კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


პირადი ცხოვრება მაინც ვერ ავაწყვე

ორმოცდაათს გადაცილებული კაცი ვარ და ოდესმე ჩემი პირადი ცხოვრების გამომზეურების სურვილი თუ გამიჩნდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ჩემს ისტორიასაც იმიტომ გწერთ, რომ იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს ჩემი შეცდომები და თავად აღარ გაიმეოროს.

23 წლის რომ ვიყავი, ერთი ძალიან კარგი გოგონა შემიყვარდა. „ანკეტური“, ანუ ის მონაცემები, რაც ჩემი ოჯახის პატივმოყვარეობას დააკმაყოფილებდა, სანახევროდ დადებითი ჰქონდა: იყო სიმპათიური, განათლებული, კარგად აღზრდილი, კარგი ხასიათის, მაგრამ... სწორედ ამ „მაგრამის“ გამო დავშორდით, თანაც, ძალიან ცუდი ფორმით. ეს „მაგრამ“ კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქეთი არ იყო დედისერთა, მისი მშობლები არც თანამდებობის პირები იყვნენ, არც ცნობილი (ანუ, მაღალი წრის) ადამიანები და არც მილიონერები. ჩემს მშობლებს კი „დონეზე“ ჰქონდათ პრეტენზია და ვერაფრით ვერ დავითანხმე, ნება მოეცათ, იმ გოგოზე დავქორწინებულიყავი, ვინც ძალიან მიყვარდა.

– ჩვენს წრეში მაგათ ვერ გამოვაჩენთ! – მომიჭრა დედაჩემმა და ამით დაუსვა წერტილი ჩემს სიყვარულს. მეც ძალიან სუსტი და უნებისყოფო აღმოვჩნდი და გოგონა, რომელიც მთელ ქვეყანას მერჩივნა, მივატოვე, თანაც არაკაცურად: გაპარვის დღე დათქმული გვქონდა, ბათუმში უნდა გავპარულიყავით მატარებლით, ბილეთებიც წინასწარ ავიღეთ. წინა საღამოს მშობლების ჩუმად ჩანთაში ჩემი პირადი ნივთებიც კი ჩავალაგე და დილით ჩუმად უნდა გავსულიყავი სახლიდან, მაგრამ, არ ვიცი, დედაჩემმა გაიგო თუ გულმა უგრძნო, უთენია დამადგა თავზე (ჯერ კიდევ არ ვიყავი ამდგარი) და დაიწყო მოთქმა-გოდება – თუ ამ გოგოს შეირთავ, თავს არ ვიცოცხლებო. მერე ტირილი მორთო, გულის წასვლის ინსცენირებაც მშვენივრად გაითამაშა და მეც ფარ-ხმალი დავყარე: ბილეთები დავხიე, ტელეფონი გავთიშე და დავწექი. თან იმას ვფიქრობდი, რა დღეში იქნებოდა ლალიკო, რომ არ მივედი. რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი, მერე ნელ-ნელა გამიარა. მაგრამ ვეღარ გავბედე, ლალიკოსთან დამერეკა და ბოდიში მომეხადა. თუმცა, ასეთ საქციელს რა ბოდიში უშველიდა! არც ლალი შემომხმიანებია, ეტყობა, მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა და თავი აღარ დაიმცირა. ისე გავიდა რამდენიმე თვე, შემთხვევითაც არსად შემხვედრია. მეგობრები გაოცებულები იყვნენ, ვერაფრით ვერ ხვდებოდნენ, რა მოხდა, რატომ დავშორდით ერთმანეთს.

