როგორ აპირებს გია მაჭარაშვილის შვილი მამისთვის თვითმფრინავის ყიდვას და საიდან გამოქცევა გადაწყვიტა მან
კომპოზიტორ გია მაჭარაშვილის უმცროსი შვილი, ანა, ძალიან თბილი და ჭკვიანი გოგონაა. თანატოლებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს, საკუთარ თავს „აიძულებს“, რომ წელიწადში ასი წიგნი მაინც წაიკითხოს. არც ისტორიაში ერკვევა ურიგოდ – ბევრი ისტორიული პერსონაჟის ცხოვრებას იკვლევს. მართალია, მუსიკასთან ისე ვერ „მეგობრობს,“ როგორც მისი მამა, მაგრამ, გადაწყვიტა, რომ თავისი მომავალი ხელოვნებას დაუკავშიროს – ძალიან უნდა, ჰოლივუდურ ფილმში გადაიღონ და მამას ბავშვობის ოცნების ასრულებაში გაუწიოს დახმარება.
– მე ვარ ანა მაჭარაშვილი, ვსწავლობ 51-ე სკოლაში, ვარ მეექვსე კლასში. საკმაოდ კარგად ვსწავლობ. მიყვარს ქართული ენა, ძალიან მიადვილდება ქართული. ყველაზე ძნელი ჩემთვის არის გეოგრაფია – ისეთი რთული ტერმინებია, დამახსოვრება მიჭირს, თან, არ მიყვარს დაფასთან გასვლა და მოყოლა. მსოფლიო რუკაზე კი გზა ისე მებნევა, ხან სად „ვიკარგები“ და ხან – სად.
– ბევრი მეგობარი გყავს სკოლაში?
– დიახ, თითქმის ყველა გოგოსთან ვმეგობრობ, ასევე ბიჭებთანაც, ერთი განსაკუთრებული მეგობარიც მყავს. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ცელქობა, ძაან გიჟი კლასი გვყავს, გაკვეთილებზეც კარგად ვერთობით და დასვენებებზეც. ხანდახან ბიჭებთან ერთად მასწავლებლებს ოინებს ვუწყობთ, გაკვეთილიც მიგვიყვანია ჩაშლის პირას, მაგრამ, ბოლომდე არ გამოგვივიდა.
– ადრე შენს სკოლაში პრეზიდენტი სწავლობდა, ის ახლაც მოდის ხოლმე თქვენთან. მასთან შეხვედრებს სხვა ბავშვებთან ერთად შენც ესწრები?
– არა! მგონი, იყო მოსული, მაგრამ, ეტყობა, ჩვენ პატარები რომ ვართ, არ დაგვიძახეს. ისე, ახლოდან კი ვნახავდი პრეზიდენტს, მაინტერესებს, ახლოს როგორია. ჩვენს სკოლაში მარტო მიშა კი არა, პატარაობისას დედაჩემიც სწავლობდა.
– სკოლაში იციან, ვისი შვილი ხარ?
– ზოგმა იცის, ზოგმა – არა. ხანდახან, მინდა ხოლმე, ვთქვა, რომ მე გიას შვილი ვარ, მაგრამ მრცხვენია, რომ მარიაჟობაში არ ჩამითვალონ. არც პრანჭიაობა არ მიყვარს, საყურეებსა და თმების „პრიჩოსკებს“ არ ვიკეთებ. მამიკო ხშირად მოდის ხოლმე სკოლაში და მიხარია, რომ ცნობენ. როცა ის ძალიან ცნობილი იყო, ჩვენ დაბადებულებიც არ ვიყავით, მაგრამ, მაინც გაგვიგია რაღაცეები იმ დროზე, როცა მამა „თეატრონში“ მღეროდა. მამა მიყვება ხოლმე ადრინდელ დროზე, ცნობილ მომღერლებზე. როგორც ვიცი, მაშინ ძალიან კარგი დრო იყო – მამა ესე ამბობს.
– ყველაზე ძალიან რა გიყვარს?
– ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა. პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი თავი ვაიძულო და ერთ წელში ასი წიგნი მაინც წავიკითხო. ახლა ვკითხულობ „დათა თუთაშხიას.“ ჯერ შუამდე არ მივსულვარ, მაგრამ, მივხვდი, რომ დათა ძალიან მაგარი ვინმე იყო. დათასნაირი ბიჭები ეხლა აღარ არსებობენ. ჯერ ერთი, ეხლა ცხენით ვინ ივლის, ეხლა თანამედროვე ბიჭები არიან, რომლებიც ძალიან უზრდელები არიან, დათა არ ყოფილა უზრდელი, ცუდ სიტყვებს არ ამბობდა. ახლა ბევრი რამე ხდება ისეთი, რაც არ მომწონს. როცა დათა ჩემხელა იქნებოდა, ვერც ის და ვერც მაშინდელი სხვა ბავშვები უცხოეთში ვერ დადიოდნენ, მაგრამ, მაინც ის დრო ჯობდა.
