სად იპარება ირაკლი კაკაბაძე თბილისიდან ყველასგან მალულად
„ღამის შოუ სტუდიის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე, ირაკლი კაკაბაძე თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს, საამისოდ კი ბევრი მიზეზი აქვს: აქვს კარგი ოჯახი, ჰყავს ერთგული მეგობრები, აკეთებს საყვარელ საქმეს, რომლითაც ადამიანებს კარგი განწყობის შექმნაში ეხმარება. კარგი იუმორის გარდა ირაკლი არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებითაც გამოირჩევა. ალბათ, ამიტომაც არის ბედის ნებიერი – მას ცხოვრება მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზებით ხშირად ანებივრებს, თუმცა, არც თავად ელის გულხელდაკრეფილი იღბლის წყალობას.
ირაკლი კაკაბაძე: ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. მართალია, სპორტული ფორტუნა მაინცდამაინც არ მწყალობს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ ცხოვრების ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან „ფლანგებზე“ ვარ იღბლიანი. გერმანიაში ცხოვრების დროს გავიგე, რომ არსებობს იქაური გამოთქმები: „უბედური ჩიტი“ და „ბედნიერი სოკო“, მე მაშინვე ვთქვი, რომ ვიყავი „ბედნიერი სოკო“ და გერმანელებმაც ეს ტიტული ამაყად მომანიჭეს (იცინის). თითქმის ყველაფერი ამისრულდა, რაც ჩავიფიქრე და მიზნად დავისახე. მართალია, ამ ყველაფრის მისაღწევად შრომაც ბევრი დამჭირდა, მაგრამ, არა მგონია, მარტო ნიჭითა და მონდომებით აღწევდეს ვინმე რამეს. იღბალი ყველაფერში აუცილებელია, თუმცა, არ მესმის იმ ადამიანების, ვინც გულხელდაკრეფილი უცდის, როდის გაუღიმებს ბედი. რამე რომ მიიღო, უნდა იშრომო, ლოგინში არაფერი დაგეცემა თავზე... ძალიან ადრეული ასაკიდან გამიმართლა მეგობრებში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, სად, როგორ წრეში იზრდები და ყალიბდები. ბავშვობის მეგობრების გარდა, მყავს უამრავი შემდგომ შეძენილი მეგობარი, რომლებსაც მეგობრებსაც ვეღარ ვუწოდებ – დავნათესავდით, შევჯვარდით ერთმანეთთან და ისე ვცხოვრობთ, როგორც ერთი ოჯახის წევრები, უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებთ (იცინის). გამიმართლა იმ მხრივაც, რომ გავჩნდი ჩემს ოჯახში და ვარ ჩემი მშობლების შვილი. სხვაგან რომ დავბადებულიყავი, ალბათ, სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. მე ძალიან ვამაყობ ჩემი მშობლებით, მამაჩემი ყოველთვის მაგალითი იყო ჩემთვის. იმ დროს, როცა კომუნიზმი ყვაოდა და ბევრი ფულის შოვნა ძალიან იოლად შეიძლებოდა, მამა გაჰყვა მეცნიერულ საქმიანობას და პალეონტოლოგიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. უცხოეთში კითხულობს ლექციებს და საკმაოდ წარმატებულ ადამიანად ითვლება. მამამ მეც ჩამითრია გეოლოგიაში, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეძლო.
– ანუ, პროფესიულ არჩევანში მაინცდამაინც არ გაგიმართლა?
– არა, მეც ძალიან მიყვარს გეოლოგია, მაგრამ პროფესიული არჩევანი მამის გავლენით გავაკეთე. ახლა შემიძლია, ისიც ვაღიარო, რომ ინსტიტუტში ჩაბარებისას, ძალიან დამეხმარნენ მამა, დეიდა... მაშინ იყო ასეთი ტენდენცია: „კი იცის ბავშვმა, მაგრამ, „მივეხმაროთ“, რომ არ დაგვეჩაგროს“... მერე უნივერსიტეტიც დავამთავრე, ასპირანტურაც, საკანდიდატოც დავიცავი და დოქტორის ხარისხიც მაქვს. ერთხანს უნივერსიტეტშიც ვკითხულობდი ლექციებს. იმ პერიოდში დავიწყე იმის გაკეთება, რასაც ახლა ვაკეთებ – ეს ჰობი იყო, გეოლოგია კი – პროფესია, მაგრამ მერე ყველაფერი პირიქით შეიცვალა. გეოლოგობის პერიოდში, ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა, ალპინიზმითაც ვიყავი გატაცებული, ხშირად დავდიოდი მთაში, თუმცა, მამაჩემის თაობის მსგავსად, კამჩატკიდან მოყოლებული, ყველა ადგილი ნამდვილად არ დამილაშქრავს. მე ეს შანსი არ მომეცა. მაგრამ, ხანდახან ახლაც ვახერხებ ექსპედიციებში წასვლას – თავისუფალ დროს რომ ვიპოვი, ექსპედიციებში ვიპარები ხოლმე (იცინის).
