რატომ არ ჩქარობენ მამაკაცები ცოლის მიტოვებას და რატომ ელოდებიან მათ ქალები
ვინ არის დამნაშავე, როცა სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება. როდის დგება მესამე ორს შორის და ინგრევა ურთიერთობა, რომელიც ერთ დროს სიყვარულით შედუღაბებული გეგონა. ახდენს თუ არა ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე გავლენას გარემო, რომელშიც გავიზარდეთ. ამ კითხვებზე პასუხი საკმაოდ აქტუალურია. თუმცა, ზოგჯერ საკმაოდ რთულად გასაცემი. ფსიქოლოგები მსჯელობენ, საიდან მოდის და სად მიდის სიყვარული. თუმცა, ერთნი ამტკიცებენ, რომ სიყვარული არსად მიდის, უბრალოდ, ის რაც ჩვენ ზოგჯერ სიყვარული გვგონია, სულაც არ არის სიყვარული. ადამიანები, ერთმანეთს ხვდებიან, უჩნდებათ გრძნობა, სიმპათია ერთმანეთის მიმართ და ეჩვენებათ, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლეს ვერ შეძლებენ, მაგრამ, გადის დრო და ზუსტად ეს ადამიანები იწყებენ ფიქრს, რატომ დაუშვეს ასეთი საბედისწერო შეცდომა.
ნანუკა (29 წლის): დავიწყებ იმით, რომ ყოველთვის სხვებისგან განსხვავებულად მიმაჩნდა თავი. არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ განსხვავებული და განსაკუთრებული მექნებოდა ყველაფერი – სიყვარულიც, სამსახურიც, ოჯახიც, ქმარიც... სხვათა შორის, ეს კომპლექსია, თანაც საკმაოდ მავნე, მაგრამ ამას მხოლოდ ახლა მივხვდი.
– იყო განსაკუთრებული – ეს კომპლექსია?
– არა. ყველასგან ყველაფრით გამორჩეულობა რომ გინდა, ეს არის კომპლექსი. ამან ბევრ რამეში შემიშალა ხელი და უპირველესად, ბედნიერებაში. დიდი და გაუმართლებელი მსხვერპლიც გამაღებინა.
– მსხვერპლი სიყვარულისთვის?
– შეიძლება, ასეც ვთქვათ, მაგრამ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსხვერპლი ჩემი ახირებისთვის. არასოდეს მომწონდა ჩემი თანატოლი ბიჭები. რა არის ამაში განსაკუთრებული-მეთქი, ვფიქრობდი. ურთიერთობა მხოლოდ იმ მამაკაცთან მინდოდა მქონოდა, სადაც რაღაც ბარიერები იარსებებდა. საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. შემეძლო, რომელიმე ამერჩია და უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება მქონოდა. მართლა მიკვირს, რატომ არ გავაკეთე ეს. ვის ვეჯიბრებოდი, ან რისი დამტკიცება მინდოდა, ახლა უკვე გაუგებარია ჩემთვის.
– იმის, რომ სხვებს არ ჰგავდით.
– ჰოდა, სისულელეა, როცა აბსურდის დამტკიცებას ცდილობ. ყველა ადამიანი ისედაც ინდივიდია. თქვენ თქვენ ხართ და მე არ მგავხართ. ასე არ არის? მე რომ ჩემი ცხოვრება სწორად არ წავიყვანე, ამაში არაფერია ორიგინალური, ხუთი წელი დავკარგე ტყუილუბრალოდ, ზუსტად ამდენ ხანს ველოდი მამაკაცს, რომელიც სულაც არ იმსახურებდა ამას. მამაკაცები, საერთოდ, არაფერს იმსახურებენ ჩვენგან. მათ ის უნდათ, ნერვები მოუშალო, იჩერჩეტო და პრეტენზიები წაუყენო.
– არა მგონია, მამაკაცებს ასეთი ქალები ხიბლავდნენ.
– როგორ არა. სწორედ ასეთები უნდათ და ჰყავთ კიდეც. მშვიდი, წყნარი, მოკრძალებული ქალები ძალიან იჩაგრებიან. მათ ვერავინ ამჩნევს და დიდი შანსი აქვთ, საერთოდ გაუთხოვრები დარჩნენ. თქვენც ხომ იცით, რომ ასეა. მიმოიხედეთ გარშემო, როგორი მამაკაცები როგორ ქალებს ირთავენ ცოლად. მე ძალიან ხშირად დამწყვეტია გული. რით დაიმსახურა მამაკაცი-მეთქი, მიფიქრია.
