რა სურს უფალს ადამიანისგან
„უხილავი ბრძოლა“
ყოველგვარი კეთილდღეობა, რომელიც გვაქვს და ყოველი სიკეთე, რომელსაც ვიქმთ, არის ღმრთისა და წამოვალს ღმრთისაგან. ამიტომ, ჩვენი ვალია, ვმადლობდეთ მას ყოველი სიკეთისათვის მისი უხვად მომცემელი ხელიდან რომ მიგვიღია, ცხადი იქნება ის თუ დაფარული, ყოველი კეთილი საქმისათვის, ღვაწლისა და გამარჯვებისათვის, რომელთაც აღვასრულებთ ჩვენი ხსნისათვის მტრების წინააღმდეგ. მცნებაც გვაქვს მოცემული: „ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნება ღმრთისა ქრისტე იესოს მიერ თქუენდა მიმართ“ (1 თეს. 5,18). იზრუნე, ღმრთისადმი მადლიერების გრძნობა გაღვიძებისთანავე განაცხოველო, გაგყვეს მთელი დღის განმავლობაში და მადლიერების სიტყვებითვე დაიძინო, იმიტომ, რომ აღვსებული ხარ ღმერთის ქველმოქმედებით, რომელთა შორის ერთ-ერთი ძილიც არის.
ღმერთს შენი მადლობა არ სჭირდება, მაგრამ შენ უცვალებელად გჭირდება ღმრთის სიკეთე. ამ სიკეთის დასატევნელი და საცავი შენში – არის მადლიერი გული. „საუკეთესო საშუალება, რომ დაიმარხო კეთილისმოქმედის სიქველე, – ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, – არის სიკეთის ხსოვნა და უწყვეტი მადლიერება“. წმიდა ისააკი წერს: „წყალობის მიმღების მადლიერება აღძრავს მის გამცემს, უწინდელზე მეტი წყალობა მიიღოს. ვინც მადლიერი არაა მცირედისათვის, ის ამაოდ ელის დიდ წყალობას. წყალობა მრჩობლად მრავლდება, თუკი მის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ“. წმიდა ბასილი დიდი გვაფრთხილებს შემდეგი სიტყვებით: „თუკი ღმრთისაგან მიღებული სიკეთისათვის მადლიერნი არ ვიქნებით, მაშინ ჩვენი გრძნობების გამოსაფხიზლებლად აუცილებელი ხდება მათი მიღება; როგორც თვალი ვერ ხედავს ძალიან ახლოს, რამეთუ ამისთვის სათანადო მანძილია საჭირო, ასევე უმადური სულები, ჩვეულებრივ წყალობის მოხდით იწყებენ ძველი მადლის შეგრძნებას. როდესაც ამ წყალობით სარგებლობდნენ და მისი მიმნიჭებლისადმი მადლიერებას არანაირად არ გამოხატავდნენ, დაკარგვის შემდეგ იწყებენ წარსულის დაფასებას“ (სიტყვა მადლიერების შესახებ).
