კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი აგარაკი აქვს ელდარ კვერნაძეს მცხეთის რაიონში და სად იშენებს ის კიდევ ერთ ბინას თბილისში

ელდარ კვერნაძე:
პარლამენტის აგერ უკვე მეორე მოწვევის წევრს ასაკს ნამდვილად ვერ დაუწუნებ: ელდარ კვერნაძე 1944 წელსაა დაბადებული და საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდა (რა თქმა უნდა, საარჩევნო ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“ – წყალობით). შესაბამისად, ის „ნაციონალების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეცაა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრიც, ასევე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც და უმრავლესობის ლიდერის მოადგილეც (და მერე რა, რომ თავად ლიდერი, სულ რაღაც, 1974 წელსაა დაბადებული). ბ-ნ კვერნაძეს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული: მან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა (მაშინ ამ უმაღლეს სასწავლებელს სასოფლო-სამეურნეო ინტსტიტუტი ერქვა). შრომითი საქმიანობა 1972 წელს დაიწყო (როდესაც მისი ლიდერი დაბადებული არც კი იყო) საქართველოს პროფსაბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სადაც 1977 წლამდე იმუშავა. 1977 წელს ასპირანტურაში ჩააბარა, ამჯერად თსუ-ში. იმავე წელს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში დაიწყო მუშაობა. 1981 წელს შრომისა და სოციალურ საკითხთა საკავშირო კვლევით ინსტიტუტში გადავიდა, სადაც 1985 წლამდე იმუშავა უფროს მეცნიერ მუშაკად. 1985 წელს თსუ-ში მუშაობდა, თავდაპირველად – საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის უფროს მეცნიერ-მუშაკად, მოგვიანებით – დეკანის მოადგილედ. 1997-2003 წლებში შპს „კეს“ გენერალური დირექტორი გახდა, 2003 წელს კი მისი სამოხელეო კარიერაც დაიწყო: 2003-2004 წლებში იყო თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004 წელს ხალხის რჩეულიც გახდა მეექვსე მოწვევის პარლამენტში; ჩვეულებას არც 2008-ში უღალატა და ელდარ კვერნაძე ამჯერად უკვე საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრია.

2008 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ბ-ნი კვერნაძე მეუღლესთან, ნანა კალანდიასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, წერეთლის გამზირზე. იმ დროისთვის ბ-ნი კვერნაძის ქონებრივ ანგარიშზე ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, წერეთლის გამზირზე, 250 000 ლარად ღირებული; აგარაკი მცხეთის რაიონში, 200 000 ლარად ღირებული; მიწის ორი ნაკვეთი მცხეთის რაიონში, 200 000 და 60 000 ლარად ღირებული და 30 000-ლარიანი ავტომანქანა „მერსედესი“.

ქ-ნ კალანდიას კი ეკუთვნოდა: ავეჯი „რენესანსი“, 10 000 ლარად ღირებული; საძინებელი, 6 000 ლარად ღირებული; როიალი „დიტრიხი“, ასევე, 6 000 ლარად ღირებული და 20 000-ლარიანი კედლის სარკე.

ელდარ კვერნაძე ფლობდა კავკასიის ბირჟის სამ სახელობით აქციას (თითოეულის ღირებულება – 10 000 მანეთი) და კერძო ბანკის ერთ სახელობით აქციას (50 000 მანეთად ღირებულს). ასევე, სააქციო საზოგადოება „დეპოზიტარიუმ ორიენტის“ 770 აქციას, თითოეულის ღირებულება – 10 აშშ დოლარი.

2008 წელს ბ-ნ კვერნაძეს „თი ბი სი ბანკის“ საბარათე ანგარიშზე 20 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით კი მას 7 000, ხოლო მის მეუღლეს 10 000 ლარი ჰქონდათ.

იმ წელს ოჯახის ორივე წევრი დასაქმებული იყო: ბ-ნი კვერნაძე პარლამენტში (წლიური ანაზღაურებით 26 689 ლარი), ქ-ნი კალანდია – კურორტოლოგიის ინსტიტუტში, ექიმ-კარდიოლოგად (წლიური ანაზღაურებით 4 775 ლარი).

2008 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ იმასაც, რომ დეპუტატ კვერნაძეს გაუყიდია მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში (80 000 აშშ დოლარად), სამაგიეროდ, მეორე უყიდია (10 000 აშშ დოლარად).

რაც შეეხება 2009 წელს: დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის ოჯახს ქონება არც შეჰმატებია და არც დაჰკლებია, მეტიც, „თი ბი სი ბანკში“ მას არც ზემოხსენებული 20 000 აშშ დოლარი ერიცხება. სამაგიეროდ, კვლავ არ უჩივის ნაღდი ფულის სიმცირეს: დეკლარაციის შევსების დროს, პირადად მას 15 000 აშშ დოლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 16 000 ლარი. მართალია, ქ-ნი კალანდია აღარ მუშაობს, სამაგიეროდ, გაზრდილა მისი მეუღლის სადეპუტატო შემოსავალი: ბ-ნმა კვერნაძემ გასული ერთი წლის განმავლობაში, როგორც ხალხის რჩეულმა, 46 128 ლარი აიღო. ასევე, გასულ წელს დეპუტატს კიდევ ერთი სახლის მშენებლობაც დაუწყია (რომელიც 50 000 აშშ დოლარი დაუჯდება) და პირველი შენატანიც გაუკეთებია 20 000 აშშ დოლარის ოდენობით (სავარაუდოდ, ეს ის 20 000 აშშ დოლარია, რომელიც გაქრა „თი ბი სი ბანკის“ ანგარიშიდან).

