კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა მიზანშეწონილი პატარა ასაკში ბავშვის მონათვლა, მარხვის დაცვა, აღსარების თქმა და ზიარება


ნებისმიერი მშობლის დანიშნულება შვილის ეკლესიურად აღზრდა, მისთვის უფლის, ლოცვის შეყვარებაა. თუმცა, თუ მშობელი არ არის ღვთისმოშიში, არ ლოცულობს, არ დადის ეკლესიაში, არ ამბობს აღსარებას, არ ინახავს მარხვას, არ ეზიარება, ის მაგალითს არ აძლევს საკუთარ შვილს. შესაბამისად, ბავშვიც ნელ-ნელა შორდება ეკლესიასა და უფალს. როგორი უნდა იყოს ბავშვების დამოკიდებულება ეკლესიისადმი, როდიდან უნდა დაიწყონ მათ მარხვის შენახვა, ამის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გურამიშვილი):


– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლებმა შვილებს პატარაობიდან უნდა შევაყვაროთ დედაეკლესია, უფალი, ეკლესიური ცხოვრება, წეს-ჩვეულებები, მარხვა, აღსარება, ზიარება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მონათვლისთანავე ვატაროთ ეკლესიაში, ვაზიაროთ, რათა მომავალში შეძლონ, გაარჩიონ კარგი და ცუდი, გაავლონ მათ შორის ზღვარი. რაც მთავარია ისინი უნდა მივაჩვიოთ მოძღვართან ურთიერთობას – 5-6 წლის ასაკიდან უნდა ჰყავდეთ ბავშვებს მოძღვარი, უნდა ესაუბრებოდნენ მას და უნდა იღებდნენ რჩევა-დარიგებებს. რა თქმა უნდა, მშობლები შვილებს ყოველთვის აძლევენ რჩევებს, არიგებენ ჭკუას, მაგრამ, როდესაც ამას მოძღვარი აკეთებს, ის ხდება ბავშვისთვის ავტორიტეტი და, მოძღვრის სულიერი დარიგებით ის ღვთისმოშიში, მოსიყვარულე გაიზრდება. რაც მთავარია, მოძღვარი მისი სულიერი მეგობარი ხდება და, როდესაც, ჩამოყალიბდება პიროვნებად, აღარ გაუჭირდება მოძღვართან ურთიერთობა, მასთან გულწრფელი, გახსნილი იქნება და იოლად აღიარებს ჩადენილ ცოდვებს. როდესაც ჩვენი შვილები ეკლესიაში, მოძღვართან 12-13 წლის ასაკში მიგვყავს, მათ უჭირთ მასთან ურთიერთობა; მათთვის მოძღვარი ჩვეულებრივი, უცხო ადამიანია, ამიტომ მასთან ვერ ხდებიან გულწრფელები და ხშირად მის რჩევა-დარიგებასაც ვერ იღებენ.

– რომელი ასაკიდან ჯობია ბავშვების ეკლესიაში სისტემატურად ტარება?

– ბავშვი შეგვიძლია მონათვლის შემდეგ ვატაროთ ეკლესიაში და თუნდაც ის ჩვილი იყოს, ვაზიაროთ, მაგრამ, მათი სისტემატური ტარება უფრო 6 წლის ასაკიდან არის საჭირო. ის უნდა ესწრებოდეს წირვა-ლოცვას. შეიძლება, დიდხანს დგომა გაუჭირდეს, მაგრამ ნახევარი საათით მაინც უნდა მოვიყვანოთ და მიეჩვევა იმას, რომ შაბათ-კვირა უფალს, ეკლესიაში სიარულს დაუთმოს. თუმცა, ბავშვს არასდროს არ უნდა დავუკარგოთ ბავშვობა, მან ქუჩაშიც უნდა ითამაშოს და სხვა ბავშვებთან ერთადაც უნდა გაერთოს. უბრალოდ, მას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ადგილი, სადაც ის სულიერ საზრდოს მიიღებს, რადგან, როგორც ხორცს სჭირდება გამოკვება, ასევე სჭირდება საზრდელი ადამიანის სულსაც, ამას კი მხოლოდ ეკლესია იძლევა. ადამიანის გონება ისეთია, რომ სულ ცუდისკენ მიიდრიკება, ცდილობს, ცუდი გააკეთოს და სიკეთის ჩადენას გაექცეს. ამიტომ ბავშვი ყოველთვის ეცდება, გამოსავალი მოძებნოს, რომ დრო გაატაროს ქუჩაში და არასახარბიელო საქმეებით დაკავდეს.

– შეიძლება თუ არა ჩვილი ბავშვების სისტემატურად ზიარება?

– რაც უფრო ხშირად ეზიარება მონათლული ყრმა, მას უფრო მეტად შეეწევა ზიარების მადლი, რათა ჯანმრთელი, ძლიერი იყოს, ღვთის მადლით გაიზარდოს და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბდეს. ზოგიერთი ბავშვი ადრეულ ასაკში ყალიბდება პიროვნებად და ითხოვს მარხვის შენახვას, ზოგი – პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მოზარდები არიან, მოძღვარი მათ უმსუბუქებს მარხვას და 7-8 წლის ასაკიდან შემსუბუქებული ფორმით ვაჩვევთ მარხვის დაცვას, ვუხსნით, რას ნიშნავს ეს, რისთვის არის საჭირო. მარხვის დაცვა, სხვადასხვა საკვების აკრძალვა, ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა უარი თქვას ცუდ თამაშებზე, ფიქრებზე, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს, მათ შორის – ბავშვებსაც. დღეს ფილმებმა, კომპიუტერულმა თამაშებმა ძალიან ბევრი ძალადობა და გარყვნილება დალექა ჩვენი ბავშვების გონებაში. ამიტომ, რაც უფრო ახლოს იქნებიან ისინი უფალთან, იცხოვრებენ მარხვით, იმ საკვებზე იტყვიან უარს, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ, მხოლოდ იმის გამო, რომ უფალი გაახარონ, ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ მათ უარი თქვან სხვადასხვა მავნე ჩვევაზე. რაც მთავარია, ბავშვმა 6-7 წლის ასაკიდან უნდა ჩააბაროს მოძღვარს აღსარება. მშობლებმა, მღვდელმა უნდა აუხსნან აღსარების მნიშვნელობა, როგორ უნდა გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, როგორ უნდა გათავისუფლდეს ცოდვებისგან. რაც მთავარია, მშობლებმა უნდა მისცენ ყოველივე ამის მაგალითი. თუ ბავშვები დაგვინახავენ, რომ ღირსეულად ვცხოვრობთ, დავდივართ ეკლესიაში, მაშინ, ისინც მოგვბაძავენ, მაგრამ, თუ საკუთარ თავს ყოველივე ამისგან შორს დავაყენებთ, მაშინ ჩვენი შვილებიც უარს იტყვიან ეკლესიასთან, უფალთან ურთიერთობაზე. ჩემთან ხშირად მოსულა ადამიანი, რომელსაც უთქვამს, ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა ეკლესიურად იცხოვროსო, მაგრამ, ამ დროს თავად შორს არის უფლისგან, ეკლესიისგან. ასეთი ადამიანების შვილებს დაუწყიათ ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ, როდესაც ხედავენ, რომ მათი მშობლები სხვანაირად ცხოვრობენ, უკვე ნელ-ნელა შორდებიან ეკლესიას.

– ხშირად მინახავს ბავშვები, რომლებიც ბარძიმთან მიახლოებისთანავე ტირილს იწყებენ, უარს ამბობენ ზიარებაზე, თუმცა მათი მშობლები მაინც ცდილობენ ბავშვების ზიარებას. ეს მიზანშეწონილია?

– პატარა ბავშვი, ჩვილი, ვერ ხვდება თუ რამხელა სიწმიდეს მიეახლება ის და იწყებს ტირილს, არ იღებს ზიარებას. წმიდა ნაწილი ძირს რომ არ დავარდეს, შეურაცხყოფა, რომ არ მივაყენოთ უფალს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც ბავშვი ტირის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უარი უნდა ვუთხრათ ზიარებაზე, ის ჯერ ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, მისი ტირილი არ არის იმის გამოხატულება, რომ არ უნდა ზიარება. პირიქით, მისი სული ელოდება, რომ მიიღოს სულიერი საზრდო.

