კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკორდი მოხსნა ზვიად ციკოლიამ და როგორ გახდა ქართველების რძალი – ჰოლივუდის მსახიობებისა და რეჟისორების პირადი პილოტი ქალი – მარინა ხორავას მეჯვარე


დიზაინერები მარინა ხორავა და ზვიად ციკოლია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კარგი და საინტერესო წყვილია. ისინი 1997 წლიდან ერთად არიან, ზრდიან ორ არაჩვეულებრივ ვაჟკაცს, ცხოვრობენ საკუთარი წესებით, მაგრამ რაც მთავარია, ერთმანეთი ძალიან უყვართ. მარინამ და ზვიადმა ჯვარი დაახლოებით, სამი წლის წინ დაიწერეს, ხელიც მაშინ მოაწერეს, რაშიც დიდი წვლილი იაპონელებს მიუძღვოდათ.


– ხშირად ამბობენ, რომ ქორწინებაში არსებობს კრიტიკული წლები, ეს როდისმე თუ დამდგარა თქვენი თანაცხოვრების განმავლობაში?

მარინა ხორავა: ეს უფრო თავის გასამართლებლად არის მოგონილი. არსებობს ორი სხვადასხვა ისტორიის მქონე, ერთმანეთისგან ყოფით განსხვავებული ადამიანი, რომლებიც თანაცხოვრებას იწყებენ, ეს ან გამოსდით, ან – არა. ასეთ ურთიერთობაში ხშირად ამბობენ, რომ სიყვარულია მთავარიო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დათმობა, ურთიერთპატივისცემა. კომპრომისის გარეშე ნამდვილი ოჯახი ვერ შედგება. შესაბამისად, 5-7-9 წელს არ აქვს მნიშვნელობა, ეს კრიზისი შეიძლება, ნებისმიერ დროს დადგეს. სწორედ ასეთ შემთხვევაშია საჭირო კომპრომისებზე წასვლა.

– ალბათ, გაქვთ თარიღი, რომელსაც ყოველთვის აღნიშნავთ.

– ეს არის 2 აგვისტო, როდესაც ზვიადი გავიცანი. იმ დღეს აუზზე მივდიოდი, ძალიან მეზარებოდა, მაგრამ სერიოზული შეკვეთა მქონდა. ჩვენი გაცნობა თვითმფრინავებს უკავშირდება. მეჯვარეც პილოტია. ეს ერთგვარი ბედისწერაა და მე საერთოდ, მჯერა ამის. ზვიადი იყო თვითმფრინავის დიზაინერი, მე – კოსტიუმების, ანუ საერთო შეკვეთა გვქონდა და მაშინ გავიცანით ერთმანეთი. კოტე დავითიძეა ის პიროვნება, რომელმაც ერთმანეთი საქმეში გაგვაცნო და დანარჩენი უკვე ჩვენზე იყო დამოკიდებული. ყოველ 2 აგვისტოს ზვიკო ურეკავს კოტეს და ეუბნება, ძალიან დიდი მადლობაო და კოტე 12 წელია ეკითხება – რისთვისო. იმისთვის, რომ ერთმანეთი გაგვაცანი და ჩვენ ასეთი ბედნიერები ვართო.

– ზვიადისგან მახსოვს, რომ როგორც კი დაგინახა, მაშინვე აღფრთოვანდა.

– ასეა და მე კი აღვფრთოვანდი იმით, რომ ტრადიციული, ქართული სახისა და აზროვნების ადამიანი არ აღმოჩნდა, თუმცა არ მეგონა, რომ პროფესიონალი დიზაინერი იყო. ამისთვის ძალიან ახალგაზრდა ჩანდა და ახლა რომ ირქმევენ მომღერლის, დიზაინერის სახელს, მათ ქვაბში მოვხარშე ისიც. შესაბამისად, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა ასეთი. ჩემთვის ნიჭი ადამიანის შეფასების დროს სუსტი წერტილია. დასაწყისშია გარეგნობა და ნიჭი, დანარჩენს მერე არკვევ. ის მომენტი, რომ ადამიანი პირველი დანახვისთანავე გიყვარდება, ცოტა არ იყოს სასაცილოა. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც იცნობ, ის რაღაცის გამო გიყვარდება. პირველი არის მოწონება და ემოცია, ჩემი ემოცია კი იყო ძალიან კარგი. მესამე დღეს, როდესაც სახლში მოვიდა, ჩვენი ურთიერთობა უკვე კარგად აეწყო, მალე ერთად ვიყავით. ახლაც ერთად ვართ, ხან ვკამათობთ და ხან – არა... სანამ ერთმანეთი გვეყვარება, ვიქნებით ერთად.