გულისხმაჰყოფ რა ამ ყოველივეს, უეჭველად იკითხავ: როგორ განვაცხოველო მადლიერების გრძნობა ღმრთისადმი და როგორ დავიმარხო მოუკლებელად იგი? განიხილე უფლის წყალობანი კაცთა ნათესავის მიმართ, – ჩვენ მიმართ, – და პირადად შენდამი, ხშირად მოავლე მათ გონების თვალი და აბრუნე ხსოვნაში, და თუკი გაქვს გული, შეუძლებელი იქნება, არ აღუვლინო უფალს სამადლობელი საგალობლები. ამის მაგალითებს შეხვდები ლოცვებში და წმიდანთა ნაწერებში. აი, როგორ ხატოვნად აგვიწერს წმიდა ბასილი დიდი ღმერთის უხვ გულმოწყალებას ჩვენდამი: „არმყოფობიდან მოყვანებული ვართ მყოფებად, შექმნილნი ვართ ხატად დამბადებლისა, გვაქვს გონება და მეტყველების უნარი. რაც ჩვენი ბუნების სრულყოფილების გამომხატველია და რომელთა მეოხებითაც შევიცანით ღმერთი. თუკი გულმოდგინედ განვიხილავთ ქმნილებათა აღმკულობას, მათი მეშვეობით, ისევე, როგორც ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, შევძლებთ, გადმოვთარგმნოთ საღმრთო განგებულება და სიბრძნე. ჩვენ ძალგვიძს, გავარჩიოთ ავი და კარგი. თვით ბუნებისგან ვისწავლეთ კარგის გამორჩევა და გარემიქცევა ცუდისაგან. შეცოდების შემდეგ უცხო ვექმენით რა ღმერთს, კვლავ მოწოდებულნი ვართ მასთან თანაზიარობისათვის, ოდეს გამოგვიხსნა მხოლოდშობილმან მან სისხლითა თავისითა სამარცხვინო მონობისაგან. ხოლო სასოება მომავალი აღდგომისა, ანგელოზებრივი ნეტარებით ტკბობა, ზეციური სამეფო, აღთქმული სიკეთენი, მრავლად აღემატება მათი წარმოსახვისა და გამოთქმის უნარს“ (იქვე). „წაიკითხე ღმერთის მიერ ჩვენდამი გამოვლენილ ქველისმოქმედებათა ეს აღწერა, ან თვით შეადგინე მსგავსი, რომელშიც ჩაურთავ პირადად შენდამი მონიჭებულ სიკეთეებს და ხშირად იმეორე გონებითაც და ენითაც, არათუ ყოველდღე, არამედ დღეში მრავალგზის, და მუდამ იქნები ღმრთისადმი მადლიერების გამომხატველი“.
მაგრამ მხურვალე გრძნობას არ უყვარს ფარულად დარჩენა, არამედ გამოჩინებასა და გამომჟღავნებას ეძიებს. როგორ გამოვთქვათ მადლიერების გრძნობა ღმრთის წინაშე? აკეთე ის, რაც ნებავს შენგან ღმერთს, უხვად გარემოგიცავს რა წყალობით. რა ნებავს შენგან ღმერთს? ნებავს, რომ, იხილავ რა მის სიკეთეს, მოუკლებლად მოიხსენიებდე მას, – და მოიხსენიე კიდეც; ნებავს, რომ შეუდგე მას გულითადი სიყვარულით – და შეუდექი კიდეც; ნებავს, რომ არასოდეს განუდგე მის ნებას, არამედ, ეცადო, ყოველითურთ სათნოეყო მას, – და შენც ესრეთ მოიქეცი; ნებავს, რომ მას ერთადერთს მიენდო, – და მიენდე კიდეც; ნებავს, რომ გახსოვდეთ, რაოდენგზის განარისხე კეთილისმყოფელი შენი ბოროტი და სამარცხვინო საქმეებით; რომ იურვოდე, ინანიებდე, ტიროდე მათ იქამდე, ვიდრე დაგიმშვიდდება სვინიდისი და დარწმუნდები, რომ ღმერთმა ყოველივე მოგიტევა – და შენც ესრეთ ჰყავი.
ხედავ, ვითარ ვრცელია მადლიერების ასპარეზი და რაოდენ მრავალფეროვანი მისი აღსრულების საშუალებები? გულისხმაჰყავი, რომ პატიებას არ იმსახურებს ამ ცოდვით შემცოდე და იღვაწე, შენც არ შეიბღალო მით. ადამიანთა შორის უმადურობა მდაბიობის გამომხატველია. რომელ სიტყვას შეარჩევ, ღმრთისადმი უმადურობას რომ შეესატყვისებოდეს? მოუკლებლად განაცხოველე შენში მადლიერების გრძნობა ღმრთისადმი, განსაკუთრებით წირვაზე, რომლის დროსაც უსისხლო მსხვერპლი შეიწირება – ევქარისტიის საიდუმლოზე, რაც ნიშნავს – მადლობას, სამადლობელს. ნუ დაგავიწყდება, რომ უფრო ღირსეულად ღმრთისადმი მადლიერების გამოხატვას ვერ შეძლებ, თუ არა სრული მზადყოფნით, რომ საკუთარი თავი სრულად შესწირო მას – მისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად.