ნუ აშიმშილებთ ტვინს
ადამიანი წლების მატებასთან ერთად აზროვნების სიმახვილეს კარგავს. ბევრს ავიწყდება მნიშვნელოვანი თარიღები, ფაქტები და ასე შემდეგ. ასეთ დროს, როგორც წესი, გადაღლილობას და ბევრ საქმეს იმიზეზებენ. მაგრამ, როგორც კვლევით დადგინდა, ადამიანი თავისი ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ ათ-თხუთმეტ პროცენტს იყენებს და ჭარბი გადატვირთვა მოთელვა უფროა, ვიდრე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დავიწყების მიზეზი.
სულ სხვა საქმეა, როცა ტვინი ჟანგბადის შიმშილს განიცდის, ანუ ვერ იღებს საკმაო რაოდენობის საწვავს ნაყოფიერი შრომისთვის. ამ დროს ტვინი ივიწყებს ერთს, რათა დაიმახსოვროს მეორე, ანუ მსხვერპლის როლშია. ასევე, არახელსაყრელ პირობებში მუშაობის საპასუხოდ, სხვა უსიამოვნო სიმპტომებიც იჩენს თავს, მაგალითად, თავის ტკივილი, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, გაღიზიანება და ასე შემდეგ.
ჟანგბადით ტვინის შიმშილის ძირითადი მიზეზი ასაკობრივი ცვლილებებია. უპირველესად, კი – ათეროსკლეროზი. როცა ტვინის სისხლძარღვების კედლებში ლაგდება ათეროსკლეროზული წარმონაქმნები, სისხლი ისე თავისუფლად ვეღარ მიმოიქცევა. ამის შედეგად ტვინი ნაკლებ ჟანგბადს იღებს და ვეღარ მუშაობს ინტენსიურად.
ჟანგბადით ტვინის შიმშილი თავის კვალს ტოვებს – ქვეითდება მეხსიერება, შრომის უნარი. დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ჭკუასუსტობა. არასაკმარისი სისხლმომარაგება უდევს საფუძვლად ისეთ საშიშ დაავადებას, როგორიცაა იშემიური ინსულტი.
თუ ჟანგბადით ტვინის შიმშილის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ინიშნება სისხლმომარაგების გასაუმჯობესებელი პრეპარატები, შესაძლებელია, არა მარტო მეხსიერების დარღვევის თავიდან აცილება, არამედ ცხოვრების სოციალურად აქტიური პერიოდის გახანგრძლივებაც.
უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა აღადგინოს ტვინის სრულფასოვანი სისხლმომარაგება და უზრუნველყოს მისთვის ჟანგბადის საჭირო რაოდენობით მიწოდება.