– ადრე ევროპაში რატომ ვერ დადიოდნენ?
– არ იყო აშენებული ამდენი ხიდები და როგორ გადავიდოდნენ უცხოეთში? არც ფული ჰქონდათ და არც ასე განვითარებული ხალხი ცხოვრობდა. მაშინ, მე მგონი, არც თვითმფრინავები არ არსებობდა, რომ ოკეანეზე გადაეფრინათ. მე მაინც მომწონს ძველი დრო და ძველი პერსონაჟები, მაგალითად, თამარ მეფე. მას საქართველოში ჰქონდა კარგი, ბრილიანტის ხანა. არ მომწონს მისი შვილი, რუსუდანი, რომელიც ისეთი ბოროტი იყო, რომ მეფობისთვის თავისი ძმისშვილი მოკლა. მეფეების ცხოვრების გამოკვლევა ძალიან მაინტერესებს. როგორც გამიგია, კარგი მეფე ყოფილა ვახტანგ გორგასალიც. ერთხელ სასაცილო რამე დამემართა: პატარა ვიყავი და ექსკურსიაზე წაგვიყვანეს სკოლიდან. სახლში რომ მოვედი, დედიკოს მოვუყევი, რეები ვნახე. მარტო ის ვერ გავიხსენე, რომელი მეფის ძეგლი ვნახე, ვერც სახელი გავიხსენე იმ მეფის და ვერც გვარი, ცოტა ხნის მერე ტელევიზორში დავინახე ვახტანგ რჩეულიშვილი და მერე გამახსენდა, რომ იმ მეფესაც ვახტანგი ერქვა.
– ანა, შენც ისე კარგად მღერი, როგორც მამა?
– ისე რა. ჩვენს სახლში მარტო მამა მღერის, ვერც მე და ვერც დედა ვერ აგვიყოლია. კი მიყვარს მუსიკა, მაგრამ მე თვითონ არ ვმღერივარ, სხვების მოსმენა მირჩევნია. ცოტა ხანი მეც დავდიოდი მუსიკაზე, ჯერ „ბასტი-ბუბუში“, მერე მაია დათუნაშვილთან. ერთხელ მე და მამამაც ვიმღერეთ ერთად, მამა მეუბნება ცუდად არ მღერიხარო, მაგრამ, მე ვხვდები, რომ ძალიან არ მაქვს მუსიკის ნიჭი. სამაგიეროდ, კარგად ვიცი მამიკოს სიმღერების ტექსტები, იმასაც კი ვიმახსოვრებ, რაც მამამ არ იცის. ერთხელ, საგურამოში ვიყავით სტუმრად, იქ იყვნენ ცნობილი იტალიელი ბიზნესმენები და მამიკოს სთხოვეს, რომ ემღერა ერთ-ერთი სიმღერა. გიამ თქვა, ტექსტი არ მახსოვს და ვერ ვიმღერებო, მე გამახსენდა ტექსტი და „სალფეტკზე“ დავუწერეთ მე და დედამ. ისიც იძულებული გახდა, რომ ემღერა (იცინის).
– ასეთ ოინებს ხშირად უწყობთ მამას შენ და დედა?
– ხანდახან. მაგალითად, დედა ხშირად გადააადგილებს ხოლმე სახლში ავეჯს, მეც ვეხმარები ამაში. მერე მამა მოდის, მიხვდება ხოლმე, რომ ბევრი რამე შეცვლილია და, ფოკუსებს აწყობთო – გვეუბნება. მაგრამ, მის ოთახში, სადაც ის მუშაობს და მომღერლებს იღებს, ხელს არაფერს არ ვკიდებთ, თუმცა მამა მე ყველაფრის უფლებას მაძლევს თავის ოთახში, რომელიც საიდუმლო ოთახივითაა, ამ ოთახში არწივებიც კი მოდიან... (იცინის).
– არწივი ვინაა?
– თემურ წიკლაური. ისე, ნოდიკო ტატიშვილიც ყოფილა, მარიამ როინიშვილიც, სალომე ბაკურაძეც. მამიკო სულ მპირდება, რომ ერთ სიმღერას მეც მომიძღვნის, მაგრამ ჯერ პირობა ვერ ამისრულა.
– ამდენი თვითმფრინავი რატომ გაქვთ ამ „საიდუმლო ოთახში?“
– მამიკოს ოცნება იყო, რომ გაეკეთებინა პატარა თვითმფრინავი, ეს ოცნება რომ ვერ აისრულა, გადავიდა პატარა თვითმფრინავების ყიდვაზე და ძალიან ბევრი თვითმფრინავიც იმიტომ აქვს, ეს იალქნებიანი გემიც მამიკოსია. მე მგონი, როცა დავიბადე, მაშინაც კი ჰქონდათ. მგონი, მეკობრეების გემია, ალბათ, ვიღაცისგან მოხვდა ჩვენს სახლში (იცინის), მამას ორი კომპიუტერი აქვს და ერთში სულ ათვალიერებს თვითმფრინავების ნაწილებს, ნახაზებს. ამით მეც კი დამაინტერესა – თვითმფრინავების მოწყობილობაზე ბევრი რამე ვიცი. მეც მქონდა კოლექცია მამასავით, ოღონდ მე ვაგროვებდი კაუჩუკის ბურთებს და არა თვითმფრინავებს.