დილარ ხაბულიანი

მართალია, ამბობენ, რომ ორჯერ ერთ მდინარეში ვერ შეხვალ, მაგრამ დილარ ხაბულიანის პოლიტიკური მოღვაწეობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: ის აგერ უკვე მესამე პოლიტიკურ წრეზეა (მესამეზე, რადგან ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მოღვაწეობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არსებული სამივე პრეზიდენტის კარზე მოახერხა). ბ-ნი ხაბულიანი მეშვიდე მოწვევის პარლამენტში კრწანისის მაჟორიტარად შევიდა (არც გაუჭირდებოდა, რადგან მანამდე დიდგორის რაიონის გამგებლად მუშაობდა და ამომრჩეველი, წესით, შემზადებული უნდა ჰყოლოდა). რაკი მაჟორიტარად „ნაცმოძრაობამ“ წამოაყენა, რაც გახდა კიდეც მისი წარმატების საწინდარი, ფრაქცია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეც არის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრიც. ოღონდ, თუ მის შრომით ბიოგრაფიას გადავხედავთ, სპორტთან სიახლოვე (თუნდაც, კანონშემოქმედებითი) არც მას აწყენდა და არც ჩვენ, მის ამომრჩეველს. ბ-ნმა ხაბულიანმა თსუ დაამთავრა და ის განათლებით იურისტია (ალბათ, ამითაც აიხსნება, რომ ერთ დროს შს მინისტრიც იყო). თუმცა შრომითი საქმიანობა 1974 წელს საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტში დაიწყო, სადაც ფიზკულტურის ინსტრუქტორად 1977 წლამდე იმუშავა; 1977-1979 წლებში „ქარიშხალას“ მწვრთნელი იყო; 1979-1981 წლებში – საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის მწვრთნელი; 1981-1982 წლებში ისევ „ქარიშხალას“ დაუბრუნდა; 1982-1990 წლებში კი ჭიდაობის სკოლის დირექტორი გახდა. გაურკვეველი მიზეზების გამო, ამით მთავრდება ოფიციალური ინფორმაცია ბ-ნი ხაბულიანის შრომითი საქმიანობის შესახებ, ამიტომაც თავს ვალდებულად მივიჩნევ, შეგახსენოთ, რომ ბ-ნი ხაბულიანი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შს მინისტრი გახლდათ, შევარდნაძის ხელისუფლების დროს – პარლამენტის წევრი, სააკაშვილის პირველი ვადის დროს კი – დიდგორის რაიონის გამგებელი (მეორე ვადის ამბავი უჩემოდაც მოგეხსენებათ).

2008 წელს დილარ ხაბულიანმა დეკლარაცია შეავსო, როგორც დიდგორის რაიონის გამგებელმა: 1952 წელს დაბადებულ დილარ ხაბულიანს ჰყავს მეუღლე – ხათუნა ჯაფარიძე, 1974 წელს დაბადებული; ქალიშვილი – ანი, 1979 წელს დაბადებული და ვაჟიშვილი – გიორგი, 2003 წელს დაბადებული.

2008 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დილარ ხაბულიანის საკუთრებაა საფეხბურთო კლუბ „მერნის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობების (საერთო ღირებულებით 500 000 ლარი) 70 პროცენტი, 60 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა შევჩენკოს ქუჩაზე; 120 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი ყაზბეგის გამზირზე; ასევე, ავტომანქანა „მერსედესი“, 15 000 ლარად ღირებული და კიდევ ერთი ავტომანქანა „ლექსუსი“, 30 000 ლარად ღირებული. მის მეუღლეს კი ორი ბინა აქვს თბილისში – 500 000 და 100 000 ლარად ღირებული (ბ-ნი ხაბულიანი სწორედ თავისი მეუღლის 500 000 ლარად ღირებულ ბინაში ცხოვრობს).

ბ-ნი ხაბულიანი 2008 წელს „ბანკ ქართუში“ გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე 200 000 აშშ დოლარს ინახავდა.

რაკი დეკლარაცია შეავსო როგორც გამგებელმა, ვიცით, რომ მისი საგამგებლო წლიური შემოსავალი 38 500 ლარს შეადგენდა.

2009 წელს, დეკლარაციის მიხედვით, არც ხაბულიანების ოჯახურ ქონებას შეჰმატებია რამე (არც დაჰკლებია), თუმცა ბ-ნ ხაბულიანს „ბანკ ქართუში“ ამჯერად მხოლოდ 140 000 აშშ დოლარი ერიცხება.

რაკი 2008 წლის განმავლობაში ბ-ნი ხაბულიანი ხუთ თვეს გამგებელი იყო, დანარჩენში კი – ხალხის რჩეული, საერთო ჯამში, 31 800 ლარი აიღო (ხელფასის სახით).



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3