– დარწმუნებული ვარ, ყოველთვის განებივრებული იქნებოდი თაყვანისმცემლების მხრიდან. ალბათ, ძალიან აქტიურობდა ზვიადი.

– ჩემს წრეში ძალიან ბევრი ცნობილი ულამაზესი ქალია და, მიუხედავად ამისა, მაინც ვიყავი განებივრებული მამაკაცებისგან და ეს დღემდე მიკვირს. თანაც ყველა თაყვანისმცემელი პატარა იყო, მაგრამ ზვიკომ ყველანაირი რეკორდი მოხსნა, 10 წლით უმცროსია ჩემზე, არადა 2 წლით უმცროსებთან ურთიერთობაც კატასტროფად მიმაჩნდა. მაგრამ ფაქტია, პარადოქსია, რომ საბოლოოდ ათი წლით უმცროსს, გავყევი ცოლად. მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად პარადოქსია.

– შენ თქვი აქტიურობდაო.

– კი, აქტიურობდა, ოღონდ ლამაზად. ჩემი თაობის ქართველი ქალები პასიურები ვიყავით, რადგან გვქონდა იმის ფუფუნება, რომ უამრავი მამაკაცი აქტიურობდა და ჩვენ არ გვიწევდა ამის გაკეთება. დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს ქალის აქტიურობა, ამაში გამოუცდელი ვარ. ყველა ქალი ლამაზია და რატომ უნდა სჭირდებოდეთ დღეს ქალებს აქტიურობა? ქალისთვის შეთავაზება კაცის საქმეა, გადაწყვეტილების მიღება კი – ქალის. ზვიკომ ლამაზად იაქტიურა და მისი პიროვნება ჩემს გემოვნებაში ერთმნიშვნელოვნად ჩაჯდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რატომ ვართ ერთად, რომ ჩვენს ოჯახში ღალატი არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის საინტერესო და განსხვავებულ პიროვნებებად ვრჩებით. ყველაფერში განსხვავებულები ვართ, პიროვნებასთან, მორალთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული შეფასებების გარდა.

– საინტერესოა, ალბათ, პარადოქსებით სავსე ცხოვრება.

– ჩარჩოებს ვერ ვიტან – ის, რომ ვიღაც წესებს იგონებს, არსებობს რაღაც ტრადიცია. მე ჩემს ცხოვრებას ვაწყობ საკუთარი წესებით, ტრადიციით, კონსტიტუციით და ზვიკოც ასეთია. არასდროს მაინტერესებს სხვისი ცნობილი, საყოველთაოდ მიღებული, აღიარებული აზრი, თუ ჩემს შეხედულებასთან თანხვედრაში არ არის.

– ერთი კონსტიტუცია გაქვთ სახლში?

– ხან ერთი გვაქვს, ხან – ასი, ამაშიც არ გვაქვს წესრიგი.

– მე ვიცი, რომ შენი მეჯვარე ცნობილი და გამოცდილი პილოტია.

– კი, ორი მეჯვარე მყავს, ერთი არის ჩემი უახლოესი მეგობარი – დარო კვანტალიანი, რომელმაც მოაგვარა ჯვრისწერისთვის ყველაფერი. რაც შეეხება მეორე მეჯვარეს: დაახლოებით, წელიწად-ნახევრით ადრე ჩემი ქართველი, ბავშვობის მეგობარი იყო ამერიკიდან ჩამოსული და მან გამაცნო მისი მომავალი მეუღლე – არსი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. რადგან ჩემს მეგობარს ხშირად უწევდა იმ პერიოდში თბილისში ყოფნა, არსიც ხშირად ჩამოდიოდა და ძალიან დავახლოვდით. თუმცა, მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი მეჯვარე გახდებოდა. როდესაც ვუთხარი არსის, რომ ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო, ძალიან გაუხარდა. არსი წარმოშობით ესპანელია, გვარად – გარსია, მაგრამ ამერიკაში დაიბადა და იქ ცხოვრობს. ერთ-ერთი სერიოზული ავიაკომპანიის პილოტი, „ჯამბო 747-ის” ეკიპაჟის კაპიტანია. შემდეგ მართავდა „ბოინგ 767-ს”, ახლა კიდევ სხვა ავიაკომპანიამ მიიწვია.

– როგორც ვიცი, ის ხშირად არის ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების, რეჟისორების პილოტი?

– კი. როდესაც ისინი შორ მანძილზე გადაფრინდებიან, არსის ანდობენ საკუთარ სიცოცხლეს. ესენი არიან ჯულია რობერტსი, ჯონ ტრავოლტა, ჯიმ ჰეკმანი და სხვა. არსი ძალიან კარგი ფოტოგრაფიცაა, ერთ-ერთი სერიოზული სკოლა აქვს დამთავრებული. ძალიან საინტერესო და ვაჟკაცური პიროვნებაა. ურთიერთობაში თბილი, მოსიყვარულე და უკარგესი ადამიანია. სულ ვშაყირობ, ქართველი ხარ-მეთქი.

– ალბათ, თავს ძალიან ბევრი ისტორია აქვს გადახდენილი, თუ საუბრობს ამაზე?

– კი, მაგრამ ვერ ვიტან შორ მანძილზე ფრენას და ამიტომ, არ შემიძლია მისი მოსმენა. ერთხელ ასეთი რამ მოყვა: მიფრინავდნენ ოკეანის თავზე და უცებ მთლიანად ბოლით აივსო თვითმფრინავი. ვიგრძენი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მთელმა ცხოვრებამ გამიარა თვალწინ. ერთადერთი ღმერთს ვთხოვე, ორი შვილი მყავს, კიდევ ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ, რომელიც ძალიან მიყვარს და ისინი მელოდებიან. ასევე ელოდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც მიმყავს და ღმერთო, არ იყოს ეს ჩვენთვის უკანასკნელი ფრენა-მეთქი. რა თქმა უნდა ხალხი დაასაქმა, გააკეთეს ის რაც ევალებოდათ. მაგრამ, ყველაფერმა თურმე ისე ჩაიარა, დღესაც ამ ისტორიას გაკვირვებული ყვება. და ამ დროს ჩემი მემართება... ხშირად აყოლებენ ასეთ ისტორიებს და მე სხვა ოთახში გავდივარ.

– ცნობილ ადამიანებზეც თუ საუბრობს?

– ხშირად არ საუბრობს, ნაკლებად ყვება სხვის ისტორიებს. ძალიან უყვარს ჰეკმანი, საოცრად კარგ პიროვნებად ახასიათებს. მსგავსი ადამიანი არ მინახავსო. ტრავოლტაც უყვარს, დადებითი პიროვნებააო.

– რა რეისებს ასრულებს?

– შორ რეისებზე დაფრინავს და მე ვამაყობ, რომ ჩემი ახლობელია ის, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლეს ანდობენ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბოლომდე შეგიძლია ენდო ყველაფერში, ძალიან გვიყვარს. მას ჰყავს ორი შვილი – ულამაზესი გოგონა და ბიჭი. არსი ცაში დაფრინავს, მეორე მეჯვარე კი მიწაზეა „შუმახერი“. რედ ბარონი ცნობილი პილოტი იყო, შუმახერს რედ ბარონსაც ეძახიან და ჩემი ორივე მეჯვარე „რედ ბარონია“ – ერთი მიწაზე, მეორე ცაში.


скачать dle 11.3