ექიმის რჩევები
კითხვა: რამდენიმე წლის წინ ვმკურნალობდი ქლამიდიოზს. დარწმუნებული ვარ, სრულიად განვიკურნე. გთხოვთ მითხრათ, სად შემიძლია ჩავიტარო ანალიზი, რომელიც ზუსტ პასუხს მომცემს. ვარ 35 წლის.
პასუხი: ქლამიდიოზის დიაგნოსტირებისთვის იყენებენ რამდენიმე მეთოდს. ყველაზე მარტივი გახლავთ ნაცხის გამოკვლევა, რომლის სიზუსტე საკმაოდ დაბალია – დიაგნოსტირების ალბათობა 20-30 პროცენტს არ აღემატება. მეორე მეთოდია – სისხლის გამოკვლევა ანტისხეულებზე. მისი სიზუსტე 60-70 პროცენტამდეა. დღეისთვის დიაგნოსტირების ყველაზე ზუსტი გზაა დნმ-დიაგნოსტიკა, რომელიც 95-98 პროცენტით სწორ პასუხს იძლევა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ძვირია და ყველა პაციენტს არ მიუწვდება მასზე ხელი. თბილისში ეს ანალიზი რამდენიმე კლინიკაში კეთდება.
კითხვა: გთხოვთ გვითხრათ, სად შეიძლება საქართველოში თმის გადანერგვა, რამდენად ეფექტურია და რა ღირს. როგორი შედეგი მოაქვს თმის გადაპარსვას ორლესულით?
პასუხი: საქართველოში თმის გადანერგვა ისეთივე პრინციპით ხორციელდება, როგორც მსოფლიო პლასტიკური ქირურგიის პრაქტიკაშია მიღებული. გადანერგვა შეიძლება პლასტიკური ქირურგიის კლინიკებში. კეფის არიდან, სადაც თმა ყველაზე მყარია და გამელოტების შემთხვევაშიც კი არ ცვივა, თმის ღერებს თავის სასურველ არეში ნერგავენ. ერთი ღერის გადანერგვის ღირებულება საშუალოდ, ერთ დოლარამდეა. გადანერგილი თმა აღარ ცვივა, თუმცა გამელოტება გრძელდება ადგილობრივი თმის ღერების ცვენის ხარჯზე. ამიტომ შესაძლოა, გადანერგვა ხელმეორედ გახდეს საჭირო. თმის გადაპარსვა თმიანობის ინტენსივობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს.
კითხვა: მაწუხებს ჭარბთმიანობა. ლაზერით ეპილაცია თუ იწვევს სისხლში საშიშ ცვლილებებს ან ონკოლოგიურ დაავადებათა წარმოქმნის საშიშროებას?
პასუხი: ლაზერული ეპილატორი თმის ძირებზე ისე მოქმედებს, რომ არავითარ გავლენას არ ახდენს სისხლზე და არც სხვა რაიმე გართულებას იწვევს. მაგრამ გირჩევთ, სანამ ჭარბთმიანობის გამო ეპილაციას მიმართავთ, მისი მიზეზი დაადგინოთ, ხომ არ არის იგი ჰორმონული ცვლის დარღვევის ბრალი. ამიტომ გინეკოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.
კითხვა: რამდენიმე წლის წინ მოვიტეხე ლავიწის ძვალი. მკურნალობის შემდეგ ძვალი შეხორცდა, მაგრამ დარჩა მცირე დეფორმაცია. გთხოვთ მითხრათ, რა გართულება შეიძლება, მოჰყვეს ლავიწის არასწორ შეხორცებას?
პასუხი: კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია ლავიწის არასწორი შეხორცების შემთხვევები. როგორც წესი, ეს არ იწვევს ხელის ფუნქციის მნიშვნელოვან დარღვევებს და ქირურგიულ კორექციას არ მოითხოვს. ლავიწის მოტეხილობის კონსერვატული მკურნალობის დროს მოტეხილი ნაწილების დაფიქსირება საკმაოდ ძნელია. იდეალური შეხორცება მხოლოდ ქირურგიული მეთოდის გამოყენებითაა შესაძლებელი, მაგრამ ოპერაციას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ლავიწის მახლობლად მდებარე ნერვულ-სისხლძარღვოვან წნულს დაზიანება ემუქრება. სხვა შემთხვევაში ოპერაცია არ არის ნაჩვენები. ლავიწის არასწორი შეხორცებით მიღებულ დეფორმაციას რაიმე მძიმე გართულება არ მოჰყვება.
კითხვა: მინდა დავადგინო, მაქვს თუ არა კენჭოვანი დაავადება ღვიძლში, თირკმელში, შარდის ბუშტში, რომელი გამოკვლევა უნდა ჩავიტარო ამისთვის, რენტგენი თუ სისხლის ანალიზი?
პასუხი: ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების დიაგნოსტირება შესაძლებელია ექოსკოპიური გამოკვლევით. ამას გარდა, დიაგნოზს მოწმობს პაციენტის ჩივილები და სხვა ლაბორატორიული მონაცემები.
კითხვა: ჩემი 12 წლის ვაჟი ღამით ძილში ხშირად ლაპარაკობს. 8-9 წლის ასაკში მას ჰქონდა ნევროზი, თავის უნებლიე მოძრაობები. ორი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვმკურნალობდით ნევროლოგთან. ამჟამად ყველაფერმა გაუარა. მაინტერესებს, ამ ნიშანს რაიმე კავშირი ხომ არ აქვს გადატანილ დაავადებასთან?
პასუხი: ძილში ლაპარაკი შეიძლება ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას უკავშირდებოდეს. თუ ბავშვს ნევროლოგიური პათოლოგია ჰქონდა და ამჟამად ასეთი სიმპტომი აღენიშნება, სასურველია, ნევროლოგის კონსულტაცია.
კითხვა: 52 წლის მამაკაცს დროდადრო უცხელდება სახსრები, ფეხები და წყალივით ასხამს ოფლი. მთლიანი გამოკვლევა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. იქნებ გვითხრათ, ხომ არ არის ეს ლიმფური კვანძების დაავადება? რომელ ექიმს უნდა მივმართოთ კონსულტაციისთვის?
პასუხი: გაუგებარია, მაინცდამაინც ლიმფური კვანძების დაავადებაზე რატომ გაქვთ ეჭვი. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმაოდ მწირი და ჩამოუყალიბებელია. გირჩევთ, მიმართოთ თერაპევტს, რომელიც პაციენტის გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ, დაადგენს საჭირო გამოკვლევათა ნუსხას და შემდგომ, თუ აუცილებლად მიიჩნევს, შესაბამის სპეციალისტთანაც გაგგზავნით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია