კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოუშვა გუნდიდან ლევან კობიაშვილი ფელიქს მაგათიმ


როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლევან კობიაშვილი გელზენკირხენის „შალკეში“ მივიდა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და იმის მიუხედავად, რომ კლუბს მუდმივად ეცვლებოდა მწვრთნელი, კობიაშვილის ძირითადში დაყენება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა. თუმცა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე „შალკე“ ფელიქს მაგათმა ჩაიბარა და ლევანსაც გუნდიდან წასვლა მოუხდა – არა იმიტომ, რომ იგი ახალი მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, არამედ მაგათმა ახალი გუნდის კეთება დაიწყო და მასში როგორც კობიაშვილისთვის, ისე გუნდის რამდენიმე ლიდერისთვის ადგილი არ მოიძებნა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

მაგათი 1953 წელს აშაფენბურგში დაიბადა. მამამისი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში მომსახურე პუერტორიკოელი ჯარისკაცი იყო და სამამულო ომში დამარცხებულ გერმანიაში წესრიგის დასამყარებლად ჩავიდა. ფელიქსის მამას გერმანელ ქალთან ცხოვრება არ გასჭირვებია, მაგრამ, როგორც კი პატარა გაჩნდა, ჯარისკაცმა გუდანაბადი აიკრა და პუერტო რიკოში დაბრუნდა. ფელიქსს დედა მარტო ზრდიდა. მაგათი 15 წლის იყო, როცა მამამისს წერილი მისწერა და შეუთვალა, დაბრუნდი და ყველაფერს გაპატიებო, თუმცა პასუხი არ მიუღია.

პატარა ფელიქსი ბურთს ბავშვობიდან დასდევდა და ადგილობრივ „ვიქორიაშიც“ თამაშობდა. 1974 წელს იგი „ზაარბრიუკენში“ გადავიდა და ორი წლის განმავლობაში იმდენად შთამბეჭდავად იასპარეზა, მას ყურადღება გერმანიის გრანდმა, „ჰამბურგმა“ მიაქცია და მაშინვე გადაიბირა. „ჰამბურგიდან“ კი მაგათს არც გერმანიის ნაკრებში მოხვედრა გასჭირვებია. 1980 წელს მაგათი გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ორი წლის შემდეგ გერმანელები მსოფლიოს ჩემპიონატზეც ფავორიტის რანგში წავიდნენ. თუმცა ფინალის წინ ერთი საინტერესო რამ მოხდა. ნახევარფინალში გერმანელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც იტალიელებთან შეხვედრა ელოდათ. გახარებული გერმანელები წარმატებას ზეიმობდნენ და ჟურნალისტებთან ენაწყლიანობდნენ. სწორედ ამ დროს ფელიქსმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, გერმანიის ცენტრალური არხის რეპორტიორი შეაჩერა და პირდაპირ ეთერში განაცხადა – „რა გვახარებს? გუნდის თავკაცი იუპ დერალი არასწორად გვამზადებს, იმდენად არასწორად, რომ ძალების აღსადგენად ერთი კვირაც არ გვეყოფა, ჩვენ კი ფინალი სამ დღეში გვაქვს. დამიჯერეთ, ამ შეხვედრის მეორე ტაიმი გერმანიისთვის კოშმარი იქნება, რადგან ჩვენ უბრალოდ ძალა არ გვეყოფა“, – მაგათის ამ განცხადებამ ბევრი გააოცა, თავად დერალი კი გააცოფა და მან ფინალში მაგათი არ ათამაშა. შეხვედრა იტალიამ 3:1 მოიგო და სამივე გოლი აპენინელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს.