– რა ასაკიდან და რომელი ლიტერატურა უნდა გააცნონ მშობლებმა შვილებს?

– აუცილებელია, რომ ბავშვი ამბობდეს „მამაო ჩვენოს“. ხშირად მინახავს 3 წლის ბავშვები, რომლებიც ზეპირად ამბობენ ლოცვას და დილა-საღამოს ლოცვების წაკითხვისას, გვერდში უდგანან მშობელს. ბავშვმა პატარა სამადლობელო ლოცვა რომ წაიკითხოს ხატის წინ, ეს მას დილისა და საღამოს ლოცვაში ჩაეთვლება. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ემატება ლოცვის საკითხავები. ამიტომ, უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ ყოველ დილა-საღამოს უფალს შესწიროს მადლობა, რომ კარგი დილა გაუთენა და მშვიდობიანი ღამე ითხოვოს. ასევე, უნდა წაიკითხონ ლოცვები ჭამის, სწავლის წინ და შემდეგ. ძალიან კარგია, როდესაც ბავშვებს ვუკითხავთ ზღაპრებს, მაგრამ, უკეთესია, თუ მათ წავუკითხავთ წმიდა წერილს, წმიდანთა ცხოვრებას, რომ მათ ბავშვობიდან გაუღვივდეს რწმენის სურვილი, სიყვარული. რაც მთავარია არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს მარხვის შენახვა, ლოცვის წაკითხვა, რადგან ეს იძულებითი იქნება და ბავშვს ამ ყველაფერს შევაძულებთ.

– ხშირად ბავშვებს მოძღვრის სახელით აშინებენ.

– ბავშვი არ უნდა შეაშინოთ არც უფლის და არც მოძღვრის სახელით, რადგან უფალი თავად არის სიყვარული, ხოლო მოძღვარმა თავის ცხოვრებით უფლის გზა უნდა გაიაროს, პატიოსნებას, სიყვარულს უნდა განასახიერებდეს. როდესაც ბავშვი ცუდ საქციელს სჩადის, ამაზე უნდა მივუთითოთ სიყვარულით და არა ძალადობით. ბავშვისა და მოძღვრის ურთიერთობა სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა შიშზე, ჩხუბსა და ძალადობაზე.

– როგორ უნდა მოემზადოს ბავშვი ზიარებისთვის?

– როდესაც ჩვილი ეზიარება, მას არ მოეთხოვება, რომ უზმოზე იყოს, უბრალოდ არ უნდა იყოს ახალი ნაჭამი. 4 წლის ასაკიდან კი ბავშვები უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ დილით უზმოზე იყვნენ, თითოეული ბავშვი მომზადებული ჭურჭელი უნდა იყოს ამ დიდი სიწმიდის მისაღებად. მშობლებმა უნდა წავუკითხოთ პატარა ლოცვა, უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ზიარება, რომ გულწრფელი აღსარება უნდა თქვას, რათა არ დაისაჯოს. ეს ყველაფერი კი სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული.

– ხშირად ნათლიები ძალიან პატარა ბავშვები ხდებიან. რამდენად მართებულია ეს, ისინი ხომ საერთოდ ვერ აცნობიერებენ ამ დიდ საიდუმლოს?

– ასეთ შემთხვევაში, ნათლიის მოვალეობა ნათლიის მშობლებმა უნდა იტვირთონ და ნათლული უნდა აღზარდონ სულიერად. ამიტომ, ჯობია, ისეთი ადამიანი გახდეს ნათლია, ვისაც ეს საიდუმლო კარგად აქვს გაცნობიერებული. ხშირად, როცა დრო გადის, ნათლიები ნათლულებს შორდებიან და ეს ძალიან ცუდია. როდესაც უფლის წინაშე იღებ პასუხისმგებლობას, რომ ადამიანის სულიერი მშობელი გახდები, ეს უნდა შეასრულო – არა მხოლოდ უნდა ინახულო ნათლულები, არამედ ისინი უფლის სიყვარულს უნდა აზიარო და ლოცვებში მოიხსენიო.


скачать dle 11.3