რამდენიმე თვის შემდეგ დედაჩემმა და დეიდაჩემმა „შემთხვევით“ გამაცნეს თავიანთი მეგობრის შვილი. არც გარეგნობით მომეწონა, არც ხასიათით მომხიბლა – საკმაოდ თამამი, პრეტენზიული და ამბიციური იყო. ვერც წიგნიერებით მოიწონებდა თავს, მაგრამ მდიდარი დედიკო და მამიკო ჰყავდა, თანაც, დედისერთა იყო, თავისი საკუთარი ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა, ახალთახალ მანქანაზე იყო მომჯდარი და დააგრიალებდა დაქალებს აღმა-დაღმა. ეს ყველაფერი ჩემებმაც იცოდნენ, მაგრამ, იმდენად უნდოდათ იმ ოჯახთან დანათესავება და იმათ „სასტავში“ მოხვედრა, რომ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ და მეხვეწებოდნენ, შეირთეო. პრინციპში, ჩემთვის უკვე სულერთი იყო და ეკას ცოლობა ვთხოვე, თუმცა, არ მიყვარდა. არც მაკას ვატყობდი მაინცდამაინც გაგიჟებას, აშკარად არ ვუყვარდი, მაგრამ მაინც მხვდებოდა. ცოლად გამოყოლაზეც მაშინვე დამთანხმდა. მეორე დღეს მშობლებსაც ვუთხარით ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, რამაც ორივე მხარის დიდი სიხარული გამოიწვია. მერე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ და ქორწილის დღეც დავთქვით. სასიმამრომ საქორწინო მოგზაურობაში წასასვლელად პარიზის ბილეთები მოგვართვა. მე არ მინდოდა დიდი ქორწილი, მაგრამ ეკას მშობლებმა თავი გაიგიჟეს – ეს ერთი შვილი გვყავს და ასე ქვეშიდან ვერ გამოვალთო. ჩემებმაც მათ აუბეს მხარი და ისევ ჩავიქნიე ხელი – რაც გინდათ, ის გიქნიათ-მეთქი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგი ქორწილი გამოვიდა. პატარძალმა ისე მოილხინა, რომ იტყვიან, აიწყვიტა, კარგა ბლომად დალია კიდეც, ნეფე კი (ანუ – მე) ისეთი სევდიანი იჯდა, ყველა გაოცებით იჩეჩავდა მხრებს. მერე მივხვდი, რომ ასეთი საქციელით ხალხს ჭორაობის საბაბს მივცემდი და სასმელს მივეძალე, რომ ძალით გამემხიარულებინა თავი.

იმ ღამით ეკამ არ მიმიკარა, რადგან ორივე მთვრალები ვიყავით. მეც აღარ გავძალიანებივარ. მეორე დილით პარიზში გავფრინდით და საუკეთესო სასტუმროში დავბინავდით. იმავე საღამოს ჩემმა ცოლმა ვიღაცას დაურეკა და აღელვებული ეჩურჩულებოდა, მერე კი მითხრა, შენ შხაპი მიიღე, მე ჰოლში ჩავალ და ხუთ წუთში ამოვალო. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ, გამახსენდა, რომ პარიზში მისი დაქალი ცხოვრობდა და ვიფიქრე, ალბათ, იმას უნდა შეხვდეს-მეთქი.

ეკა ხუთი წუთით ჩავიდა ჰოლში და დღემდე არ დაბრუნებულა. როგორც მერე გაირკვა, იქ თავისი ყოფილი შეყვარებული დახვდა და მასთან ერთად გაიპარა, მე კი ასე გამაცუცურაკა. რატომ მომექცა ასე, ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, თუმცა, როცა ამაზე ვფიქრობ, მაშინვე ქეთის ცრემლიან თვალებს ვხედავ და ვხვდები, რომ ღმერთმა სამაგიერო ასე გადამიხადა.

იმის მერე წლები გავიდა და, როგორც იქნა, დავოჯახდი, თუმცა ბედნიერი მაინც არ ვარ. მე და ჩემი ცოლი ერთ ჭერქვეშ შემთხვევით მოხვედრილი ორი უცხო ადამიანი ვართ. მართალია, არ ვჩხუბობთ და ჩვენს ვალდებულებებსაც მეტ-ნაკლებად პირნათლად ვასრულებთ, მაგრამ შეიძლება, რაღაც მიზეზის გამო ერთი-ორი თვე არ ვნახოთ ერთმანეთი და არც კი მომენატროს.

აბა, ეს არის ცხოვრება?!

შოთა, 51 წლის.



მშვიდობით სამუდამოდ!

არ ვიცი, დამიბეჭდავთ თუ არა ამ წერილს, მაგრამ მაინც მინდა, მოგიყვეთ ჩემი ამბავი. შეიძლება, გამკიცხოთ კიდეც, მაგრამ მაინც...

ყოველთვის პოპულარულ გოგოდ ვითვლებოდი, მუდამ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა – ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები, მე კი სხვა შემიყვარდა, გარეგნობითაც ჩემზე გაცილებით ნაკლები და არც ძალიან მდიდარი. ჩემს დაქალებს უკვირდათ, რა ნახე მაგ ბიჭში ასეთი, რამ გადაგრიაო, მაგრამ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და ამიტომაც შემიყვარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი და პოპულარული ვიყავი (წესით, უნდა გახარებოდა კიდეც, რომ ჩემნაირ გოგოს მოეწონა), ყურადღებასაც არ მაქცევდა, ისე იქცეოდა, ხანდახან მიფიქრია კიდეც, მგონი, საერთოდ ვერ აღმიქვამს ქალად-მეთქი. მე კი მაინც მიყვარდა. მე კი არა, ყველას უყვარდა, ვინც კი იცნობდა.

გაცნობისთანავე დავმეგობრდით და მაშინვე შემიყვარდა, მაგრამ ვერ ვუმხელდი. მან კი ცოტა ხანში თავისი შეყვარებული გამაცნო. კინაღამ შევიშალე, ლამის გული წამივიდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე მკითხა, თამუნა თუ მოგეწონაო. მეც ვუთხარი, ძალიან მომეწონა-მეთქი. ძალიან გაუხარდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გარეგნულად იდეალური მეგობრები ვიყავით, მაგრამ მე ის გავაღმერთე და ახლაც ღმერთივით მიყვარს. არ ვამხელდი ჩემს გრძნობას, თუმცა, იმედს არ ვკარგავდი, რომ ერთ დღესაც სასწაული მოხდებოდა... მაგრამ, სასწაული არ მოხდა – მან თამუნა ცოლად შეირთო და ძალიან ბედნიერები იყვნენ. რა თქმა უნდა, ქორწილში დამპატიჟა, მაგრამ არ წავედი – ვერ შევძელი. მთელი თვე საშინელი დეპრესია მქონდა. მერე სამსახურმა, ყოველდღიურმა ყოფამ თავისი გაიტანა – ნელ-ნელა გამიარა დეპრესიამ. მას იშვიათად ვეკონტაქტებოდი, მათთან სახლში კი არ მივდიოდი.

ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ უაზროდ და უმიზნოდ ვცხოვრობდი, გათხოვება კი არ მინდოდა, არც კი ვფიქრობდი ამაზე. ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ სხვა კაცი ჩემ გვერდით ვერც კი წარმომედგინა. ბევრი ფიქრის შემდეგ ძალიან ცუდი რამ გადავწყვიტე. შეიძლება, რაც მე განვახორციელე, ამაზრზენია, მაგრამ, მთლად დამნაშავეც არ ვიყავი, რადგან ზვიადი წინასწარი განზრახვით და გამიზნულად არ შემყვარებია. ჩემი სიყვარული ვერც მისმა დაოჯახებამ და ვერც დრომ ვერ გააფერმკრთალა.

მე უკვე 25 წლის ვიყავი. შეიძლება, ეს ის ასაკი არ არის, რომ ქალმა ოჯახის შექმნის იმედი დაკარგოს, მაგრამ მე გათხოვებაზე არ ვფიქრობდი. თუმცა, საშინლად მომინდა, მყოლოდა შვილი, თანაც – ზვიადისგან.

ერთ დღესაც, დავურეკე გაგას და შეხვედრა ვთხოვე. გაუკვირდა, სად დაიკარგეო. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე დამთანხმდა. მოვიდა თუ არა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შევთავაზე საყვარლობა. ცხადია, არ ელოდა და გაუკვირდა – რამ გაგაგიჟაო. აღარ დაგღლით იმის მოყოლით, როგორ დავითანხმე ცოლზე შეყვარებული კაცი საყვარლობაზე. პარალელურად ექიმთან დავდიოდი და გაგას ძირითადად დასაფეხმძიმებლად ხელსაყრელ დღეებში ვხვდებოდი. ჩვენი ურთიერთობა სამ თვეს გაგრძელდა. მივხვდი, რომ სამუდამოდ დავკარგე მისი პატივისცემა, როცა დავრწმუნდი, რომ უკვე ვაღიზიანებდი, ჩამოვშორდი, თანაც, რაც მთავარია, მიზანი მიღწეული იყო. ბოლო პაემანზე ყველაფერში გამოვუტყდი. კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ მე დავამშვიდე, რომ არც მე და არც ჩემს შვილს შენგან არაფერი გვინდა-მეთქი. ერთი სიტყვით, საკმაოდ უსიამოვნოდ დავშორდით.

ახლა 3 თვის კუკას ვზრდი. მადლობა უფალს, რომ ჯანმრთელი შვილი მაჩუქა. მალე საბერძნეთში მივდივარ ბიძაშვილთან და ბავშვიც თან მიმყავს, იქ გავზრდი.

ვაცნობიერებ ჩემ მიერ ჩადენილ ცოდვას, ვიცი, ამ საქციელს არც რელიგიურად და არც მორალურად არ აქვს გამართლება, მაგრამ თავს მოვერიე. ვიცი, საშინლად მოვიქეცი, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ცხოვრების მიზანი მაქვს.

ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ ეს ჩემი აღსარება. ვიცი, ზვიადი წაიკითხავს და მას მივმართავ:

– ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მე შენ მთელი ცხოვრება მეყვარები და გახსოვდეს, რომ არასდროს შეგიქმნი პრობლემებს. უფალი გფარავდეს! მინდა, იცოდე, რომ მუდამ ვილოცებთ შენთვის და შენი ბედნიერებისთვის. მშვიდობით სამუდამოდ!

ლიკა, 30 წლის.



პატრულთან ჩხუბმა

ბედნიერება მომიტანა

გამარჯობა. იმედი მაქვს, ამ წერილს დამიბეჭდავთ და წინასწარ გიხდით მადლობას.

დიდი ხანია, თქვენს რუბრიკას ვკითხულობ და გადავწყვიტე, მეც მოგწეროთ. ჩემი ისტორია „ჰეფი ენდით“ დასრულდა და ყველას მოვუწოდებ: დროებითი უიღბლობისა თუ წარუმატებლობის გამო გული არ გაიტეხოთ, ადრე თუ გვიან, თქვენც იპოვით თქვენს ბედნიერებას.

ბავშვობიდან სწავლის მეტი არაფერი მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობითაც ნორმალური გოგო ვიყავი, არავის ვიკარებდი – არ მინდოდა სიყვარულს სწავლაში შეეშალა ხელი. ამან შედეგი გამოიღო და პირველივე წელს მაღალი ქულებით ჩავაბარე, უმაღლესი წითელ დიპლომზე დავამთავრე და ძალიან მალე კარგი სამსახურიც ვიშოვე. ასე რომ, კარიერის აწყობა არ გამჭირვებია. ამასობაში გათხოვების დრომაც მომიწია, მაგრამ ნორმალური კანდიდატურა არ გამოჩნდა და დავრჩი გაღიმებული. ამიტომ, მთლიანად სამუშაოზე გადავერთე. სიმართლე გითხრათ, ისეთი დაკავებული ვიყავი სამსახურში, იმდენი საქმე მქონდა, რომ პირად ცხოვრებაზე საფიქრად დროც კი აღარ მრჩებოდა.