– როგორ ფიქრობ, საქმეში უფრო იღბლიანი ხარ თუ პირად ცხოვრებაში?
– არც ერთ მხარეს არ ვუჩივი ბედს... რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირად ცხოვრებაში გაგიმართლოს. მე მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, კარგი შვილები და ეს დიდი ბედნიერებაა. როცა გავიგე, რომ ჩემი მეუღლე პირველ ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, ეს იყო ყველაზე დიდი და განსაკუთრებული განცდა. მე და ჩემს მეუღლეს ბედნიერი შემთხვევის წყალობით არ გაგვიცნია ერთმანეთი, ერთწლიანი ურთიერობის შემდეგ შევქმენით ოჯახი. ია ამერიკაში სწავლობდა, იქ ჩავაკითხე. ძალიან გამიმართლა ვიზაში (იცინის), სასაცილო ისტორიაშიც გავეხვიე. მანამდე სამჯერ ვიყავი ნამყოფი ამერიკაში და, რატომღაც, ჩავთვალე, როგორც კი საელჩოში მივიდოდი, მაშინვე გამიშვებდნენ. როცა საელჩოს თანამშრომელმა მკითხა, რა გნებავთო, პირდაპირ ვუთხარი ვიზა მინდა-მეთქი. მოწვევა თუ გაქვსო? არა, მარტო პასპორტი მაქვს-მეთქი. მან გაიცინა და წავიდა. მერე კონსული გამოვიდა, იმანაც მკითხა, რა გნებავთო. მე ვუპასუხე: ისეთი არაფერი, თქვენს თანამშრომელ გოგოს უკვე ვუთხარი-მეთქი. ეტყობა, ჩემმა პასუხმა ისე გააოცა და ისე უცნაურად მოეჩვენა, რომ ერთწლიანი ვიზა დავტყუე ამერიკელებს (იცინის) და გადავლახე ოკეანე მომავალი მეუღლის სანახავად. რამდენიმე აეროპორტშიც „გავიჭედე“, მაგრამ ამ წვალებად ღირდა.
– ქალებთანაც იღბლიანი უნდა იყო...
– ეს იასთან შეხვედრამდე იყო... ვერც ამ მხრივ დავემდურები ბედს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს რომ გაჰყოლოდით, ყველგან ჩემი თაყვანისმცემლები „ეყარნენ“ – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე, ვიღაცეებს, ალბათ, მოვწონდი. მაშინ არაფერი ხდებოდა, არსებობდა „კავეენი“ და „რადიო 105“, იმ პერიოდში ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ქართულ ოჯახებში ხომ ასე იყო მიღებული: ბიჭები ჩოგბურთზე, გოგონები კი მუსიკალურ შვიდწლედში უნდა ეტარებინათ. მეც მიმიყვანეს ჩოგბურთზე, მერე თავი დამანებებინეს, რომ სწავლაში არ შემშლოდა ხელი – ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ ნობელის პრემია უნდა მიმეღო (იცინის). „გეპეიში“ სწავლის დროს ჩოგბურთის ნაკრებში ამიყვანეს, მერე ისეთები მოხდა ამ ქვეყანაში, ჩოგბურთი ვიღას ახსოვდა. ახლა დავუბრუნდი ძველ გატაცებას და სამოყვარულო ტურნირებში ვთამაშობ ხოლმე. შარშან მესამე ადგილზე გავედი, წელს – მეორეზე და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს შედეგს გავაუმჯობესებ. ჩემი დაწესებული პრიზი – ჩვენი დისკები – ვერ მოვიგე, მაგრამ გული არ დამწყვეტია...
– როგორც ჩანს, აზარტულ თამაშებსა და პრიზებში არ გიმართლებს.
