.
სალომე გველესიანი