ერთ დილას ჩემი მანქანით მივდიოდი სამსახურში. ძალიან მაგვიანდებოდა და შუქნიშანთან მოძრაობის წესები დავარღვიე. ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი, მაგრამ ჩემ წინ მოულოდნელად სოკოსავით „ამოვიდა“ პატრული და გამაჩერა. მაშინვე გადავხტი მანქანიდან, რომ პრობლემა დროულად მომეგვარებინა. თქვენი საბუთებიო, – მოითხოვა პატრულმა. მივეცი და ცოტა მკაცრად ვუთხარი, დროზე ქენით, მაგვიანდება-მეთქი. ალბათ, ჩემმა ტონმა გააღიზიანა და, თითქოს სპეციალურად, ჯინაზე, დამიწყო ნატაციები, მერე რაღაც კითხვები დამისვა. მე კი ცეცხლი მიკიდია – რომ დამაგვიანდეს, შეიძლება, სამსახურში დიდი უსიამოვნება შემხვდეს. კითხვების დასმა რომ აღარ დაამთავრა, ჯერ ვუყვირე, დააჩქარე-მეთქი, მაგრამ იმან წარბიც რომ აღარ შეიხარა, ისე გავცოფდი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ერთი კარგად გამოვლანძღე – ყველანი აფერისტები ხართ, ტყუილად აჩერებთ პატიოსან მოქალაქეებს, რომ ფულები დასცინცლოთ-მეთქი. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, მოძრაობის წესებიც დავარღვიე და არც არაფერი უთხოვია იმ პატრულს. ლანძღვა რომ დავუწყე, ის მაინც მშვიდად იდგა და მიღიმოდა. ამან მთლად შემშალა და ისე ავყვირდი, ლამის გასაშველებლები გავხდით. ბოლოს, როგორც იქნა, დაასრულა ჩემი საბუთის შემოწმება, ჯარიმა გამომიწერა და ნერვებაშლილი მივედი სამსახურში. წუთი-წუთზე მივასწარი, მაგრამ სიბრაზე მეორე დღემდე გამყვა, თუმცა, ჩემი მრისხანება თოვლივით გადნა, როცა მეორე საღამოს, სამუშაო საათები რომ დაგვიმთავრდა და სახლში მივდიოდი, ის ჩემი მშვიდი პატრული სამსახურთან დამხვდა და კაფეში დამპატიჟა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინვე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, დღეს კი უკვე მისი ცოლი ვარ და ორ თვეში პატარაც გვეყოლება.

ასე დასრულდა პატრულთან ჩემი ჩხუბი. როგორც გაირკვა, უსიამოვნებას ზოგჯერ დიდი ბედნიერებაც მოჰყვება ხოლმე.

პატივისცემით – ნენე, 28 წლის.



ცხოვრება ისე გავლიე, რომ გასახსენებელი არაფერი მაქვს

უკვე პენსიონერი ვარ და, როგორც იტყვიან, ჩემმა მატარებელმა კარგა ხანია, ჩაიარა. შესაბამისად, ჩემი პირადი ცხოვრებაც ისტორიას ჩაბარდა. ახლა, როცა უკვე ძალიან გვიანია, ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, ძალიან ბევრს ვნანობ და, სინანულთან ერთად, ბევრ რამეში ვადანაშაულებ ჩემს მშობლებს, რომლებმაც ისე გამზარდეს, რომ, ასე ვთქვათ, ვერ ვივარგე, ანუ, ჩემი მონაცემები და შესაძლებლობები ვერ გამოვიყენე და დავრჩი რიგით ადამიანად. ამ ყველაფრის მიზეზი კი იყო ჩემი მშობლების პრინციპები და შეხედულებები. ეს პრინციპები კი იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი არ ცნობდნენ არანაირ მატერიალურ ფასეულობებს: ძვირფასეულობას, მანქანას, აგარაკს, კარგ ჩაცმა-დახურვას, თანამდებობას და ასე შემდეგ. მათთვის მთავარი იყო სულიერება, განათლება, თავმდაბლობა... რა თქმა უნდა, საშინელებაა სნობობა, მაგრამ ახლა, როცა უკვე მოზრდილი შვილიშვილების ბებია ვარ, ვხვდები, რომ არ შეიძლება, მხოლოდ სულიერებას „ჩამოეკიდო“ და შენივე ოცნებებით შექმნილ ვირტუალურ სამყაროში იცხოვრო, მით უმეტეს – საქართველოში, სადაც „კაი ტიპი“ და „დონე“ მხოლოდ მაშინ ხარ, თუ დიდი ფული გაქვს, კარგი თანამდებობა გიკავია ან ფულიანი კაცების (დიახ, კაცების) საყვარელი ხარ და ამას არ მალავ, რადგან ეს უფრო მეტ ხიბლს სძენს შენს სექსუალობას და ასე შემდეგ.

ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი მშობლებისგან მხოლოდ ეს მესმოდა: მთავარია, ჭერი გეხუროს თავზე, მეტი რა საჭიროა – და ვცხოვრობდით ნორმალური ზომის, მაგრამ, პრაქტიკულად მოუწყობელ ბინაში; მთავარია, არ გშიოდეს – და საჭმელი ყოველთვის გვქონდა, თუნდაც ათი სტუმარი მოულოდნელად დაგვტყდომოდა თავს, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, რადგან კარგ კვებაზე დამოკიდებული იყო ჯანმრთელობა... მთავარია, ჯანმრთელი ჰაერი და ნატურალური პროდუქტი და, სტუდენტიც კი იძულებული ვიყავი, წავსულიყავი ჩვენს მიყრუებულ სოფელში, სადაც სულ 7-8 მოხუცი ცხოვრობდა და მთელი არდადეგები იქ გამეტარებინა; მთავარია, არ გციოდეს – და ყოველთვის მეცვა ნათესავების გამონაცვალი, გადაკეთებული ტანსაცმელი...

ჩაცმა ვის არ უხდება, მაგრამ მართლა განსაკუთრებით ლამაზი ვიყავი, როცა კარგად ჩავიცვამდი. ესეც მხოლოდ მაშინ ხდებოდა, თუ ათასში ერთხელ რამე ახალს ვიყიდიდი ან ჩემი რომელიმე დაქალი მაჩუქებდა რამეს. მაშინაც შენიშვნას მაძლევდნენ ჩემი მშობლები – ქალი შინაარსით ფასდება და არა გარეგნობითო. მეც, თანდათანობით, მთლიანად გამიქრა ჩაცმის, გაპრანჭვის, კომფორტული ცხოვრების მოთხოვნილება და, ასე ვთქვათ, წიგნებში გადავეშვი და შესაბამისად, დიდ, ლამაზ, ამაღლებულ სიყვარულს ველოდი. მაგრამ მოხდა ისე, რომ, თუ კარგად არ მეცვა, ბიჭები ვერც ჩემს გარეგნობას ამჩნევდნენ და ვერც ჩემს სულიერებას (განათლებაზე რომ აღარაფერი ვთქვა). მე კი ეს არ მომწონდა, რადგან მინდოდა, რომ ვინმეს ჩემი შინაგანი სამყარო დაენახა და ამ ნიშნით შევყვარებოდი, მაგრამ, ასე არ მოხდა. 30 წელს რომ გადავაბიჯე და ჩემი „პრინცი“ არ გამოჩნდა, ისევ ჩემი მშობლების ჩარევით, ცოლად გავყევი ადამიანს, რომელსაც, პრაქტიკულად, არ ვიცნობდი. ჩემი ქმარი წესიერი კაცი გამოდგა, ვერც უწიგნურობას დასწამებდით, მაგრამ რაღაცნაირი უემოციო, უცეცხლო იყო, ყველაფრისადმი ინდიფერენტული და უინიციატივო. ძალიან მიჭირდა მასთან ცხოვრება, მაგრამ გაყრაზე თავიდან ხმის ამოღებაც კი ვერ გავბედე, მერე კი ბედს შევეგუე – ალბათ, ეს არის ჩემი ჯვარი-მეთქი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ, მიუხედავად იმისა, უკვე გულის სიღრმეში ვადანაშაულებდი ჩემს მშობლებს, მეც ისევე გავზარდე ჩემი შვილი, როგორც მე გამზარდეს, ძალიან ვადანაშაულებ თავს, რადგან ჩემი შვილიც ძალიან დაიჩაგრა ცხოვრებაში ამის გამო და ახლაც მსაყვედურობს.

სამაგიეროდ, ჩემი შვილიშვილები გაიზარდნენ ლაღად: ძალიან ყოჩაღი სიძე შემხვდა და თან არის შვილებზე გადაყოლილი, არაფერს აკლებს და ზედმეტად ათამამებს. ეტყობა, ჩემი მშობლების დაჩნეული „კვალი“ კიდევ მომყვება და ხანდახან მინდა, ვუთხრა, ზედმეტი ფუფუნებით ბავშვები არ გააფუჭო-მეთქი, მაგრამ ბოლო მომენტში ვჩუმდები – რა ვიცი, იქნებ, მართლაც ასე ჯობია. მე თუ სხვანაირად გამზარდეს, რა მოვიგე ცხოვრებაში, ის, რომ გასახსენებელიც არაფერი მაქვს?!

მაია, 67 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3