კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დედის გადამეტებულ ზრუნვას შვილზე და როგორ ვებრძოლოთ ბავშვის გადაჭარბებულ დამოკიდებულებას დედაზე


ბავშვის გადაჭარბებული დამოკიდებულება დედაზე ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ხშირად ვერც კი ვაანალიზებთ. ის მომავალში მრავალი ცხოვრებისეული გართულების საფუძველი შეიძლება გახდეს. ამიტომ, პრობლემა დროულად უნდა აღმოვფხვრათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებით ფსიქოლოგ ალექსანდრე კილაძეს.


– ძირითადად რა მიზეზები განაპირობებს ბავშვის დედაზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას?

– ქვეყნად მოვლენილი ბავშვი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებს დედასთან უხილავ და ღრმა კავშირს. ბავშვი ცხოვრობს დედის ემოციებით, მისი ხასიათით. ნორმალურ ბავშვს ყოველთვის უხარია დედასთან კონტაქტი, წუხს, როდესაც რაღაც პერიოდი ვერ ხედავს დედას, ენატრება ის, ელოდება მის გამოჩენას. ხშირად ისე ხდება, რომ მხოლოდ დედას შეუძლია მისი დაწყნარება, როცა ოჯახის სხვა წევრები ამას ვერ ახერხებენ. დედას ბავშვზე მეცნიერულად აუხსნელი გავლენა აქვს. ამგვარ, თითქმის ინსტინქტური მიჯაჭვულობის საფუძველზე, წლების განმავლობაში ყალიბდება პირველი გაცნობიერებული და ღრმა გრძნობა – სიყვარული. სიყვარულის გრძნობა უფრო ღრმავდება და უფრო კარგად არის გამოხატული 4 წლის ასაკისთვის. ამ ასაკში გოგონები დედას ქალის ეტალონად მიიჩნევენ და ცდილობენ ყველაფერში მიჰბაძონ: ისეთივე ტანსაცმელს იცვამენ, ისმევენ პომადას, ცდილობენ ჭურჭლის გარეცხვას და ასე შემდეგ. ამ ასაკის ბიჭების წარმოდგენით, დედა არის ერთადერთი ქალი, რომლის შეყვარებაც მათ შეუძლიათ. ძალიან ხშირად ოთხი-ხუთი წლის ბიჭები დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ არასდროს დაქორწინდებიან, რადგან ძალიან უყვართ დედა და ასე არავინ შეუყვარდებათ. ასეთი სიყვარული და მიჯაჭვულობა ამ ასაკში სრულიად ნორმალური ფსიქოლოგიური მოვლენაა, ფსიქიკის განვითარების გარკვეული ფაზაა, თუ ის არ ატარებს ავადმყოფურ ხასიათს.

– რა პერიოდში აქვს ადგილი საგანგაშო ნიშნების გამოვლენას?

– უკვე 7 თვის ასაკიდან ზოგიერთი ბავშვი განსაკუთრებით მწვავედ, აგრესიულად რეაგირებს დედის არყოფნაზე. ისინი მოუსვენრად არიან, იწყებენ ტირილს, ზოგ შემთხვევაში ეს მადაზეც მოქმედებს და ხშირია საჭმლის მონელების დარღვევა. უკვე ამ ასაკში ვითარდება შიშის ავადმყოფური გრძნობა. ერთ წლამდე ბავშვი დედას თავის ნაწილად აღიქვამს, ხოლო უფრო მოგვიანებით, როცა ყალიბდება პირველი ინდივიდუალური თვისებები, ის დასაყრდენად მხარდამჭერად მიაჩნია, რომლის გარეშეც ვერაფერს გახდება.

– რა ადგილი უჭირავს მსგავსი ურთიერთობის განვითარებაში მამას?

– ბავშვის დედისადმი მიჯაჭვულობის მიზეზი ხშირად მამაა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის, ვითარების გამო მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდაში; ან ბავშვის მიმართ ავლენს სისასტიკეს, თუნდაც გაუცნობიერებლად და მცირე ხარისხით. დედაზე ზედმეტად დამოკიდებულება ზოგჯერ განპირობებულია თავად დედის ქცევით. ზოგიერთი დედა გადამეტებულად ზრუნავს შვილზე, არ იცილებს მას და პრაქტიკულად, არ აძლევს საშუალებას იმოქმედოს, ან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. ზოგჯერ ბავშვები ამგვარ დამოკიდებულებას ავლენენ მშობლების განქორწინების ან მამის დაკარგვის შემდეგ. ეს შეიძლება, იმ ასაკშიც განვითარდეს, როცა ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ აღიქვან და გააანალიზონ მიმდინარე მოვლენები. მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ ბავშვის ქვეცნობიერში ყალიბდება დედის დაკარგვის შიში. მისი წარმოდგენით დედაც შეიძლება ისევე უცებ გაქრეს, როგორც მამა. ბავშვის ქვეცნობიერზე შეიძლება, იმოქმედოს რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზმა ერთად და ჩამოყალიბდეს დედისადმი ავადმყოფური მიჯაჭვულობა.

– რა გართულებებია ადრეულ პერიოდში?

– დედაზე ასეთი დამოკიდებულება არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგიერთი დედა მძაფრ რეაქციას ეგოისტურად უყურებს და მხოლოდ ის ადარდებს, რომ შვილის გამო ვერ ახერხებს სამსახურში მოწყობას ან სადმე წასვლას. რა თქმა უნდა, დედის ცხოვრება ასეთ შემთხვევაში რთულდება, ისევე როგორც რთულდება დედა-შვილის ურთიერთობა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. ბავშვი, ამგვარი ავადმყოფური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და მისი პროგრესირების შემთხვევაში, არანაკლებ ზიანდება. ბავშვი, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებდა დედის დაკარგვის შიში ან იმყოფებოდა მუდმივად დედასთან, მისი მზრუნველობის ქვეშ, ვერ ყალიბდება დამოუკიდებელ პიროვნებად, არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. ფსიქიკის ასეთი არასტაბილურობა კი მომავალში მას აუცილებლად შეუქმნის სოციალურ პრობლემებს.

– როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემა?

– როგორც ცნობილია, ნებისმიერი დაავადების თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა. ამიტომ, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვის ავადმყოფური დამოკიდებულება დედაზე. სიცოცხლის პირველ თვეებში ეცადეთ, არ აგრძნობინოთ ბავშვს თქვენი შიში, ეს უსათუოდ გადაეცემა მას და არღვევს მის სიმშვიდეს და თავს დაცულად ვერ გრძნობს. ნუ გამოიჩენთ გადამეტებულ ყურადღებას. მიეცით ბავშვს საშუალება, შეიცნოს რაიმე საკუთარი გამოცდილებით და თუ ამის შესაძლებლობაა, გამოავლინოს დამოუკიდებლობა და თავადვე მიიღოს გადაწყვეტილება. დაარწმუნეთ მამა ან ოჯახის სხვა წევრები, რომ სიმკაცრე და სისასტიკე ერთი და იგივე არ არის. ნუ აიძულებთ ბავშვს, თავი დაუცველად იგრძნოს და ეძებოს ქომაგი. განქორწინების შემთხვევაში, ნუ შეწყვეტთ ბავშვის კავშირს მამასთან, ისეთ დროსაც კი თუ ცოლ-ქმარმა სამუდამოდ დაშორება გადაწყვიტა, ეს არ უნდა მოხდეს უცაბედად. ბავშვი ნელ-ნელა უნდა გადაეჩვიოს მამას. თუ ბავშვის მიჯაჭვულობა დედისადმი მაინც განვითარდა, უპირველეს ყოვლისა ნუ ეჩხუბებით და დასჯით მას ამის გამო. ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ ის მშობელს ხელს უშლის. არ უნდა ჩათვალოთ, რომ თქვენი ბავშვი „არანორმალურია“ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თანატოლების უმრავლესობა ნორმალურად რეაგირებს დედის არყოფნაზე. ნუ მოუყვანთ მაგალითად ასეთ ბავშვებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების კომპლექსის პროვოცირება და ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტოს. „ჩუმად გაპარვა“ ბავშვის რეაქციის აცილების არასასურველი მეთოდია. თამაშით გართული ბავშვი, რომელსაც დედა მეზობელ ოთახში ეგულება, პანიკაში ვარდება, როცა ის იქ არ ხვდება.

– როგორია პროგნოზი მსგავს სიტუაციაში?

– დედაზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შედეგად შექმნილი სიტუაცია არც ისეთი გამოუვალია. უმრავლეს შემთხვევებში, ეს მდგომარეობა თავისით გაივლის, თუ დედა და ოჯახის სხვა წევრები არ შექმნიან დამატებით პირობებს მის გასაღრმავებლად. მთავარი, რაც აუცილებელია ბავშვისთვის, რომელსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, არის სიმშვიდე და დაცულობის გრძნობა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დამშვიდდება ბავშვი ნელ-ნელა და დაიწყებს დედის წასვლასა და არყოფნაზე ნორმალურად რეაგირებას. სასურველია ბავშვი ხშირად გაიყვანოთ ჰაერზე, გაართოთ სხვადასხვა თამაშებით, ეს დაეხმარება ნერვული სისტემის განვითარებას. მას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, რათა ნელ-ნელა დაძლიოს თავისი კომპლექსი. მრავალშვილიან ოჯახებში ეს პრობლემა თითქმის არ აღინიშნება. ხშირად წაიყვანეთ ბავშვი სტუმრად, თქვენც მოიწვიეთ სტუმრები, ყველანაირად ეცადეთ, ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის გაღრმავებას. მოუწონეთ მას დამოუკიდებლობის ყოველი გამოვლინება, ხაზი გაუსვით ასეთ ფაქტს, მაგრამ არ გაუმახვილოთ ყურადღება მიჯაჭვულობის გამოვლინებაზე. ბავშვი, რომელიც გრძნობს თავის ძალას და შესაძლებლობებს, ნელ-ნელა თავისუფლდება ამ მდგომარეობისგან. უნდა იმოქმედოთ თანდათანობით. თავდაპირველად, შეაჩვიეთ ოთახში მარტო ყოფნას. შემდეგ მცირე ხნით დედის წასვლას, კარგი იქნება, თუ სახლში მობრუნებისას, რაიმეს მოუტანთ. ასე უფრო ადვილად შეეგუება განშორებას. ასეთი ეტაპობრივი მიდგომით, ბავშვი შეეჩვევა იმ აზრს, რომ დედა არ მიატოვებს და დაპირებისამებრ დაბრუნდება შინ. სანამ დედა გასულია, ოჯახის სხვა წევრებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვი რამით დააინტერესონ, ჩაუნერგონ სიმშვიდის გრძნობა, მოუხსნან ემოციური დაძაბულობა. ამგვარად, ბავშვი მიხვდება, რომ დედის არყოფნისას თავს არანაკლებ კომფორტულად გრძნობს, ვიდრე მისი სახლში ყოფნისას. სწორედ ასეთი ეტაპობრივი და ერთობლივი მიდგომით შეიძლება, დავამარცხოთ ბავშვის ავადმყოფური დამოკიდებულება დედაზე.


скачать dle 11.3