– არა, ყველაფერი ერთად სად არის? (იცინის) ტელევიზორში რომ ვხედავ, ვიღაც მილიონებს იგებს, მეც მინდა ხოლმე მის ადგილზე ყოფნა, მაგრამ ყველას თავისი პრობლემა აქვს. ისიც მართალია, რომ, ჯობია, „ლიმუზინში“ იტირო, ვიდრე ავტობუსში. აზარტულ თამაშებში აბსოლუტურად უიღბლო ვარ. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა 23 თებერვალს ჩემმა თანაკლასელმა გოგონებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და ბიჭები დაგვასაჩუქრეს. პრიზები გათამაშდა და მე შემხვდა ძაღლი, რომელიც დისტანციური მართვით დადიოდა და ყეფდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე რაღაც მოვიგე. არ ვიცი, მაშინ თვალი ვინ დამადგა, მაგრამ მას შემდეგ მართლაც არაფერი მომიგია. ერთხანს სადგურზე თამაშდებოდა ლატარია, რომელიც მოგების გარეშე არავის ტოვებდა. რაღაცას აუცილებლად იგებდი, 30-თეთრიანი კალამს მაინც. მე ამ ლატარიაშიც კი ვერაფერი მოვიგე, ბილეთის გამყიდველი გაგიჟდა – ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილაო. მას შემდეგ დავანებე თავი ოცნებას, რომ ოდესმე ამ გზით შევძლებდი გამდიდრებას. „რუსთავი 2“ ყოველ ახალ წელს კორპორატიულ გათამაშებებს აწყობდა და მეც ვიღებდი მონაწილეობას. მანქანის საყიდელი ფული დაგროვებული მქონდა. ვფიქრობდი, იქნებ მოვიგო მანქანა და ეს ფული შემრჩეს-მეთქი, მაგრამ, რად გინდა. არც კაზინოში დავდივარ – ერთხელ ვიყავი აქ კაზინოში და მაშინაც წავაგე. ატლანტიკ-სიტიში ვიყავი, მხოლოდ გასართობად შევედი კაზინოში და გართობაშიც კი წავაგე, 50 დოლარი დავტოვე იქ. ჩემმა მეგობარმა კი ისეთი აპარატით მოიგო 150 დოლარი, მექანიზმზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ერთხელ ტოტალიზატორში მოვიგე 1 ლარი და 20 თეთრი. 2 ლარი უნდა დამეხარჯა ტოტალიზატორამდე მისვლაში და ამიტომ აღარ წავედი. სამწუხაროდ, მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც მხოლოდ შრომით მოსდის ფული (იცინის).
– ცხოვრების უიღბლო პერიოდები როგორ გადაგაქვს?
– გადამაქვს, რა!.. ასეთი პერიოდები ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. როგორც ერთ ცნობილ გადაცემაში ამბობენ, ადამიანის ცხოვრება ზებრასავითაა, შავ და თეთრ ზოლებს ერთი არცთუ სასიამოვნო ორგანო მოსდევს, ასე რომ, ხანდახან შავი ზოლის მერე უარესს უნდა ელოდე (იცინის). საქმეში ბევრჯერ მქონდა რთული პერიოდი, თუნდაც მაშინ, სანამ ცალკე სტუდიას გავაკეთებდით. იუმორისტული გადაცემის წამყვანებსაც ემართებათ დეპრესიები. ასეთ დროს სახლში გამოვიკეტები ხოლმე – მგონია, რომ ეს მშველის, ან, ქალაქგარეთ მივდივარ, რომ მარტოდ დარჩენილი ყველაფერზე დავფიქრდე. ძალიან მშველიან მეგობრებიც. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი „სექტა“, რომელშიც ყველა ჯურის ადამიანია გაერთიანებული, „ფრონტელი მეგობრებიც“ კი მყავს (იცინის). უნივერსიტეტში მაქვს გავლილი სამხედრო მომზადება. როგორც თადარიგის ოფიცერი, გადამზადებაზე გამომიძახეს რეზერვში. ასმეთაური ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იყო, მე ოცმეთაური ვიყავი. როგორც რეზერვისტი, გასული წლის საომარ სიტუაციებშიც ვიღებდი მონაწილოებას. როგორც ვიცი, ახლა რაღაც კანონი უნდა გამოსულიყო და „ვეტერანობას“ გვაძლევდნენ, მაგრამ, მგონი, ამ კანონის მიღება გადაიდო. გორის შემდეგ მეგობრები ერთმანეთს უკვე „ფრონტელ მეგობრებს“ ვეძახით, რთულ პერიოდშიც კი გამოვცადეთ ერთმანეთი. ყველაზე კომფორტულად მათთან ერთად ვარ. მე საერთოდ არ მიყვარს დალევა, მაგრამ ბავშვობის მეგობრებთან ერთად კატასტროფამდე მიდის ხოლმე ჩემი საქმე. ყველაფერს ვაკეთებთ, რისი მოფიქრებაც კი შესაძლებელია. რაც უნდა დიდი იყო, ბავშვობის მეგობართან ისეთი ხარ, როგორიც წლების წინ იყავი, თითქოს არც გაზრდილხარ. ერთად ვართ ლაღები, გადარეულები და სულ ვაძახებთ ერთმანეთს, რომ ჩვენი დაჭკვიანება არ მოხდება (იცინის).
თამუნა სამადაშვილი