– ანუ, მამაკაცები ღირსეულ ქალებს ვერ ხედავენ?
– ხშირად ვერ ხედავენ. თვალები დაეხუჭებათ ხოლმე და იმისთანას „გაასაღებენ“, გული გაგისკდება. მე ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, რომლებმაც ისეთი გოგოები დაიწუნეს, ვფიქრობდი, ნეტავ, ამათზე უკეთესი სად უნდა იპოვონ-მეთქი. ორმა მათგანმა უკვე მოიყვანა ცოლი და მათთან ურთიერთობა აღარ მაქვს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ვერ ვიტან მათ ცოლებს. არ მრცხვენია ამისი თქმის. თვითონაც ძალიან კარგად იციან. ყველაფერი მაქვს მათთვის ნათქვამი. არ მომრიდებია, ისე მივახალე სიმართლე. რატომ არ უნდა მეთქვა, რატომ უნდა მოჰქონდეთ თავი იმით, რომ მაგარი ცოლები ჰყავთ. ორივე „შეაბეს“ და მთელი ცხოვრება ისე „შებმულები“ იქნებიან.
– თქვენ თქვით, რომ უცოლო მამაკაცების მიმართ ინტერესი არ გქონდათ.
– დიახ, მაგრამ არც შტერი მამაკაცების მიმართ მქონია ინტერესი, არანაირად. ჩემი რჩეული ძალიან მაგარი კაცია. არაფერში „ჩაჭრილა“. ხუთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დავეჭვებულვარ ჩემს არჩევანში.
– ღირსეული მამაკაცები ცოლებს არ ღალატობენ.
– ვერ დაგეთანხმებით. ცოლის ღალატს ღირსებასთან კავშირი არ აქვს. ბევრი მამაკაცი ამასაც კი ღირსეულად აკეთებს, ანუ, თუ ღირსება აქვს, ის მას თავის ყველა საქციელში ავლენს. ღალატი არ არის ტრაგედია, თანაც გააჩნია, რას დავარქმევთ ღალატს. გიგი რომ გავიცანი, საკუთარ თავს ვუთხარი, ასეთ მამაკაცს, ალბათ, მთელი ცხოვრება დაველოდები-მეთქი.
– სანამ გაიგებდით, რომ ცოლი ჰყავდა?
– არა. ეგ მაშინვე გავიგე. თითზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა. ამიტომ არაფრის ილუზია არ შემქმნია. პირიქით, იმან უფრო დამაინტრიგა, რომ სასურველი მამაკაცის მოსაპოვებლად ბარიერის დაძლევა იქნებოდა საჭირო. თავიდანვე ხომ გითხარით, მე ჩვეულებრივი ურთიერთობები არ მაინტერესებდა-მეთქი. შეხვდნენ... შეუყვარდათ... გადაიხადეს დიდი ქორწილი და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად... რა უბედურებაა, ზღაპარია! სად არის ასე?! სად ხდება მსგავსი ამბები? რა თქმა უნდა, მხოლოდ ზღაპრებში და მელოდრამებში.
– რეალურ ცხოვრებაშიც, თანაც არცთუ იშვიათად.
– მე ვერ დაგეთანხმებით. შეიძლება, მათ ჰგონიათ, რომ სიყვარული მარადიულია, მაგრამ ოჯახი უფრო სხვა რამეს ეფუძნება და არა ამ გრძნობას. დროში გაწელილი სიყვარული, თუ მას რამე დაბრკოლება არ აქვს გადასალახი, ძალიან მალე ცვდება და გადის. ოჯახი მაშინ არ ინგრევა, როცა ცოლ-ქმარს საერთო ინტერესები და მეგობრობა აკავშირებთ. სიყვარული უფრო სპონტანური გრძნობაა. მარადიულობაზე ვერ „ქაჩავს“. ისეთი სიყვარული, რაც თქვენ იგულისხმეთ და ყველა ქალს უნდა, რეალურ ცხოვრებაში არ გვხვდება. სამწუხაროდ, ასეა.
– მაშინ, თქვენ რა გამოძრავებდათ, როცა სასურველი მამაკაცის მოხიბვლას ცდილობდით?
– აზარტი. დიახ. ეს აზარტი იყო. არა, რა თქმა უნდა, გიგი ძალიან მომეწონა, როგორც მამაკაცი. რომ არ მომწონებოდა, აზარტიც არ გამიჩნდებოდა. ვერ მიმიხვდით, რისი თქმა მინდა? როცა თითი თითზე არ უნდა დააკარო და ყველაფერი ისედაც გამოვა, თანმიმდევრობით, მოსაწყენი, რუტინული ერთფეროვნებით, მე ამაში გასახარს ვერაფერს ვხედავ.
– აუცილებელია, სხვას დაუნგრიო ცხოვრება, რომ კმაყოფილება იგრძნო?
– თუ კაცი ცოლთან თავს კარგად გრძნობს, ის მისგან არ წამოვა. შეიძლება, სხვა ქალმა მხოლოდ დააჩქაროს ეს პროცესი. არიან მამაკაცები, რომლებიც ოჯახში, ცოლთან დისკომფორტს გრძნობენ, მაგრამ მაინც მათთან ცხოვრობენ, იმიტომ რომ გვერდით არავინ ჰყავთ. ალტერნატივას ვგულისხმობ. ანუ, თუკი არ გამოჩნდება ქალი, რომლის გამოც ის რისკზე წავა, მაშინ ოჯახსაც არ მიატოვებს – ცხოვრების ბოლომდე დარჩება ცოლთან, შეეგუება ბედს. არიან ზარმაცი კაცები, რომლებსაც შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ. ისინი არ მიდიან რისკზე. ძალიან, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. ხვდებით, რას ვგულისხმობ? გიგიც ამ კატეგორიის მამაკაცი აღმოჩნდა. როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინვე მივხვდი, რომ მოვეწონე. ქალი ყოველთვის ხვდება ამას, თუ ძალიან შტერი არ არის. მე კი, შტერი არ ვარ. საერთო მეგობარმა, ვისი საშუალებითაც მოხდა ჩვენი გაცნობა, მითხრა, ცოლი ჰყავს და გაითვალისწინე, რომ პერსპექტივა არ გაქვს, ოჯახს არ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ფლირტზე უარს არ ამბობს ხოლმეო.
– საერთო მეგობარი ქალია თუ მამაკაცი?
– მამაკაცი. ერთად მუშაობენ. მე ვუთხარი, ვნახოთ, ეგ შენი მეგობარი როგორ გაუმკლავდება ჩემს ხიბლს-მეთქი და ორივემ გავიცინეთ. გიგი მართლა ძალიან მომეწონა.
– რა ჰქონდა განსაკუთრებული?
– პირველი ის, რომ ცოლი ჰყავდა (იცინის). არა, ვხუმრობ. ჯერ ტიპაჟი მომეწონა ისე, რომ გადავირიე, არ ცერცეტობდა და ძალიან დახვეწილი მანერები ჰქონდა. კიდევ რაღაც ჰქონდა ისეთი, რასაც მე კაცში ძალიან ვაფასებ. ოღონდ ნუ ამახსნევინებთ. იმიტომ, რომ ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი. ღმერთმა დაგვიფაროს, ყველას ერთი ტიპის კაცები მოგვწონდეს. მოკლედ, მოვიხიბლე და საკუთარ თავს ვუთხარი, ამ მამაკაცისთვის ღირს ლოდინი-მეთქი.
– მაპატიეთ, ვერ გავიგე, რას უნდა დალოდებოდით. ცოლს როდის გაეყრებოდა?
– რა გითხრათ... აუცილებლად გაეყრება ცოლს-მეთქი, ეს არ მიფიქრია, მაგრამ შანსი ხომ ყოველთვის არსებობს. მინდა, სწორად გამიგოთ. მე „მოთამაშე“ ვარ, ოღონდ კაზინოში თამაშის მაგივრად, ჩემს აზარტს ამაში ვდებ. შანსი ყოველთვის არის. დამეთანხმეთ, რომ ასეა.
– უცნაური ლოგიკაა.