– ავიაკონსტრუქტორი ხომ არ უნდა გამოხვიდე, რომ მამას ოცნება აუსრულო?
– ავიაკონსტრუქტორობა რთული იქნება, მაგრამ, ამერიკაში მინდა ვიმუშაო მსახიობად და იმდენი ფული ვიშოვო, რომ მამას პატარა თვითმფრინავი ვუყიდო. ჩემს მომავალ პროფესიაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, დედას და მამას უნდათ, რომ ექიმი გამოვიდე, მაგრამ მე ექიმობას არ ვაპირებ, მერე ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. ერთი პერიოდი მხატვრობაც მინდოდა, ახლა კი გადავწყვიტე, რომ მსახიობი გავხდე. ძალიან მინდა, რომ შევასრულო არამთავარი როლები კინოში. თუ ბევრს ვიმუშავებ, ამერიკაში წავალ, ჰოლივუდში მინდა, რომ მოვხვდე. იქ ძალიან საინტერესო ცხოვრებაა. თუ მიზანი დაისახე, სახელგანთქმული გახდები და მთელი ამერიკა გაგიცნობს. თუ იქ კარგი სამსახური ვიშოვე, მამიკოსაც წავიყვან ჰოლივუდში და კინოსთვის მუსიკას დავაწერინებ. შეიძლება, ჰოლივუდელ ბიჭსაც გავყვე ცოლად, რატომაც არა? მაგრამ, გიამ, შეიძლება, ამერიკაში არ გამათხოვოს (იცინის).
– მამიკო მკაცრია?
– საერთოდ არაა მკაცრი, რაც არ უნდა ვთხოვო, ყველა სურვილს მისრულებს, როცა დედაჩემი მეჩხუბება, მიცავს. მამიკო არის ჩემი მფარველი და სახალხო დამცველი (იცინის). დედიკო ძირითადად მეჩხუბება ჭამაზე – მიშლის ჭამას, რომ არ გავსუქდე. ხანდახან შოკოლადებს მიმალავს, მაგრამ მე მისი ყველა სამალავი ვიცი. მამა ძალიან მანებივრებს, სახლიდან ათჯერ რომ გავიდეს და მოვიდეს, ყოველთვის მკოცნის. კარგ ნიშნებზე ფულს მჩუქნის, ერთი და იგივეს არა, ფასები მერყეობს. უკვე ბევრი ფული მაქვს, ლეპტოპი უნდა ვიყიდო.
– როგორც ჩანს, მუსიკოსები კარგად ცხოვრობენ.
– კი, მაგრამ ექიმები და პოლიტიკოსები უფრო კარგად ცხოვრობენ. ექიმები იმიტომ ცხოვრობენ კარგად, რომ ბევრი ადამიანი ხდება ცუდად და, მკურნალობა ხომ უნდათ?! აი, ახლა, „ღორის გრიპი“ რომ იყო, რამდენი წამალი გაიყიდებოდა? პოლიტიკოსებიც კარგად ცხოვრობენ. მართალია, იტანჯებიან, მათზე ცუდ რამეებს რომ ამბობენ, მაგრამ ხელფასი ბევრი აქვთ, იმიტომ, რომ ფულს ბიუჯეტიდან შოულობენ. ეგ ბიუჯეტი არის რაღაც, სადაც ფული ინახება. არც ბანკია და არც კანონი, რაღაც სხვაა, ფულთან დაკავშირებული.
– ეგ ბიუჯეტი ჩვენც გვეკუთვნის?
– მე მგონი, არა, არც თქვენ, არც მე, არც ბებიაჩემს. ბიუჯეტი მხოლოდ ცნობილი ხალხისაა.
– შენი ოცნება რა არის?
– მინდა, რომ ბევრი ვიმოგზაურო და მთელი მსოფლიო ვნახო. უკვე ვარ ნამყოფი თურქეთში, მაგრამ თურქეთი ძალიან არ მომეწონა. ყველანი მაღაზიებში დადიოდნენ, მე არ მიყვარს ბევრი სიარული და ძალიან დავიტანჯე, იქიდან გამოქცევა მინდოდა. ძალიან მინდა, რომ წავიდე საბერძნეთში, იქ ჩემი უფროსი და ცხოვრობს. ვიცი, რომ საბერძნეთი ძალიან მდიდარი ხალხის ქვეყანაა, ჩვენთან ესეთი მილიარდელები არ ცხოვრობენ. ნინო მეუბნება, რომ იქ ბევრი გასართობი არსებობს. როცა ცნობილი მსახიობი ვიქნები, მეც ოდესმე მოვხვდები იქ.