ოთხი წლის შემდეგ მაგათი გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს კიდევ ერთ ჩემპიონატზე წავიდა, იქაც ფინალამდე მივიდა და ამჯერად არგენტინასთან დამარცხდა. მაშინ იყო, მაგათმა რომ თქვა, თუ განსაკუთრებული სისტემა არ შევიმუშავეთ, ასე არც ვარჯიში გამოვა და არც თამაში, ელემენტარულად, გამძლეობა არ გვყოფნისო. სწორედ 1986 წელს დაასრულა მან კარიერა და მუშაობა „ჰამბურგის“ მენეჯერად დაიწყო. მაგათის სახელი გერმანიას მიავიწყდა, თუმცა 1992 წელს იგი ყველასთვის მოულოდნელად „ბრემერჰავენის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მართალია, სერიოზული წარმატება არ ჰქონია, ერთ წელიწადში ისევ „ჰამბურგში“ დაბრუნდა და დუბლშემადგენლობის მწვრთნელი გახდა. 1995 წლის 6 ოქტომბერს მაგათს „ჰამბურგის“ ძირითადი გუნდი ჩააბარეს და მთელი გერმანია მასზე ალაპარაკდა. პირველივე ვარჯიშზე მაგათმა ფეხბურთელებს 10 კილომეტრი არბენინა, მეორე დღეს კი გამოუცხადა, რომ ისინი 12 კილომეტრს ირბენდნენ. თანაც, ამას შემდეგნაირად გააკეთებდნენ – პირველ კილომეტრს სწრაფი სირბილით, მეორეს – ძუნძულით, მესამეს – სიარულით, მეოთხეს – ისევ სირბილით და ასე ბოლომდე. ფეხბურთელებმა აჯანყება დაიწყეს და კლუბის ხელმძღვანელობასთან იჩივლეს, მაგათი ვარჯიშებზე სისხლს გვიშრობსო. „ჰამბურგელთა“ შეფები ვარჯიშზე მივიდნენ და... მაგათმა ისინი გაყარა, თქვენი საქმე ოფისში ყოფნაა და არა ბალახის თელვაო. უკმაყოფილება ნელ-ნელა იმატებდა და მაგათი თანამდებობიდან გაუშვეს. მისი გადაბირება ბუნდესლიგის ბინადართაგან არავის უცდია, მაგრამ მეორე ბუნდესლიგაში „ნიურნბერგი“ ანდეს და არც შეცდნენ – ფელიქსმა პირველივე სეზონში გუნდი უძლიერესთა შორის დააბრუნა, თუმცა „ნიურნბერგი“ მის ამბიციებს აშკარად არ აკმაყოფილებდა და ისიც „ვერდერში“ წავიდა. ბრემენული კლუბი მან ქვედა ლიგაში გავარდნას გადაარჩინა, სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობას ეჩხუბა და „აინტრახტი“ ჩაიბარა, სადაც ორი წელი იმუშავა და „შტუტგარდტში“ გადაბარგდა. ამ გუნდში მისვლის წინ მან კატეგორიულად მოითხოვა, სამი წელი მომეცით და ნუ მკითხავთ, რას, როგორ გავაკეთებო. მან გუნდი ბაზაზე გამოკეტა და თუ ჟურნალისტებს ვენდობით, იქიდან ფეხბურთელთა განწირული ყვირილის მეტი არაფერი ისმოდა. მაგათის ხელმძღვანელობით პირველი სეზონი „შტუტგარდტმა“ მერვე ადგილზე დაასრულა და მწვრთნელმა დაიმუქრა, გაისად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთო, რაც ბევრს სასაცილოდ არ ეყო, მაგრამ, მეორე სეზონში მაგათსა და მის გუნდს პირველობამდე ცოტა დააკლდათ და მეორე ადგილს დასჯერდნენ. მესამე სეზონში გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ფელიქსის დიდების წამებიც დადგა – იგი გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი და მდიდარი კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. პირველივე სეზონში ბავარიელებმა „ბუნდესლიგაც“ მოიგეს და ქვეყნის თასიც. იგივე მათ მეორე სეზონშიც გააკეთეს და მაგათი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გერმანელი სპეციალისტი, რომელმაც ორჯერ ზედიზედ შეძლო ერთდროულად, ჩემპიონობაც და თასის მოგებაც. ამის მიუხედავად, არაადამიანური ვარჯიშების გამო, მას გუნდში ფეხბურთელები აუჯანყდნენ, რაც საბოლოოდ, ფელიქსის წასვლით დასრულდა. მაგათს უმუშევრად დიდხანს არ უვლია და „ვოლფსბურგი“ ჩაიბარა. პირველივე წელს მისმა ახალმა კლუბმა არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი, მერვე ადგილი დაიკავა, შარშან კი „ვოლფსბურგი“ ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა და... მაგათი „შალკეში“ მივიდა. იმის მიუხედავად, რომ გელზენკირხენული კლუბის გენერალური სპონსორი მძლავრი რუსული კომპანია „გაზპრომია“ და მათთან ხუთწლიანი კონტრაქტია გაფორმებული, ფინანსური კრიზისი მათაც დაეტყოთ და ამიტომ მაგათს გუნდიდან მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების გაშვება დაავალეს. მათ რიგებში მოჰყვა კობიაშვილიც. ლიდერების ნაცვლად ფელიქსმა გუნდში პატარა ბიჭები მიიყვანა, ძირითადი შემადგენლობის, ერთბაშად, რვა ფეხბურთელი შეცვალა და ამის მიუხედავად, წლევანდელ სეზონში „შალკე“ ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია.

„მაგათის ვარჯიშები ნამდვილი ჯოჯოხეთია. თუნდაც ის რად ღირს, რომ იგი სტადიონის ტრიბუნებზე არსებული ყველა კიბის არბენა-ჩამორბენას გაიძულებს. მხოლოდ ეს უტოლდება რამდენიმე კილომეტრს და ამის გაკეთების შემდეგ სირბილის კი არა, სიარულის ძალაც აღარ გრჩება“, – ამბობს „შალკეს“ შემორჩენილი ერთადერთი ქართველი ლევან ყენია.


скачать dle 11.3