რომელი საკვებია ხერხემლისთვის აუცილებელი
ხერხემალი ჩვენი სხეულის საყრდენი წერტილია. მისი დახმარებით ვმოძრაობთ, ის იცავს ფილტვებს, თირკმელებს, გულსა და ტვინს მკვეთრი მოძრაობების, ხტომისა და დარტყმის დროს. ხერხემლის თითოეული მოძრავი მალა განსაზღვრულ ორგანოსთან სისხლძარღვებითა და ნერვული დაბოლოებებით არის დაკავშირებული. სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი.
ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ოსტეოქონდროზით დაავადებულთა რიცხვი. ეს დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა. მისი პირველი მიზეზი მალებშუა დისკების ხრტილოვან ქსოვილებში ცვლილებებია. წყლის შემცველობა დისკში, დღე-ღამის მიხედვით, დაახლოებით 70-დან 80 პროცენტამდე მერყეობს. სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, სტრესით, ტრავმით, ასაკით, გენეტიკური წინასწარი განწყობით, სითხის რაოდენობა მყესების ქსოვილში მცირდება და დისკები ელასტიკურობას კარგავს. ამის გამო მალებს შორის მანძილი მცირდება. ბოჭკოები სიმტკიცეს კარგავს, იჭიმება და შემდეგ წყდება.
დაავადება ყოველთვის შეუმჩნევლად იწყება, რადგან დისკებში ნერვული დაბოლოებები არ არის ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს და ამიტომ, დაზიანებული დისკის დატვირთვას ჩვეულებრივ აგრძელებს. როგორც კი მყესებში დაზიანება საკმაოდ სერიოზული ხდება, პირველი ტკივილიც მაშინ იჩენს თავს. დაავადების სიმპტომები სხვადასხვაგვარია და ხშირად ზურგის პრობლემებს სრულიად არ ჰგავს. ოსტეოქონდროზს საერთოდ შენიღბვა ახასიათებს. მაგალითად, თავს გინეკოლოგიურ ან გულის დაავადებად გვაჩვენებს. არის შემთხვევები, როცა ეჭვობენ, ადამიანს მწვავე აპენდიციტი ან კუჭის ტკივილი ხომ არ აწუხებსო. ამ დროს წელის არეში ან მკერდის განყოფილებების მალებშუა დისკებში ცვლილებები ხდება. ხერხემლის კისრის განყოფილებაში დარღვევებისას, შესაძლოა, ავადმყოფს ხელის თითები დაუბუჟდეს, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის სიმპტომები გამოუვლინდეს, დაეწყოს ქრონიკული თავის ტკივილები, მხედველობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება ან შუილი ყურში.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ვერც ერთი ეფექტს ვერ მოგცემთ, თუ არ იცით, ხერხემალს რა საკვების მიღებით დაეხმარებით. ხერხემლისთვის არ არის სასურველი ცხიმიანი საჭმელი, რადგან ის ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს და ხერხემალი ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილებისთვის მკვებავ ნივთიერებებს ვერ იღებს. ქოლესტერინი არა მხოლოდ სისხლძარღვების კედლებზე ილექება, არამედ ხერხემლის დისკებშიც. ამის შედეგად, კი ძვლები სუსტდება და ფოროვანი ხდება.
ხერხემლისთვის კარგია თევზი. მასში ბევრია კალციუმი, რაც ძვლების სიმტკიცესა და სიმაგრეს უზრუნველყოფს. კალციუმით მდიდარია, აგრეთვე, რძის პროდუქტები, ქათმის კვერცხი. ხერხემლისთვის ასევე აუცილებელია და საჭირო მიკროელემენტები და მინერალები. ფოსფორი და მაგნიუმი ძვლის სისტემისთვის შეუცვლელია, ამიტომ ხშირად მიირთვით კვერცხი, ღვიძლი, სიმინდი, კომბოსტო, მიიღეთ ვიტამინი A და D. ეს ყოველივე კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს.
ხერხემალს ასევე ესაჭიროება ვიტამინი, რომელიც კოლაგენს კვებავს, ძვლების უჯრედებსა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებს აერთებს.