– არანაირად. რატომ არის უცნაური? როცა უცოლოსთან იწყებ ურთიერთობას, მაშინ, რა, არ არსებობს იმისი შანსი, რომ ერთ დღეს მიგატოვოს? ან პირიქით, შენ მიატოვო? ეს ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. მე არ ვარ საბედისწერო ქალი და არც, მსუბუქი ყოფაქცევის. როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს. შეიძლება, არც დამიჯეროთ, რომ გიგი ჩემი პირველი მამაკაცი იყო. უბრალოდ, მე ცოლიანი კაცის სიყვარული მინდოდა მეტი ადრენალინის მისაღებად – ჩუმი პაემნები, გასაიდუმლოებული შეხვედრები, სულ იმის შიში, რომ ვიღაც გაიგებს ჩვენი სიყვარულის ამბავს... მაგარია!
– ცოტა მიჭირს, გაგიგოთ.
– ვხვდები. ეტყობა, თქვენ არ ხართ აზარტული. მე მშვიდი, ნორმალური ურთიერთობა არ მინდოდა. არ მაინტერესებდა. მართალია, ვაცნობიერებდი, რომ ჩემს შეყვარებულს ცოლი ჰყავდა, მაგრამ ვფიქრობდი, თუ ცოლთან ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ მე პრობლემას ვერ შევუქმნი-მეთქი.
– არ ცდილობდით, მის ცოლს გაეგო თქვენი ურთიერთობის შესახებ?
– არა, არანაირად. მაგას ის ქალები აკეთებენ, რომლებიც მიზანმიმართულად ნადირობენ მამაკაცზე. არ დაგიმალავთ, იყო მომენტები, როცა მიჭირდა. იმ შემთხვევებს ვგულისხმობ, როცა არანორმალურად მინდოდა, რომ გიგი ჩემ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ის უპირატესობას ოჯახს ანიჭებდა. მახსოვს, რამდენიმე დღით თურქეთში წავედით. მეუბნებოდა, ეს დღეები მხოლოდ შენი ვიქნები და სხვაზე არაფერზე ვიფიქრებო, მაგრამ ორი დღის შემდეგ ცოლმა დაუმესიჯა, ბავშვს ძალიან მაღალი სიცხეები აქვს, ვერაფრით „დავუგდეთო“ და გადარეულივით გამოვარდა თბილისში. ხომ წარმოგიდგენიათ, მე როგორ „მხიარულად“ გავატარებდი დარჩენილ დროს.
– თქვენ ხომ ამისთვის მზად იყავით. ესეც დამატებით ადრენალინად უნდა მიგეჩნიათ.
– რა არის, იცით, მთლად ასეც არ გამოვიდა, როგორც მე მეგონა. იცით, კიდევ გიგიმ რით მომხიბლა? მამაჩემს ჰგავდა ძალიან. ქალების უმრავლესობა ცხოვრების თანამგზავრად, ქვეცნობიერად, მამის მსგავს კაცს ეძებს. ზუსტად ვერ გეტყვით, ეს რატომ ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ ტიპის წყვილების ურთიერთობა უფრო მყარია და სტაბილური. მე ძალიან მეშინოდა, მამაჩემს არ გაეგო ჩემი რომანის ამბავი. მისი მხარდაჭერის იმედი არ მქონდა. ვიცოდი, ვერ გამიგებდა და არ მინდოდა, მისი პატივისცემა დამეკარგა. გიგისთან ურთიერთობისას მე მიწევდა მსხვერპლის გაღება, მაგრამ თავიდან არ მეგონა, თუ ეს მსხვერპლი უაზრო იქნებოდა.
– მსხვერპლს როდისმე აქვს აზრი?
– რა თქმა უნდა. თუ ამ მსხვერპლის შედეგად მიღებული რეალობა მას ანეიტრალებს. გიგის რომ ჩემს სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება, მაშინ „მსხვერპლი“ გამართლებული იქნებოდა. მსხვერპლს პირობითად ვამბობ, ხომ ხვდებით. იმიტომ, რომ ადრენალინის ფაქტორს ვითვალისწინებ. მაგრამ, შეცდომა დავუშვი. ილუზია შევიქმენი.
– რისი ილუზია?
– იმის, რომ გიგის თაობაზე ის ვიფიქრე, რაც არ უნდა მეფიქრა. თავი დავირწმუნე, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარდი. რომ ადრე თუ გვიან, ცოლს აუცილებლად მიატოვებდა. კაცის ნდობა არ შეიძლება, ყველაზე კარგისაც კი. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ეგოისტები არიან, განურჩევლად ყველანი.
– ანუ, არ არსებობს მამაკაცი, რომლისთვისაც მსხვერპლის გაღება ღირს.
– არა. ნამდვილად არ არსებობს. ახლა უკვე ზუსტად შემიძლია, ეს გითხრათ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ყველა ქალი საბოლოოდ, მაინც მსხვერპლია მამაკაცის გვერდით. სულერთია, ქმარი იქნება ის, საყვარელი თუ შეყვარებული. მომგებიანი ვარიანტი არ არსებობს. ცოლად გაჰყვები, მთელი ცხოვრება უნდა ემსახურო, პატარა ბავშვივით მოუარო და გაანებივრო. ყველაფერზე თავი უნდა უქნიო, რომ ოჯახი შეინარჩუნო. თუ საყვარელი ხარ, აქეთ გეფერება და განებივრებს, მაგრამ, ფაქტობრივად, უუფლებო ხარ. შენთან ერთად საზოგადოებაში გასვლას ერიდება. იმალება და იტყუება შენთანაც და ცოლთანაც. კურდღლებივით არიან.
– მაგრამ, მაინც მამაკაცებად რჩებიან.
– საქმეც ეგაა. თანაც, სასურველ მამაკაცებად. გიგის რომ ჰკითხო, ჩემთანაც მართალია და ცოლთანაც. არც ის მოუტყუებია და არც მე. ვერ ხვდება, რატომ აღარ მინდა მასთან ყოფნა.
– უთხარით, რომ აზარტი გაგიქრათ.
– თქვენ ამას ირონიით ამბობთ, მაგრამ ეგეც არის. ჩვენი ურთიერთობის პირველი ორი წელი მართლაც აზარტული იყო. მობილურით ხელში ვიძინებდი. პაემნებზე ცოლს ეპარებოდა ხოლმე. კონსპირაციული შეხვედრები გვქონდა და ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ მერე ყველაფერი გამაღიზიანებლად ჩვეულებრივი გახდა. ახალი აღარაფერი ხდებოდა. აი, ცოლი რომ მიეტოვებინა და ჩემ გამო ყველასთვის გამოწვევა გაეგზავნა, მაშინ კიდევ ექნებოდა ჩემს ლოდინს გამართლება. საკუთარ თავთანაც მართალი ვიქნებოდი, მაგრამ გადაწყვეტილება ვერაფრით მიიღო. მე ვეუბნებოდი, დავამთავროთ ჩვენი ურთიერთობა-მეთქი და მაშინვე ხვეწნა-მუდარაზე გადადიოდა, მოიცადე, ცოტა კიდევ მაცადეო. ჯერ ვიცდიდი, ვიცდიდი... მერე მივხვდი, რომ არ ჩქარობდა ცოლის მიტოვებას.
– როგორ გგონიათ, რატომ?
– იმიტომ, რომ ჩემთან ურთიერთობას სერიოზულად მაინც არ აღიქვამდა. კი, მოვწონდი, ვუყვარდი, სიამოვნებდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი რელაქსაციის საშუალება იყო მისთვის, მეტი არაფერი. ამას როცა მივხვდი, მივატოვე.
– ადვილად შეგელიათ?
– ვერ შემელია. ყოველდღე მირეკავს და შეხვედრას მთხოვს. საერთოდ ვერ მიხვდა, რა მოხდა. ვერ გაიგო, რომ აღარ მინდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. აქამდე ხომ ყველაფერი მაწყობდა. დიახ, მაწყობდა და აღარ მაწყობს. ჩვენს ურთიერთობას ამ ფორმით მომავალი აღარ აქვს.
– ცოლი რომ მიატოვოს?
– არ მიატოვებს. ამას გამბედაობა და რისკი სჭირდება. გიგი კი ავანტიურისტი არ არის, რომ ეს გააკეთოს. ხუთი წლის განმავლობაში მომწონდა და ვეგუებოდი მისი ხასიათის ამ თვისებას. ახლა აღარ მინდა. მომბეზრდა ერთფეროვნება.